იზაბელ ლუიზა პორტუგალიელი

იზაბელ ლუიზა პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა
ბეირას პრინცესა
დაიბადა 6 იანვარი, 1669
გარდაიცვალა 22 ოქტომბერი, 1690, (21 წლის)
საგვარეულო ბრაგანსები
მამა პედრუ II, პორტუგალიის მეფე
დედა მარია ფრანჩესკა სავოიელი
რელიგია კათოლიციზმი

იზაბელ ლუიზა პორტუგალიელი (პორტ. Isabel Luísa de Portugal; დ. 6 იანვარი, 1669 — გ. 22 ოქტომბერი, 1690) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე პედრუ II-ისა და დედოფალ მარია ფრანჩესკა სავოიელის ერთადერთი ქალიშვილი. პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე 1669-1689 წლებში მისი ნახევარ-ძმის, ჟუანის დაბადებამდე. ბეირას პრინცესა 1669-1690 წლებში.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

იზაბელ ლუიზა დაიბადა 1669 წლის 6 იანვარს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე პედრუ II-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია ფრანჩესკა სავოიელის პირველი და უკანასკნელი საერთო შვილი. მას სახელი ბებიების, ნემურის ჰერცოგინია იზაბელ დე ბურბონისა და პორტუგალიის დედოფალ ლუიზა დე გუსმანის პატივსაცემად დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ დედამისი მანამდე პედრუს უფროს ძმაზე, მეფე აფონსუ VI-ზე იყო დაქორწინებული, მაგრამ შემდეგ აფონსუ დაამხეს და მარია ფრანჩესკაც მის ძმაზე დაქორწინდა, რომელსაც ფარულად ეტრფოდა.

საქორწინო მოლაპარაკებები

თავდაპირველად იგეგმებოდა იზაბელ ლუიზას დაქორწინება მისი დეიდის, სავოიის ჰერცოგინია მარია ჯოვანა სავოიელის ვაჟზე, სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ზე. საქორწინო მოლაპარაკებები თავად მარია ჯოვანას ინიციატივით დაიწყო, რომელიც ამ პერიოდში თავისი ვაჟის რეგენტი იყო. საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან ვიტორიო ამადეომ უარი თქვა პორტუგალიელ ცოლზე და თავისი არჩევანი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმისწულ ანა მარი ორლეანელზე შეაჩერა.

სავოიელებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ახალი საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო ტოსკანის დიდ საჰერცოგოსთან. მის საქმროდ მოიაზრებოდა ტოსკანის დიდი ჰერცოგი ჯან გასტონე მედიჩი, თუმცა ვერც მასზე დაქორწინდა. ამის შემდეგ კიდევ არაერთი მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ ყველა ჩაიშალა. სხვადასხვა დროს, მის საქმროდ მოიაზრებოდა ლუი XIV-ის ერთადერთი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი, ესპანეთის მეფე კარლ II, პარმის ჰერცოგი ფრანჩესკო ფარნეზე და ნოიბურგის პფალცგრაფი ფილიპ ვილჰელმი. ამდენი ჩაშლილი ნიშნობის გამო, ხალხმა იზაბელ ლუიზას მეტსახელად „მუდამ დანიშნული“ (პორტ. Sempre noiva) შეარქვა.

გარდაცვალება და დაკრძალვა

1690 წელს იზაბელ ლუიზას ჩუტყვავილა შეეყარა, რაც იმ დროისათვის განუკურნებელი დაავადება იყო. იგი გარდაიცვალა ამავე წლის 22 ოქტომბერს, 21 წლის ასაკში, პალავაში. ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით იგი სასწრაფოდ დაკრძალეს ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში.

ლიტერატურა

  • "HEIRESSES TO THRONES". www.guide2womenleaders.com. Retrieved 1 October 2012.
  • "Death of Isabel Luísa, Pss of Beira". www.unofficialroyalty.com. Retrieved 1 October 2012.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!