მარგალიტი (ბერძ. Margaritēs) — მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის (ზღვის — გვარი Pinctada ან მტკნარი წყლის — გვარი Margaritifera) სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.