მარია ელიზაბეთ ავსტრიელი (1680-1741)

მარია ელიზაბეთ ავსტრიელი
ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი
მმართ. წლები: 1724-1741
წინამორბედი: გრაფი ვირიხ ფილიპე ფონ დაუნი
მემკვიდრე: გრაფი ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰარახ-რორაუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 დეკემბერი, 1680
დაბ. ადგილი: ლინცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 26 აგვისტო, 1741, (60 წლის)
გარდ. ადგილი: ენო, ბელგია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ელიზაბეთ ავსტრიელი (გერმ. Maria Elisabeth von Österreich; დ. 13 დეკემბერი, 1680, ლინცი, ავსტრია — გ. 26 აგვისტო, 1741, ენო, ბელგია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და დედოფალ ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის ასული. იოზეფ I-ისა და კარლ VI-ის და, მარია ტერეზიას მამიდა. ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი 1724 წლიდან გარდაცვალებამდე.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

მარია ელიზაბეთი დაიბადა 1680 წლის 13 დეკემბერს ლინცში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და მისი მესამე მეუღლის, დედოფალ ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის ქალიშვილი. მშობლებმა იგი კარგი განათლებით უზრუნველყვეს. გარდა მშობლიური გერმანულისა, მან კარგად იცოდა: ლათინური, ფრანგული და იტალიური, თუმცაღა იგი არასოდეს გათხოვილა.

შტატჰალტერი

1724 წელს ევგენი სავოიელის რჩევით იგი მისმა ძმამ, იმპერატორმა კარლ VI-მ ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერად დანიშნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ძმამ მას სამართავად მიაბარა თანამედროვე ბელგია-ლუქსემბურგის ტერიტორიები, რის შემდეგაც იგი სწორედ იქ დასახლდა.

მარია ელიზაბეთი ძალაუფლებიანი ადმინისტრატორი და პოპულარული შტატჰალტერი იყო. მისი დამოუკიდებელი პოლიტიკა ყოველთვის არ იყო შეთანხმებული ვენასთან, თუმცა იმპერატორი მაინც კმაყოფილი იყო მისით. 1727 წლიდან მან წამოიწყო ოსტენდის კამპანია, რომელიც 1731 წელს დაასრულა.

მას საკმარისი ფინანსები ჰქონდა იმისათვის, რომ ბრიუსელის სამეფო კარი კვლავ გამოეცოცხლებინა, სადაც მან კულტურა და მუსიკა შეიტანა. სხვა მმართველთა მსგავსად, ისიც დიდად სწყალობდა ხელოვან ხალხს და მფარველობდა ჟან-ჟოზეფ ფიოკოს, რომელიც მის კარზე 1726-1738 წლებში მსახურობდა.

საბოლოოდ ენოში, კერძოდ კი მარიემონში მან თავისი საზაფხულო რეზიდენცია აიშენა, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები.

გარდაცვალება

მარია ელიზაბეთ ავსტრიელი გარდაიცვალა 1741 წლის 26 აგვისტოს მარიემონში, სრულიად მოულოდნელად, 60 წლის ასაკში. თავდაპირველად იგი ბრიუსელში დაკრძალეს, 1749 წელს კი მისმა ძმისწულმა მარია ტერეზიამ იგი ვენაში გადაასვენა და საგვარეულო აკლდამაში დაკრძალა მისი ძმის, კარლ VI-ის გვერდით.

წინაპრები

ლიტერატურა

  • Heinrich Benedikt: Als Belgien österreichisch war. Herold, Wien, München 1965, S. 83–91.
  • Gigi Beutler: Die Kaisergruft, Wien 2001
  • Brigitte Hamann: Maria Elisabeth. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 16, Duncker & Humblot, Berlin 1990, ISBN 3-428-00197-4, S. 190 f. (Digitalisat).
  • Marie Elisabeth. In: Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger. Ueberreuter, Wien 1988, ISBN 3-8000-3247-3, S. 319f.
  • Charles Piot: Marie-Elisabeth. In: Biographie Nationale de Belgique, Bd. 13 (1894–95), Sp. 727–731.
  • Cécile Douxchamps-Lefevre: Marie-Élisabeth. In: Nouvelle Biographie nationale de Belgique, Bd. 2 (1990), S. 267–270.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!