თენგიზ კიტოვანი

თენგიზ კიტოვანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მმართ. დასაწყისი: 8 მაისი, 1992
მმართ. დასასრული: მაისი, 1993
წინამორბედი: ლევან შარაშენიძე
მემკვიდრე: გიორგი ყარყარაშვილი
საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი
მმართ. დასაწყისი: 20 დეკემბერი, 1990
მმართ. დასასრული: 1992
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ივნისი, 1938
დაბ. ადგილი: თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი: 13 ნოემბერი, 2023 (85 წლის)
მოღვაწეობა: 1990-1995
წოდება: გენერალი
მეთაურობდა: საქართველოს ეროვნულ გვარდიას
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ბრძოლები/ომები: აფხაზეთის ომი
საქართველოს სამოქალაქო ომი
ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

თენგიზ კიტოვანი (დ. 9 ივნისი, 1938, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 2023) — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი 1990 წლიდან 1991 წლამდე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1992-1995 წლებში. გენერალი.

კიტოვანი მონაწილეობდა 1990-იანი წლების სამოქალაქო ომსა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოსტიდან ჩამოგდებაში, სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1995 წლის იანვარში ის დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 1996 წლის ოქტომბერში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კიტოვანი შეიწყალა 1999 წლის 22 მაისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა. გარდაიცვალა 2023 წლის 13 ნოემბერს თბილისში.

ბიოგრაფია

იყო პროფესიით მოქანდაკე და საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ზვიად გამსახურდიას სკოლის მეგობარი. 1970-იან წლებში კიტოვანმა მოიხადა სასჯელი შეიარაღებული თავდასხმისთვის. ციხეში გაიცნო ეროვნული მოძრაობის მონაწილე დისიდენტები და ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში.[1]

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილებით ვადამდე შეუწყდა დეპუტატობის მანდატი.

იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. გვარდიის წევრებს შორის ცნობილი იყო „ბატიას“ ანუ „პატარა მამის“ მეტსახელით.[2] არ დაემორჩილა გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ და გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. 24 აგვისტოს გვარდიის 15 000-იან შენართთან ერთად დაბანაკდა რკონის ხეობაში. მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და გამსახურდიას ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.

1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. კიტოვანი შევიდა აფხაზეთში ეროვნული გვარდიით 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის 14 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე. ოპერაციის ოფიციალურ მიზნად დასახელდა საქართველოს რკინიგზის სოჭი-ენგურის მონაკვეთზე საგანგებო მდგომარეობის წესების შესახებ სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის 10 აგვისტოს დადგენილების აღსრულება. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები კიტოვანის ქმედებებთან დაკავშირებით, მოქმედებდა კიტოვანი დამოუკიდებლად, თუ თბილისთან შეთანხმებით.[3] სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ კიტოვანს თვითნებურად მოქმედება დააბრალა, მისი თქმით, კიტოვანმა სოხუმი თვითნებურად აიღო. თენგიზ სიგუას თქმით, კიტოვანი დავალებას ვერანაირად განახორციელებდა სოხუმში შესვლის გარეშე, რადგან სხვა გზა არ იყო გუდაუთისკენ და უფრო ჩრდილოეთით გადასაადგილებლად.[4]

1992-1995 წლებში კიტოვანი იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი).

1995 წლის 13 იანვარს, თენგიზ კიტოვანი დაახლოებით 700 მსუბუქად შეიარაღებული დევნილით დაიძრა მარშით, როგორც ის ამბობდა, აფხაზეთის დასაბრუნებლად. ისინი ზესტაფონთან გააჩერა ახალი სახელწმიფო უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის სპეციალური დანიშნულების რაზმმა.[5] კიტოვანი დააკავეს და 1996 წლის ოქტომბერში მას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და ციხიდან დაიხსნა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ.

გარდაიცვალა 2023 წლის 13 ნოემბერს, 85 წლის ასაკში.[6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Zurcher, Christoph (2007). „Chapter 5: Wars in Georgia“, The Post-Soviet Wars Rebellion, Ethnic Conflict, and Nationhood in the Caucasus. New York University, გვ. 137. ISBN 9780814797099. 
  2. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 98, ISBN 978-9941-0-5972-8.
  3. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 113, ISBN 978-9941-0-5972-8.
  4. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 133-134, ISBN 978-9941-0-5972-8.
  5. „თენგიზ კიტოვანის საკითხი „მომწიფდა““. მერიდიანი. 15 მარტი, 1999. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა“. www.interpressnews.ge. 13 ნოემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!