ფერდინანდ I (ესპ.Fernando I, იტალ.Ferdinando I; დ. 12 იანვარი, 1751 — გ. 4 იანვარი, 1825) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლის, პარმისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და დედოფალ მარია ამალია საქსონიელის შუათანა ვაჟი. ნეაპოლის მეფე ფერდინანდ IV-ის სახელით და სიცილიის მეფე ფერდინანდ III-ის სახელით 1759-1816 წლებში. იგი ასევე იყო გოცოს (კუნძული ჩრდილო მალტაში) მეფე. იგი ნეაპოლის ტახტიდან ორჯერ დაამხეს: პირველად 1799 წელს პართენოპენის რესპუბლიკისას და მეორედ 1805 წელს ნაპოლეონის შემოჭრისას. 1816 წლის 12 დეკემბერს ნეაპოლი და სიცილია ორი სიცილიის სამეფოდ გააერთიანა.
ბიოგრაფია
ბავშვობა
ფერდინანდი დაიბადა 1751 წლის 12 იანვარს ნეაპოლის სამეფო სასახლეში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და მისი საყვარელი მეუღლის, დედოფალ მარია ამალია საქსონიელის შუათანა ვაჟი. მამის მხრიდან მას ბებია-ბაბუად ესპანეთის მეფე ფილიპე V და მისი მეორე ცოლი, დედოფალი ელიზაბეტა ფარნეზე, ხოლო დედის მხრიდან პოლონეთის მეფე ავგუსტ III და დედოფალი მარია იოზეფა ავსტრიელი ერგებოდნენ.
1759 წელს მისი ბიძა, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ტახტზე მამამისი, მეფე კარლ III ავიდა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ესპანეთში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ დედოფალი მარია ამალია ვერაფრით შეეგუა ესპანურ კლიმატსა და ხალხსა და იქ ჩასვლიდან სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ვინაიდან ესპანეთში კარლ III-ის მემკვიდრე მისი უფროსი ვაჟი იყო, მან გადაწყვიტა ფერდინანდისთვისაც მიეცა სამართავი სახელმწიფო, ამიტომაც ესპანეთში გადასვლის შემდეგ მან ნეაპოლისა და სიცილიის მეფედ რვა წლის ფერდინანდ I გამოაცხადა. ცხადია მას ჯერ არ შეეძლო ორი ქვეყნის მართვა, ამიტომაც მის ნაცვლად სახელმწიფოს სამეფო საბჭო მართავდა, ძალზედ ამბიციური გრაფი ბერნარდო ტანუჩის მეთაურობით, რომელსაც სურდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინა ქვეყნის მართვის სადავეები. იგი სპეციალურად უგუვებელყოფდა ახალგაზრდა მეფის განათლების საქმეს და მას უფლებას აძლევდა მთელი დრო სპორტსა და ხორციელ სიამოვნებაში დაეხარჯა.
მმართველობის დასაწყისი
1767 წლიდან სრულდება ტანუჩის მმართველობა და ფერდინანდის მონარქია იწყება, რომელიც მან ქვეყნიდან იეზუიტთა განდევნით დაიწყო. 1768 წელს იგი დაქორწინდა ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ასულ მარია კაროლინა ავსტრიელზე, საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას საყვარელ დაზე. საქორწინო ხელშეკრულების თანახმად პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დედოფალი სამეფო საბჭოს სრულ უფლებიანი წევრი უნდა გამხდარიყო. დედოფალმა მარია კაროლინამ მალე ჩაიგდო ხელში ქვეყნის მართვის სადავეები და ფაქტობრივად ის მართავდა ყველაფერს.
1777 წელს მარია კაროლინას გავლენით ტანუჩი უკვე საბოლოოდ გააძევეს სამეფო კარიდან. 1779 წელს დედოფლის ფავორიტი, ინგლისელი მეზღვაური სერ ჯონ აქტონი დაინიშნა სამეფო საბჭოს მეთაურად. ამ ყოველივეთი მარია კაროლინამ საბოლოოდ გაანთავისუფლა ნეაპოლი ესპანეთის გავლენისაგან და თანდათან დაიწყო მისი ბრიტანეთსა და ავსტრიასთან დაახლოვება. ამის შემდეგ, აქტონი მალევე გვევლინება პრემიერ-მინისტრად. მარია კაროლინა ჯაშუშების წყალობით ავლენდა თავის მოწინააღმდეგეებს და შემდეგ სასტიკად უსწორდებოდა მათ.
ფრანგული ოკუპაცია და პართენოპენის რესპუბლიკა
1793 წელს ფრანგმა რევოლუციონერებმა სიკვდილით დასაჯეს მარია კაროლინას საყვარელი და, დედოფალი მარია ანტუანეტა და მისი ქმარი ლუი XVI, რის შემდეგაც, მარია ანტუანეტა ფრანგებზე შურისძიებისთვის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1796 წელს საფრანგეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, ფრანგების მიერ ჩრდილო იტალიის, ტოსკანის, რომისა და ეგვიპტის ოკუპაციამ შეაშფოთა ფერდინანდი. მან დედოფლის წაქეზებით დიდი ჯარები შეკრიბა და ფრანგების წინააღმდეგ გაილაშქრა. მას სურდა ნაპოლეონისაგან გამოეხსნა რომი და პაპი, რის გამოც 29 ნოემბერს რომში ჩავიდა თავისი ლაშქრით. ფერდინანდი სასტიკად დამარცხდა საფრანგეთთან. საპასუხოდ 1798 წლის 23 დეკემბერს ნაპოლეონი დიდი ჯარით შეიჭრა ნეაპოლში და ალყა შემოარტყა დედაქალაქს. ლორდმა აქტონმა მათ უღალატა და მშობლიურ ინგლისში გემით გაიქცა, ნეაპოლი კი სრულ ანარქიაში დატოვა.
მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, 1799 წლის იანვარში ფრანგებმა აიღეს ნეაპოლი და გააძევეს მისი მეფე, თავისი ოჯახითურთ. ამის შემდეგ ნეაპოლის სამეფოს ადგილას ნაპოლეონმა პართენოპენის რესპუბლიკა დააარსა, ფერდინანდი კი ცოლ-შვილთან ერთაც სიცილიის დედაქალაქ პალერმოში გაიქცა. რამდენიმე კვირაში ფრანგული ჯარები ჩრდილოეთ იტალიაში გაიწვიეს, რა დროსაც მარია კაროლინამ კარდინალი რუფოს დახმარებით დიდი ჯარები შეკრიბა და ნეაპოლის სამეფო კვლავ აღადგინა, ცხადია მისი ქმრის გვირგვინ ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები თავად მოითხოვდნენ ბურბონების დაბრუნებას.
ტახტზე კვლავ დაბრუნებულმა მეფემ და უპირველესყოვლისა დედოფალმა, დიდი შეშფოთება გამოთქვეს და მოღალატეების დასჯას შეუდგნენ. მარია კაროლინამ ყველაფერი გააკეთა ლორდი აქტონი უმკაცრესად დასჯილიყო.
მესამე კოალიცია
მომდევნო რამდენიმე წელი ფერდინანდის სამფლობელოებიდან ძირითადად ფრანგების გაძევება მიმდინარეობდა. განსაკუთრებული ომი ნეაპოლსა და საფრანგეთს შორის 1805 წლიდან გაჩაღდა, როცა ნაპოლეონმა ომი მარია კაროლინას მშობლიურ ავსტრიას გამოუცხადა. თავად ფერდინანდის უფროსი ასულიც ავსტრიის იმპერატორზე იყო გათხოვილი და როგორც მოკავშირე, ნეაპოლიც ჩაება ავსტრიის მხარეს ომში. ავსტრიის მხარეს ნეაპოლის გარდა კიდევ დიდი ბრიტანეთი და რუსეთი იბრძოდა. ამრიგად ჩამოყალიბდა მესამე კოალიცია.
აუსტერლიცის ბრძოლაში საოცარი გამარჯვების შემდეგ, 2 დეკემბერს ნაპოლეონმა თავისი ჯარები იტალიაში შეიყვანა. 1806 წლის 23 იანვარს ფრანგებმა დაამხეს ფერდინანდი, რომელიც ამჯერადაც ცოლ-შვილთან ერთად პალერმოში გაიქცა, სადაც მას ავსტრიელები და ინგლისელები იცავდნენ. ნეაპოლის ახალ მეფედ ნაპოლეონმა თავისი უფროსი ძმა, ჟოზეფ ბონაპარტი დასვა. ნაპოლეონმა ჟოზეფი ოფიციალურად გამოაცხადა ნეაპოლისა და სიცილიის მეფედ, თუმცა ფერდინანდი სიცილიაში მეფობას ჯერ კიდევ განაგრძობდა.
სიცილიაში მან პარლამენტის მსგავსი ორგანო ჩამოაყალიბა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სარდალ უილიამ ბენტინგის მოთხოვნით კონსტიტუცია ინგლისურ ენაზე ჰქონდა. ამის შემდეგ ფერდინანდმა ფაქტობრივად მთელი ძალაუფლება დაკარგა: მის რეგენტად მისი ვაჟი ფრანჩესკო დაინიშნა, მისი ცოლი, დედოფალი მარია კაროლინა კი სამუდამოდ ავსტრიაში გააძევეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1814 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე წელს ფერდინანდმა ცოლად თავისი საყვარელი ლუჩია შეირთო.
რესტავრაცია
1808 წელს ნაპოლეონმა თავის ძმას, ჟოზეფს ჩამოართვა ნეაპოლის მეფობა და მას ესპანეთის მეფობა უბოძა, ნეაპოლის სამეფო კი თავის დას, კაროლინ ბონაპარტსა და მის ქმარს, იოჰაკიმ მიურატს უბოძა. მიურატის მმართველობას ხალხი ნეგატიურად შეხვდა და ბურბონთა დაბრუნებისათვის დიდი გაფიცვები დაიწყო. მიუხედავად ამისა, ნეაპოლის დაბრუნება ფერდინანდმა ნაპოლეონის დამხობამდე ვერ მოახერხა. 1815 წელს ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, ნეაპოლის სამეფო კი ვენის კონგრესმა ოფიციალურად დაუბრუნა ფერდინანდს, რომელმაც 1816 წელს ნეაპოლისა და სიცილიის სამეფო ორი სიცილიის სამეფოდ გააერთიანა.
მეფობის მომდევნო ოთხი წლის მანძილზე იგი სიცილიაში დომინირებდა როგორც აბსოლუტური მონარქი და კონსტიტუციური რეფორმების გატარება აკრძალა, რამაც ხალხი იძულებული გახადა უკიდურესი ფორმის — რევოლუციისათვის მიემართათ, როგორც ეს თავის დროზე ინგლისსა და საფრანგეთში მოხდა.
რევოლუცია
ლიბერალური და კონსტიტუციური მოსაზრებების აღკვეთამ, ხალხის დიდი მასების უკმაყოფილება და თავისუფლებისთვის ბრძოლის დაწყება განაპირობა. დროთა განმავლობაში ხალხში უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებოდა. ვნებათა ღელვამ პიკს 1820 წელს მიაღწია, რა დროსაც გენერალმა ჯუზეპე პეპემ სამხედრო აჯანყება მოაწყო და ფერდინანდს აიძულა 1812 წელს ხელმოწერილი კონსტიტუციის წესები დაეცვა. ხალხი ასევე მოითხოვდა ფერდინდნდი ესპანეთისა და ინგლისის მაგალითის მსგავსად კონსტიტუციური მონარქი გამხდარიყო. სიცილიის ამბოხი მეფემ უსასტიკესად ჩაახშო.
სიცილიის შემდეგ ამბოხებამ ნეაპოლში გადაიზარდა, სადაც ერთი ჩვეულებრივი ამბოხი რევოლუციაში გადაიზარდა. ნეაპოლელმა სამხედრო ლიდერებმა მეფის წინააღმდეგ "წმინდა ალიანსი" ჩამოაყალიბეს. 1820 წელს ნეაპოლელი მეამბოხეების მხარე დაიჭირა ავსტრიამ, პრუსიამ და რუსეთმა. მათმა მონარქებმა ოფიციალურ პეტიციასაც კი მოაწერეს ხელი. 1821 წელს ფერდინანდი იძულებული გახდა ლაიბახის კონგრესს დასწრებოდა, სადაც მან წერილობითი ფიცი დადო, რომ დაიცავდა ნეაპოლიტანიურ კონსტიტუციას. მალევე ამ ფიცის წერილის ასლი გაეგზავნა ევროპის ყველა სუვერენულ მონარქს.
უნდა აღინიშნოს, რომ ნეაპოლიტანიელები, რომელთაც გენერალი პეპე სარდლობდა, არანაირ სისხლისღვრას არ აპირებდნენ, სანამ ფერდინანდის ბრძანებით დედაქალაქში გენერალ აბრუცის მეთაურობით ავსტრიული ჯარები არ განლაგდა.
დარჩენილი ცხოვრება
მიუხედავად ყველაფრისა, ფერდინანდმა ავსტრიული ჯარების დახმარებით სასტიკად ჩაახშო და დასაჯა მეამბოხეები, მან უარყო ლიბერალიზმი და პარლამენტიც კი დაითხოვა. ამის შემდეგ, გადიდგულებულ ავსტრიელებს დიდი გავლენა ჰქონდათ ქვეყნის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაზე. გრაფი იოზეფ ლუდვიგ ფიკელმონი დაინიშნა ავსტრიის ელჩად ნეაპოლში და უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იგი მართავდა რეალურად ქვეყანას. ავსტრიული გავლენა ნეაპოლიტანიურ ელიტაზე სულ უფრო იზრდებოდა.
ფერდინანდი გარდაიცვალა 1825 წელს ნეაპოლში, 73 წლის ასაკში. იგი იყო კარლ III-ის შვილებიდან უკანასკნელი.
შვილები
მარია ტერეზა (დ. 6 ივნისი, 1772 — გ. 13 აპრილი, 1807), ცოლად შერთეს საღვთო რომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც II-ს, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი;
მარია ლუიზა (დ. 27 ივნისი, 1773 — გ. 19 სექტემბერი, 1802), ცოლად შერთეს ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ს და შეეძინათ ექვსი შვილი;
კარლო ტიტო (დ. 6 იანვარი, 1775 — გ. 17 დეკემბერი, 1778), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურას ეპიდემიისას;
მარია ანა (დ. 23 ნოემბერი, 1775 — გ. 22 თებერვალი, 1780), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურას ეპიდემიისას;
ფრანჩესკო I (დ. 14 აგვისტო, 1777 — გ. 8 ნოემბერი, 1830), სიცილიისა და ნეაპოლის მეფე, პირველად 1797 წელს ცოლად შერთეს მარია კლემენტინა ავსტრიელი, რომელიც მალევე მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომაც 1802 წელს მეორედ იქორწინა მარია ისაბელა ესპანელზე, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი;
მარია კრისტინა ტერეზა (დ. 17 იანვარი, 1779 — გ. 11 მარტი, 1849), მარია კრისტინა ამალიას ტყუპისცალი. ცოლად შერთეს სავოიისა და სარდინიის მეფე კარლო ფელიჩეს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
მარია კრისტინა ამალია (დ. 17 იანვარი, 1779 — გ. 26 თებერვალი, 1783), მარია კრისტინა ტერეზას ტყუპისცალი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
ჯენარო კარლო (დ. 12 აპრილი, 1780 — გ. 2 იანვარი, 1789), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
ჯუზეპე კარლო (დ. 18 ივნისი, 1781 — გ. 19 თებერვალი, 1783), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
მარია ამალია (დ. 26 აპრილი, 1782 — გ. 24 მარტი, 1866), ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპე I-ს, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი, თუმცა რევოლუციონერებმა მათი მმართველობაც დაამხეს და გარდაიცვალა ბრიტანეთში, დევნილობაში;
მარია კრისტინა (19 ივნისი, 1783), მკვდარშობილი;
მარია ანტუანეტა (დ. 14 დეკემბერი, 1784 — გ. 21 მაისი, 1806), ცოლად შერთეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრეს, ასტურიის პრინც ფერდინანდს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
მარია კლოტილდა (დ. 18 თებერვალი, 1786 — გ. 10 სექტემბერი, 1792), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
მარია ენრიკეტა (დ. 31 ივლისი, 1787 — გ. 20 სექტემბერი, 1792), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
კარლო ჯენარო (დ. 26 აგვისტო, 1788 — 1 თებერვალი, 1789), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
ლეოპოლდო ჯოვანი (დ. 2 ივლისი, 1790 — გ. 10 მარტი, 1851), სალერნოს პრინცი, ცოლად შეირთო კლემენტინა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
ალბერტო ლუდოვიკო (დ. 2 მაისი, 1792 — გ. 25 დეკემბერი, 1798), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ნეაპოლიდან გაქცევისას გემი, რომელზეც ის იმყოფებოდა ჩაძირეს;
მარია იზაბელა (დ. 2 დეკემბერი, 1793 — გ. 23 აპრილი, 1801), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
12 იანვარი, 1751 - 10 აგვისტო, 1759:მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცი ფერდინანდ ნეაპოლელი და სიცილიელი, ინფანტი ესპანეთისა;
10 აგვისტო, 1759 - 12 დეკემბერი, 1816: მისი სამეფო უმაღლესობა მეფე ნეაპოლისა და სიცილიისა;
12 დეკემბერი, 1816 - 4 იანვარი, 1825: მისი სამეფო უმაღლესობა მეფე ორი სიცილიისა;
ლიტერატურა
Nicola Forte, Viaggio nella memoria persa del Regno delle Due Sicilie. La storia, i fatti, i fattarielli, Imagaenaria, 2007, ISBN 88-89144-70-X.
Giuseppe Campolieti, Il re Lazzarone, Mondadori, 1998, ISBN 88-04-47709-1.
Nadia Verdile, Un anno di lettere coniugali. Da Caserta il carteggio inedito di Ferdinando IV di Borbone e Maria Carolina d'Asburgo, Caserta, Spring Edizioni, 2008, ISBN 88-87764-89-1.
Nadia Verdile, Abbiamo perduto la bussola! Lettere da Capri di Ferdinando IV a Maria Carolina, Pisa, Il Campano, 2010, ISBN 978-88-6528-010-2.