ფრანცისკა ბრაზილიელი
ფრანცისკა ბრაზილიელი (პორტ. Francisca de Brazil, ფრანგ. Françoise du Brésil; დ. 2 აგვისტო, 1824 — გ. 27 მარტი, 1898) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიისა და ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და მისი ცოლის, მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის ქალიშვილი. იონვილის ჰერცოგინია და ორლეანის პრინცესა როგორც საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-ის ვაჟის, ფრანსუას მეუღლე.
ბიოგრაფია
ფრანცისკა დაიბადა 1824 წლის 2 აგვისტოს სან-კრისტობალის სასახლეში, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში. იგი იყო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის ნაბოლარა ქალიშვილი. დედამისი მისი გაჩენიდან ორ წელიწადში დაიღუპა. როგორც იმპერატორის ასული, იგი დაბადებიდანვე პრინცესისა და „დონა“-ს (პორტ. Dona, ნიშნავს ქალბატონს) წოდებებით სარგებლობდა. დეიდამისი იყო თვით საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის მეორე ცოლის, იმპერატრიცა მარია ლუიზა ავსტრიელის და, რომლის ხაზითაც ფრანსისკა ნაპოლეონ II-ის დეიდაშვილი გამოდიოდა. დედამისის მამა, იმპერატორი ფრანც II იყო ავსტრიის პირველი იმპერატორი, რომლის ხაზითაც ფრანცისკა მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც-იოზეფ I-ის ბიძაშვილი იყო.
1843 წლის 1 მაისს, მისმა ძმამ, იმპერატორმა პედრუ II-მ ფრანცისკა დააქორწინა საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I ორლეანელისა და მისი იტალიელი მეუღლის, დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელის უმცროს ვაჟზე, იონვილის ჰერცოგ ფრანსუა ორლეანელზე. მათი გრანდიოზული ქორინება რიო-დე-ჟანეიროში შედგა. ამ დროს პატარძალი 19 წლის იყო, ხოლო სიძე 25-ის. იგი ქმართან ერთად პარიზში მხოლოდ 1844 წელს ჩავიდა, სადაც მალევე გააჩინა თავისი პირველი გოგონა.
ფრანცისკასა და ფრანსუას სულ სამი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ნაბოლარა მკვდარი დაიბადა. მათი ასული ფრანსუაზი ცოლად შარტრის ჰერცოგს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა გიზის ძლევამოსილი ჰერცოგი ჟანი, რომელიც დედის მემკვიდრეობით ორლეანისტთა კანდიდატი იყო ტახტზე. მათი ერთადერთი ვაჟი პიერი კი არასდროს დაქორწინებულა, თუმცა უკანონო შვილები ჰყავდა.
1848 წელს, მას შემდეგ, რაც მისი მამამთილი ლუი-ფილიპი დაამხეს, ორლეანელთა სამეფო ოჯახი და მათ შორის ფრანცისკაც ინგლისში გაიქცა, სადაც ისინი დედოფალმა ვიქტორიამ შეიფარა. ინგლისში იგი თავის ოჯახთან ერთად კლერმონში, წლების მანძილზე ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც 1870 წელს ნაპოლეონ III და მეორე იმპერია დაამხეს, ორლეანელებს ხელისუფლებამ საფრანგეთში დაბრუნების უფლება დართო. ფრანცისკა და მისი ქმარ-შვილი მალევე დაბრუნდა საფრანგეთში და პარიზის ცენტრში დასახლდა. ფრანცისკა გარდაიცვალა 1898 წლის 27 მარტს პარიზში, 73 წლის ასაკში. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1900 წელს გარდაიცვალა მისი ქმარიც.
შვილები
- ფრანსუაზი (1844-1925), ცოლად გაჰყვა შარტრის ჰერცოგ რობერ ორლეანელს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
- პიერი (1845-1919), პენტიევრის ჰერცოგი. იგი არასდროს დაქორწინებულა, მაგრამ ანჟელიკა ლებესჟესგან ჰყავდა ორი უკანონო შვილი;
- მარი ლეოპოლდინა (1849), მკვდარშობილი;
ლიტერატურა
- Barman, Roderick J. (1999). Citizen Emperor: Pedro II and the Making of Brazil, 1825–1891. Stanford: Stanford University Press. ISBN 978-0-8047-3510-0.
- Sauer, Arthur (1889). Almanak Administrativo, Mercantil e Industrial (in Portuguese). Rio de Janeiro: Laemmert & C. OCLC 36598004.
|
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა |
ბრანკა · სანჩა · მარია · კონსტანცა
|
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა | |
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა | |
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა | |
---|
| XV თაობა | |
---|
| XVI თაობა | |
---|
| XVII თაობა | |
---|
| XVIII თაობა | |
---|
| XIX თაობა | |
---|
| XX თაობა | |
---|
| XXI თაობა | |
---|
| XXII თაობა | |
---|
| XXIII თაობა | |
---|
| XXIV თაობა |
მარია ანა · მარია ფრანცისკა, კოიმბრას ჰერცოგინია
|
---|
|
|
|