გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 ოქტომბერი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედივახტანგ გომელაური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 22 დეკემბერი, 2017

დაბადებული1 სექტემბერი, 1977 (1977-09-01) (47 წლის)
ქუთაისი
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-მაიორი
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი, თანამდებობის პირი

გრიგოლ ლილუაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1977, ქუთაისი[1]) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი. სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1977 წლის 1 სექტემბერს. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 1999 წელს „Air Georgia“-ს ფინანსური მენეჯერი. 1999–2001 წლებში იყო „ქართული ავიახაზები — აირზენას“ მარკეტინგის მენეჯერი. 2003–2004 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის „RILO“-ში, დსთ-ის ქვეყნების საბაჟო სამსახურების მეთაურთა უმაღლეს საბჭოში. 2004–2008 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2007–2008 წლებში – ასოციაცია „ATU“-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2008–2013 წლებში იყო შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2013–2014 წლებში იყო შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორი. 2014–2016 წლებში შპს „Old City Development“-ის გენერალური დირექტორი. 2015–2016 წლებში „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2015–2016 წლებში ს/ს „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წელს იყო თბილისის მერის მოადგილე. 2016–2017 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანისა და ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 59,01% (18 270 ხმა) მიიღო.[2]

2017 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

2019 წლის 8 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით, 85 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.[3] 2019 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „8 წლიანი დევნის შემდეგ“ დაბრუნდა საქართველოში[4][5], გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[6] მოგვიანებით, 2 ოქტომბერს, ლილუაშვილმა განაცხადა რომ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია მისი ქვეყანაში შემოსვლისთანავე ჰქონდათ.[7]

2024 წლის 12 ივნისს ლილუაშვილმა განაცხადა რომ 2023 წელს საქართველოში შიდა და გარე ძალები ძალადობრივი გზით გადატრიალებას გეგმავდნენ.[8] 2023 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მტკიცებითაც ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავდა.[9]

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე მაია ჭეიშვილი (დ. 1982) და ორი შვილი: ნიკოლოზი (დ. 2008) და ლაზარე (დ. 2013).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 2019 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
  2. შედეგები 2016
  3. პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა
  4. Саакашвили призвал сторонников пойти колоннами на Тбилиси ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
  5. Михаил Саакашвили заявил, что вернулся в Грузию. Там он приговорен к двум тюремным срокам ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
  6. მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია — პრემიერი
  7. სუს-ის უფროსი სააკაშვილზე: რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია
  8. გრიგოლ ლილუაშვილი — მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება
  9. სუს: ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გეგმავენ

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!