ელიზბარ ჯაველიძე
ელიზბარ ჯაველიძე (დ. 5 აგვისტო, 1937,[ა] თბილისი[3]) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი, ფილოლოგი, კრიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1988), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2013).
1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1971 წლიდან.[1]
1962–2006 წლებშ მუშაობდა აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (1962 წლიდან — მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან — წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი). 1968 წლიდან კითხულობს ლექციებს თსუ-ში (1986 წლიდან — თურქოლოგიის კათედრის პროფესორი). 1985–1986 წლებში მუშაობდა ალმანახ „კრიტიკის“, ხოლო 1986–1990 წლებში — გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარ რედაქტორად. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთებს: „საქართველოს სამრეკლო“ (1993), „კოლხური კოშკი“ (1994), „სამრეკლო“ (1995); „ახალი ერა“ (2000-2004), „აისი“ (2004-2006). 2019 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე.[4] პირველი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა 1962 წელს, 1968 წელს — პირველი წიგნი „რუჰი ბაღდადი“. ავტორია მრავალი მონოგრაფიისა. აგრეთვე იკვლევდა ქართული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებს.[1]
1991 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“.
ჯილდოები
- „აზერბაიჯანის სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდება (აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1989)
- დავით აღმაშენებლის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია (2010)
- ლიტერატურული პრემია „საგურამო“ (2013)
- ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი (2018)
ბიბლიოგრაფია
- რუჰი ბაღდადი, თბ., 1968;
- ფუზული, თბ., 1972;
- У истоков турецкой литературы, I, Джелаль-ед-дин Руми (вопросы мировозрения, Тб., 1979;
- У истоков турецкой литературы, II, Юнус Эмре, Тб., 1985;
- შტუდიები, თბ., 1985;
- თურქული პოეტიკა, თბ., 1988;
- დედე ქორქუთის წიგნი, თბ., 1987;
- უკეთუ სულითა... თბ., 1989;
- უკუნეთი, თბ., 2001;
- რას დადუმებულხართ, თქვე ერისშვილებო?! თბ., 2006;
- ავაჰმე, ჩემო მამულო!, თბ., 2007;
- მართალმა რაი ჰყოს?!, თბ., 2008;
- ფუთუვეთი – სულიერ-რაინდული ძმობა, თბ., 2010;
- საქართველოში უზნეობის სუფევს თარეში, თბ., 2011;
- მართალს ვიტყვი, შევიქმნები ტყუილისა მოამბედ რად?!, თბ., 2015;
- „თურქული ლიტერატურის სათავეებთან, III აშიკ ფაშა“, 2013;
- სამტომეული „თურქულენოვან ხალხთა ზნეობრივ-ესთეტიკური სამყარო“:
- „ოდეს შავისგან თეთრის გამორჩევის ჟამი დადგება“, ტ. I, 2020;
- „განთიადის გამნათებელ ღმერთს ველტვი, რათა უკუნი ღამის ბოროტებას განვერიდო“, ტ. II, 2021;
- „დივანის ლიტერატურა“, ტ. III, 2022.
- თურქული ლიტერატურის სათავეებთან, ტ. 1-2, თბ., 2023.
შენიშვნები
- ↑ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დაბადებულია 1938 წლის 15 დეკემბერს.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
|