ოდიშ-გურიის დაბლობი, ხედი ჯიხეთის მონასტრიდან
ოდიშ-გურიის დაბლობი — კოლხეთის აკუმულაციური დაბლობის შუა ნაწილი. მდინარე ენგურის ქვემო დინებიდან მდინარე სუფსამდე და შავი ზღვიდან მდინარე ცხენისწყლამდე . ზღვის დონიდან 50 მ . ოდიშ-გურიის დაბლობი ზედამეოთხეული და თანადროული ნალექებით აგებული ბრტყელი და დაბალი ვაკეა. იყოფა ოდიშისა და გურიის დაბლობებად. ოდიშის დაბლობი მდინარე რიონის მარჯვენა მხარეზეა, გურიის დაბლობი — მარცხენაზე. ჰავა ნესტიანი სუბტროპიკულია. დაბლობის დასავლეთი სანაპირო უკავია სამეურნეოდ ნაკლებად ათვისებულ ჭალადიდის დაჭაობებულ მასივს. დაბლობს ჰკვეთს მდინარეები: ხობისწყალი , რიონი , ფიჩორი . ოდიშ-გურიის დაბლობზეა პალიასტომის , ჯაპანას , გულეთკარის , ჩალუბის , პატარა პალიასტომის , იმნათის , მალთაყვისა და გრიგოლეთის ტბები.
სანაპიროს დიუნების ზოლი შემოსილია სუსტად განვითარებული მცენარეულობით (ქვიშამხალი , ლურჯი ნარი , ზღვის შროშანი , ნეგო , რძიანა , ხურხუმი , ქაცვი და სხვა). ჭაობების ნაწილი ისლით ან ხავსით არის დაფარული, ნაწილი კი მურყნარს უკავია.
ოდიშ-გურიის დაბლობზე გაშენებულია ქალაქები: ფოთი , ლანჩხუთი , სენაკი , აბაშა და ხობი . დაბლობის დაუჭაობებელი ნაწილი ათვისებულია სუბტროპიკული კულტურებისათვის.
ლიტერატურა