დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1968 (1968-11-30) (56 წლის)
დაბადების ადგილი მცხეთა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე (დ. 30 ნოემბერი, 1968, მცხეთა) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს მერვე, მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, რომლის სახელს უკავშირდება საარჩევნო სისტემის ცვლილების წინააღმდეგ „მაჟორიტარების აჯანყება“, 2022 წლის ივნისში ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადებები და უცხოური აგენტების კანონის მიღების მცდელობა.

1996 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პედიატრიული ფაკულტეტი. 1985-1987 წლებში მუშაობდა ქ. მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული მიმღების სანიტრად. 1987-1989 წლებში იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1996-1998 წლებში იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის ასპირანტი. 2001-2012 წლებში ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ორდინატორი.

პოლიტიკური მოღვაწეობა

დიმიტრი ხუნდაძემ 2012 წელს გახდა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მცხეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მცხეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხუნდაძე მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ მიერ თავისი კანდიდატის დაყენებას დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის მაგივრად. მისი თქმით, ეს უკანასკნელი ზრდიდა შანსებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდა ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, რაც მისი თქმით ქვეყნის დესტაბილიზაციის წინაპირობა გახდებოდა. ასევე ხუნდაძემ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ არახელსაყრელი იქნებოდა, რადგან ის შემდგომ პასუხისმგებელი იქნებოდა დამოუკიდებელი კანდიდატის ყველა განცხადებაზე. მისი თქმით „ამის რეალური მაგალითები უკვე არსებობს, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი თუ ვის დაუჭერს მმართველი პარტია მხარს, ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებებზე, პასუხს ისევ მმართველ გუნდს სთხოვენ“. ხუნდაძე სავარაუდოდ გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.[1]

2019 წლის 13 ნოემბერს ხუნდაძემ მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა შერეულიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ხუნდაძე მიეკუთვნებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო ცვლილებას რათა შენარჩუნებულიყო პირდაპირი კავშირი მოქალაქეებსა და მათ მიერ პირდაპირ არჩეულ პარლამენტართა შორის. მედიაში აღნიშნულ მოვლენას ეწოდა „მაჟორიტარების აჯანყება“, რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციები ოპოზიციის მხრიდან, რადგან მანამდე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დაპირება გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 24 ივნისს საპროტესტო გამოსვლების ფონზე. ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში ვერ იქნა კონსენსუსი მიღწეული და ის მწუხარებას გამოთქვამდა რეფორმის ჩავარდნის გამო, თუმცა მედიის და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ის დაადანაშაულა კანონპროექტის არმიღებაში, რადგან მათი თქმით რეფორმას ეწინააღმდეგებოდა ივანიშვილი ძალაუფლების დაკარგვის რისკის გამო და მაჟორიტარები მისი მითითებით მოქმედებდნენ. „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შედეგად შემუშავდა საარჩევნო რეფორმის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის 73-დან 30-მდე შემცირებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და პარლამენტმა მიიღო 2020 წლის 29 ივნისს.[2][3]

2020 წელს ხუნდაძე გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[4]

2022 წლის ივნისის დასაწყისში დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყანაში პრესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო აკრიტიკებს, იყო არაობიექტური და „ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“.[5]

ხუნდაძის გარდა, რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო „ფეიკების“ შედეგი და მას ჩალის ფასი აქვს.[5]

მოგვიანებით ხუნდაძეს განცხადებას გაემიჯნა გია ვოლსკი და ანრი ოხანაშვილი, ხოლო ნინო ლომჯარიამ ის მკაცრად დაგმო. გია ვოლსკის განცხადებით, „საზოგადოების დიდი ნაწილიც ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება - ხუნდაძის პოზიცია „ქართული ოცნების“ პოზიციას არ წარმოადგენს.“ [6] სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი ხუნდაძეს მიმართა: „რას ბედავთ თქვენ?! - ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“[7]

2022 წლის 2 აგვისტოს ხუნდაძემ დატოვა „ქართული ოცნება“ და გახდა პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალის“ თანადამფუძნებელი. ამის მიუხედავად, ხუნდაძემ და „ხალხის ძალის“ სხვა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა და ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტის მხარდაჭერა.[8][9][10] მათი თქმით, ისინი ინარჩუნებდნენ ერთობას „ქართულ ოცნებასთან“ ძირითად ღირებულებებზე, თუმცა ტაქტიკური განსხვავებების გამო ტოვებდნენ მის რიგებს. კერძოდ, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებდნენ უფრო მეტი სიმართლე გაეჟღერებინათ „ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა“ მიმდინარე პროცესებზე, რადგან საზოგადოება უფრო ინფორმირებული ყოფილიყო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ხუნდაძე გახდა რამდენიმე საჯარო წერილის თანაავტორი, რომელშიც „ხალხის ძალა“ აკრიტიკებდა ევროკომისიას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების გამო, ადანაშაულებდა ამერიკის საელჩოს „რადიკალური ოპოზიციის“ მხარდაჭერასა და საქართველოს სასამართლო სისტემის „უცხოური გავლენისთვის“ დაქვემდებარების მცდელობაში, კითხვის ნიშნის აყენებდა აშშ-ს საქართველოსთვის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც დეპუტატთა თქმით ემსახურებოდა მხოლოდ ამერიკის ინტერესების გაძლიერებას ქვეყანაში და საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვას.[11][12][13]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. Civil.ge (2018-08-13). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2023.
  2. „Georgian Dream, Opposition Reach Consensus over Electoral Reform“. Economist Intelligence Unit. 15 November 2019. ციტირების თარიღი: 18 June 2022.
  3. „Protests revived in Georgia following election reform failure“. EurasiaNet. 15 November 2019. ციტირების თარიღი: 18 June 2022.
  4. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  5. 5.0 5.1 ხუნდაძე: თუკი კანდიდატობაზე უსამართლო ვალდებულებებს მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ. რადიო თავისუფლება (2022-10-06). ციტირების თარიღი: 19.
  6. [1]
  7. [2]
  8. Movement People's Power consults on enlargement en-US. ციტირების თარიღი: 2022-10-17
  9. Irakli Garibashvili on People's Power movement de. ციტირების თარიღი: 2022-10-17
  10. ცნობილია, რომელი დეპუტატები და ექსპერტები უერთდებიან "ოცნებიდან" წასულ "ოთხეულს" ka. ციტირების თარიღი: 2022-10-17
  11. Georgia is envisioned for a certain role that we shall play under the dictation of the Embassy - new statement of the People’s Power en. ციტირების თარიღი: 2022-10-21
  12. People Power Says USAID-backed Rule of Law Project "Attack on Sovereignty" en. ციტირების თარიღი: 2023-01-27
  13. Georgian society should be interested in US aid goals, People's Power says en. ციტირების თარიღი: 2022-10-21

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!