ისაბელ კლარა ეუხენია

ისაბელ კლარა ეუხენია
ნიდერლანდების სუვერენი
ლოთერის, ბრაბანტის, გელდერნის, ლიმბურგისა და ლუქსემბურგის ჰერცოგინია
ნამიურის მარკგრაფინია
ბურგუნდიის პფალცგრაფინია
ფლანდრიის, არტუისა და ენოს გრაფინია

ალბერტ ავსტრიელთან ერთად
(1598-1621)
მმართ. დასაწყისი: 6 მაისი, 1598
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1633
წინამორბედი: ფილიპე II
მემკვიდრე: ფილიპე IV
ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი, 1619
მმართ. დასასრული: 9 ოქტომბერი, 1619
წინამორბედი: ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი
მემკვიდრე: ელეონორა გონძაგა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 აგვისტო, 1566
დაბ. ადგილი: სეგოვია, ესპანეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1633, (67 წლის)
გარდ. ადგილი: ბრიუსელი, ბრაბანტის საჰერცოგო
დაკრძ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
მეუღლე: ალბერტ VII ავსტრიელი
(ქ. 1599 - გარდ. 1621)
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე II, ესპანეთის მეფე
დედა: ელიზაბეტ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ისაბელ კლარა ეუხენია (ესპ. Isabel Clara Eugenia; დ. 12 აგვისტო, 1566, სეგოვია, ესპანეთის იმპერია ― გ. 1 დეკემბერი, 1633, ბრიუსელი, ბრაბანტის საჰერცოგო) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე II-ისა და დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას უფროსი ქალიშვილი. ესპანური ნიდერლანდების სუვერენული მმართველი 1598 წლიდან გარდაცვალებამდე. 1621 წლამდე ქვეყანას მართავდა თავის ქმართან, ერცჰერცოგ ალბერტ VII ავსტრიელთან ერთად, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ერთპიროვნულ მონარქად იქცა. მისი სახელი ნიდერლანდების ოქროს ხანას უკავშირდება. იგი XVI-XVII საუკუნეების ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალადაა აღიარებული.

ადრეული ცხოვრება

ბავშვობა

ისაბელ კლარა ეუხენია (მარცხნივ) და მისი და, კატალინა მიკაელა, 1570 წელს

ისაბელ კლარა ეუხენია დაიბადა 1566 წლის 12 აგვისტოს ვალსაინის სამეფო სასახლეში, ქალაქ სეგოვიაში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და მისი მესამე მეუღლის, დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას პირველი გადარჩენილი ქალიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მამამისს იმდენად გაუხარდა მისი დაბადება, რომ სქესისათვის ყურადღება არ მიუქცევია და განაცხადა, რომ უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე ვაჟის ყოლის შემთხვევაში იქნებოდა. მართალია მას უკვე ჰყავდა ვაჟი პირველი ცოლისაგან, პრინცი დონ კარლოსის სახით, თუმცა ფილიპეს მასთან ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და მეტიც, მასთან მუდმივ კონფლიქტში იყო.

ისაბელ კლარა ეუხენია დაბადებიდან მალევე კათოლიკე ქრისტიანად მონათლა კარდინალმა ხუან ბაუტისტა კასტანეომ, რომელიც შემდეგში რომის პაპი გახდა ურბან VII-ის სახელით. მისი ნათლია ბიძამისი, დონ ხუან ავსტრიელი იყო. მას სახელი შემდეგი მიზეზებით შეურჩია მამამისმა: პირველი სახელი, ისაბელი, დედამისის, დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას პატივსაცემად (ფრანგული სახელი ელიზაბეტი ესპანურში ითარგმნება, როგორც ისაბელი), მეორე სახელი, კლარა, წმინდა კლარა ასიზელის პატივსაცემად, რამეთუ მისი დაბადებისას ამ წმინდანის ხსენების დღე იყო, ხოლო ეუხენია წმინდა ევგენის პატივსაცემად, რომლის წმინდა ნაწილებიც საფრანგეთიდან ტოლედოში დედოფალმა ელიზაბეტმა თავისი ძმის, მეფე შარლ IX-ის დახმარებით ჩაიტანა.

ერთი წლის შემდეგ დაიბადა ისაბელის ერთადერთი ღვიძლი და, ინფანტა კატალინა მიკაელა. მეფე და დედოფალი თავიანთ ქალიშვილებთან ძალიან ახლოს იყვნენ, გამუდმებით ეთამაშებოდნენ და ახალ სათამაშოებს ჩუქნიდნენ. უკვე 1568 წლის 3 ოქტომბერს ისაბელის დედა, დედოფალი ელიზაბეტი მშობიარობას გადაჰყვა 23 წლის ასაკში, რა დროსაც მკვდარი ბავშვი გააჩინა.

დაქვრივებიდან ორ წელიწადში ფილიპე II მეოთხედ და უკანასკნელად დაქორწინდა თავის დისწულზე, საღვთო რომის იმპერატორის უფროს ქალიშვილ ანა ავსტრიელზე, რომელიც ასევე საფრანგეთის დედოფლის დაც იყო. დედინაცვალს ისაბელი და მისი და ძალიან უყვარდა და მათ საკუთარი ქალიშვილებივით ზრდიდა. ამის გამო დებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ როგორც ერთმანეთთან, ისე მამასა და დედინაცვალთან. ფილიპეს ანასთან კიდევ ხუთი შვილი გაუჩნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი, პრინცი ფილიპე გადაურჩა ბავშვობაში სიკვდილს. ცნობილია ისიც, რომ მეფე ფილიპეს თავისი ქალიშვილები ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა, მიჯაჭვული იყო მათზე და ამიტომაც აჭიანურებდა მათ გათხოვებას, მათთან გაგზავნილ წერილებს კი ხელს ყოველთვის ასე აწერდა „შენი კარგი მამა“.

ახალგაზრდობა

ისაბელ კლარა ეუხენია 1585 წელს

ისაბელსა და კატალინას მათი დედინაცვლის, დედოფალ ანას სეფექალი, მარგარიტა დე კარდონა და ასევე მათი განსვენებული დედის ფრანგი სეფექალები ზრდიდნენ, როგორიცაა მაგალითად კლოდ დე ვინელი. ორივე დას მემატიანეები ახასიათებენ შემდეგნაირად: „ინტელექტუალები, რომელთაც კარგად იციან თავიანთი მაღალი სოციალური მდგომარეობის ფასი“.

ისაბელ კლარა ეუხენია

ისაბელ კლარა ეუხენია მამამ კარგი განათლებით უზრუნველყო. იგი შეისწავლიდა პოლიტიკას, დიპლომატიას, მათემატიკას და გარდა მშობლიური ესპანურისა კარგად იცოდა ნიდერლანდური, ფრანგული და იტალიური ენები. სოფონისბა ანგისოლამ, რომელიც ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი იყო ჯერ კიდევ ისაბელის დედის დედოფლობის პერიოდიდან მოყოლებული, ინფანტას ფერწერის უნარებიც გაუვითარა. ისაბელ კლარა ეუხენია ის ერთადერთი პიროვნება იყო, რომელსაც ფილიპე II ნებას რთავდა დახმარებოდა სახელმწიფოს მართვაში. როგორც წესი იგი მის საბუთებს აწესრიგებდა ხოლმე და იტალიურიდან ყველაფერს ესპანურად უთარგმნიდა.

საფრანგეთის ტახტის კანდიდატი

მას შემდეგ, რაც ისაბელ კლარა ეუხენიას დედის ძმა, საფრანგეთის მეფე ანრი III 1589 წლის 2 აგვისტოს ფანატიკოსმა ჟაკ კლემენმა მოკლა, შეწყდა ვალუას დინასტიაც და ტახტზე პრეტენზია ერთობლივად რამდენიმე კანდიდატმა გამოთქვა. მათ შორის იყო ფილიპე II-ც, რომელმაც საფრანგეთის გვირგვინი ისაბელის სახელით მოითხოვა, ვინაიდან ისაბელ კლარა ეუხენია დედის ხაზით ანრი II-ის უფროსი შვილიშვილი იყო, თუმცა საფრანგეთში მოქმედი სალიკური სამართლის გამო ქალს ტახტზე ასვლა არ შეეძლო. ამასთან ერთად, ესპანეთის მეფეზე ქორწინებისას ისაბელის დედამ უარი განაცხადა თავის ფრანგულ მემკვიდრეობაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, კათოლიკეებისაგან დაკომპლექტებულმა პარიზის პარლამენტმა ისაბელი გამოაცხადა „საფრანგეთის კანონიერ სუვერენად“, რამეთუ მათ არ სურდათ ჰუგენოტი ანრი ნავარელის გამეფება, რომელსაც დაუტოვა ტახტი ანრი III-მ. ტრადიციული ფრანგული მემკვიდრული წესის მიხედვითაც მემკვიდრე ანრი ნავარელი იყო, ამასთან ერთად მას ცოლად ანრი III-ის და, მარგარიტა ვალუა ჰყავდა, რის გამოც მან მოახერხა საფრაგნეთის მეფე გამხდარიყო. მას შემდეგ, რაც მან კათოლიკობა მიიღო, მთელი საფრანგეთი მიემხრო და 1594 წელს ფილიპე იძულებული გახდა ისაბელის სახელით უარი ეთქვა მემკვიდრეობაზე და ანრი IV საფრანგეთის მეფედ ეცნო.

საქორწინო მოლაპარაკებები

ისაბელ კლარა ეუხენია 1599 წელს

ნიშნობა რუდოლფზე

როგორც ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიური იმპერიების ინფანტა, ისაბელ კლარა ეუხენია ევროპის საქორწინო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საცოლე იყო.

ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში იგი დანიშნეს მისი მამიდის, მარია ესპანელის უფროს ვაჟზე, საღვთო რომის იმპერატორ რუდოლფ II-ზე, რომელიც ასევე მისი დედინაცვლის ძმა იყო. ამის მიუხედავად, ფილიპეს შემოღებული წესის გამო ისაბელას 20 წლამდე გათხოვება არ შეეძლო. საბოლოოდ, რუდოლფმა გამოაცხადა, რომ არავისზე დაქორწინებას არ აპირებდა, რის გამოც ეს ნიშნობა გაბათილდა. ამის გამო ისაბელი დაავადებულ მამაზე ზრუნავდა, რამეთუ ფილიპეს ბოლო წლებში ჩიყვი, სიმსივნე და ხშირი გაციებები დაეწყო.

ქორწინება ალბერტზე

საბოლოოდ, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ფილიპე II-მ გადაწყვიტა, რომ ესპანური ნიდერლანდები ისაბელისათვის დაეტოვებინა, იმ პირობით, თუ იგი თავის მეორე მამიდაშვილზე, ერცჰერცოგ ალბერტ VII ავსტრიელზე დაქორწინდებოდა. ალბერტი რუდოლფის უმცროსი ძმა და პორტუგალიის მეფისნაცვალი იყო. ამასთან, იგი თავის დას, დედოფალ ანას ქორწინებისას ჩაჰყვა ესპანეთში და ფილიპეს ნდობით დიდად სარგებლობდა. ფილიპეს ანდერძით, ისინი ერთად გამეფდებოდნენ ნიდერლანდებში და თანაბარი ძალაუფლებით ისარგებლებდნენ. მათი მამრობითი სქესის მემკვიდრეები მათ შემდეგ მემკვიდრეობით მიიღებდნენ ნიდერლანდებზე, მაგრამ თუ მხოლოდ ქალიშვილი ეყოლებოდათ, იგი აუცილებლად ესპანეთის მეფეზე უნდა დაქორწინებულიყო და ნიდელანდები ამით ისევ ესპანეთს მიერთებოდა. ამ დადგენილების მიუხედავად, ისაბელსა და ალბერტს შვილები საერთოდ არ ჰყავდათ და მათი გარდაცვალების შემდეგ ნიდერლანდები ავტომატურად გადაეცა ისევ ესპანეთის მეფეს, ანუ ისაბელის ძმისწულს.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1598 წლის 6 მაისს ფილიპე ისაბელისა და ალბერტის სასარგებლოდ გადადგა ნიდერლანდების ტახტიდან. იმავე წლის 13 სექტემბერს იგი გარდაიცვალა, რამაც მათი ქორწინება შეაყოვნა, თუმცა ისაბელის ნახევარ-ძმის, მეფე ფილიპე III-ის კურთხევით ისინი 1599 წლის 18 აპრილს ვალენსიაში დაქორწინდნენ. 1605, 1607 და 1609 წლებში ისაბელმა ბავშვები გააჩინა, თუმცა ისინი სამივენი ჩვილობაში გარდაიცვალნენ, შემდეგ კი აღარც დაორსულებულა.

ჰაბსბურგთა ნიდერლანდების მმართველი

ისაბელ კლარა ეუხენია ქმართან ერთად 1615 წელს

პირველი წლები

1601 წლიდან ერცჰერცოგმა და ერცჰერცოგინიამ ერთობლივად დაიწყეს ჰაბსბურგთა ნიდერლანდების მართვა. მათი მმართველობა გარდამტეხი მოვლენა აღმოჩნდა ესპანური ნიდერლანდების ისტორიაში, რამეთუ მოახერხეს მის სამხრეთულ მიწებზე დაწყებული რეფორმაციის შეჩერება, აქ კათოლიკური აღმსარებლობისა და ესპანური მმართველობის შენარჩუნება.

საგარეო პოლიტიკა

ალბერტისა და ისაბელის მმართველობის პირველ ნახევარში ომი დომინირებდა. ჩრდილოეთ ნიდერლანდების გაერთიანებულ პროვინციებსა და ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-თან ურთიერთობის დალაგების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მათ მიზნად სამხრეთი ნიდერლანდების მათგან იზოლირება დაისახეს. მათი სტრატეგია ის იყო, რომ ეიძულებინათ ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან მისულიყვნენ.

ამ მიზნის მისაღწევად გადაწყვიტეს თავიანთი მრავალფეროვანი ფლამანდიური კლასები გამოეყენებინათ. ფლანდრია მდიდარი იყო ევროპაში ცნობილი ხელოვანი ადამიანებით, ბაროკოს სტილის ვიზუალური ხელოვნება კი ალბერტმა და ისაბელმა კონტრრეფორმაციის მთავარ იარაღად აქციეს. მათ პერიოდში ბრიუსელი ევროპის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ-სამხატვრო ცენტრად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელში ერთიანდებოდა მაშინდელი მთელი ევროპა, რამეთუ აქ თავი მოიყარეს: ფლამანდიელმა მხატვრებმა და დიპლომატებმა, ესპანელმა ინკვიზიტორებმა, იტალიელმა მრჩევლებმა, ბურგუნდიელმა ჩინოვნიკებმა, ინგლისელმა მუსიკოსებმა, გერმანელმა სამხედროებმა და ნიდერლანდელმა აზნაურებმა. ამრიგად, ბრიუსელი იქცა ჰაბსბურგთა მონარქიის გულად, რომელზეც გადიოდა მადრიდის, ვენის, პარიზის, ლონდონის, ლისაბონის, გრაცის, ინსბრუკის, პრაღისა და ჰააგის დამაკავშირებელი დიპლომატიური ქსელი.

1603 წელს დედოფალ ელისაბედ I-ის გარდაცვალებამ და ინგლისის ტახტზე შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ის ასვლამ პოლიტიკური ვითარება გააუმჯობესა და მშვიდობისაკენ გზა გახსნა. 1604 წლის 24 ივლისს ინგლისმა, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს ლონდონის ხელშეკრულებას, თუმცა საბოლოო მშვიდობის დამყარებას ხელს უშლიდა რელიგიური საკითხები. დენთის შეთქმულების სახელით ცნობილმა ინგლისელი კათოლიკეების მცდელობამ დაემხოთ პროტესტანტი მეფე ჯეიმზი, ლონდონსა და ბრიუსელს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გააჩინა. საბოლოოდ, ჯეიმზის მეუღლემ, დედოფალმა ანა დანიელმა ბრიუსელში თავისი პორტრეტი გააგზავნა, როგორც მეგობრობისა და კეთილგანწყობის სიმბოლო, რითაც დაძაბულობა განიმუხტა.

დიპლომატიური იზოლაციის საფრთხე განსაკუთრებით მას შემდეგ გაქრა, რაც 1609 წლის აპრილში გენერალმა ამბროჯიო სპინოლამ ჩრდილონიდერლანდელები ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმა. იმავე წლის 9 აპრილს ორ მხარეს შორის გაფორმდა თერთმეტწლიანი სამშვიდობო ხელშეკრულება. ოთხათწლეულიანი ომის შემდეგ, ამ ზავმა ნიდერლანდებში საბოლოოდ დაამყარა მრავალწლიანი მშვიდობა.

ეკონომიკა

ანტვერპენში მოჭრილი ბრაბანტული იეტონები ისაბელისა და ალბერტის გამოსახულებით, 1612 წელი.

ზავის პერიოდმა ჰაბსბურგთა ნიდერლანდებში მეტად საჭირო მშვიდობის პერიოდი მოიტანა, ძირითადად იმიტომ, რომ მიწები უსაფრთხოდ მუშავდებოდა. სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებამ, თავის მხრივ, მოსახლეობის მომრავლება და ომის დროს განცდილი დემოგრაფიული დანაკარგების აღდგენის დაწყება განაპირობა. მრეწველობამ და, განსაკუთრებით, ვაჭრობამ აღორძინება განიცადა, რამაც ჰაბსბურგთა ნიდერლანდებში ეკონომიკური სტაბილურობა და კეთილდღეობა შეიტანა.

ამასთან, მდინარე შელდტის გადაკეტვამ მათ ხელი შეუშალა საერთაშორისო ვაჭრობასი ჩაბმულიყვნენ. იტალიურ მოდელზე დაყრდნობით მთავრობამ მალევე შექმნა Monti di Pieta-ს სავაჭრო ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ბრიუსელს, ბრიუგეს, ოსტენდეს, ვენლოსა და რაინგერგს, შელდტის გვერდის ავლით.

რელიგია

მონაზვნად აღკვეცილი ისაბელ კლარა ეუხენია 1627 წელს

ისაბელისა და ალბერტის მმართველობამ უზრუნველყო ჰაბსბურგთა ნიდერლანდებში მიმდინარე რეფორმაციის კათოლიკეთა ტრიუმფით დასრულება. ამის გამო პროტესტანტების უმეტესობამ უბრალოდ დატოვა სამხრეთი ნიდერლანდები და ჩრდილოეთში გადასახლდა. 1597 წელს ჩატარებული პროტესტანტების მასობრივი წმენდის შემდეგ, მათი რეჟიმის შემდეგ რელიგიურ უმცირესობებს აქტიურად აღარ დევნიდნენ. 1609 წელს მიღებული კანონის თანახმად, ნიდერლანდებში შეწყდებოდა პროტესტანტების დევნა, თუ ისინი პატივს სცემდნენ საზოგადოებრივ წესებს და არ დაიწყებდნენ თავიანთი რელიგიის გავრცელების მცდელობებს.

ამგვარი ზომების გატარებითა და ერთგული ეპისკოპოსების დახმარებით, ისაბელმა და ალბერტმა მოახერხეს მოსახლეობის კათოლიკობაზე დატოვება. ერცჰერცოგი თავის მეუღლესთან ერთად ყოველთვის ყველაზე დიდ ფულადობრივ დახმარებას იეზუიტთა კათოლიკურ ორდენს უწევდა ხოლმე, რითაც სხვა ორდენის წევრებს მასში გაწევრიანებისაკენ იზიდავდნენ. ამან იეზუიტებს საშუალება მისცა ანტვერპენსა და ბრიუსელში თავიანთი გეგმები განეხორციელებინათ. მნიშვნელოვანი თანხებით ფინანსდებოდა კაპუცინების ორდენიც. ასევე, მათ განაახლეს დისკვალიფიცირებული კათოლიკური კარმელიტები, რაც ისევდაისევ მათ ესპანურ აზროვნებაზე მიუთითებდა.

ისაბელ კლარა ეუხენიას გერბი

ესპანეთთან ურთიერთობა

ისაბელისა და ალბერტის ერთობლივმა მმართველობამ ხელი შეუწყო სამხრეთი ნიდერლანდების, როგორც სახელმწიფოს იდენტურობის ზრდას. თუმცაღა, ვინაიდან მათი სამივე შვილი ჩვილობაშივე დაიღუპა, ნათელი იყო, რომ მათ დაწყებულ ამ საქმეს არავინ გააგრძელებდა და ნიდერლანდები ისევ ესპანეთს მიუერთდებოდა, ფილიპე II-ის ანდერძის შესაბამისად.

მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ მემკვიდრე აღარ ეყოლებოდათ, ისაბელისა და ალბერტის მთავარ მიზნად იქცა ნიდერლანდების შემზადება ისევ ესპანურ მონარქიაში შესასვლელად. მათ მოახერხეს ნიდერლანდებში ჰაბსბურგთა ცუდი ავტორიტეტის გამოსწორება და ანტვერპენელების შემორიგება. შედეგად, სამხრეთულმა პროვინციებმა ერთგულების ფიცი დადეს.

1621 წელს ალბერტი გარდაიცვალა და ისაბელი ნიდერლანდების ერთპიროვნული მმართველი გახდა. იგი მეორედ აღარ გათხოვილა და ქმრის დაკარგვის შემდეგაც განაგრძობდა პოლიტიკური წარმატებების მიღწევას. 1625 წელს მან დაიპყრო ბრედა, თუმცა იმავე წელს ჰერტგენბოში, 1632 წელს კი მაასტრიხტიც დაკარგა.

ხელოვნების პატრონაჟი

ბრიუსელის სამეფო კარი

ისაბელისა და ალბერტის პირადი გალერეა ბრიუსელში

ისაბელი და ალბერტი ნიდერლანდებში დიდად მფარველობდნენ ბაროკოს სტილის ხელოვნებას. ისინი მფარველობნენ ისეთ მხატვრებსა და არქიტექტორებს, როგორებიც იყვნენ: პეტერ პაულ რუბენსი (მათი სამეფო კარის მხატვარი 1609 წლიდან), ვენცელ კობერგერი, იაკობ ფრანკარტი, პეტერ ბრუეგელ უმცროსი, დე ნოლეების ოჯახი, ვან ვეენების ოჯახი და მრავალი სხვა, რომელთაც ბრიუსელის სამეფო კარი ევროპის ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად აქციეს.

1633 წელს, ისაბელის გარდაცვალების შემდეგ, მათი უდიდესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია მთელ ევროპაში გაიფანტა, ნაწილი კი საერთოდ დაიკარგა, ან განადგურდა. მიუხედავად ამისა, თავიანთი პატრონაჟით მათ ხელოვნების ისტორიაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს.

უკანასკნელი წლები

დაქვრივების შემდეგ ისაბელ კლარა ეუხენია ფრანცისკელთა კათოლიკურ ორდენს შეუერთდა და მონაზვნად აღიკვეცა. მან შემდეგში დიდი წვლილი შეიტანა ლას-დესკალსას-რეალესის მონასტრის მშენებლობაში, რომელშიც შემდეგში მისი მამიდა/დედამთილი, იმპერატრიცა მარია ესპანელი ცხოვრობდა. უკანასკნელ წლებში ისაბელამ თავადვე გააჩუქა თავისი კოლექციის უამრავი ეგზემპლარი. იგი გარდაიცვალა 1633 წლის 1 დეკემბერს ბრიუსელში, 67 წლის ასაკში. დაკრძალულია ალბერტის გვერდით, ბრიუსელში მდებარე წმინდა მიქაელისა და წმინდა გულუდას სახელობის კათოლიკურ კათედრალში.

წინაპრები

ლიტერატურა

  • Martha Walker Freer: Elizabeth de Valois. Queen of Spain and the Court of Philip II. Hurst & Blackett, London 1857 (2 Bde.).
  • Constantin von Wurzbach: Elisabeth auch Isabella Clara Eugenia von Oesterreich. Nr. 76. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 177 f. (Digitalisat).
  • Karl Theodor Wenzelburger: Isabella Clara Eugenia. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 14, Duncker & Humblot, Leipzig 1881, S. 610 f.
  • Paul Graf Thun-Hohenstein: Philipp II. von Spanien in Briefen an seine Töchter. Verlag Alber, München 1947.
  • Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger. Ein biographisches Lexikon. Piper, München 1996, ISBN 3-492-03163-3.
  • Richard Reifenscheid: Die Habsburger in Lebensbildern. Von Rudolf I. bis Karl I. Piper, München 2007, ISBN 3-492-24753-9.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!