მარია ბეატრიჩე სავოიელი

მარია ბეატრიჩე სავოიელი

პორტრეტი შესრულებულია ადეოდატა მალატესტას მიერ
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 14 ივლისი, 1814
მმართ. დასასრული: 15 სექტემბერი, 1840
წინამორბედი: მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინა
მემკვიდრე: ადელგუნდა ბავარიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 სექტემბერი, 1792
გარდ. თარიღი: 15 სექტემბერი, 1840, (47 წლის)
მეუღლე: ფრანჩესკო IV, მოდენის ჰერცოგი
შვილები: მარია ტერეზა, შამბორის გრაფინია
ფრანჩესკო V, მოდენის ჰერცოგი
ფერდინანდ კარლი
მარია ბეატრიქსი, მონტისონის გრაფინია
სრული სახელი: მარია ბეატრიჩე ვიტორია ჯუზეპინა
დინასტია: სავოიელები
მამა: ვიტორიო ემანუელე I, სარდინიის მეფე
დედა: მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ბეატრიჩე სავოიელი (იტალ. Maria Beatrice di Savoia; დ. 6 სექტემბერი, 1792, ტურინი, იტალია — გ. 15 სექტემბერი, 1840, პადუა, იტალია) — სავოიელების დინასტიის წარმომადგენელი. სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ისა და დედოფალ მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტეს ასული. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1814-1840 წლებში როგორც ფრანჩესკო IV-ის მეუღლე. მოდენისა და რეჯიოს უკანასკნელი ჰერცოგის, ფრანჩესკო V-ის დედა.

ბიოგრაფია

მარია ბეატრიჩე დაიბადა 1792 წლის 6 სექტემბერს ტურინში. იგი იყო სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტეს პირველი ქალიშვილი ოთხიდან. აღსანიშნავია, რომ მამამისი მეფე მხოლოდ 1802 წელს თავისი ძმის, კარლო ემანუელე IV-ის გადადგომის შემდეგ გახდა.

დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია ერცჰერცოგი ფერდინანდ ავსტრიელი (საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის ძმა) და მისი მეუღლე, პრინცესა მარია ბეატრიჩე რიკარდა დ’ესტე (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) იყვნენ. თავის მხრივ ერცჰერცოგი ფერდინანდი საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ნაბოლარა ვაჟი, ხოლო დედამისი მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ერკოლე III-ის ერთადერთი ქალიშვილი იყო, მათი ქორწინებით კი შეიქმნა მოდენის მმართველი ჰაბსბურგ-ესტეს დინასტია.

პაპ პიუს VII-ის წინაშე მუხლმოყრილი მარია ბეატრიჩე

1798 წელს იტალიაში ნაპოლეონის შემოჭრის გამო მარია ბეატრიჩემ და მისმა ოჯახმა დატოვა ტურინი და ფლორენციაში, შემდეგ პარმაში, საბოლოოდ კი სარდინიაში გაიქცნენ. ამის გამო მარია ბეატრიჩემ თავისი ბავშვობის წლები კალიარში გაატარა.

1812 წლის 20 ივნისს მარია ბეატრიჩე დააქორწინეს დედამისის ღვიძლ ძმაზე, ერცჰერცოგ ფრანჩესკო დე ჰაბსბურგ-ესტეზე. მათი ახლონათესაობის გამო ქორწინებაზე თანხმობის მიღება თავად რომის პაპ პიუს VII-სგან გახდა საჭირო. უკვე 1814 წლის 14 ივლისს მისი ქმარი მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი გახდა ფრანჩესკო V-ის სახელით. ამის შემდეგ მარია ბეატრიჩემ ოთხი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა — ორი ვაჟი და ორი გოგონა.

მარია ბეატრიჩემ და ფრანჩესკომ სარდინია 1813 წელს დატოვა, საიდანაც ჯერ საბერძნეთში, იქიდან კი ტრიესტში გადავიდნენ, საბოლოოდ კი ვენაში ჩავიდნენ. მოგვიანებით, ასი დღის პერიოდში იოაჰიმ მიურატის შემოჭრის გამო, 1815 წელს წყვილს კიდევ ერთხელ მოუწია მოდენის დატოვებამ.

მათი მმართველობა არც ისე მშვიდობიანი იყო, რამეთუ ნაპოლეონის დროს თავისუფლებას მიჩვეულ იტალიელებს გაუჭირდათ ისევ მონარქიულ და ტირანულ რეჟიმში დაბრუნება, რის გამო მოგვიანებით დიდი აჯანყების გამო წყვილი კვლავ გაიქცა ვენაში, საიდანაც ისინი მხოლოდ 1831 წელს, ავსტიული ჯარების თანხლებითა და დახმარებით დაბრუნდნენ.

მარია ბეატრიჩე სავოიელი გარდაიცვალა 1840 წლის 15 სექტემბერს კაპუაში, გულის შეტევით, 47 წლის ასაკში.

ცნობილია, რომ ბრიტანელი იაკობინელები მას ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფლად აცხადებდნენ და მისი სახელით ტახტზე აცხადებდნენ პრეტენზიას, რის გამოც გარკვეულ წრეებში იგი ცნობილია, როგორც დედოფალი მერი III&II. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სტიუარტთა დინასტიის შეწყვეტის გამო მარია ბეატრიჩე მამის პაპის დედის, ანა მარი ორლეანელის დედის, ორლეანის ჰერცოგინია ჰენრიეტა ინგლისელის ხაზით იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I-ის პირდაპირი შთამომავალი და მაშასადამე ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე იყო, თუმცა თავად ამაზე პრეტენზია არასოდეს ჰქონია.

შვილები

მარია ბეატრიჩეს თავის ქმართან სულ ოთხი შვილი ჰყავდა:

  1. მარია ტერეზა (1817-1886), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ X-ის შვილიშვილს, შამბორის გრაფ ანრი დე ბურბონს, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ;
  2. ფრანჩესკო V (1819-1875), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი. ცოლად შეირთო ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ის ასული ადელგუნდა ბავარიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ;
  3. ფერდინანდ კარლ ვიქტორი (1821-1849), ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ბავარიის დედოფალი მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე;
  4. მარია ბეატრიქსი (1824-1906), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე კარლოს IV-ის შვილიშვილს, მონტისონის გრაფ ხუან დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;

წინაპრები

ლიტერატურა

  • Rita Ladogana, Giuseppe Verani, artista alla corte sabauda in Sardegna, Nuoro 2015, pp. 43 e 66.
  • Albano Sorbelli. Beatrice di Savoia, duchessa di Modena. Treccani. — Статья о Марии Беатриче Савойской в «Enciclopedia Italiana» (1930). (итал.)
  • Constantin von Wurzbach. Habsburg, Maria Beatrix (kön. Prinzessin von Sardinien). Universitäts-Buchdruckerei von L.C. Zamarski. — Статья Константина фон Вурцбаха о Марии Беатриче Савойской в «Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich» (1856)

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!