კობა ნაყოფია (დ. 22 თებერვალი, 1969, გალი) — ქართველი ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი 2019–2022 წლებში და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე 2022 წლის 10 იანვრიდან.
ბიოგრაფია
კობა ნაყოფია დაიბადა 1969 წელს. 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტის კვალიფიკაციით, პარალელურად დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის „სპეცფაკულტეტი“ — ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობით ბიზნეს-იურისტი. დამთავრებული აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაცია. არის რუსეთის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი.
1993-2008 წლებში სხვადასხვა დროს იყო კომპანია „ოქროს საწმისის“ გენერალური დირექტრი, შპს „ინვესტმენტ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი, სს „ორლოვის სამრეწველო კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანია „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი, სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს „მადნეულის“ გენერალური დირექტორი, შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორი, კომპანია „გეოპრომინინგის“ პრეზიდენტი, აგარაკის (სომხეთი) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კობა ნაყოფია იყო ჰოლივუდში გადაღებული ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ ერთ-ერთი პროდიუსერი.
2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]
კობა ნაყოფია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სენაკის მერობის კანდიდატი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და პირველ ტურში იმაზე მეტი ხმები მიიღო, ვიდრე მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან.[2] მეორე ტურში მცირე სხვაობით დამარცხდა (46,92%; 9923 ხმა).[3]
2019–2022 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. 2022 წლის 10 იანვარს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.[2]
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო