მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანია. ვრცელდება ზღვის დონიდან 400-3007 მეტრის ფარგლებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმართულია არსიანისა (მწვერვალიყანლისმთა - 3007 მეტრი) და მესხეთის (მწვერვალიზოტიმერია - 2646 მეტრი) ქედები და მათი განშტოებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1 °C, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 1000–1200 მმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, ურთხელი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, წაბლი, მუხა, კაკლის ხე, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ხილით და სამკურნალო მცენარეებით. ფაუნა წარმოდგენილია კავკასიური ირმით, კავკასიური მურა დათვით, ბეგობის არწივით, დურაჯით, კავკასიური შურთხით, მცირეაზიური ტრიტონითა და კავკასიური სალამანდრით.
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიისბათუმის ოლქში, 1924 წელს ჩამოყალიბდა ცალკე მაზრად და ეწოდა ხულას მაზრა, 1930 წლიდან — ხულას რაიონი, ხოლო 1940 წლიდან — ხულოს რაიონი. 1952 წელს გამოეყო შუახევის რაიონი, რომელიც 1963 წელს კვლავ შეუერთდა მას. 1965 წელს მას საბოლოოდ გამოეყო შუახევის რაიონი და ჩამოყალიბდა ამჟამინდელ საზღვრებში. 2006 წლიდან ეწოდება ხულოს მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტში 79 დასახლებული პუნქტია: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ხულო და 78 სოფელი. ხულოს მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ტერიტორიულ ერთეულად: 1 სადაბო და 12 სასოფლო თემი.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება) და მემცენარეობა (მებოსტნეობა, კარტოფილის, მარცვლეული კულტურების წარმოება). ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა – 52 კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 211 კმ.
ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი (ზღვის დონიდან 1850–1900 მ), მიმდინარეობს სამთო–სათხილამურო კურორტის მშენებლობა გოდერძის უღელტეხილზე (2025 მეტრი ზღვის დონიდან).