თამარ კორძაია (დ. 18 ივლისი, 1977, სოხუმი) — ქართველი იურისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი (2013, 2020).
ბიოგრაფია
დაიბადა 1977 წლის 18 ივლისს. 1999 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის და ინფორმაციის თავისუფლების პროექტების ხელმძღვანელი. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. 2013-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2013-2015 წლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2013 წელს — საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2013-2015 წლებში — საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. 2016 წელს იყო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1] 2021 წლის 4 ივნისს განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო