სოფელი ძველი სენაკი ტენიანი სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. ნიადაგი ძირითადად წითელმიწა-ალუვიურია. ჭალები მდინარე ტეხურის ქვიშითაა დაფარული. მთის ფერდობებზე კი ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები გვხვდება.
სოფელი ძველი სენაკი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. იგი სენაკის რაიონული ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ნოქალაქევი, რომელიც ისტორიაში ცნობილია უძველესი ქალაქის არქეოპოლისის სახელწოდებით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ეკი, სამხრეთით სოფელები გეჯეთი და ნოსირი.
ისტორიული ძეგლები
ძველი სენაკი მდიდარია ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით. სოფლის შუაგულში აღმართულია რვაასწლოვანი ჭადარი და მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მთაზე წმინდა გიორგის ეკლესია და შხეფის ციხე.
ძველი სენაკი და მისი ისტორიული ძეგლები მრავალ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შრომებშია მოხსენებული. საინტერესო ცნობას გვაწვდის სოფლის შესახებ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც საქართველოში 1630 წელს ჩამოსულა და 18 წელი სამეგრელოში უცხოვრია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა წიგნი „სამეგრელოს აღწერა“. ამ წიგნს დართულია ქვს სამეგრელოს რუკაც, სადაც აღნიშნულია ძველი სენაკი ეკლესიით.
საიტერესო ცნობას გვაწვდის აღნიშნული ეკლესიის შესახებ ნიკო დადიანი თავის წიგნში „ქართველთა ცხოვრება“. იგი წერს „ეს ეკლესია აღაშენა ლეო დადიანმა მანუჩარის ძმან“. ეს ის ლევან II დადიანია, რომელიც ოდიშის მთავარი გახდა 1611 წელს. ლამბერტი ლევან დადიანის შესახებ წერდა, რომ მან
„უთვალავი ოქრო-ვერცხლის ხატი გააკეთებინა თვალმარგალიტებით შემკობილი. ერთი წლის განმავლობაში 20-ზე მეტი ოქრომჭედელი ჰყავდა, რომლებიც განუწყვეტლივ ამკობდნენ საეკლესიო ნივთებს“
არქანჯელო ლამბერტის წიგნი „სამეგრელოს აღწერა“ საინტერესოა არა მარტო იმით, რომ უცხოელი მოგზაური ძვირფას ცნობებს გვაწვდის 380 წლის წინანდელ ძველ სენაკზე და მისი ეკლესიაზე, არამედ იმითაც, რომ ავტორი გვაძლევს ახსნას სოფლის სახელწოდების წარმოშობის შესახებ. იგი წერს – ამ ადგილს ადრე ერქვა „სინგამე“ (მდინარე ტეხურის ძველი სახელწოდება). მდინარე სინგამესა და მის ნაპირზე დასახლებას ამტკიცებს იტალიელი მოგზაური ფლავიუს არიანეც მის წიგნში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“. მან მდინარე ტეხურს უწოდა „სინაგჰი“. ადვილი შესაძლებელია, რომ გამოთქმათა სხვადასხვაგვარობის გამო (სინგამე, სინაგჰი) გადაიქცა სენაკად, ადგილმა კი შეინახა ეს სახელი. თუ დავეყრდნობით ლამბერტის ცნობებს, გამოდის რომ ძველი სენაკის დასახლება ჯერ კიდევ II საუკუნეში არსებულა. თავად „სენაკი“ ქართული ლექსიკონის მიხედვით სალოცავ ადგილს, ბერ-მონაზვნებისათვის განცალკავებულად მდგომ ნაგებობას ნიშნავს. შესაძლებელია, რომ სოფლისთვის სახელის მიკუთვნება გამოიწვია წარსულში აქ არსებულმა სალოცავებმა.