მაჩვი (ლათ. Meles meles) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 90 სმ, მასა 30 კგ-ს აღწევს. გვხვდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში ზღვის დონიდან 2750 მ-მდე ადის. უმეტესად ბინადრობს ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. სოროს ნიადაგში თხრის. იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით. მაკეობა წლამდე გრძელდება. შობს 2-6 ნაშიერს. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი (Meles meles minor) და ჩრდილოკავკასიური მაჩვი (Meles meles casicus).
ლიტერატურა