მარია ანუნსიატა დაიბადა 1843 წლის 24 მარტს კაზერტის სამეფო სასახლეში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელის მეოთხე შვილი და პირველი ქალიშვილი. მას მამის მხრიდან პაპა-ბებიად მეფე ფრანჩესკო I და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელი, ხოლო დედის მხრიდან ტეშენის ჰერცოგი კარლ ლუდვიგი და ჰერცოგინია ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელი ერგებოდნენ.
1859 წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტი ანუნსიატას ნახევარ-ძმამ, მეფე ფრანჩესკო II-მ დაიკავა, რომელმაც რისორჯიმენტოს პირობებში 1861 წელს ტახტი დაკარგა, რის გამოც მათ ოჯახს რომში მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ამ ამბიდან მალევე, 1862 წლის 21 ოქტომბერს ვენეციაში მარია ანუნსიატა დააქორწინეს ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელზე, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის უმცროს ძმაზე. იგი მისთვის მეორე ცოლი იყო, რამეთუ მისი პირველი მეუღლე, პრინცესა მარგარეტ საქსონიელი 1858 წელს დაიღუპა ტიფოიდური ცხელებით, ერცჰერცოგს კი მემკვიდრე სჭირდებოდა, რომლებიც მარია ანუნსიატამ გაუჩინა.
მარია ანუნსიატა გარდაიცვალა 1871 წლის 22 მაისს ვენაში, ტუბერკულოზით, 28 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი მესამედ და საბოლოოდ დაქორწინდა ინფანტა მარია ტერეზა პორტუგალიელზე, რომელთანაც კიდევ ორი გოგონა შეეძინა.1916 წელს მარია ანუნსიატას შვილიშვილი, კარლ I ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორი ხდება.