მუნიციპალიტეტის ფართობია 825,1 კმ². ტერიტორიის 60 % ზეგნებსა და მთებს უკავია. ტყეებს 34 772 ჰა უკავია (მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 66,4 %), მწვერვალი მეფისწყარო მდებარეობს ზღვის დონიდან 2850 მეტრზე, კურორტი ბახმარო 1926-2050 მეტრზე.
რელიეფი
მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია მესხეთის ქედი და მისი შტოქედები: ვანის, ზოტის, ლობოროტის, გურიის, ასევე მდინარესუფსის და მისი შენაკადების ხეობები. ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შუა ნაწილი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და მასიური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. აქა იქ მესამეული ასაკის გაბროს გაშიშვლებებიცაა. მუნიციპალიტეტის დაბალი, გორაკ-ბორცვიანი ნაწილი აგებულია მეტწილად ზედაეოცენურ-მიოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. მდინარე სუფსის სუბგანედური ხეობის ძირი ტერასულ დაბლობ-ვაკეს უჭირავს, იგი აგებულია მეოთხეული ასაკის ალუვიური წყებებით — კენჭნაღით, ქვიშებითა და თიხებით.
მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები (რკინის სურინჯი — სურების საბადო), პირიტი (ზოტი), საშენი ქვები (სიენიტ-დიორიტები მდინარეების სუფსისა და გუბაზეულის ხეობებში), სააგურე და საკერამიკე მიწა. აგრეთვე მინერალური წყლები ნაბეღლავში, კოხნარსა და ზოტში. მათგან ყველაზე ცნობილია ნაბეღლავის მინერალური წყალი.
ჰავა
ჰავა ხასიათდება სიმაღლებრივი ზონალურობით. ბარში 500-600 მეტრამდე ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, მთებში ნოტიო, მაგრამ ზომიერად თბილი და გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში (ნაბეღლავი) 12,1 °C, მაღალ მთაში (მთა მეფისწყარო, ბახმარო) 0-4 °C. იმავე პუნქტებში იანვრის საშუალო ტემპერატურებია 3,6 °C, -10 °C და -5,2 °C, აგვისტოსი 20,2 °C, 8 °C და 13,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -19-35 °C შორის მერყეობს, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი 39-26 °C. წელიწადში საშუალოდ 1500-1870 მმ ნალექი მოდის. მდგრადი თოვლის საფარი ბარში იშვიათია. მთაში 5-6 თვეს გრძელდება. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, ხშირია მთა-ხეობათა ქარი.
შიდა წყლები
მდნარეთა ქსელი ხშირია. ძირითადი მდინარეასუფსა. მისი შენაკადებია: გუბაზეული (მისი შენაკადებით საშუალა, კალაშა და კვირისწყალი) და ბარამიძისწყალი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ბახვისწყლის, აგრეთვე ხევისწყლის ზემო ხეობა. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნა — წლის ყველა სეზონში. მდინარე გუბაზეულზე აგებულია მცირე ჰესები.
ნიადაგები
მდინარე სუფსისპირა დაბლობ ვაკეზე ალუვიური, ხოლო ტერასებზე საშუალო და დიდი სისქის სუბტროპიკული წერი ნიადაგებია. გორაკ-ბორცვიან ზონაში განვითარებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები. დაბალ და საშუალო სიმაღლის მთებში ტყის ყომრალი ნიადაგია გაბატონებული. უფრო ზემოთ გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგია. ტყის სარტყლის ზემოთ, მაღალმთიანეთში კორდიან და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია ჩამოყალიბებული. ციცაბო ადგილებში გვხვდება ძლიერ ხირხატიანი ნიადაგი.
ლანდშაფტები
მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ნოტიო სუბტროპიკული დაბლობი ვაკის, მთა-ტყის და მთა-მდელოს ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეები:
დახრილი დაბლობი ვაკე კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით
ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით
დაბალი და საშუალო მთები წიფლისა და მუქწიწვიანების ტყეებით, ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით
სუბალპური ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით
ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით
ფლორა და ფაუნა
მცენარეული საფარი სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი მცენარეა. სუფსისპირა დაბლობი ვაკე წარსულში დაფარული იყო ჭალის ტიპის კოლხური ტყით, სადაც ჭარბობდა მურყანი, ტირიფი, ლაფანი, იფანი. ამჟამად ეს ტყე აღარ არსებობს და ნაკაფი ტერიტორიები გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. გორაკ-ბორცვები და მთისწინები ეჭირა მარადმწვანე ქვეტყით და ლიანებით მდიდარ კოლხურ ტყეებს. მათი მცირე კორომები შემორჩენილია მიწათმოქმედებისთვის უვარგის ხევ-ხრამებსა და ციცაბოებზე. ტყის შემქმნელი მთავარი ჯიშებია: წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი. ქვეტყე მდიდარია მარადმწვანე (შქერი, წყავი, ბზა, თაგვისარა) და ფოთოლმცვივანი (მოცვი, თხილი) ბუჩქნარებით. ხშირია ლიანები — ღვედკეცი, სურო, ეკალღიჭი და სხვა. ნატყევარი ადგილები გამოყენებულია სამოსახლოდ და სამხრეთული ხეხილის ბაღებისთვის. 600-700 მეტრზე ზემოთ გაბატონებულია წიფელი, რომელსაც სიმაღლის მატებასთან ერთად ერევა სოჭი და ნაძვი. ეს სარტყელიც მდიდარია ქვეტყით. 1500-1600 მეტრიდან ჭარბობს ნაძვისა და სოჭის ტყეები. ტყის სარტყლის ზემოთ აქა-იქ წიფლის, არყის, ნეკერჩხლის და ცირცელის სუბალპური პარკული ტყეებია. ტყის სარტყლის ზემოთ სუბალპური მდელოები (ბარისპირა, სამყურა, ძიგვა, შვრიელა, ნამიკრეფია, წივანა), სუბალპური ბუჩქნარები (დეკა, მაჯაღვერა) და ალპური მდელოებია (მარმუჭი, ფურისულა, ნაღველა, ბაია, თივაქასრა, ფხიჯა), რომლებსაც სათიბ-საძოვრებად იყენებენ. სოფელ ჩხაკაურასა და კურორტ ბახმაროს შორის რელიქტური პონტური მუხის კორომია.
მოსახლეობის რაოდენობა მუნიციპალიტეტში არის 19 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 23 კაცი კვ.კმ-ზე. ცხოვრობენ ქართველები (99,66 %). მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ გურულები, ასევე ცხოვრობენ აჭარლები. მოსახლეობის 86,1 % მართლმადიდებელი ქრისტიანია, 12,8 % - მუსლიმი. მოქმედებს 4 მუდმივი და ორი სეზონური მეჩეთი. მუნიციპალიტეტში 63 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 61 სოფელი. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 400 მეტრამდე. მოსახლეობის 90 %-ზე მეტი ცხოვრობს სოფლებში.
საბჭოთა პერიოდში ეკონომიკის წამყვანი დარგი მეჩაიეობა იყო. ფუნქციონირებდა ჩაის 4 ფაბრიკა. სხვა დარგებიდან აღსანიშნავი იყო მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა (ძირითადი კულტურა — სიმინდი), მევენახეობა (განსაკუთრებით ხევისწყლის ხეობის სოფლებში, სადაც მოქმედებდა ღვინის ქარხანა), მეცხოველეობა, მეფრინველეობა.
ნაბეღლავის მინერალური წყლის ბაზაზე მოქმედებს წყლის და უალკოჰოლო სასმელების ჩამოსასხმელი ქარხანა. ფუნქციონირებს სამთო-კლიმატური კურორტი ბახმარო. მოქმედებს საოჯახო სასტუმროები ხიდისთავსა და ბუკისციხეში. რამდენიმე სოფელში მოქმედებს საოჯახო მარანი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზი არ არის, უახლოესი სადგურებია საჯავახო და ოზურგეთი. სატრანსპორტო სისტემაში მთავარ როლს ასრულებს ავტოტრანსპორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამტრედია-ქობულეთის საავტომობილო გზა.
მუნიციპალიტეტის მთავარი ღირსშესანიშნაობა მის ტერიტორიაზე არსებული მონასტრებია. გურიის უდაბნოს მონასტერი კლდეში ნაკვეთი ეკლესიისგან და XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიის ნანგრევისგან შედგება. ერეთის დედათა მონასტერში კი IX საუკუნის ფრესკებია შემორჩენილი. XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიაა შემორჩენილი სოფელ შუბანში, ხოლო შუა სურებში დგას წმინდა გიორგის ხის ეკლესია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2 ციხე-სიმაგრეა: ღომის ციხე სოფელ ზოტში და ბუკისციხე, რომელსაც „თამარის ციხესაც“ უწოდებენ. საერო არქიტექტურის ნიმუშია გორაბერეჟოულის ტერიტორიაზე მდგარი XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი და ერისთავების სასახლე, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება.