თინათინ (თინა) ბოკუჩავა (დ. 29 მაისი, 1983, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის (2012, 2016, 2020) პარლამენტის წევრი. 2024 წლის 8 ივნისიდან არის პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.[1]
ბიოგრაფია
თინათინ ბოკუჩავა დაიბადა 1983 წლის 29 მაისს. 2009 წელს დაამთავრა ფლეჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ კი სმითის კოლეჯი აშშ-ში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. 2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში. 2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012 წელს — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2013 წლიდან არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო