ოსები

ოსები

მარცხნიდან მარჯვნივ:კოსტა ხეთაგუროვიგაიტო გაზდანოვი •არსენ კოცოევივასილ აბაევიგრიგორი ტოკატივალერი გერგიევივერონიკა დუდაროვაარტურ ტაიმაზოვი
საერთო მოსახლეობა
დაახ. 700 ათ.[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: რუსეთი რუსეთი 514,9 ათ.
საქართველოს დროშა საქართველო
(ცხინვალის რეგიონი)
38,028[2]
ენები ოსური
რელიგიები მართლმადიდებლები, სუნიტი მუსლიმანები

ოსები (ირონ. ирӕттӕ, ირონი; დიგორ. дигорæнттæ, დიგორონი) — ირანულენოვანი ერი კავკასიაში. საერთო რაოდენობა 700 ათასი, მათ შორის 445,3 ათასი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში (2002 აღწერის მიხედვით).

ლაპარაკობენ ოსურ ენაზე, რომელიც შედგება ირონული, დიგორული, დვალური (თუალაგ) და მაღრანდვალური (ურს-თუალთა) დიალექტებისაგან და განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ ჯგუფს. ოსების რუსული და ევროპული სახელწოდება ქართული „ოსიდან“ („ოვსი“) მომდინარეობს.

ეთნოგენეზი

ოსი ხალხის ჩამოყალიბება ძვ. წ. VIII-IX საუკუნეებიდან დაიწყო, როდესაც კავკასიაში გამოჩნდა სკვითურ-სარმატულ-ალანური ტომები, რომლებიც შეერივნენ კავკასიის აბორიგენურ მოსახლეობას და მოახდინეს მათი ენობრივი ასიმილაცია.

საბჭოთა მეცნიერებაში დამკვიდრებული იყო თვალსაზრისი, რომ ირანულენოვანი ოსები ჩრდილოკავკასიური ველებიდან გამოაძევეს თავდაპირველად ხაზარებმა, ხოლო შემდგომ თურქულმა ტალღებმა. გადავიდნენ რა, კავკასიის ქედზე ოსები ხვდებოდნენ ნახური და ქართველური მოდგმის ხალხებს. ოსური წარმომავლობის მეცნიერთაგან ოსთა ეთნოგენეზისა და მათი სამხრეთული მიგრაციების შესწავლის პირველი ცდა ზ. ვანეევის სახელს უკავშირდება. ოსი ავტორები ირანული მოდგმის ხალხების კავკასიის მთებში ინფილტრაციის პერიოდად ადრე რკინის ხანას მიიჩნევენ. ამგვარი მოსაზრებების დასამტკიცებლად ისინი ეყრდნობიან ძირითადად არქეოლოგიურ მასალას და ლინგვისტურ მონაცემებს. ი. გაგლოითის ჰიპოთეზის თანახმად, სარმატები კავკასიის ქედის სამხრეთით ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე განსახლდნენ ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიელ მთიელთა უმეტესობას სწორედ სარმატები შეადგენდნენ. ამ დებულების განმტკიცებას იგი სტრაბონის ცნობით ცდილობს.

ისტორია

ენობრივად ოსები წარმოიშვნენ ალანებისგან, რომლებიც თავის მხრივ, წარმოიშვნენ ერთ-ერთი სარმარტული ტომიდან. მომთაბარე ალანები ადრეულ შუა საუკუნეებში კავკასიონის ჩრდილოეთით აარსებენ ალანთა სამეფოს. ალანთა სახელმწიფოებრივობა XIII საუკუნეში შესუსტდა მონღოლთა ექსპანსიის შედეგად, ხოლო XIV საუკუნეში კი სრულიად განადგურდა თემურიდების სახელმწიფოს მიერ. ბარის მოსახლეობამ კავკასიის მთებისკენ (მათ შორის დვალეთის ხეობებში) გადაინაცვლა და ჩამოყალიბდა თაგაურის, ქურთათის, ალაგირის და დიგორის საზოგადოებები. იმავე ხანებში დაიწყო ოსების დამკვიდრება კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და გამოიყო ოსი ხალხის სამხრეთი შტო. საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრებული ოსები ემორჩილებოდნენ ქართლის სამეფო ხელისუფლებას და ცალკეულ სათავადო სახლებს.

X საუკუნეში ალანთა სამეფოში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, XVII-XVIII საუკუნეებში ოსების მცირე ნაწილმა ისლამი მიიღო. ოსების ძირითადი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, მისდევდნენ ნადირობასა და მეფუტკრეობას. განვითარებული იყო ხეზე და ძვალზე კვეთა, ლითონის მხატვრული დამუშავება, ქარგვა და სხვა. შექმნეს მდიდრული ხალხური სიტყვიერება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსური ნართების გმირული ეპოსი.

ოსთა დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე

ქართულ და რუსულენოვან საისტორიო საზოგადოებებში ოსთა ეთნოგენეზის, მათი პოლიტიკური ისტორიისა და მიგრაციების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. განსაკუთრებით მწვავე პოლემიკის საგანია ოსთა საქართველოში ჩამოსახლებისა და დამკვიდრების ეტაპები. XX საუკუნეში ოს მკვლევართა ნაწილი მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციის უძველეს დროდ, III-IV ან VI-VII საუკუნეებს მიიჩნევდა, სხვა მეცნიერები კი ამ მოვლენას ჩრდილო კავკასიაში მონღოლთა გაბატონებას უკავშირებენ. იყო ცდა, ოსური გვარების გენეალოგიებზე დაყრდნობით მათი მიგრაცია XV-XVI სს-ით განესაზღვრათ. ქართველი და რუსი მეცნიერების ნაწილის კვლევათა შედეგები მიუთითებენ, რომ ქართლის მთიანეთში ოსების დასახლება ძირითადად XVII საუკუნეში მოხდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში მიგრაცია მიმდინარეობდა XVIII საუკუნეში. თანდათანობით კომპაქტური დასახლებები გაჩნდა დვალეთში, მდინარეების ლიახვისა და ქსნის ხეობებში, თუმცა ოსების დიდი ნაწილი დისპერსულად განსახლდა მთელ საქართველოში.

XIII საუკუნემდე, ალან ოსებთან საქართველოს ურთიერთობას ძირითადად სამხედრო-პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, რაც ერთობლივ ლაშქრობებში ან პირიქით სამხედრო დაპირისპირებაში იყო გამოხატული. მდგომარეობა შეიცვალა დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი გიორგი III ის მეფობის პერიოდიდან, როდესაც ოვსები საქართველოს ყმადნაფიცები უნდა გამხდარიყვნენ. იყო ასევე დინასტიური ქორწინებებიც, რაც ხელს უწყობდა ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებას, მაგრამ მასობრივი ოსური მიგრაციები წყაროებში არ ფიქსირდება. ქართული წყაროების თანახმად, ოსების პირველი მასობრივი შემოსვლა დავით ულუს მეფობის პერიოდში მომხდარა, როდესაც ბექა ყაენისაგან ლტოლვილი ოსები, ქართულ სამეფო კარს საქართველოში დმანისისა და ჟინვანის მიდამოებში დაუსახლებია. 1293 წელს როდესაც დავით მეფე ქეღათუ ყაენს ბიზანტიაში ლაშქრობაში ეხმარებოდა, ოსებს დაუწყიათ ქართლის აოხრება და რბევა, გორი აუღიათ და იქ დამსხდარან. გიორგი ბრწყინვალემ ოსთა წინააღმდეგ საგანგებო ზომები მიიღო: ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა და ისინი ქართლში აღარ დასტოვა. ზაქარია ჭიჭინაძის აზრით ოსების ჩამოსახლება XVI საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მოუსავლიანი წელი ზედიზედ დაემთხვა და შიმშილობისა და მოუსავლიანობასთან თავის არიდების მიზნით მათი ერთი ნაწილი საქართველოს (ქართლს) შემოეხიზნა.

ქართული ფეოდალური საზოგადოების თითოეული კლასი თუ ფენა თავისი ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა პოზიციებიდან უდგებოდა ოსთა დასახლების საკითხს. მეფეს მათი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, თუ ისინი მას ემსახურებოდნენ. მეფეს შეეძლო ოსები თავისი ძალაუფლების განმტკიცებისათვის გამოეყენებინა, დაეპირისპირებინა ისინი მსხვილი ფეოდალებისთვის. ოსები ამ მხრივ მეფისათვის საიმედო დასაყრდენი შეიძლება ყოფილიყვნენ, რადგანაც თავადაც საჭიროებდნენ მფარველს. ასეთი მფარველი კი შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ სამეფო ხელისუფლება უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, ორივე მხრიდან ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფის ან კლასის ინტერესებიც იცვლებოდა სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მაგ. თუ საქართველოში გადმოსახლებული ფარეჯან ოვსთა მთავარი დავით მეფეს ერთგულებდა, მისი ძმა ბაყათარი XIII საუკუნის მიწურულს და XIV-ს დამდეგს აქტიურ საქმიანობას აჩაღებდა ქართლში ოსთა სამოქმედო არეალის გასაფართოებლად. იგი მოხერხებულად სარგებლობდა ერთი მხრივ, მონღოლებსა და დავით მეფეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით, მეორე მხრივ კი ქართულ ფეოდალურ წრეებს შორის არსებული წინააღმდეგობით.

რ. თოფჩიშვილის მოსაზრებით, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი საკმაოდ გვიან, XVII საუკუნის შუა ხანებიდან განსახლდა. ქართველ მეცნიერთა აზრით დვალეთში ოსთა დასახლება XV ს-ის ბოლოს დაიწყო და ის ძირითადად XVI ს-ში დასრულდა. XVII ს-ში დვალეთში მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება უკვე განხორციელებულია. მაგრამ როგორც ჩანს, ამ საუკუნეში ბევრ დვალს ეთნიკური თავისთავადობა კვლავ შენარჩუნებული აქვს, რადგან, მთის პირობებში კულტურლ-ეთნიკური ასიმილაცია, ბარისაგან განსხვავებით, ერთობ გაძნელებულია. ოსები დვალეთში ალაგირის ხეობიდან დასახლდენენ და მათი მიგრაცია XVIII ს-ის 70-80-იან წლებამდე გრძელდებოდა. ოსურმა ეთნოსმა ადგილობრივთა ეთნონიმი დვალი (ოსურად „თუალი“) საკუთარ ეთნონიმად აქცია. კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ისტორიულ პროვინცია დვალეთში, ოსების დასახლება კანტიკუნტად იწყება XV ს-ის ბოლოს. ეს პროცესი აქ ძირითადად განხორციელდა XVI საუკუნეში. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა პირველი დასახლებები ჩნდება თრუსოსა მდ. თერგის სათავე და მაღრან-დვალეთში. ოსების აქ დასახლება ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან XVII ს-ის შუა ხანებში განხორციელდა. მთელი რიგი საისტორიო მონაცემებით, XVII ს-ის პირველ ნახევარში შიდა ქართლის მთიანეთი (დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ხეობები) ნასოფლარებით იყო მოფენილი. აქედან აყრილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ბარში იყო საცხოვრებლად წასული. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, მდინარეების: დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ზემო წელში, ოსთა მიგრაცია ხდება XVII ს-ის მეორე ნახევრიდან. ისინი თანდათან მოიწევენ სამხრეთისაკენ და XVIII ს-ის 30-იანი წლებისათვის ითვისებენ დასახელებული ორი ხეობის მთიან ნაწილს მთლიანად. აქ, დასახელებულ პერიოდში, ზოგიერთ მთიან სოფელში ოსები თანაცხოვრობდნენ ადგილზე დარჩენილ მცირერიცხოვან ქართულ მოსახლეობასთან ერთად. XVII საუკუნეში დვალეთში დასრულდა ადგილობრივი ტომის დვალების ასიმილაცია ოსების მიერ. დვალეთში მოსახლეობის ეთნიკურ-ენობრივ ცვლილებას ამ პროვინციის საქართველოდან ჩამოცილება არ მოჰყოლია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელ მანძილზე და რუსეთის კოლონიად გადაქცევის შემდეგაც დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო 1859 წლამდე.

XVIII ს-ის მთელ მანძილზე ოსები შიდა ქართლის მთისწინეთში ფაქტობრივად არსად ცხოვრობდნენ. ოსთა მიერ შიდა ქართლის მთისწინეთის სოფლებში (უფრო ხშირად ნასოფლარებში) ჩასახლება იწყება XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში. XVIII ს-ის დასასრულსა და XIX ს-ის დასაწყისში ოსები იკავებენ პატარა ლიახვის ხეობის მთისწინეთის მნიშვნელოვან მონაკვეთს.

დასავლეთ საქართველოში ოსური მოსახლეობის ინფილტრაციის საკითხებს შეეხო ქართველი ეთნოლოგი, გ. ჩიქოვანი. იგი საველე ეთნოგრაფიული მასალის, სპეციალური ლიტერატურისა და საარქივო მონაცემების შეჯერების საფუძველზე შეეცადა, გარკვეული წარემოდგენა შეექმნა რაჭაში ოსების დასახლების პერიოდის, მარშუტების, მათი საზოგადოებრივი ცხოვრების და ქართულ-ოსური ურთიერთობის ასპექტებზე. ჩიქოვანი ხალხურ გადმოცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ზემო რაჭის ტერიტორიაზე, ოსთა ჩასახლების ორი გზა და მეთოდი არსებობდა: თვითნებური, როდესაც ჩრდ. ოსეთის მამისონის ხეობიდან, ასევე დასავლეთ საქართველოს კუდაროს მხრიდან გადასულმა ოსებმა აითვისეს მდ. ჭანჭახისა და ღარულას სათავეები და დააარსეს სოფლები ღურშევი (დაახლოებით XIX ს. 20-იან წლებში) და კვაჟა//კოზი (XX საუკუნის დასაწყისში) და მეორე, კუდაროელი ოსები იჯარით იღებდნენ მიწას ქართველი აზნაურებისაგან; თანდათანობით ფეხს იკიდებდნენ მდ. სონტარულის ხეობის სათავეებში, რის შედეგადაც დაარსდა ორი ოსური სოფელი გადამში და ჭვებერი (XX საუკუნის დასაწყისი).

ოსური მოსახლეობის ქართულ მთიანეთში დამკვიდრების პროცესი, ზოგჯერ ერთგავარ შუალედურ ეტაპადაც გვევლინება, მათი საქართველოს ბარის რეგიონებში შემდგომი სვლისათვის. 1886 წ. კუდაროს ხეობაში აღრიცხული იყო 281 ოჯახი, თუმცა აქ ოსური ოჯახების რიცხვი ძალიან ცვალებადი იყო, მათი ერთი ნაწილი მალევე ტოვებდა ამ ადგილებს და მიდიოდა საქართველოს სხვა ადგილებში, ხოლო ოსური მოსახლეობა ივსებოდა ჩრდილოეთიდან მიგრირებულთა ხარჯზე.

XIX საუკუნიდან წერილობით წყაროებში ჩნდება ტერმინები „Грузинская Осетия“ და „Карталинская Осетия“ (1812-1837 წწ.), რომლებსაც იმპერატორისადმი გაგზავნილ ანგარიშებში რუსი სამხედროები მდინარე ლიახვის მთიანი რეგიონების ოსებით დასახლებულ ტერიტორიის აღსანიშნად იყენებდნენ. შემდეგ გაჩნდა ოპოზიციური წყვილი „Южная Осетия - Северная Осетия“. XIX საუკუნის 40-იან წლებში გაჩნდა „Осетинский округ“.

ფოტოგალერეა

ლიტერატურა

  • Валерий Тишков, Ethnicity, nationalism and conflict in and after the Soviet Union: the mind aflame. p. 15
  • Шнирельман, Война памяти, стр. 471-472:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!