ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი (დ. 17 იანვარი, 1978, თბილისი) — თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, ქართველი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში (ყოფილი). მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში. პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“-ს ლიდერი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.
ბიოგრაფია
ალექსანდრე ელისაშვილი დაიბადა თბილისში. პოლიტოლოგიის მიმართულებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1996 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას „დილის გაზეთსა“ და „მერიდიანი 44“-ში. 1998 წლიდან იყო პროგრამა „ალიონის“ წამყვანი, მოგვიანებით მუშაობდა სახელმწიფო რადიოს I არხისა და რადიო „ორი“-ს საინფორმაციო პროგრამების და „პიკის საათი“-ს წამყვანად, ასევე იყო რადიო „იმედი“-ს საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი.[1]
ჟურნალისტური საქმიანობა
2004–2007 წლებში მუშაობდა „მეცხრე არხი“-ს საინფორმაციო კორესპონდენტად, მოგვიანებით, 2004–2007 წლებში - რადიო „თავისუფლება“-ს ჟურნალისტად. 2006–2012 წლებში ასრულებდა თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრი“-ს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს. 2007–2009 წლებში იყო ტელევიზია „მაესტრო“-ს ჟურნალისტი. 2008–2014 წლებში იყო ტელევიზია „კავკასიას“ ჟურნალისტი.[1]
შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე
2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე მსახურობდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მან ელენე თევდორაძე შეცვალა.
დამოუკიდებელი მაჟორიტარი
2014 წლის 15 ივნისიდან იყო თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი.[1] 2017 წლის 2 ოქტომბერს ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა, რაც სამი დღით ადრე საკრებულოში მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისში ორი მიწის ნაკვეთი გადაეცემა. საკრებულოს დატოვებისკენ ელისაშვილი სხვა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდებდა.[2]
|
„მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელია აქ სამსახურში სიარული, სხდომებში მონაწილეობა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, ვინაიდან, ეს არის უბრალოდ შეურაცმხყოფელი, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხის და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ იყო ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო“
|
|
|
შემდგომი პოლიტიკური კარიერა
მონაწილეობას იღებდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში, სადაც ხმათა 17,49% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3] 2020 წლის 4 აგვისტოს ახალი პარტია — „მოქალაქეები“ წარადგინა.[4]
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“.[5]
ომი უკრაინაში
2022 წლის 13 მარტს ელისაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უკრაინაში იმყოფება და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა.[6]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები |
---|
| |
|
|
---|
| თავმჯდომარე | |
---|
| მოადგილეები | |
---|
| წევრები | |
---|
|