ტონგა (ტონგური ენა — Tonga, ინგლ.Tonga), ოფიციალურად ტონგის სამეფო (ტონგური ენა — Puleʻanga Fakatuʻi ʻo Tonga, ინგლ.Kingdom of Tonga) — სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში. შედგება დაახლოებით 170 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია. მდებარეობს მონაკვეთზე, რომელიც აერთიანებს ახალ ზელანდიასა და ჰავაის, სამხრეთ სამოასა და აღმოსავლეთ ფიჯის. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამოას, აღმოსავლეთით ნიუეს ხოლო დასავლეთით ფიჯის ტერიტორიულ წყლებს. საერთო ფართობია — 748 კმ². ქვეყნის მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 103 252 ადამიანს[1][2]. ქვეყნის დედაქალაქია — ნუკუალოფა.
ტონგა დღეისთვის ერთადერთი სამეფოა წყნარი ოკეანის კუნძულ-ქვეყნებს შორის.
დასახელება
პოლინეზიის ბევრი ენიდან თარგმანში სიტყვა Tonga ნიშნავს „სამხრეთი“[3]. სავარაუდოდ, არქიპელაგმა მიიღო ეს დასახელება სამოას არქიპელაგიდან სამხრეთით მდებარეობის გამო, საიდანაც მიდიოდა პოლინეზიის კოლონიზაცია, მათ შორის ტონგის არქიპელაგისაც. მაგრამ ტონგელები საკუთარი ქვეყნის დასახელებას თარგმნიან, როგორც „ბაღი“[4][5].
ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა 1773 წელს არქიპელაგს დაარქვა „მეგობრული კუნძულები“ (ინგლ.Friendly Islands)[3], კაპიტანი კუკისთვის გამართული მეგობრული მიღებისთვის. მისი ჩასვლა დაემთხვა 'ინასის ფესტივალს - პირველი ხილის ტუ'ი ტუნგასთვის მიძღვნის ყოველწლიურ ცერემონიას და კუკიც დღესასწაულზე იქნა მიწვეული. მწერალ უილიამ მარინერის თანახმად, სინამდვილეში ტონგას ბელადებს შეკრებისას კუკის მოკვლა ჰქონდათ განზრახული, თუმცა გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.
ტონგას საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 748 კმ²-ს. მათ შორის ხმელეთის — 718 კმ²-ს, წყლის ზედაპირის — 30 კმ²-ს[7]. ქვეყანა განლაგებულია 172 კუნძულზე, რომელთაგან დასახლებულია მხოლოდ 36 (დასახლებული კუნძულების ფართობი შეადგენს დაახლოებით 650 კმ²-ს)[8]. ტონგის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ყველაზე უფრო დიდი კუნძულთა ჯგუფებია: ვავაუს კუნძულები, ტონგატაპუს კუნძულები და ჰააპაის კუნძულები. შედარებით მცირე ჯგუფი — ნიუასის კუნძულები, შედგება სამი პატარა კუნძულისაგან: ნიუაფოოუ, ტაფაჰი და ნიუატოპუტაპუ, რომლებიც ქვეყნის ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულებია. ეს ჯგუფი მდებარეობს არქიპელაგის დანარჩენი კუნძულებიდან შორს: კუნძული ნიუატოპუტაპუ უახლოესი ვავაუს კუნძულებიდან მდებარეობს ჩრდილოეთით დაახლოებით 300 კმ-ში. ტონგის არქიპელაგი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ დაახლოებით 631 კმ-ზე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ დაახლოებით 209 კმ-ზე[6]. მთავარი კუნძულებია ტონგატაპუ (მასზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი), ვავაუ, ტოფუა და ეუა. ქვეყნია უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან, რომელიც აღწევს 1033 მეტრს, მდებარეობს კუნძულ კაოზე[7].
ტონგის სამეფოს ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულია ნიუაფოოუ, ყველაზე აღმოსავლეთი — ტაფაჰი. ყველაზე სამხრეთი და იმავდროულად ყველაზე დასავლეთი — ატა.
1972 წლის 24 იანვარს ტონგამ თავისი პრეტენზიები წამოაყენა მინერვას რიფებზე, რომლებიც სამეფოდან სამხრეთით მდებარეობს, ხოლო უკვე 15 ივნისს მოახდინა მათი ანექსია. შედეგად ქვეყნის ტერიტორიული წყლები საკმაოდ გაფართოვდა. ეს ნაბიჯი შემდგომში სცნო წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმმა. მიუხედავად ამისა, რიფების კუთვნილობის საკითხს დღემდე არ სცნობს ფიჯი.
გეოლოგია
ტონგას არქიპელაგი მდებარეობს წყნარი ოკეანის და ავსტრალიისლითოსფერული ფილაქნების საზღვარზე, ღრმა ტონგას ღრმულის დასავლეთით და წარმოადგენს ვულკანური კუნძულების, ამოწეული მარჯნული ატოლების და რიფების ჯგუფს, რომლებიც განლაგებულნი არიან ორი ერთმანეთისადმი პარალელურ მდგომარეობაში მყოფი წყალქვეშა ქედების მწვერვალებზე[9]. მთის ჯიშების უძველესი ნიმუშები, რომლებიც აღმოჩენილია ეუას კუნძულზე, დათარიღებულია ეოცენის ეპოქით. მიუხედავად ამისაეს არ ამტკიცებს იმას, რომ კუნძული ყოველთვის ამოდიოდა ოკეანის ზედაპირზე. პირიქით, მრავალი წელი ის იმყოფებოდა წყლის ქვეშ. ტონგას არქიპელაგის არსებობის ზუსტი დრო უცნობია. მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ისეთი „ძველი“ კუნძულები, როგორიც ეუაა, გაჩნდნენ დაახლოებით 5 ან 1 მილიონი წლის წინ (პლიოცენის—პლეისტოცენის ეპოქაში). ასევე შეიძლება დავუშვათ, რომ ზოგიერთი კუნძულები გაჩნდნენ გვიანდელ მიოცენის ან ნეოგენური სისტემის პერიოდშიც[10].
ვულკანურ კუნძულებს ეკუთვნის: ატა, ჰუნგა-ჰააპაი, ჰუნგა-ტონგა, კაო და ტოფუა ჰააპაის კუნძულების ჯგუფში; ლატე და ფონუალეი ვავაუს კუნძულების ჯგუფში და ორი კუნძული ნიუასის კუნძულების ჯგუფში. ისინი ჩამოყალიბდნენ ვულკანურ რკალზე, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთიდან (კუნძული ატა) სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ამ რკალის საზღვრებში ბოლო წლებში შეიმჩნეოდა აქტიური გეოლოგიური პროცესები, რომლებსაც თან სდევდა ან ჩამოყალიბება (ვულკანური ამოფრქვევების შედეგად), ან ზოგიერთი კუნძულის წყლის ქვეშ ჩაძირვა[9].
არქიპელაგის ზოგიერთი კუნძული გარშემორტყმულია ბარიერული და გაქვავებული რიფებით, როგორც, მაგალითად, ნიუასის კუნძულები. ვავაუს კუნძულების ჯგუფი უპირატესად წარმოადგენს ამოწეულ ვულკანურ ან ამოწეულ კირქვულ კუნძულებს, ასევე გარშემორტყმულ რიფებს. ჰააპაის კუნძულების ჯგუფში ძირითადად გვხვდება ამოწეული ვულკანური ან დაბალი კირქვული კუნძულები. ტონგატაპუს კუნძულებს და ეუას აქვთ კირქვული წარმოშობა[9]. კუნძულ ტონგატაპუსათვის დამახასიათებელია სწორი რელიეფი: მცირე რაოდენობით გორაკები აღწევენ დაახლოებით 30 მეტრ სიმაღლეს. კუნძულის მარჯნული საფუძველი დაფარულია ვულკანური ფერფლით, სიღრმით 3 მეტრამდე[11].
ბოლო 200 წლის განმავლობაში არქიპელაგზე დაფიქსირებულია 35-ზე მეტი ვულკანური ამოფრქვევა[12]. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი ტონგაზე სიმაღლით 515 მეტრი მდებარეობს კუნძულ ტოფუაზე, რომელიც წარმოადგენს წყალქვეშა სტრატოვულკანის მწვერვალს. ვულკანის კალდერის სიგანე შეადგენს 5 კმ-ს, მასზე მდებარეობს კალდერული მტკნარი წყლის ტბა[13]. ბოლო დარეგისტრირებული ამოფრქვევა მოხდა 1960 წელს. ქვეყნის ყველაზე მაღალი ვულკანი მდებარეობს კუნძულ კაოზე: მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1030 მეტრს[14]. სხვა დიდი ვულკანები მდებარეობენ ფონუალეის, ლატეს, ნიუაფოოუს კუნძულებზე. რეგიონში ჯერ კიდევ მიმდინარე მაღალ ვულკანურ აქტივობას ხშირად თან სდევს მომცრო ეფემერული კუნძულების ჩამოყალიბება. ასე მოხდა რიფ ჰოუმთან მიმართებაში, როცა 2006 წლის ამოფრქვევის შემდეგ წარმოიქმნა მომცრო კუნძული, და ზუსტად ასევე წარმოიქმნა რიფი ლატეიკი, როდესაც 1995 წლის ამოფრქვევისას ჩამოყალიბდა ეს კუნძული დიამეტრით 280 მეტრი და სიმაღლით 43 მეტრი[15][16].
მკვლევარების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენენ უზარმაზარი ერატიკული ლოდები კუნძულ ტონგატაპუს დასავლეთ სანაპიროზე, რომლებიც შეიძლება იყოს ცუნამის მოვლენების დამამტკიცებელი, რომლებიც გამოიწვია ვულკანურმა აქტივობამ. საკმაოდ შესაძლებელია, რომ ეს ცუნამი იყო ყველაზე ძლიერი იმათ შორის, რომელთა დამტკიცებაც აღმოაჩინეს მეცნიერებმა. ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ეს ლოდები დააგდო ღმერთმა მაუიმ, რომელიც ცდილობდა ლოდებით მოეკლა ადამიანებით მკვებავი უზარმაზარი ჩიტი. სულ ნაპოვნია 7 ასეთი ერატიკული ლოდი, რომელთა სიმაღლეა — 9 მეტრი, წონა — 1,6 მილიონი კგ და სანაპიროდან დაშორებულია — 100—400 მეტრით[17][18].
ტომგას კლიმატიტროპიკული და ცხელია, იმყოფება სამხრეთ-აღმოსავლეთ პასატების გავლენის ქვეშ[22]. ნალექების რეჟიმი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია კონვერგენციის სამხრეთ წყნაროკეანურ ზონასთან[23]. მკაფიოდ გამოირჩევა ორი სეზონი: წვიმიანი სეზონი და გვალვიანი სეზონი. წვიმიანი სეზონი, აგრეთვე ცნობილი როგორც ციკლონების სეზონი, გრძელდება ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით, ხოლო მშრალი — მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. წელიწადში ყველაზე წვიმიანი თვეებია იანვარი, თებერვალი და მარტი, რომელთაგან თითოეულ თვეში შეიძლება მოვიდეს 250 მმ-მდე წვიმა[22]. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იცვლება: ხშირად ხდება ანომალურად წვიმიანი ან, პირიქით, გვალვიანი წვიმები. ამასთან ცვალებადობის ძირითადი მიზეზია ელ-ნინიოს და ტროპიკული ციკლონების მოვლენა[23]. ელ-ნინიოს დროს არქიპელაგზე შეიმჩნევა ხანგრძლივი გვალვები, ხოლო ციკლონების დროს — ძლიერი წვიმები. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა ასევე განსხვავდება: ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ჩრდილოეთ კუნძულებზე — დაახლოებით 2500 მმ წელიწადში (ეს გამოწვეულია კონვერგენციის სამხრეთ წყნაროკეანური ზონის სეზონური სიახლოვით), ყველაზე ცოტა — სამხრეთ კუნძულებზე (დაახლოებით 1700 მმ წელიწადში)[24]. ქვეყნის დედაქალაქ ნუკუალოფაში, წელიწადში მოდის დაახლოებით 1733 მმ ნალექი, ლიფუკას კუნძულზე — დაახლოებით 1689 მმ, ქალაქ ნეიაფუში — 2185 მმ[25]. 1970 წლიდან დაწყებული ტონგას არქიპელაგის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილებისთვის ტენდენციური გახდა ნალექების რაოდენობის შემცირება[22].
ქვეყანაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 26 °C-დან ნიუაფოოუზე 23 °C-მდე ტონგატაპუზე. ცხელ წვიმიერ თვეებში (ნოემბერი—აპრილი) კუნძულებზე ტემპერატურა მერყეობს 25—26 °C-ს შორის, ხოლო მშრალ გრილ თვეებში (მაისი—ოქტომბერი) — 21—24 °C-ს შორის[22]. ამასთან არქიპელაგის ჩრდილოეთ კუნძულებზე ტემპერატურათა სხვაობა, როგორც წესი, უფრო ნაკლებია, ვიდრე სამხრეთისაზე. მაქსიმალური ტემპერატურა, რომელიც დარეგისტრირებულია ვავაუს კუნძულზე 1979 წლის 11 თებერვალს, შეადგენდა +35 °C-ს, მინიმალური დარეგისტრირებულია ფუაამოტუს კუნძულზე 1994 წლის 8 სექტემბერს — +8,7 °C[24]. ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ქრის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით[25]. ციკლონების სეზონში (ნოემბერი—მარტი) ჭარბობენ პასატები.
ტონგაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ ტროპიკული ციკლონები, რომლებიც ხშირად აღწევენ დამანგრებელ ძალას. ქვეყანაში საშუალოდ ყოველწლიურად რეგისტრირდება არანაკლებ ერთი ციკლონი[22]. (როგორც წესი ერთი—ორი), რომელთაგან უმრავლესობა მოდის წვიმიან სეზონზე. ციკლონების ყველაზე დიდი რაოდენობა, როგორც წესი, დარეგისტრირებულია თებერვალში[24].
ნიადაგი
კუნძულების დიდი ნაწილის ნიადაგი (ახალგაზრდა ვულკანების გარდა) გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. ისინი ძირითადად ჩამოყალიბებულია ანდეზიტურივულკანური ფერფლისაგან, რომლის ფენა დევს კირქვული წარმოშობის მარჯნულ პლატფორმაზე[26]. ამ ნიადაგს აქვს შესანიშნავი ფიზიკური თვისებები: კარგად სტრუქტურირებულია, აქვთ კარგი დრენაჟი და შედარებით წყალშემაკავებელი თვისება. ნიადაგის ტიპი მერყეობს მჟავედან ტუტემდე კალციუმის და მაგნიუმის დიდი შემადგენლობით, მაღალი კათიონური ცვლის მოცულობით და გაჯერებული საფუძვლით[26].
ტონგატაპუს კუნძულის ნიადაგი გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით, ამიტომ გამოსადეგია როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისათვის, ასევე საძოვრებისათვის. ზოგიერთ სანაპირო რაიონებში ნიადაგი მარილიანია. ეუას კუნძულის ნიადაგი ჩამოყალიბდა ანდეზიტურიტეფრისაგან, რომელიც დევს ტუფიანი მასალის და/ან მარჯნული წარმონაქმნების ზემოთ[11]. ის ძირითადად ნაყოფიერია, კუნძულის სამხრეთი რაიონების გარდა, სადაც ზედაპირზე გაშიშვლებულია მარჯნული ჯიშები. ჰააპაის კუნძულების ჯგუფს უფრო აქვთ მარჯნული წარმოშობა. სერიოზული პრობლემაა ნიადაგის ეროზია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერებას. ვავაუს კუნძულების ჯგუფის ნიადაგი ძირითადად ჩამოყალიბებულია ვულკანური ფერფლისაგან, სისქით 9 მეტრამდე, რომელიც დევს მარჯნული კირქვის ზემოთ[11].
ჰიდროლოგია
არქიპელაგზე არსებობს მტკნარი წყლის მუდმივი წყაროების შეზღუდული რაოდენობა. რადგანაც წყალი ნიადაგში, მისი ფორიანობის გამო დიდი ხნით არ ჩერდება, მოსახლეობა ძირითადად ხმარობს ან სახურავებიდან ბეტონის ცისტერნებში შეგროვილ წვიმის წყალს, ან პატარა ჭებიდან ამოღებულ წყალს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ოდნავ მლაშე წყლის მცირე ლინზებამდე მიღწევა. წყალშემცველი ფენების, მცირე ტბების და წყლის ნაკადების დიდი ნაწილი მდებარეობენ ვულკანურ კუნძულებზე[27].
ვავაუს კუნძულებზე, ნიუაფოოუს კუნძულზე და ნომუკას კუნძულზე არსებობენ ტბები; ეუას და ნიუატოპუტაპუს კუნძულებზე — პატარა მდინარეები[28].
ფლორა და ფაუნა
ტონგას მარჯნული კუნძულები ვაკე ადგილები დაფარულია ტროპიკული ტყეებით, რომელშიც ჭარბობენ კალოფილები. მიუხედავად ამისა ძველად ხელშეუხებელი ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიწმინდა სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის, ამიტომ დღეისათვის ამ ტერიტორიების ნაწილი დაფარულია მეორადი მცენარეულობით, რომელშიც ჭარბობენ ლანტანების (ლათ.Lantana) და ფსიდიუმების (ლათ.Psídium) ნარგავები, ასევე სორგოს და ფეტვის მინდვრები. კუნძულების სანაპირო რაიონებში იზრდება ბარინგტონიები (ლათ.Barringtonia) და სცევოლები (ლათ.Scaevola). ვულკანური კრატერების რაიონებში ჭარბობს ბალახოვანი მცენარეები, ხოლო კაოს და ტაფაჰის ვულკანების მწვერვალებზე ხარობს ნისლიანი ტროპიკული ტყეები, ანუ ნეფელოგილეები[29]. ვრცელი ტროპიკული ტყეები შენარჩუნებულია მხოლოდ დაუსახლებელ და ვულკანურ კუნძულებზე[30].
ტონგაში სულ დარეგისტრირებულია ჭურჭლოვანი მცენარეების დაახლოებით 770 სახეობა, გვიმრების 70 სახეობის ჩათვლით (რომელთაგან სამი ენდემურია, ლათ.Dryopteris macroptera და ლათ.Cyathea rugosula) ჩათვლით, შიშველთესლოვნების სამი სახეობა (მათ შორის ერთი სახეობა, ლათ.Podocarpus pallidus, — ენდემურია) და ყვავილოვანი მცენარეების 698 სახეობა (მათ შორის ცხრა — ენდემურია)[31]. კუნძულებზე სახეობათა ნაირსახეობა განსხვავებულია. ასე, მაგალითად, ტონგატაპუს კუნძულზე ხარობს მცენარეთა დაახლოებით 340 სახეობა, ხოლო ვავაუს კუნძულებზე — 107 სახეობა[30].
არქიპელაგზე ბუდობს ფრინველთა დიდი რაოდენობა. ამასთან კუნძულების პოლინეზიელებით დასახლებამდე ფრინველების სამყარო გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო: ტონგაზე ადამიანების გამოჩენისთანავე გაქრა, ფრინველთა სულ მცირე, 23 სახეობა[30]. არქიპელაგზე სულ დარეგისტრირებულია ფრინველთა 73 სახეობა, რომელთაგან 2 ენდემურია: ლათ.Pachycephala jacquinoti, რომელიც ბუდობს ვავაუს კუნძულებზე, და ლათ.Megapodius pritchardii, რომელიც ბუდობს ნიუაფოოუს კუნძულზე[32]. ზოგიერთ კუნძულზე მდებარეობს ფრინველთა ბაზარი, სადაც ბუდობენ ზღვის ფრინველები.
ტონგას ტერიტორიაზე მდებარეობს ორი ეროვნული პარკი (ეუას კუნძულზე და კუნძულ ვავაუს ტალაუს მთაზე) და ექვსი ნაკრძალი[33].
ისტორია
პოლინეზიელებმა ტონგის კუნძულების დასახლება დაიწყეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეში. ტონგის კუნძულები დამაკავშირებელ როლს ასრულებდა ოკეანეთის შემდგომ ათვისებაში. ტონგელები ასრულებდნენ შორეულ გაცურვებს, თავს ესხმოდნენ ოკეანეთის ბევრი კუნძულების მაცხოვრებლებს და იღებდნენ ხარკს მათგან.
X საუკუნიდან დაწყებული ტონგის კუნძულებზე, სამოაზე და ფიჯის ნაწილზე დამყარდა ტუი-ტონგას „ღვთიური“ ბელადების მემკვიდრეობითი ხელისუფლება. დინასტიის დამფუძნებელი გახდა აჰოეიტუ. XV საუკუნის შუაში მოხდა ხელისუფლების რეფორმა, და მმართველობის მთავარი როლის შესრულება დაიწყეს ტუი-ტონგას მოადგილეებმა, რომლებიც ატარებდნენ ტუი-ჰაატაკალაუას ტიტულს. ტუი-ჰაატაკალაუაები ასრულებდნენ სამოქალაქო ძალოვან ფუნქციებს და ხელთ ეპყრათ რეალური ხელისუფლება, ხოლო ტუი-ტონგაებმა მიიღეს ნომინალური ხელისუფლება (ფაქტობრივად მათ დარჩათ რიტუალური ფუნქციების შესრულება). შემდგომი ეტაპი, XVII საუკუნის დასაწყისში, გახდა ტუი-ჰაატაკალაუას ხელისუფლების დათმობა. რეალური ხელისუფლება გადავიდა სამხედრო მინისტრის ხელში, რომელიც ატარებდა ტუი-კანოკუპოლუს ტიტულს, ხოლო 100 წლის შემდეგ ტუი-ჰაატაკალაუას ყოფილი კონკურენტების ტიტული გაუქმდა.
1200-იანი წლებიდან 1851 წლამდე არქიპელაგის დედაქალაქი იყო ქალაქი მუა. ზუსტად იქ ხდებოდა ბრიტანელი მოგზაურის ჯეიმზ კუკის გადასვლა 1773, 1774 და 1777 წლებში, რომელმაც მათ დაარქვა „მეგობრული კუნძულები“. 1797 წლიდან ტონგაზე დაიწყეს შემოსვლა ქრისტიანმამისიონერებმა, მაგრამ მხოლოდ 1828 წელს მათ შეძლეს არქიპელაგზე დამკვიდრება და დაიწყეს ტონგანელების ქრისტიანულ წესზე მონათვლა.
1845 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ოცდამეცხრამეტე ტუი-ტონგა ლუაფილიტონგა, რომელსაც შთამომავლობა არ დაუტოვებია. ეს შემთხვევა გამოიყენა მმართველმა ტუი-კანოკუპოლუმ ჯორჯ ტუპოუ I-მა, განიმტკიცა ხელისუფლება თავის ხელში და საკუთარი თავი ტონგის მეფედ გამოაცხადა. ეყრდნობოდა რა ქრისტიანი მისიონერების დახმარებას, მან ჩაატარა მთელი რიგი რეფორმები, რითაც გაამყარა ფეოდალური წყობა და სამეფო ხელისუფლება, ასევე საფუძველი დაუდო სახელმწიფო მოწყობას და საზოგადოებრივ ურთიერთობას, რომლის ბევრი ნიშნებიც დღესაც შენარჩუნებულია. 1870—1880-იან წლებში საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა დადეს ტონგასთან ხელშეკრულებები, რითაც მათ აღიარეს სამეფოს დამოუკიდებლობა.
1900 წლიდან 1970-იანი წლების პერიოდში ტონგის სამეფო იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ. ამასთან ადგილობრივი მეფეები ინარჩუნებდნენ საკუთარ ხელისუფლებას. 1970 წელს ტონგის კუნძულებმა მიიღო დამოუკიდებლობა.
პოლიტიკური მოწყობა
სახელმწიფო წყობა
ტონგა — შთამომავლობითი კონსტიტუციური მონარქიაა[34]. ერთადერთი სამეფო ოკეანეთში (თუ არ ჩავთვლით იმ სახელმწიფოებს, სადაც ფორმალურად სახელმწიფოს მეთაურად ითვლება დიდი ბრიტანეთის დედოფალი). ქვეყნის მომქმედი კონსტიტუცია შემოღებულია მეფე ჯორჯ ტუპოუ I-ის მიერ 1875 წლის 4 ნოემბერს. მისი შემოღება გახდა მთავარი ეტაპი სამეფოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში და კულმინაციური მომენტი მეფე ჯორჯ ტუპოუ I-ის პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ეს გამოიხატება ტონგელი საზოგადოების მოდერნიზაციაში, ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და ერთიანობის განმტკიცებაში. სამეფოს კონსტიტუციის არსებობის გამო მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ქვეყანა რჩებოდა ერთადერთ დამოუკიდებელ კუნძულოვან სახელმწიფოდ ოკეანეთში[35].
ტონგის კონსტიტუცია შედგება 3 ნაწილისგან და 115 სტატიისგან და ეკუთვნის „მკაცრი“ კონსტიტუციების კატეგორიას, ასე რომ მისი შეცვლისათვის საჭიროა მთელი რიგი პირობების დაცვა. ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შემოტანის უფლება მინიჭებული აქვს საკანონმდებლო ასამბლეას. ამისათვის ცვლილებამ უნდა გაიაროს სამი წაკითხვა ასამბლეაში, ხოლო შემდეგ განსახილველად უნდა გადაეცეს მეფეს. თუ ტონგას საიდუმლო საბჭო და კაბინეტი ერთსულოვნად მხარს უჭერს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, იგი უნდა მოიწონოს მეფემაც. მეფის ხელმოწერის შემდეგ ცვლილება შედის ძალაში[36]. მიუხედავად ამისა ცვლილებებს არ ექვემდებარებიან სტატიები, რომლებიც ეხება „კანონს თავისუფლების შესახებ“ (საქმე ეხება „უფლებების დეკლარაციას“, რომლითაც იწყება კონსტიტუცია), ტახტის მემკვიდრეობითობის პრინციპებს და ადგილობრივი პერების ტიტულებს/შთამომავლობით საკუთრებას.
დღეისათვის ტონგაში ტარდება ეტაპობრივი პოლიტიკური რეფორმა. სპეციალურად ამ მიზნებისათვის 2008 წელს შეიქმნა კონსტიტუციური და საარჩევნო კომისია 5 ადამიანის შემადგენლობით[37], რომლის ძირითადი მიზანია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების წინადადებების შემუშავება, რომლებიც განეკუთვნება აღმასრულებელ და საარჩევნო ხელისუფლებებს, მათ შორის ურთიერთდამოკიდებულობის პრინციპებს, ასევე ტონგას საარჩევნო კანონში ცვლილებებს[38]. 2010 წლის აპრილში, კომისიის წინადადებებიდან გამომდინარე, ქვეყნის პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები მოქმედ საარჩევნო სისტემაში. გაიზარდა წარმომადგენელთა რიცხვი საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც ირჩევს ხალხი (9-დან 17 ადამიანამდე). შედეგად ხალხის მიერ არჩეულთა რაოდენობამ ტონგის ისტორიაში პირველად გადააჭარბა პერების დეპუტატების რაოდენობას[39]. ამასთან, გაიზარდა ზოგიერთი საარჩევნო ოლქის დეპუტატების რაოდენობა: ტონგატაპუდან — ათი (სამის ნაცვლად) და ვავაუდან — სამი (ორის ნაცვლად)[40]. ახალი სისტემით პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 2010 წლის ნოემბერში.
მეფე
სახელმწიფოს მეთაურია მეფე. ტახტის მემკვიდრეობის პრინციპი გამაგრებულია მოქმედი კონსტიტუციის 32-ე სტატიაში. ტახტის მემკვიდრე უნდა იყოს დაბადებული ქორწინების შედეგად. ტახტი გადაეცემა უფროს ვაჟს, ხოლო სიკვდილის შემთხვევაში — მის მემკვიდრეებს. თუ უფროს ვაჟს არ ჰყავს შვილები, მაშინ ტახტი გადაეცემა ასაკით შემდეგ უფროს ვაჟს (ანუ უფროსი ვაჟის უმცროს ძმას) ან მის შთამომავლებს და ასე შემდეგ მამრობითი ხაზით. თუ სამეფო გვარში მამრობითი ხაზი წყდება, მაშინ ტახტი მემკვიდროებით გადაეცემა უფროს ქალიშვილს და მის შთამომავლობას (და ასე შემდეგ ამავე პრინციპით, როგორც მამრობითი ხაზით). თუ მდედრობითი ხაზითაც არ დარჩა მემკვიდრე, მაშინ ტახტი გადაეცემა უილიამ ტუნგის (ვავაუს კუნძულების ყოფილ გუბერნატორს, ტონგის პრინც-კონსორტს და პრემიერს) შთამომავლებს და კანონიერ მემკვიდრეებს. თუ ამ ხაზითაც არ არსებობენ კანონიერი მემკვიდრეები, მაშინ მეფეს სიცოცხლეში შეუძლია თვითონვე (პერების პალატის თანხმობით) დანიშნოს საკუთარი მემკვიდრე. თუ ეს არ იყო გაკეთებული, მაშინ პრემიერ-მინისტრი ან მინისტრთა კაბინეტი მის არყოფნაში ვალდებულები არიან გამოიძახონ საკანონმდებლო ასამბლეის პერები, რომლებმაც პერების პალატის სხდომაზე ერთ-ერთი ბელადიდან უნდა აირჩიონ მეფე, რითაც ისინი აფუძნებენ ახალ სამეფო დინასტიას[41].
სამეფო ოჯახის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც ტახტის მემკვიდრეობის უფლებამოსილია, არ აქვს ქორწინების უფლება მეფის თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოტენციურ მემკვიდრეს, რომელიც მეფის ნების გვერდის ავლით მოიქცა, შეიძლება ჩამოერთვას ტახტის ფლობის კანონიერი უფლება[42]. გარდა ამისა, ტახტი არ გადაეცემა იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული ან ფსიქიკურად ავადმყოფია ან გონებასუსტია[43].
კონსტიტუციის თანახმად, მეფის პიროვნება უზენაესია, ხოლო თვითონ ის ყველა ბელადის და ტონგის მთელი ხალხის მეთაურია[44]. ის მართავს ქვეყანას, მაგრამ პასუხისმგებლობას იღებენ მინისტრები. ყველა კანონპროექტებზე, რომლებმაც გაიარეს საკანონმდებლო ასამბლეა, ძალაში შესვლამდე ხელი უნდა მოაწეროს მეფემ[44]. ტონგის მეფე ქვეყნის ფეხოსანი და სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. ის ნიშნავს ყველა ოფიცერს, ახორციელებს მომზადების რეგულირებას და სამხედრო ძალების კონტროლს, აქვს ომის გამოცხადების უფლება (საკანონმდებლო ასამბლეის თანხმობით)[45]. ტონგის მეფეს აქვს შეწყალების უფლება (საიდუმლო საბჭოს თანხმობით)[46], აქვს უფლება საკუთარი შეხედულების საფუძველზე მოიწვიოს და დაითხოვოს საკანონმდებლო ასამბლეა[47], აქვს უფლება უცხოეთის სახელმწიფოებთან ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს (იმ პირობით, რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება სამეფოს შიდა კანონმდებლობას), აქვს უფლება დანიშნოს ტონგის დიპლომატიური წარმომადგენლები სხვა სახელმწიფოებში[48], აქვს უფლება მიანიჭოს დამსახურების ტიტულები[49]. მეფეს არ შეუძლია შეცვალოს საბაჟო გადასახადები საკანონმდებლო ასამბლეის თანხმობის გარეშე[48].
საკანონმდებლო ხელისუფლება
პერების და ხალხის წარმომადგენლებმა სხდომები უნდა ჩაატარონ ერთ პალატაში[50]. საკანონმდებლო ასამბლეა შედგება საიდუმლო საბჭოს წევრებისაგან და მინისტრთა კაბინეტისაგან (პერების სახით), ქვეყნის პერების და ხალხის წარმომადგენლებისგან[51]. პერების წარმომადგენლები (ასამბლეაში საერთო რაოდენობა — 9 ადამიანი) ირჩევა სამეფოს პერების შემადგენლობიდან ყოველ სამ წელიწადში[52]. ხალხის წარმომადგენლები (ასამბლეაში საერთო რაოდენობა — 17 ადამიანი) ირჩევა ელექტორატისაგან[53] ასევე ყოველ სამ წელიწადში[52]. ბოლო შემთხვევაში არჩევის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს, რომლებსაც გააჩნიათ აქტიური საარჩევნო უფლება[54]. საკანონმდებლო ასამბლეის სპიკერს ნიშნავს მეფე[55] პერების შემადგენლობიდან, რომლებიც აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოში[56].
ტონგას კონსტიტუციის თანახმად, კანონების მიღების უფლება აქვს მეფეს და საკანონმდებლო ასამბლეას[50]. საკანონმდებლო ასამბლეის მიერ სამ წაკითხვაში ხმათა უმრავლესობით მიღებული ბილის (ინგლ.bill; ლათ.libellus-დან) შემდეგ, კანონპროექტი დასამტკიცებლად უნდა გადაეგზავნოს მეფეს. მეფის ხელმოწერის შემდეგ ბილი განეკუთვნება ოფიციალურ გამოქვეყნებას (გამოქვეყნების თარიღი კანონის ძალაში შესვლის თარიღია)[50]. თავის მხრივ, მეფეს აქვს უფლება უარყოს კანონპროექტი. ამ შემთხვევაში ბილი საკანონმდებლო ასამბლეამ შეიძლება განიხილოს მხოლოდ შემდეგ სესიაზე[57].
აღმასრულებელი ხელისუფლება
ტონგაში მოქმედებს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება პრემიერ-მინისტრისაგან, საგარეო საქმეთა მინისტრისაგან, მიწის მოხმარების მინისტრისაგან, წესრიგის დაცვის მინისტრისაგან და სხვა მინისტრებისაგან, რომელთაც ნიშნავს მეფე. მეფის პრეროგატივაა ყველა მინისტრის დანიშვნა. მინისტრები საკუთარ პოსტებს ინარჩუნებენ მანამდე, სანამ მათ არ დაითხოვს მეფე, ან იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრულია მათ კომიტეტებში. ამასთან ერთ მინისტრს შეუძლია შეითავსოს რამდენიმე თანამდებობა. მინისტრები შესაძლებელია დათხოვნილი იყვნენ თანამდებობიდან საკანონმდებლო ასამბლეის მიერ, თუ მათი მოღვაწეობა ეწინააღმდეგება კანონს. კაბინეტის მინისტრები ერთდროულად საიდუმლო საბჭოს და საკანონმდებლო ასამბლეის წევრები არიან პერების სახით. თითოეული მინისტრი ვალდებულია ყოველწლიურად შეადგინოს მოხსენება, რომელიც გააცნობს მეფეს სამინისტროს მოღვაწეობას. მეფე, თავის მხრივ, გადასცემს მოხსენებას საკანონმდებლო ასამბლეას. თუ საკანონმდებლო ასამბლეას აქვს კითხვები, რომლებიც ეხება სამინისტროების მოღვაწეობას, მაშინ ნებისმიერმა მინისტრმა, რომელიც შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელია, უნდა უპასუხოს ამ შეკითხვებს[58].
მეფე მინისტრთა კაბინეტის თანხმობით ნიშნავს ჰააპაის კუნძულების და ვავაუს კუნძულების გუბერნატორებს, რომლებიც ამავდროულად ტონგის საკანონმდებლო ასამბლეის და საიდუმლო საბჭოს წევრები არიან[59]. გუბერნატორები პასუხისმგებლები არიან კანონების შესრულებაზე მათ ოლქებში[60].
მეფესთან მოქმედებს საიდუმლო საბჭო, რომელიც ეხმარება მონარქს მისი რიგი ფუნქციების განხორციელებაში. ის შედგება მინისტრთა კაბინეტის წევრებისაგან, გუბერნატორებისაგან და ნებისმიერი სხვა პირებისაგან, რომელთაც მეფე ჩათვლის საჭიროდ. მეფის და საიდუმლო საბჭოს არც ერთი განკარგულება არ შეიძლება შევიდეს ძალაში შესაბამისი მინისტრების ხელმოწერის გარეშე, რომლებიც პასუხს აგებენ ამ განკარგულების შესრულებაზე[61].
ტონგის საიდუმლო საბჭო წარმოადგენს მეფესთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც ასევე ასრულებს ზოგიერთ სასამართლო ფუნქციებს. იმ შემთხვევაში, თუ საქმე განხილული იყო უზენაეს სასამართლოში, მაშინ სასამართლო პროცესის ორივე მხარეს აქვს უფლება შეიტანოს აპელაცია საიდუმლო საბჭოში, რომელმაც ხელახლა უნდა განიხილოს საქმე. საიდუმლო საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ მას არ შეუძლია განმეორებით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე: ამ შემთხვევაში საიდუმლო საბჭოს მხოლოდ შეუძლია მეფეს ურჩიოს გაანთავისუფლოს პიროვნება პასუხისმგებლობისგან ან შეუმსუბუქოს სასჯელი. ამასთან საბჭოს არც ერთ გადაწყვეტილებას არ შეუძლია შევიდეს ძალაში პასუხისმგებელი მინისტრის ხელმოწერის გარეშე[63]. ამის გარდა, საიდუმლო საბჭოში შესაძლებელია აპელაციის შეტანა მიწის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება შთამომავლობით საკუთრებას და ტიტულებს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ასევე საბოლოოა[64].
ტონგის სააპელაციო სასამართლო შედგება სამეფოს უზენაესი მოსამართლისაგან და სხვა მოსამართლეებისაგან, რომელთაც ნიშნავს მეფე საიდუმლო საბჭოს თანხმობით[65]. სააპელაციო სასამართლოს აქვს განსაკუთრებული უფლება და იურისდიქცია მოისმინოს საქმეები და გამოიტანოს გადაწყვეტილებები აპელაციებზე, რომლებიც შემოტანილია უზენაესი ან მიწის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ (გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც დაკავშირებულია შთამომავლობით საკუთრებასთან და ტიტულებთან)[66].
ტონგის უზენაესი სასამართლო შედგება უზენაესი მოსამართლისაგან და სხვა მოსამართლეებისაგან, რომელთაც ნიშნავს მეფე საიდუმლო საბჭოს თანხმობით (აუცილებლობის შემთხვევაში კონსტიტუციაში გათვალისწინებულია მსაჯულთა კოლეგია)[67]. უზენაეს სასამართლოს აქვს განსაკუთრებული უფლება განიხილოს საერთო სამართლის საქმეები და სიმართლის უფლება სამეფოს კონსტიტუციის და კანონების დარღვევის საკითხებზე, ასევე საკითხები, რომლებიც ეხება საერთაშორისო ხელშეკრულებებს უცხოურ სახელმწიფოებთან, და საქმეები, რომლებიც ეხება მინისტრებს, კონსულებს, დიპლომატიურ აგენტებს და საზღვაო უფლებას[68].
საარჩევნო ოლქები
საკანონმდებლო ასამბლეაში ხალხის წარმომადგენლების არჩევნებში მონაწილეობისათვის აქტიური საარჩევნო უფლება ეძლევა ტონგის ყველა 21 წელს მიღწეულ მოქალაქეს, რომლებიც მუდამ იხდიან გადასახადებს, იციან წერა-კითხვა, არ არიან ფსიქიკურად დაავადებულები და გონებასუსტები[69]. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება ჩამოერთმევა პირს, რომელიც ბრალდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, რაც იწვევს ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას. ასეთ პირს ხელახლა ეძლევა საარჩევნო უფლება მხოლოდ მეფის შეწყალებისა და განცხადების მიღების შემდეგ, რითაც ის თავისუფლდება ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების ზემოქმედებისგან[70].
საკანონმდებლო ასამბლეაში არჩევნებისათვის ქვეყანა დაყოფილია 5 საარჩევნო ოლქად: ტონგატაპუ, ჰააპაი, ვავაუ, ეუა და ნიუაფოოუ-ნიუატოპუტაპუ[71]. ტონგატაპუდან ირჩევა პერების სამი წარმომადგენელი და ხალხის ათი წარმომადგენელი (2010 წლამდე — სამი), ვავაუდან — ორი წარმომადგენელი პერებიდან და სამი წარმომადგენელი ხალხიდან (2010 წლამდე — ორი), ჰააპაიდან — ორი წარმომადგენელი პერებიდან და ორი წარმომადგენელი ხალხიდან, ეუადან და ნიუაფოოუ-ნიუატოპუტაპუდან — ერთი წარმომადგენელი პერებიდან და ერთი წარმომადგენელი ხალხიდან (ამასთან პერების წარმომადგენლები ეუას ოლქისთვის ირჩევა ტონგატაპუს პერებიდან)[40][71].
ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის სისტემა
ადგილობრივი მმართველობის სისტემა ტონგაში კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული[72]. ქვეყანაში არ არის რაიმე სასოფლო საბჭოები, რომლებიც ახორციელებენ სოფლების მართვას. მთელი ხელისუფლება ცენტრალური მთავრობის ხელში იმყოფება, სადაც მუშავდება სხვადასხვა წესები და რეგლამენტები საზოგადოების რეგულირების საკითხებში, კერძოდ, ქალაქების და სოფლების. ქალაქების და სოფლების მართვის განხორციელებისთვის ქვეყანა დაყოფილია ოლქებად (ინგლ.district) და ქალაქებად (ინგლ.town), რომელთაც შესაბამისად ხელმძღვანელობენ ოლქების (ინგლ.District Officer) და ქალაქების (ინგლ.Town Officer) მეთაურები, რომლებიც ირჩევა ყოველ სამ წელიწადში ოლქების და ქალაქების მოსახლეობის მიერ[73].
ოლქების მეთაურების კომპეტენციაში შედის: ჯანდაცვის (ყოველ კვარტალში უდა გაკეთდეს მოხსენება ოლქის ყველა ქალაქში სანიტარული პირობების შესახებ), სოფლის მეურნეობის, ფინანსების და სხვა საკითხების კონტროლი, რომელიც განსაზღვრულია მიმდინარე კანონმდებლობით[74]. ქალაქების მეთაურების კომპეტენციაში შედის: წესრიგის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის კონტროლი, ფონოს (ადგილობრივი საბჭო) მოწვევა, ოლქის მეთაურისთვის დახმარების აღმოჩენა[75].
ქვეყნის ყველაზე დიდი პარტიაა — მოძრაობა ადამიანის უფლებებისათვის და დემოკრატიისათვის, რომელიც დაარსდა 1970-იანი წლების ბოლოს და დარეგისტრირებულია მიმდინარე დასახელებით 2002 წელს[76]. სახალხო დემოკრატიული პარტია დაფუძნდა 2005 წლის 8 აპრილს პარტიიდან მოძრაობა ადამიანის უფლებებისათვის და დემოკრატიისათვის გამოყოფის შედეგად, ხოლო ოფიციალურად დარეგისტრირებულია 2005 წლის 1 ივლისს. ქვეყნის ყველაზე ახალი პარტიაა სახელმწიფოს მდგრადი მშენებლობის პარტია, რომელიც დაფუძნდა 2007 წლის 4 აგვისტოს ოკლენდში (ახალი ზელანდია).
შეიარაღებული ძალები
ტონგაში არსებობს მუდმივი ჯარი, რომელსაც ჰქვია ტონგის თავდაცვის ძალები (ინგლ.Tonga Defence Services). მათი ძირითადი ფუნქციაა სამეფოს დაცვა, სამოქალაქო ხელისუფლებისადმი დახმარება წესრიგის დამყარებაში და სხვა, რომელთა განხორციელება მათ მეფემ დააკისრა[77]. შეიარაღებული ძალები შედგება რეგულარული ჯარებისაგან (ინგლ.Regular Force), ტერიტორიული ჯარებისაგან (ინგლ.Territorial Force) და რეზერვისაგან (ინგლ.Reserve)[78].
2002 წლიდან ტონგის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გამოყოფილია ქვეითი ძალები (სამეფო გვარდია) და ტონგის სამხედრო-საზღვაო ძალები (მათ შორის სამეფო საზღვაო ქვეითი და საავიაციო ქვედანაყოფი). სულ შეიარაღებულ ძალებში (2007 წლისთვის), რომელსაც დახმარებას უწევს ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ, მსახურობდა 430 ადამიანი[7]. ბოლო დროს გაჩნდა მისი რაოდენობის მცირედი ზრდის ტენდენციები.
ტონგაში არსებობს პოლიციური ძალები (ინგლ.Tonga Police Force). რაოდენობა 2000 წლისთვის — 420 ადამიანი, ტერიტორიულად დაყოფილია: პოლიციის 4 განყოფილება + სასწავლო ცენტრი + სპეციალური ჯგუფი. შტაბ-ბინა მდებარეობს ნუკუალოფაში.
მათი ძირითადი ფუნქციაა კანონის და წესრიგის დაცვა, სიმშვიდის შენარჩუნება, სიცოცხლის და საკუთრების დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება და მისი აღმოჩენა და სხვა ფუნქციები, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით[81]. ტონგის პოლიციას ხელმძღვანელობს პოლიციის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია მინისტრთა კაბინეტის წინაშე[82].
2005 წელს ქვეყანაში მოხდა 2932 დანაშაული (2002 წელს — 2517). მათ შორის: პიროვნების წინააღმდეგ — 652, საკუთრების წინააღმდეგ — 1952[83].
საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
ტონგას დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან. ორმხრივი ურთიერთობის ყველაზე გრძელი ისტორია სამეფოს აქვს საფრანგეთთან: მასთან ურთიერთობა დამყარდა ჯერ კიდევ 1855 წელს, მეგობრობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებით[84]. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ავსტრალიას, ჩინეთს, ახალ ზელანდიას და იაპონიას აქვს თავისი საელჩო ან უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა წყნარი ოკეანის ამ სახელმწიფოს დედაქალაქში — ნუკუალოფაში. ტონგის ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა საელჩოს სახით მდებარეობს პეკინში. ქვეყანას ასევე ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საპატიო კონსულები ლონდონში და სან-ფრანცისკოში (აშშ) და სავაჭრო წარმომადგენლები ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და აშშ-ში[85].
ტონგაში მოსახლეობის აღწერა ხდება რეგულარულად, დაწყებული 1921 წლიდან. მაგრამ ასევე არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ჩატარებულია ჯერ კიდევ ადრეულ წლებში (მაგალითად, 1891 წელს)[95]. 1956 წლიდან მოსახლეობის აღწერა ტარდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ (უკანასკნელი ჩატარდა 2011 წელს).
2006 წლის აღწერის თანახმად (ტონგის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები), ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 101 991 ადამიანს[96]. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ეს ციფრი გაიზარდა 103 252 ადამიანამდე[1]. ტონგაში მოსახლეობის ზრდის ტემპი — 1,236 % შედარებით დაბალია ოკეანეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით: 1,669 % 2008 წლის შეფასებით[7]. 2006 წლის აღწერამ აჩვენა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა 4,3 %-ით 1996 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, ანუ 4207 ადამიანით მეტი (ყოველწლიური ზრდა — 0,4 %)[97].
სტატისტიკური თვალსაზრისით ტონგა დაყოფილია ხუთ ოლქად: ტონგატაპუ, ვავაუ, ჰააპაი, ეუა და ნიუასი. 2011 წელს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოლქია ტონგატაპუ, რომლის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 75 416 ადამიანს (73,0 %). ვავაუში ცხოვრობდა 14 922 ადამიანი (14,5 %), ჰააპაიში — 6616 ადამიანი (6,4 %), ეუაში — 5016 ადამიანი (4,9 %), ნიუასში — 1282 ადამიანი (1,2 %)[1]. მოსახლეობის ზრდა დარეგისტრირებულია მხოლოდ ტონგატაპუზე (4,7 % 2006 წელთან შედარებით). სხვა ოლქებში დაფიქსირდა მოსახლეობის კლება: ვავაუში — 3,9 %-ით, ჰააპაიში — 11,4 %-ით, ეუაში — 10,4 %-ით ხოლო ნიუასში — 13,0 %-ით[1]. დაბალი მაჩვენებლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მოსახლეობის ემიგრაცია ან ტონგატაპუს კუნძულზე, ან საზღვარგარეთ.
ტონგიდან ემიგრირებულთა დიდი დიასპორებია ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში და აშშ-ში. 2001 წელს ახალ ზელანდიაში დარეგისტრირებული იყო 40 700 ტონგელი (ოკეანეთის ხალხთა რაოდენობის დაახლოებით 18 %, რომლებიც ცხოვრობენ ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე). მათი დიდი ნაწილი (78 %) ცხოვრობდა ქალაქ ოკლენდში, 5 % — უელინგტონში[98]. 2006 წელს ავსტრალიაში დარეგისტრირებული იყო 7580 ტონგელი (2001 წელს — 7720 ადამიანი), რომელთაგან უმრავლესობა ცხოვრობდა შტატ ახალ სამხრეთ უელსში (4920 ადამიანი, ანუ 65 %) და შტატ ვიქტორიაში (1190 ადამიანი, ანუ 15,7 %)[99]. ამას გარდა, არსებობს დიდი დიასპორა აშშ-ში: 2000 წელს — 27 686 ადამიანი, ანუ ოკეანეთის ხალხთა რაოდენობის 7,3 %, რომლებიც ცხოვრობენ აშშ-ის ტერიტორიაზე[100]. დასახლების ძირითადი ადგილებია — იუტას შტატი, კალიფორნიის შტატი და ჰავაის შტატი[3].
მოსახლეობის აღწერამ ასევე აჩვენა, რომ ტონგატაპუს ოლქში მოსახლეობამ იმატა ყველა რაიონში, ლაპაჰას გარდა, სადაც მოხდა მოსახლეობის რაოდენობის კლება 2 %-ით. ყველაზე მაღალი ზრდა აღინიშნა ვაინის რაიონში — 12 %. ვავაუს ოლქში მოსახლეობამ ყველაზე უფრო მოიმატა პანგაიმოტუს რაიონში — 8 %, ხოლო კლება დარეგისტრირდა მოტუს (43 %-ით) და ჰიჰიფოს (5 %-ით) რაიონებში. ჰააპაის ოლქში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო ყველა რაიონში, ფოას გარდა (ზრდა 3 %-ით). ეუას ოლქის ორ რაიონში აღინიშნა მოსახლეობის ზრდა, ხოლო ნიუასის ოლქში, პირიქით, კლება[97].
2011 წელს ყველაზე მაღალი მოსახლეობის სიმჭიდროვე დარეგისტრირებული იყო ტონგატაპუს ოლქში — 283,52 ადამიანი კმ²-ზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში ეს ციფრი შეადგენდა 138,04 ადამიანი კმ²-ზე (ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე — ნიუასის ოლქში, 17,09 ადამიანი კმ²-ზე)[1]. 2006 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობის სიმჭიდროვემ იკლო ოლქებში: ვავაუ, ჰააპაი, ეუა და ნიუასი, ხოლო გაიზარდა მხოლოდ ტონგატაპუს ოლქში.
2011 წელს ტონგის სამეფოს ქალაქის მოსახლეობის წილმა შეადგინა 23,47 % (ანუ 24 229 ადამიანი). ქალაქის მოსახლეობა ცხოვრობდა ქალაქის ტიპის დასახლებებში: კოლოფოოუ, კოლომოტუა და მაუფანგა, ასევე კუნძულ ტონგატაპუზე[1]. 2006 წელს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 23 658 ადამიანი[101]. ასე რომ, ათი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2,41 %-ით.
2011 წელს მამაკაცები შეადგენდნენ 50,34 %-ს (51 979 ად.), ქალები — 49,66 %-ს (51 273 ად.). 2011 წელს ბავშვების წილი 15 წლამდე — 37,3 %, მოზრდილი მოსახლეობა 15-დან 59 წლამდე — 54,4 %, 60 წელზე უფროსები — 8,3 %, შედეგად, მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენდა 21,0 წელს[1]. მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა, 2008 წლის მოსახლეობის შეფასებით — 67,9 წელი, ქალების — 73,1 წელი[7].
ეთნიკური შემადგენლობა
ტონგის მოსახლეობა ჰომოგენურია: 2011 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის 96,5 % პოლინეზიელი ხალხის მკვიდრი წარმომადგენლები — ტონგელები არიან, 1,04 % — ტონგელების და სხვა ხალხების შერეული ქორწინების შთამომავალთა წარმომადგენლებია. უცხოელების წილი (ევროპელები, წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებიდან წამოსულები და აზიელები) მინიმალურია. 1996 წელთან შედარებით აღინიშნა ჩინელების, ინდოელების, ასევე ფიჯელების რაოდენობის ზრდა[1].
2006 წელს ჩინელთა რაოდენობამ ტონგაში შეადგინა 395 ადამიანი, მაშინ როდესაც 1996 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა ამ ხალხის სულ 55 წარმომადგენელი[102]. 2011 წლის აღწერით მათი რაოდენობა გაიზარდა 843 ადამიანამდე.[1] პირველი ეთნიკური ჩინელები არქიპელაგზე გამოჩნდნენ ჯერ კიდევ 1920-იან წლებში ანგლიკანი რელიგიური პირების სახით, ხოლო 1974 წელს ტონგაში გამოჩნდა პირველი ტაივანელი ბიზნესმენი[103]. ტონგას სამეფოში ჩინელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა XX საუკუნის ბოლო ათწლეულში გამოწვეულია იმით, რომ 1990-იან წლებში ტონგას მთავრობა ყიდდა საკუთარი ქვეყნის პასპორტებს ჩინელებზე და ჰონგ-კონგის მაცხოვრებლებზე, რითაც ამ სახით გამოიმუშავა მნიშვნელოვანი თანხები[104]. პასპორტებს ძირითადად იძენდნენ ჩინელი ნაციონალისტები (ტაივანელები)[103]. შედეგად 2001 წლისთვის დედაქალაქ ნუკუალოფაში მუშაობდა დაახლოებით 120 მაღაზია, რომელთა მფლობელები იყვნენ ჩინეთიდან ჩამოსულები[103]. მაგრამ ჩინელი ემიგრანტების მოზღვავება იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას, რომლებიც შეშფოთებულები არიან მათი ეკონომიკური უპირატესობით. ამასთან, ტონგელებს შორის გაიზარდა უმუშევრობა[105]. 1999 წელს ტონგის ჩინელთა ასოციაციამ დაარეგისტრირა ჩინელი მეწარმეების დევნის 40 შემთხვევა, მათ შორის თავდასხმა[106]. 2000 წელს ნუკუნუკუს რაიონის ხელისუფლებამ აკრძალა ყველა ჩინური მაღაზია[107]. 2001 წელს ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 100 თავდასხმა რასობრივ ნიადაგზე, რომლებიც ტონგელების ორგანიზებული იყო ჩინელების წინააღმდეგ. საზოგადოებაში დაძაბულობის ზრდამ აიძულა ტონგის პრემიერ-მინისტრი, პრინცი აჰოეიტუ უნუაკიოტონგა ტუკუაჰო, უარი ეთქვა 600 ჩინელისათვის მუშაობაზე თანხმობის გაგრძელებაზე. მათ უბრძანეს დაეტოვებინათ ქვეყანა 12 თვის განმავლობაში[105]. 2006 წელს მოხდა მორიგი დარბევები ნუკუალოფაში, რომელიც ორგანიზებული იყო ჩინელი მეწარმეების წინააღმდეგ. ამან გამოიწვია კიდევ რამდენიმე ასეული ჩინელის შემდგომი ემიგრაცია[108]. მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის ცუდი მიდგომისა, ტონგაში დღემდე ცხოვრობს ჩინელების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელთა უმრავლესობა არ აპირებს მიატოვოს საკუთარი ბიზნესი არქიპელაგზე[103].
ენაში გამოიყენება ლათინური ანბანი. ის შედგება სულ 16 ასოსაგან: 5 ხმოვანი და 11 თანხმოვანი. ზეპირსიტყვიერებაში დიდ როლს თამაშობს ხმოვანი ასოების წარმოთქმის ხანგრძლივობა, რის გამოც შესაძლებელია შეიცვალოს სიტყვის მნიშვნელობა. წერის დროს ხანგრძლივობა აღინიშნა მაკრონით (მაგალითად, „ā“), ხოლო ხორხული შეკავშირება, ანუ ყრუ ხორხული ფეთქებადი თანხმოვანი ბგერა — აპოსტროფით („ʻ“).
ქვეყანაში არსებობს სხვა წყნაროკეანურ ენაზე — ნიუაფოოუზე მოლაპარაკენი, რომელზეც 1981 წელს ლაპარაკობდა 690 ადამიანი (გამოიყენება კუნძულებზე ნიუაფოოუ და ეუა)[110]. XIX საუკუნემდე კუნძულ ნიუატოპუტაპუზე ასევე არსებობდა საკუთარი ადგილობრივი ენა, მაგრამ 1862 წლის ივნისის ჯორჯ ტუპოუ I-ის მიერ ანექსიის შემდეგ ის მთლიანად განდევნა ტონგურმა ენამ[111][112].
1998 წლის შეფასების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 98,9 %-ს შეეძლო წერა-კითხვა ტონგურ და ინგლისურ ენებზე[7].
რელიგიური შემადგენლობა
ტონგის კუნძულებზე გაბატონური რელიგიაა ქრისტიანობა. არქიპელაგზე გადასვლის პირველი ცდა ქრისტიანი მისიონერებისა განხორციელდა ლონდონის მისიონერული საზოგადოების მისიონერების მიერ 1797 წელს. მიუხედავად ამისა ის წარუმატებელი გამოდგა. პირველი მუდმივი ქრისტიანული მისია ტონგის კუნძულებზე დაფუძნდა მხოლოდ 1826 წელს[113].
2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად ტონგელების დიდი ნაწილი (36 592 ადამიანი, ანუ 35,4 %) თავისუფალი უესლიური ეკლესიის (ინგლ.Free Wesleyan Church) წევრია. 18,0 % (18 554 ად.) უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წარმომადგენელია, 15,0 % (15 441 ად.) — რომის კათოლიკური ეკლესიის წევრია, 11,5 % (11 863 ად.) — ტონგის თავისუფალი ეკლესიის (ინგლ.Free church of Tonga) წევრია, 6,7 % (6935 ად.) — ტონგის ეკლესიის (ინგლ.Church of Tonga) წევრია, 2,5 % (2602 ად.) — ღმერთის ასამბლეის წევრია, 2,45 % (2533 ად.) — ტოკაიკოლოს ქრისტიანული ეკლესიის (ინგლ.Tokaikolo Christian Church) წევრია, 2,26 % (2331 ად.) — მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიის წევრია, 0,93 % (961 ად.) — ტონგის კონსტიტუციური ეკლესიის (ინგლ.Constitutional Church of Tonga) წევრია, 0,71 % (728 ად.) — ანგლიკანური ეკლესიის წევრია, 1,97 % (2029 ად.) — სხვა ქრისტიანული სწავლებების და რელიგიის მიმდევარია. ამასთან მხოლოდ 288 ადამიანმა განაცხადა მასზე, რომ ისინი ათეისტები არიან, ხოლო 1034 ადამიანმა უარი თქვა საკუთარი რელიგიური კუთვნილების შესახებ[1]. მიუხედავად იმისა, რომ ტონგაზე გაბატონებულ რელიგიურ მიმდინარეობად რჩება თავისუფალი უესლიური ეკლესია, ბოლო აღწერების დროს აღინიშნა მათი მიმდევრების რაოდენობის შემცირდება. ასევე შემცირდა რომის კათოლიკური ეკლესიის, ტონგის თავისუფალი ეკლესიის, ტონგის ეკლესიის, ტოკაიკოლოს ქრისტიანული ეკლესიის, მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიის მიმდევრების რაოდენობა. სხვა სწავლებების და რელიგიის მიმდევრების წილი პირიქით გაიზარდა (ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აქვს უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას, რომელმაც გადაუსწრო რომის კათოლიკურ ეკლესიას)[1].
თავისუფალი უესლიური ეკლესია (ტონგური ენა — Siasi Uesiliana Tau‘ataina ‘o Tonga) — ყველაზე დიდი ქრისტიანული (მეთოდისტული) ეკლესიაა ტონგის სამეფოში, რომლის მუდმივი წევრები არიან სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. ეკლესია შეიქმნა 1924 წელს დედოფალ სალოტე ტუპოუ III-ის თანხმობით, ორი მეთოდისტური მოძრაობის გაერთიანების შედეგად — ტონგის თავისუფალი ეკლესიის (შეიქმნა 1885 წელს მეფე ჯორჯ ტუპოუ I-ის ბრძანებით) და უესლიელების[113].
პირველი კათოლიკე მისიონერები ტონგის არქიპელაგზე მოვიდნენ 1837 წელს, მაგრამ მუდმივი მისიის შექმნაზე თანხმობა მათ მიიღეს მხოლოდ 1842 წელს[114]. არსებული კათოლიკური საზოგადოება იმ დროს იმყოფებოდა ცენტრალური ოკეანეთის აპოსტოლური ვიკარიატის (ლათ.Vicariatus apostolicus) დაქვემდებარებაში, რომელიც შეიქმნა 1842 წლის 23 აგვისტოს. ტონგის აპოსტოლური ვიკარიატი დაარსდა მხოლოდ 1937 წლის 13 აპრილს. 1966 წლის 21 ივნისს არქიპელაგზე შეიქმნა დამოუკიდებელი ეპარქია[115].
უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველი წარმომადგენლები ტონგაში მოვიდნენ 1891 წელს, მაგრამ უკვე ექვსი წლის შემდეგ მისია დაიკეტა. ის ხელახლა აღდგა მხოლოდ 1916 წელს[116]. დღეისათვის იგი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებადი რელიგიური მიმდინარეობაა სამეფოში. ეკლესიის მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში ტონგაში ამ რელიგიური ორგანიზაციის მიმდევრების ყველაზე დიდი წილია მსოფლიოში — 54 281 წევრი[117]. მაგრამ 2006 წლის მოსახლეობის აღწერის ოფიციალური მონაცემების თანახმად სამეფოში ცხოვრობს ამ რელიგიური მიმდევრობის 17 109 წევრი[118]. ტონგას მთავარ კუნძულზე — ტონგატაპუზე, მდებარეობს ქვეყანაში ამ რელიგიური ორგანიზაციის ერთადერთი ეკლესია[118].
ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება[119].
დახასიათებები, რომლებიც განსაზღვრავენ ტონგის ეკონომიკურ სიტუაციას, არაფრით არ განსხვავდება ოკეანეთის სხვა ქვეყნების დახასიათებებისაგან: უზარმაზარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, შეზღუდული ბუნებრივი სიმდიდრე, მსოფლიო ძირითადი გასაღების ბაზრიდან დაშორება, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი. ამასთან ძირითადი ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალოს ტონგის ეკონომიკურ სტაბილურობას, არიან ბუნებრივი კატასტროფები (ძირითადად, გვალვები და ციკლონები) და მსოფლიო ბაზრის მერყეობა[121]. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ტონგის ექსპორტის საფუძველს წარმოადგენს საქონელი (ყაბაყი, ვანილი, თევზი, კავა (ლათ.Piper methysticum)), რომელიც საკმაოდ მგრძნობიარეა ბუნებრივი პროცესებისადმი, ხოლო თვითონ ქვეყანა არის ეკონომიკური აგენტი, რომელსაც არ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს გლობალური ბაზრების ფასწარმოქმნაზე[122]. პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზრებიდან დაშორებას კი მოაქვს არა მხოლოდ მაღალი სატრანსპორტო ხარჯები, არამედ ხელს უშლის წარმოების ფაქტორების საერთაშორისო მობილურობას და ქვეყანაში სხვადასხვა კომერციული და ტექნიკური ნოუ-ჰაუების შეღწევას[122].
ცსს-ს მონაცემების თანახმად 2007 წლის შეფასებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით შეადგენდა დაახლოებით $526 მილიონს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე — $5100[7]. 1973 წლიდან 1995 წლამდე პერიოდში ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა, რომელიც მნიშვნელოვნად განისაზღვრება სახელმწიფოს ხარჯებით და უცხოეთიდან გადმოგზავნილი თანხების დონით, შეადგენდა დაახლოებით 1,8 %-ს. რეალური მშპ-ის ზრდა 1994 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში საშუალოდ შეადგენდა 2,2 %-ს, ამასთან ეს მაჩვენებელი მერყეობს 0,1 %-დან 6,2 %-მდე, რაც ამტკიცებდა ეკონომიკის დამოკიდებულებაზე ისეთ სექტორებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი[121]. 2007 წლის შეფასების თანახმად მშპ-ის ზრდას ჰქონდა უარყოფითი მაჩვენებელი: −3,5 %, რაც იყო ტონგის ეკონომიკის უკან სვლის ანარეკლი[7].
სოფლის მეურნეობა
ტონგის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორია სოფლის მეურნეობა. მიუხედავად ამისა უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ამ სექტორის წილის შემცირება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. მაგალითად, 1994/1995 წლებში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში შეადგენდა 34 %-ს, ხოლო 2005/2006 წლებში ეს ციფრი დაეცა 25 %-მდე. ეს გამოწვეულია ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების სფეროს როლი. ამ პროცესის ძირითადი მიზანია ტონგის ეკონომიკური ბაზის გაფართოება მომავალში გარე შოკის შემთხვევებში ეკონომიკის გამყარებისათვის[123]. სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს ქვეყანას საკვები პროდუქტებით, სამუშაო ადგილებით, მშენებლობისთვის და ხელსაქმეობისათვის მასალებით, სტიმულს აძლევს უცხოური ვალუტის შემოდინებას.
თევზი — ტონგის ერთ-ერთი ეროვნული სიმდიდრეა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში და ცხოვრებაში. შიდა ბაზრისათვის თევზს ძირითადად იჭერენ რიფების და ლაგუნების საზღვრებში და ადგილობრივი მოსახლეობის საკვების ძირითადი წყაროა[124].
ქვეყანას აქვს უზარმაზარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 700 ათას კმ²-ს[124]. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება ასევე ხდება უცხოური გემებისათვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის უფლებისათვის ლიცენზიების გაცემის ხარჯზე, ამასთან ლიცენზირებიდან შემოსავალი ბევრად დამოკიდებულია ამინდის პირობებზე (უპირატესად ელ-ნინიოს და ლა-ნინიას მოვლენებზე). უცხოური გემებისათვის ძირითად ინტერესს იწვევს თინუსი.
1960-იანი წლების ბოლოს ტონგაში დაიწყო კიბორჩხალების კომერციული რეწვა, რომელიც ყოველწლიურად შეადგენდა დაახლოებით 36 ტონას[124]. მაგრამ უკანასკნელ წლებში მოხდა მისი შემცირება. ამის გარდა, მოიპოვება ზღვის მოლუსკების სხვადასხვა სახეობა: მათი ნაწილი მიდის შიდა მოხმარებისათვის, ხოლო ნიჟარა გამოიყენება ტურისტებისათვის სუვენირების დასამზადებლად. ქვეყნის მთავრობა ასევე ცდილობდა ხამანწკების გამრავლებას, მაგრამ ეს ექსპერიმენტები დიდნაწილად უშედეგო აღმოჩნდა[124]. ქვეყანაში ამ მოლუსკების გამრავლება დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში, ხოლო 1975 წელს ტონგის მთავრობამ შექმნა ფრთიანი ხამანწკების (ლათ.Pteria penguin) მომრავლების ექსპერიმენტული საწარმო, რომელიც სპეციალურად ამ მიზნებისთვის შემოიყვანეს იაპონიიდან. 1993 წელს ვავაუს კუნძულებზე პირველად იქნა ინიცირებული მარგალიტის მოპოვების კომერციული ფერმის შექმნის პროცესი[125].
ტრანსპორტი
ქვეყანაში ავტოსაგზაო ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი წინააღმდეგობაა მიწის რესურსების დეფიციტი, ასევე მიწის მოხმარების არსებული რეჟიმი. ამას გარდა, გზების დიდი ნაწილი აშენებულია იმ სახსრებზე, რომლებიც მიღებულია უცხოეთის სახელმწიფოებისგან[126]. 2000 წელს ტონგის ავტოგზების სიგრძე სულ შეადგენდა 680 კმ-ს. მათგან 184 კმ იყო მყარი საფარით[7]. ქვეყანაში არ არსებობს რკინიგზის ტრანსპორტი, თუმცა ადრე არსებობდა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა კუნძულ ტონგატაპუზე, რომელიც გადიოდა ნუკუალოფის ცენტრის გავლით პორტისკენ და ემსახურებოდა კოპრის გატანას.
ტონგის კუნძულებს შორის ავიაგადაყვანას ახორციელებს 2013 წელს დაარსებული ტონგის კერძო ავიაკომპანია REALtonga[127][128]. ძირითადი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ახორციელებენ ფრენებს, დღეისათვის არიან „Air Pacific“, „Air New Zealand“, „Pacific Blue“[129]. სულ 2007 წელს ქვეყანაში მოქმედებდა 6 აეროპორტი, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთის (ფუაამოტუს საერთაშორისო აეროპორტი) ასაფრენ-დასაჯდომ ზოლს ჰქონდა მყარი საფარი[7]. სიდიდით მეორე აეროპორტია ვავაუს აეროპორტი.
ტონგის პრესა წარმოდგენილია სამი ყოველკვირეული გამოცემით: გაზეთი „Tonga Chronicle“ (ტონგური ენა — Ko e Kalonikali Tonga) ეკუთვნის ქვეყნის მთავრობას და გამოიცემა კვირაში ერთხელ პარასკევობით ორ ენაზე, ტონგურზე და ინგლისურზე (გაზეთის ტირაჟი ტონგურ ენაზე შეადგენს დაახლოებით 5 ათას ეგზემპლარს, ინგლისურ ენაზე — 1,5 ათასს[131].); „Times of Tonga“ (ტონგური ენა — Taimi o Tonga) კერძოა და გამოიცემა ოკლენდში (ახალი ზელანდია) კვირაში ორჯერ ცალკე გამოცემად ტონგისათვის (დაარსდა 1989 წლის აპრილში[132].); ჟურნალი „Matangi Tonga“ ასევე კერძოა[133]. ქვეყანაში იბეჭდება კიდევ რამდენიმე სტამბური გამოცემა: „Lao moe Hia“ (სასამართლო საქმეების პუბლიკაცია; ტონგურ ენაზე[134].), „Ko e Kele’a“ (პოლიტიკური კომენტარები[135].) და რამდენიმე რელიგიური გამოცემა[131].
ტონგაში მაუწყებლობს ერთი AM-სადგური („Radio Tonga 1“), ოთხი FM-სადგური: „Kool 90FM“ (ეკუთვნის ტონგის სამთავრობო ტელერადიოსამაუწყებლო კომისიას), „Radio 2000“ (კერძო რადიოსადგური), 93FM (კერძო რელიგიური), „Radio Nuku’alofa“ (კერძო)[133]. 2004 წელს ტონგაში სამი კომპანია წარმოადგენდა სატელევიზიო მომსახურებას: ტონგის ტელერადიოსამაუწყებლო კომისია (ინგლ.Tonga Broadcasting Commission, სამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის არხები „Television Tonga“ და „TV Tonga 2“), „Tonfon“ (ფასიანი საკაბელო ტელევიზია), „Friendly Island Broadcasting Network“ (კერძო კომპანია, რომელიც ახორციელებს მომსახურებას ვავაუს კუნძულებზე)[133].
ტონგაზე შესაძლებელია სხვადასხვა ტელესაკომუნიკაციო სახეობებით სარგებლობა, მათ შორის, ტელეფონი და ინტერნეტი. 2007 წელს ქვეყანაში სარგებლობაში იყო 21 ათასზე მეტი საშინაო ტელეფონი და 46 500 მობილური ტელეფონი. ინტერნეტით სარგებლობდა 8400 ადამიანი[7].
ტურიზმი
საკმაოდ დიდ ხანს ტონგის ეკონომიკის შედარებით სუსტად იყო განვითარებული. მხოლოდ 1966 წელს სამეფოს მთავრობამ გადადგა პირველი დიდი ნაბიჯი არქიპელაგზე ტურიზმის განვითარების გზაზე: აშენდა ქვეყანაში უდიდესი ოტელი „International Dateline Hotel“[136]. დღეისათვის ტურიზმი ასრულებს მთავარ როლს ტონგის ეკონომიკაში, რომელიც უცხოური ვალუტის მოზიდვის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. 2004 წელს ქვეყანა მოინახულა 41 208 ტურისტმა, რაც თითქმის 10 ათასით მეტია, ვიდრე 1999 წელს: მაშინ ქვეყანას ეწვია 30 949 ადამიანი[137]. ქვეყანას ძირითადად სტუმრობენ ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან და აშშ-დან[138]. 2003 წელს ტონგაში ჩამოსულების ძირითადი მგზავრობის მიზანი იყო კუნძულებზე არდადეგების/შვებულების გატარება, ასევე მეგობრების და ნათესავების მონახულება[139], ხოლო დასვენების ძირითადი სახეობები უცხოელებისათვის იყო — დაივინგი, სპორტული თევზაობა, კულტურული ტურიზმი, იახტით ცურვა, სერფინგი, ბანაკი.
რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზების მიღება ქვეყანაში ჩასასვლელად. როგორც წესი, ვიზა გაიცემა უფასოდ აეროპორტშივე სამეფოში შესვლისას. მოქმედების ვადა — 1 თვე. მისი მიღებისთვის აუცილებელი პირობებია უკან დასაბრუნებელი ბილეთი და საკმაო რაოდენობის თანხა ტონგაში დასასვენებლად. მიუხედავად ამისა, რიგი სახელმწიფოების მოქალაქეები ვალდებულები არიან აიღონ ვიზა ქვეყანაში შესვლამდე[140].
საგარეო ეკონომიკური კავშირები
ტონგის ექსპორტის ძირითადი დარგებია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია (ყაბაყი, თევზი, ვანილი და სხვა). ქვეყანა დამოკიდებულია საკვები პროდუქტების იმპორტზე, მანქანათმშენებლობის პროდუქციაზე და სატრანსპორტო საშუალებებზე, საწვავზე, ქიმიურ პროდუქციაზე. იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს. 2006 წელს ექსპორტის მოცულობამ შეადგინა $ 22 მილიონი, ხოლო იმპორტის — $ 139 მილიონი[7].
2007—2008 წლების ბიუჯეტით (საბიუჯეტო წელი გრძელდება 1 ივლისიდან 30 ივნისის ჩათვლით) ხარჯებმა შეადგინა 109,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავლებმა — 80,48 მილიონი აშშ დოლარი[7]. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ყველაზე დიდი დარგებია საბინაო-კომუნალური მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა[141]. შემოსავლებს შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს საგადასახადო შემოსავლებს[142].
ასევე ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა საფოსტო მარკა, რომელიც იწვევს მთელი მსოფლიოს ფილატელისტების ინტერესს.
ტონგის შიდა საბანკო სისტემას წარმოადგენს სამი უცხოური (Westpac Bank of Tonga, ANZ Bank, Malaysian Banking finance) და ერთი ადგილობრივი ბანკი (Tonga Development Bank)[143]. ამ ბანკების ზედამხედველობას ახორციელებს ტონგის ეროვნული სარეზერვო ბანკი (ინგლ.National Reserve Bank of Tonga), რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკია.
სოციალური სფერო
ჯანდაცვა
ტონგაში არსებობს ოკეანეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ განვითარებული ჯანდაცვის სისტემა[144]. თუმცა ქვეყანაში დღემდე ძლიერია ხალხური მედიცინის პოზიციები, ტონგელების უმრავლესობა უარს არ ამბობს კვალიფიკაციურ სამედიცინო დახმარებაზე. ჯანდაცვის სამთავრობო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება უფასოა, მაგრამ მოსახლეობას ხშირად უწევს თანხის გადახდა მედიკამენტების უმრავლესობაზე[145]. კერძო სექტორი ჯანდაცვის სფეროში პრაქტიკულად განუვითარებელია და უპირატესად წარმოდგენილია მკურნალების და სამთავრობო ექიმების სახით, რომლებიც იქ მუშაობენ სამთავრობო დაწესებულებებში სამუშაოს დამთავრების შემდეგ. ტონგაში არსებობს სამედიცინო დაზღვევის სისტემა, მაგრამ ის მოიცავს მხოლოდ სამთავრობო მოსამსახურეებს[145].
ჯანდაცვის სისტემის უკეთ მართვისა და მოსახლეობისადმი ხარისხიანი მომსახურების მიზნით ტონგის სამეფო დაყოფილია ოთხ სამედიცინო ოლქად[144]. ქვეყანაში მოქმედებს ნუკუალოფაში არსებული 199 ადგილიანი საერთო ტიპის ერთი საავადმყოფო, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ავადმყოფობებით დაავადებული პაციენტების მკურნალობას (მათ გარდა, რომელთა მკურნალობა მოითხოვს წამყვან ქირურგიას და სხვა მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მოწყობილობებს)[144]. ეუას, ჰააპაის და ვავაუს კუნძულებზე მოქმედებს სამი საოლქო ცენტრალური საავადმყოფო შესაბამისად 16, 28 და 61 ადგილიანი[145]. ამას გარდა, ქვეყანაში არსებობს პირველადი სამედიცინო დახმარების 14 ცენტრი [146] და დედების ჯანდაცვის 34 ცენტრი[145]. 2003 წელს ტონგაში დარეგისტრირებული იყო 32 თერაპევტი, 23 სტომატოლოგი, 342 მედდა, 21 მეანი.[146]
ტონგაში დაავადებების ძირითადი მიზეზებია: მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი, პნევმონია, დიარეა[146][147]. ბოლო ათწლეულში ტონგაში ფართე განვითარება მიიღო არაკონტაგიურმა დაავადებებმა, ისეთებმა როგორებიცაა: შაქრის დიაბეტი, გასუქება, სისხლ-ძარღვების დაავადება, რომელთა გავრცელების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორებით, რომელთა შორის შეიძლება გამოიყოს: გლობალიზაციის პროცესი, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, წარმოების ავტომატიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის რაციონში ცხიმის და შაქრის მაღალი შემცველობის იმპორტული საკვების მომატება, ზრდასრული ასაკის მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის შემცირება, მწეველთა რაოდენობის მომატება[148]. ბოლო წლებში განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები[148].
ფართედ გავრცელებულია თამბაქოს მოწევა: 2006 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ყოველდღიურად ეწევა ტონგის 16 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 21 % (33 % მამაკაცები და 9 % — ქალები)[149].
განათლება
სასკოლო განათლება ტონგის არქიპელაგზე გაჩნდა პროტესტანტმისიონერებთან ერთად, რომლებიც ჯონ უესლის იდეებს ავრცელებდნენ და რომლებმაც პირველებმა დააარსეს ქრისტიანული მისია არქიპელაგზე. შემდგომში განათლების სისტემაში დიდი გავლენა მოახდინა სხვა ქრისტიანული სწავლებების წარმომადგენლებმა. უკვე 1876 წელს ტონგის კუნძულებზე შემოიღეს საყოველთაო დაწყებითი განათლება[150]. 1882 წელს განათლების სისტემა გადავიდა მთავრობის კონტროლის ქვეშ, მაგრამ უკვე 1906 წელს ბევრ რელიგიურ მისიებს ხელახლა ნება დართეს გაეხსნათ საკუთარი სკოლები[151]. მთლიანად, სამეფოში განათლების სისტემა ოკეანეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა მაღალი დონით, მაგალითად, ქვეყანაში აღინიშნა განათლების მაღალი დონე: 1999 წლის შეფასებით, მოსახლეობის 98,9 %-მა იცოდა წერა-კითხვა ტონგურ და ინგლისურ ენებზე[7].
ტონგაში განათლება სავალდებულოა და უფასოა 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა მოიცავს რამდენიმე საფეხურს: ექვსწლიანი დაწყებითი განათლება, შვიდწლიანი საშუალო განათლება და უმაღლესი განათლება (ექვსი თვიდან სამ წლამდე)[152].
ქვეყანაში დაწყებითი განათლება სავალდებულოა. 1997 წელს დარეგისტრირებული 116 დაწყებითი სკოლიდან 105 სკოლა იმყოფებოდა მთავრობის დაქვემდებარებაში, დანარჩენი — არასამთავრობო (ძირითადად საეკლესიო)[152]. 2006 წელს მათში სწავლობდა 16 941 ბავშვი (მათ შორის ბიჭები — 8958, გოგონები — 7983), მასწავლებლების რაოდენობა — 760 ადამიანი[153].
1997 წელს ტონგაში მოქმედებდა 41 საშუალო საგანმანათლებლო სკოლა, ან კოლეჯი[152]. 2006 წლის მდგომარეობით მათში სწავლობდა 14 311 ბავშვი (მათ შორის ბიჭები — 7364, გოგონები — 6947); მასწავლებლების რაოდენობა — 999 ადამიანი[153]. ამასთან ბავშვების დიდი ნაწილი განათლებას იღებდა არასამთავრობო სკოლებში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შემდგომი განათლების მიღება შეიძლება 14 საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის 8 — სამთავრობო)[152], მათ შორის პროფესიონალურ-ტექნიკური სწავლების და განათლების ინსტიტუტში (ინგლ.Institute for Vocational Education and Training), პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ინგლ.Polytechnical Institute), პედაგოგიურ კოლეჯში (ინგლ.Teacher's College), დედეფალ სალოტეს სახელობის მედდების სკოლაში (ინგლ.Queen Salote School of Nursing) და ტონგის პოლიციის სპეციალურ სასწავლებელში (ინგლ.Tonga Police Training School)[150]. ამას გარდა, ნუკუალოფაში მდებარეობს სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტისკამპუსი[154].
ბევრი ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა ავსტრალია, ახალი ზელანდია და იაპონია, ტონგას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რაც გამოიხატება ქვეყნის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებაში[155].
კულტურა
სოციალური ორგანიზება
ტონგას თანამედროვე საზოგადოება, ისევე როგორც ტრადიციული, განსხვავდება მოსახლეობის მაღალი სოციალური სტრატიფიკაციით (ლათ.stratum − ფენა და facio − ვაკეთებ) და იერარქიულობით. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში საზოგადოების რანგებად დაყოფის მიუხედავად მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც საზოგადოებაში საკმაოდ გაათანაბრა განსხვავება სხვადასხვა სოციალურ დაჯგუფებებს შორის[156]. ტონგის საზოგადოებაში გამოიყოფა სამი ძირითადი სოციალური ჯგუფი: სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, ანუ ჰა’ა ტუ’ი (ტონგური ენა — Ha’a Tu’i), არისტოკრატია/ბელადები, ანუ ჰოუ’ეიკი (ტონგური ენა — hou’eiki), და ჩვეულებრივი ხალხი, ანუ კაუ ტუ’ა (ტონგური ენა — kau tu’a)[157]. ყველა ტიტული დღემდე რჩება შთამომავლობითად და, როგორც წესი, გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი ხაზით[158]. 1875 წლის კონსტიტუციით ტონგაში შემოღებულია ახალი რანგი — მიწის არისტოკრატია, ანუ ნოპელე (ტონგური ენა — nōpele)[156].
ტონგაში საზოგადოების სოციალური ორგანიზება, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის იერარქიას, რომელიც დამოკიდებულია მათ სტატუსზე და ხელისუფლებაზე, მნიშვნელოვნად მოქმედებს ოჯახის, ანუ გვარის (ტონგური ენა — famili), და გაფართოებული ოჯახის, ანუ კაინგას (ტონგური ენა — kainga) სისტემის საფუძველზე. ტონგური გვარი შედგება ოჯახური წყვილისაგან და მათი ბავშვებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ ერთ სახლში, ხოლო კაინგა — ყველა ნათესავისაგან, რომლებიც ცხოვრობენ ერთ ან რამდენიმე სოფელში. ადამიანის სტატუსის გამოსავლენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი სქესი და ასაკი. მაგალითად, ტონგის საზოგადოებაში ქალების მდგომარეობა ტრადიციულად ითვლება უფრო პრივილიგებურად, ვიდრე მამაკაცების მდგომარეობა[158]. მაგრამ მიწის ან ტიტულების მემკვიდრეობა ხდება მამაკაცის ხაზით. ბავშვების სტატუსი, როგორც წესი, განისაზღვრება დაბადების რიგით, სქესით, დაბადების ადგილით, მათი მშობლების სტატუსით და ავტორიტეტით[159].
სამზარეულო
ძველი ტონგელების რაციონის საფუძველს წარმოადგენდნენ ისეთი სასოფლო-სამეურნეო მცენარეები, როგორებიცაა: ტარო, იამსი, ბანანი, ქოქოსი. საკმაოდ გამოიყენებოდა თევზი, რომელიც, როგორც წესი, იწვებოდა სპეციალურ ფურცლებში გახვეული მიწისქვეშა ღუმელებში. დელიკატესად ითვლებოდა სხვადასხვა მოლუსკები, რომლებსაც უმად ჭამდნენ. ფართედ იყო გავრცელებული ქოქოსის რძისაგან დამზადებული სასმელები. არქიპელაგის ძველი მაცხოვრებლები ასევე ამრავლებდნენ ღორებს, მაგრამ მათ მიირთმევდნენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად დღესასწაულებზე.
XIX—XX საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი მოსახლეობის რაციონში გამოჩნდა ბევრი პროდუქტი და მცენარეულობა, რომლებიც არქიპელაგზე შემოიტანეს ევროპელებმა, მაგალითად ხახვი, კომბოსტო, სტაფილო, ჩვეულებრივი პომიდორი, ფორთოხალი, ლიმონი და მანიჰოტი, რომლებიც უფრო ადვილად მოსაყვანები იყვნენ, ვიდრე ტრადიციული იამსი. ამას გარდა, გამოჩნდა საზამთრო, რომელმაც ტონგაში მოიპოვა დიდი პოპულარობა: მისგან დაიწყეს უალკოჰოლო გრილი სასმელის ოტაის (ტონგური ენა — ‘otai) დამზადება (საზამთროს სოკის, ქოქოსის რძის და, შესაძლებელია სხვა ხილის სოკების, მაგალითად მანგოს და ანანასის ნარევი).
ტონგის ტრადიციულ კერძებს შორის შეიძლება გამოიყოს:
ლუ-პულუ (ტონგური ენა — lu pulu) — დამარილებული, შემწვარი ტაროს ფოთლებში, ხახვთან და ქოქოსის რძესთან ერთად.
ლუ-სიპი (ტონგური ენა — lu sipi) — იგივე, როგორიცაა ლუ-პულუ, ოღონდ ცხვრის ხორცისაგან დამზადებული.
ვაი -სიაინე (ტონგური ენა — vai siaine) — კერძი, რომელიც გვაგონებს სუპს და დამზადებულია მწიფე ბანანისაგან და ქოქოსისაგან[160].
კუნძულელების ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პოლინეზიაში ფართედ გავრცელებულ ნარკოტიკულ სასმელ კავას, რომელიც კეთდება მცენარე ლათ.Piper methysticum ფესვებისაგან. ცერემონიალური ფუნქციების და საკმაოდ სასიამოვნო სასმელის გარდა, კავა ტონგელების მიერ იხმარება თავის ტკივილის, დიარეის, ჰემოგლობინურიის, ტუბერკულოზის, კეთრის, კარცინომის, ასთმის, კუჭის აშლილობის და უძილობის წინააღმდეგ საშუალებად[161]. ტონგურ მითოლოგიაში არსებობს ლეგენდა, რომელშიც აიხსნება სასმისის წარმოშობა. ლეგენდაში მოთხრობილია იმასზე, თუ როგორ გადაწყვიტა უზენაესმა ბელადმა ლოაუმ ქვეყანაში შიმშილობის დროს გამგზავრებულიყო თავის ქვეშევრდომებთან ფევა’ანგასთან და მის ცოლ ფეფაფასთან, რომლებიც ცხოვრობდნენ კუნძულ ეუეიკიზე. მაგრამ საპატიო სტუმარს ტონგელებმა სუფრაზე ვერაფერი მიართვეს, ამიტომ მათ გადაწყვიტეს მოეკლათ საკუთარი ქალიშვილი სახელად კავა’ონაუ, რომელიც კეთრით იყო დაავადებული, და მისგან დაემზადებინა რაიმე გემრიელი საჭმელი. როდესაც ამის შესახებ შეიტყო ლოაუმ, მან უარი თქვა საჭმელზე და თავის ქვეშევრდომებს უბრძანა დაემარხათ ის სახლის უკან. ფევა’ანგა და ფეფაფა მას უსიტყვოდ დაემორჩილა, საკუთარი მოკლული ქალიშვილის თავი დამარხეს ერთ ადგილას, ხოლო დანარჩენი ნაწილი — მეორე ადგილას. ხუთი დღის შემდეგ დამარხვის ადგილებზე გამოჩნდა ორი სავსებით უცნობი მცენარე: ქალიშვილის თავის დამარხვის ადგილას გაიზარდა მცენარე კავა (ლათ.Piper methysticum), ხოლო მეორე ადგილას — შაქრის ლერწამი[162][163].
მუსიკა
ცნობები ტონგის მუსიკაზე და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, რომელიც არსებობდა კუნძულებზე ევროპელების გამოჩენამდე, პრაქტიკულად არ არის შემონახული. ზოგიერთმა პირველმა ევროპელმა მოგზაურმა, რომლებიც იყვნენ არქიპელაგზე, ჯეიმზ კუკმა და უილიამ მარინერმა, გააკეთეს საკუთარ დღიურებში რამდენიმე ჩანაწერი ტრადიციულ მუსიკაზე, რომლებიც მათ მოისმინეს ცეკვების შესრულების დროს. ტონგის ხალხურ ინსტრუმენტებს შორის გვხვდება: იდიოფონი (ბარაბანი, გონგი, ვარგანი), ქორდოფონი, აეროფონი (ცხვირის ფლეიტა, ნიჟარისგან დამზადებული საყვირი, ჩვეულებრივი ნიჟარები, ფლეიტები)[164].
ევროპელების მოსვლამდე ბარაბნები არ გამოიყენებოდა მთელ დასავლეთ პოლინეზიაში (ტოკელაუს გამოკლებით)[165]. ტონგის კუნძულებზე ისინი, სავარაუდოდ, შემოტანილი იქნა შედარებით ახლო პერიოდში სამოადან ცეკვა მაʻულუʻულუსთან (ტონგური ენა — māʻuluʻulu) ერთად და მას შემდეგ მათ განიცადეს მნიშვნელოვანი „მოდერნიზაცია“: დღეისათვის ტონგური ბარაბნები, ანუ ნაფა (ტონგური ენა — nafa), როგორც ნასვრეტიანი გონგის ძველებური ფორმის დასახელება, ყველაზე ხშირად მზადდება ნავთობპროდუქტების კასრებისაგან მოცულობით 44 გალონი, რომლებიც შემდეგ იჭრება შუაზე და იფარება ხბოს ტყავით[166]. ტონგაზე ფართე გავრცელება მიიღო ნასვრეტიანმა გონგებმა, რომლებისგანაც გამოიყოფა ორი ძირითადი ტიპი: ნაფა (ტონგური ენა — nafa), რომელიც მოიხსენია ჯეიმზ კუკმა თავის დღიურში 1784 წელს, და ფიჯის კუნძულებიდან შემოტანილი ლალი (ტონგური ენა — lali). კუკის აღწერილობის თანახმად, ნაფას ჰქონდა 0,9 მეტრიდან 1,2 მეტრამდე სიგრძე, სისქე — ადამიანის სისქეზე ორჯერ ნაკლები, ასევე მომცრო 8 სმ-იანი ნასვრეტი, რომელიც გადაჭიმული იყო ინსტრუმენტის მთელ სიგრძეზე[166]. ნაფაზე დაკვრის დროს გამოიყენებოდა მყარი მერქნისაგან დამზადებული ორი მაჯის სიმსხო ჯოხი სიგრძით 30 სმ, რომელსაც ურტყამდნენ ნასვრეტებიანი გონგის ბოლოსთან შუაში და ახლოს[167]. ლალის ტრადიციულად იყენებდნენ არა მუსიკალური მიზნებისათვის, არამედ მშვიდობიან პერიოდში ბელადების შესაკრებად ან ომების დროს შეტევის დაწყებისას[167]. ლალის ნაირსახეობა — ლალი-ფაივა (ტონგური ენა — lali faiva), გამოიყენება მეკეს (ტონგური ენა — meke) ცეკვის შესრულებისას[166].
ვარგანის ადგილობრივი ნაირსახეობაა ʻუტეტე (ტონგური ენა — ʻutete), რომელიც კეთდება ქოქოსის პალმის ფურცლისაგან სიგრძით 25 სმ და სიგანით 3 სმ. ძველად მასზე დაკვრა გავრცელებული გართობა იყო ბავშვებს შორის, მაგრამ დღეისათვის ეს მუსიკალური ინსტრუმენტი საკმაო იშვიათობაა[164]. სხვა იდიოფონებს შორის შეიძლება აღინიშნოს ტოფუა (ტონგური ენა — tofua) — დახვეული ქსოვილი, რომლის შიგნით მდებარეობს ბამბუკისღერო და რომლის ხმოვანობა მიიღწევა ორი ჯოხის დარტყმით; გამოიყენება ფაჰაიულას, ულას და ოტუჰაკას ცეკვების მუსიკალური გაფორმების დროს[164].
ქორდოფონებიდან ტონგაზე გვხვდება მხოლოდ ევროპელების მიერ შემოტანილი გიტარები, ასევე უკულელე. ყველა ისინი გამოიყენება, როგორც წესი, სასიყვარულო სიმღერების, ანუ ჰივა-კაკალას შესრულებისას. აეროფონებიდან გავრცელებულია ცხვირის ფლეიტები, ანუ ფანგუფანგუ (ტონგური ენა — fangufangu), როგორც სხვადასხვანაირი მოლუსკების ნიჟარები, რომლებიც გამოიყენებოდნენ მუსიკალური საყვირის სახით. ფლეიტები, ანუ მიმიჰა (ტონგური ენა — mimiha) უკანასკნელ ასწლეულში დიდი იშვიათობა გახდა[164].
ტონგის თანამედროვე მუსიკა ჩამოყალიბდა ევროპული, წყნაროკეანური და კარიბული წარმოშობის სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების გავლენით[168]. სიმღერების სიტყვები წარმოადგენენ ლექსებს, რომლებიც აგებულია ჰელიაკის (ტონგური ენა — heliaki) პრინციპზე: „ერთის თქმა, მაგრამ მეორის აღქმა“[168]. სიმღერებიდან ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენენ ცერემონიალური საცეკვაო სიმღერები, ანუ ფაივა (ტონგური ენა — faiva). საკმაოდ პოპულარულია სასიყვარულო სიმღერები ჰივა-კაკალა (ტონგური ენა — hiva kakala)[169].
ცეკვები
ძველად ფართედ გავრცელებული და დღეისათვის შემორჩენილი ოფიციალური ცერემონიალური ცეკვაა მეʻეტუʻუპაკი (ტონგური ენა — meʻetuʻupaki), რომელსაც ასრულებენ მამაკაცები[170]. ამ ცეკვის შესრულებისას გამოიყენება სპეციალური მარაოები, რომლებსაც ჰქვია პაკი (ტონგური ენა — paki), ასევე ტონგური ნასვრეტიანი ბარაბანი, ანუ ნაფა (ტონგური ენა — nafa), რომელზეც ურტყავენ ორ სპეციალურ ხის ჯოხს. ხმოვან თანხლებას უზრუნველყოფს მამაკაცების და ქალების ჯგუფი, რომლებიც სხედან მოცეკვავეთა წინ ნაფაზე შემსრულებელთან ერთად. ძველად მეʻეტუʻუპაკი სრულდებოდა მხოლოდ საგანგებო შემთხვევების დროს, რომელსაც ჰქონდა საერთო ეროვნული მნიშვნელობა, მაგალითად, წელიწადში პირველი ხილის ცერემონიის — ʻინასის (ტონგური ენა — ʻinasi) დროს, როდესაც ტონგის მოსახლეობას მოჰქონდა ძღვენი არქიპელაგის ერთ-ერთ უზენაეს ბელად ტუი-ტონგასთან. დღეისათვის ეს ცეკვა სრულდება სოფლებში, რომლებშიც ცხოვრობენ ტუი-ტონგას შთამომავლები[170].
ტონგაზე მამაკაცების ცეკვისაგან განსხვავებით ქალთა ცეკვა გამოირჩევა მცირე ფორმალობით და შეიძლება სრულდებოდეს მთელი დღე-ღამის განმავლობაში (მამაკაცთა ცეკვა, როგორც წესი დღისით)[170]. მათ შორის ყველაზე ცნობილია მჯდომარე ცეკვა ʻოტუჰაკა (ტონგური ენა — ʻotuhaka) და მდგომარე ცეკვა ულა (ტონგური ენა — ula). ამ ცეკვების შესრულებისას მუსიკალური თანხლება და ხელების მოძრაობა საკმაოდ მსგავსია, ხოლო თვითონ ისინი, როგორც წესი, სრულდება ერთი მეორის შემდეგ. თუმცა დღეისათვის ცეკვების შესრულებისას უფრო ხშირად იყენებენ ჩვეულებრივ ბარაბანს ან გიტარას, ძველად ʻოტუჰაკას და ულას თან სდევდა ტაფუას ხმა, მუსიკალური ინსტრუმენტისა, რომელიც კეთდებოდა ქსოვილში გახვეული ორი ბამბუკის შტოსაგან. ხმის მისაღებად გამოიყენებოდა ორი სპეციალური ჯოხი[171]. ბოლო დროს საკმაო პოპულარობით სარგებლობს ცეკვა ტაუʻოლუნგა (ტონგური ენა — tauʻolunga), რომელიც, სავარაუდოდ, ტონგაზე შემოტანილია სამოადან. მასში შედის ყველა მოძრაობა, რომელიც არსებობს ულას ცეკვაში, მაგრამ ფეხების ბევრი მოძრაობით[172].
მეორე ცნობილი ტონგური ცეკვა, რომელიც იუნესკომ 2003 წელს გამოაცხადა „კაცობრიობის საგანძურის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად“, არის ლაკალაკა (ტონგური ენა — lakalaka)[173]. ის სრულდება როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მიერ ერთი სოფლიდან (მათი რაოდენობა ზოგჯერ აღწევს 400 ადამიანს[174]), რომლებიც მწკრივდებიან ორ რიგად: ქალები — მარცხნივ, მამაკაცები — მარჯვნივ. ცეკვის დროს, რომელიც იწყება ლექსებიდან, შემსრულებლები პრაქტიკულად დგანან ადგილზე, მხოლოდ ხელებით აკეთებენ სპეციალურ მოძრაობებს[171], ამასთან მამაკაცები იყენებენ ერთ მოძრაობას, ხოლო ქალები — მეორეს (ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სრულდება ორი სხვადასხვა ცეკვა)[174].
მაʻულუʻულუ (ტონგური ენა — māʻuluʻulu) — მჯდომარე ცეკვაა როგორც მამაკაცებისთვის, ისევე ქალებისათვის, რომელშიც გამოიყენება მოძრაობა, რომელიც არსებობს ოტუჰაკას, ულას და ლაკალაკას ცეკვებში. სავარაუდოდ, იგი ტონგაზე შემოტანილი იქნა სამოადან XIX საუკუნის ბოლოს[175]. მისი შესრულებისას მოცეკვავეები იატაკზე ფეხებგადაჯვარედინებულები სხედან რამდენიმე რიგში. ცეკვას თან ახლავს ბარაბანზე დაკვრა, ხელების განსაკუთრებული მოძრაობა და ტაშის ცემა. იგი სრულდება მხოლოდ განსაკუთრებული ოფიციალური შემთხვევების დროს და გამოხატავს ტონგაში არსებული საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურისადმი ლოიალურობას[176]. 2008 წელს ჯორჯ ტუპოუ V-ის კორონაციის დროს ცეკვა მაʻულუʻულუს ასრულებდა 9000 მოსწავლე[177].
არქეოლოგიური ძეგლები
მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიური თვალსაზრისით ტონგის კუნძულები საკმაოდ ცუდად არის შესწავლილი, მთელ რიგ კუნძულებზე შენარჩუნებულია ძვირფასი არქეოლოგიური ძეგლები, მათ შორის აღმოჩენათა დიდი რაოდენობა, რომელიც ეკუთვნის ლაპიტას კულტურას და რომლებიც ნაპოვნია სამეფოს ყველა კუნძულზე (სულ არქეოლოგიური გათხრების დაახლოებით 30 ადგილი, რომელთაგან უმრავლესობა მდებარეობს ჰააპაის კუნძულებზე). კანადისსაიმონ ფრეიზერის სახელობის უნივერსიტეტის (ინგლ.Simon Fraser University) პროფესორის — დევიდ ბერლის (ინგლ.David Burley) გამოკვლევების თანახმად, ტონგატაპუს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელი ნუკულეკა სავარაუდოდ ტონგელების ან პოლინეზიელების უძველესი დასახლებაა, ანუ იგი შეიძლება ჩაითვალოს „პოლინეზიის აკვნად“[178]. ისტორიული და არქეოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქალაქი მუა (ტონგური ენა — Muʻa), რომელიც მდებარეობს დაახლოებით 12 კმ-ში ტონგის თანამედროვე დედაქალაქ — ნუკუალოფადან, და რომელიც იყო XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე სამეფოს რიგით მესამე დედაქალაქი (პირველი ითვლება სოფელი ტოლოა, მეორე — ჰეკეტა)[179]. ქალაქ მუას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ლაპაჰას რაიონი, ტუი-ტონგას დინასტიის საცხოვრებელი ადგილი და უზენაესი ხელისუფლების ცენტრი. ამას გარდა, ის ცნობილია როგორც ტონგის იმპერიის გეოგრაფიული ცენტრი XIII საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით პერიოდში, ისევე როგორც უზენაესი ბელადების დაკრძალვის ადგილი (სულ ლაპაჰაში სავარაუდოდ არსებობს 22 სამარხი, ანუ ლანგი (ტონგური ენა — langi), რომლებიც წარმოადგენენ მომცრო ბორცვებს საკმაოდ წაკვეთილი პირამიდების ფორმით)[179].
ჰაამონგა-ა-მაუის ტრილიტი
კუნძულ ტონგატაპუს ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ნიუტოუადან შორიახლოს, მდებარეობს ცნობილი 12-ტონიანი ტრილიტი ჰაამონგა-ა-მაუი (ტონგური ენა — Haʻamonga ʻa Maui; ტონგური ენიდან თარგმანში — „ღმერთ მაუის ტვირთი“) — წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ერთადერთი მეგალითური თაღი, რომელიც შედგება სამი მარჯნული ფილისაგან სიმაღლით 5 მეტრი, სიგანით 2 მეტრი და სიგრძით 6 მეტრი (გარედან ჰგავს სტოუნჰენჯს). შენობის აშენების ზუსტი დრო და მისი დანიშნულება უცნობია. სავარაუდოდ, ის აშენებული იქნა XIII საუკუნის დასაწყისში, რიგით მეთერთმეტე ტუი-ტონგას — ტუიტატუის მართველობის პერიოდში[180]. ასევე არსებობს რამდენიმე თვალსაზრისი ჰაამონგა-ა-მაუის ფუნქციის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, შენობა აშენდა ტუიტატუის მიერ საკუთარი, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ვაჟების შესარიგებლად (ტრილიტს სიმბოლურად მათ შორის უნდა გამოესახა ნათესაური კავშირი), ან მას შეეძლო გამოესახა ძველად ამ ადგილას არსებული სამეფოს ტერიტორიის შესასვლელი[181].
ტრადიციული თამაშები
მთელ სამყაროში ფართედ გავრცელებული თამაშების გარდა, რომლებიც ტონგაშიც პოპულარულია (მაგალითად, რაგბი, კრიკეტი, ფეხბურთი), ქვეყანაში არსებობს ბევრი ტრადიციული გართობა (ძირითადად ბავშვებისათვის). მათ შორის ყველაზე ცნობილია პანი (ტონგური ენა — pani), ჰიკო (ტონგური ენა — hiko) და ლანიტა (ტონგური ენა — lanita).
პანი წარმოადგენს თამაშს ორ გუნდს შორის, რომელშიც გამოიყენება ჩოგბურთის ბურთი და 10-12 ალუმინის ქილა. ერთ-ერთმა გუნდმა ამ ქილებისგან უნდა ააშენოს პატარა კოშკი. მას შემდეგ, როდესაც გუნდი ამას გააკეთებს, მეორე გუნდმა უნდა ისროლოს ჩოგბურთის ბურთი, რომ დაანგრიოს კოშკი. თუ ამ მომენტში მეორე გუნდის წევრს შეეხება ბურთი, მაშინ ის გადის თამაშიდან. თუ ის გუნდი, რომელმაც ააშენა პირველი კოშკი კიდევ შეძლებს მის აშენებას, მაშინ მან ხმამაღლა უნდა დაითვალოს 10-მდე და შემდეგ დაიყვიროს „პანი“. თითოეული „პანის“ დაყვირებაზე გუნდი იღებს ერთ ქულას[182].
ჰიკოს თამაში წარმოადგენს ცეკვებს და ჟონგლირებას. იგებს ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე დიდ დროს მოანდომებს ჟონგლირებას ნებისმიერი საგნით (ხილით, ჩოგბურთის ბურთებით ან ცარიელი ბოთლებით)[182].
ლანიტა გუნდური თამაშია, რომელიც საკმაოდ ჰგავს კრიკეტს (თუმცა, ჯოხის გამოკლებით). მასში მომგერიებელმა მოთამაშემ ბურთი მაღლა ჰაერში უნდა ააგდოს, ხოლო შემდეგ ხელით უნდა დაარტყას. თუ ბურთს დაიჭერენ, მაშინ ის გადის თამაშიდან. თუ ვერა, მაშინ მომგერიებელი მოთამაშე უნდა გაიქცეს ორ ბაზას შორის, მანამდე სანამ მასში მოხვდება ბურთი, რომელიც ნასროლია მიმღები მოთამაშისგან. როგორც კი მომგერიებელი მოთამაშე ეხება მეორე ბაზას, მისი გუნდი იღებს ქულას[182].
Christmas Day and the day immediately succeeding Christmas Day
სხვა დღესასწაულები და ფესტივალები
1—7 იანვარი — უიკე ლოტუს (ტონგური ენა — Uike Lotu) კვირეული. წარმოადგენს ლოცვათა კვირეულს, რომლის დროსაც ტარდება საეკლესიო სამსახური და ცერემონია ფაკააფე, როდესაც საეკლესიო პირები ეწვევიან ადგილობრივი მოსახლეობის სახლებს ლოცვების შესასრულებლად, კაიპოლას სადღესასწაულო ბანკეტებზე და კავის ცერემონიისათვის მუსიკის და ცეკვის თანმხლებით[190].
მარტი — შეჯიბრი ტრიათლონში და მუსიკალურ ფესტივალში დედაქალაქ ნუკუალოფაში.
ივნისის დასაწყისი — დღესასწაული ჰააპაის კუნძულებზე და დამოუკიდებლობის დღე.
ივნისის ბოლო — კუნძულ ეუას პარკის დღესასწაული და მის ეუას კონკურსი.
ივლისი — იახტ-კლუბ კალიას შეჯიბრი და გოლფ-ტურნირი ჰეილალა.
4 ივლისი — ჰეილალას ფესტივალი და მეფე ტაუფა’აჰაუ ტუპოუ IV-ის დაბადების დღე. დღესასწაულს თან ახლავს აღლუმები, სილამაზის კონკურსები და სპორტული შეჯიბრებები, იგი მთავრდება ტუპაკაპაკანავას ფაკელების პროცესიით: ამ დღეს ათასობით ადამიანი დგება კუნძულ ტონგატაპუს ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ ანთებული ფაკელებით.
აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით — სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.
სექტემბრის ბოლო — საერთაშორისო მეთევზეთა ტურნირი და არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს („Miss Galaxy Pageant“) შორის შეჯიბრი[192].
↑Ms Lu’isa Tupou Veihola Tu’i’afitu., National Circumstances // The Kingdom of Tonga’s Initial National Communication. In response to its commitments under the United Nations Framework Convention on Climate Change, 2005.
↑ 9.09.19.2Edward R. Lovell, Asipeli Palaki., Introduction // National coral reef status report Tonga.
↑David W. Steadman., Extinction & Biogeography of Tropical Pacific Birds, University of Chicago Press, 2006, ISBN0226771423.
↑Robert Thistlethwaite, David Sheppard, Netatua Prescott., 2.1.6 Mineral resources // The Kingdom of Tonga: action strategy for managing the environment, 1993.
↑ 22.022.122.222.322.4Ms Lu’isa Tupou Veihola Tu’i’afitu., National Circumstances // The Kingdom of Tonga’s Initial National Communication. In response to its commitments under the United Nations Framework Convention on Climate Change, 2005.
↑ 23.023.1Ms Lu’isa Tupou Veihola Tu’i’afitu., National Circumstances // The Kingdom of Tonga’s Initial National Communication. In response to its commitments under the United Nations Framework Convention on Climate Change, 2005.
↑ 25.025.1Edward R. Lovell, Asipeli Palaki., Introduction // National coral reef status report Tonga.
↑ 26.026.1Robert Thistlethwaite, David Sheppard, Netatua Prescott., 2.1.2 Agriculture // The Kingdom of Tonga: action strategy for managing the environment, 1993.
↑Robert Thistlethwaite, David Sheppard, Netatua Prescott., 2.1.5 Water resources // The Kingdom of Tonga: action strategy for managing the environment, 1993.
↑Tonga. Topography. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2008.
↑Arthur L. Dahl, IUCN Commission on National Parks and Protected Areas, United Nations Environment Programme., Review of the Protected Areas System in Oceania: Based on the Work of Arthur Lyon Dahl, IUCN, 1986, ISBN2880325099.
↑Tonga. Avibase — Bird Checklists of the World. ციტირების თარიღი: 2 იანვარი 2009.
↑Kerry James, Taniela Tufui., National Integrity Systems Transparency International Country Study Report. Tonga 2004, Canberra: Transparency International Australia and Asia Pacific School of Economics and Governance at The Australian National University, 2004, ISBN0-9752277-0-X.
↑Diocese of Tonga. The Hierarchy of the Catholic Church. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2009.
↑R. Lanier Britsch.. The Church in the South Pacific. Official Web site of The Church of Jesus Christ of Latter-day Saints. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2009.
↑Country Profiles. Tonga. Official Web site of The Church of Jesus Christ of Latter-day Saints. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2009.
↑ 121.0121.1Barbados Programme of Action + 10 (BPoA), National Assessment Report. Tonga.
↑ 122.0122.1Barbados Programme of Action + 10 (BPoA), National Assessment Report. Tonga.
↑Ms Lu’isa Tupou Veihola Tu’i’afitu., Agriculture // The Kingdom of Tonga’s Initial National Communication. In response to its commitments under the United Nations Framework Convention on Climate Change, 2005.
↑ 124.0124.1124.2124.3Lui A.J. Bell, ‘Ulunga Fa’anunu and Taniela Koloa., Summary // Fisheries Resources Profiles Kingdom of Tonga, 1994—1995.
↑Antoine Teitelbaum and Poasi N. Fale., Support for the Tongan pearl industry // SPC Pearl Oyster Information Bulletin, November 2008, № 18.
↑Ms Lu’isa Tupou Veihola Tu’i’afitu., Transport // The Kingdom of Tonga’s Initial National Communication. In response to its commitments under the United Nations Framework Convention on Climate Change, 2005.
↑Banks of Tonga. National Reserve Bank of Tonga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 25 იანვარი 2009.
↑ 144.0144.1144.2Dr Mili Kaitani and Dr Chris McMurray., 1.3.1. Overview of Health Status // Tonga. A Situation Analysis of Children, Women and Youth, UNICEF Pacific Ofiice, Fiji, 2006.
↑Ms Lu’isa Tupou Veihola Tu’i’afitu., Human Health // The Kingdom of Tonga’s Initial National Communication. In response to its commitments under the United Nations Framework Convention on Climate Change, 2005.
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა. 2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური. 3 იყენებს სახელს პრეზიდენტი.