სოფელში დგას ლევან დადიანისეული სასახლე. სასახლე მდებარეობს მდინარე წაჩხურას ნაპირზე. 1825-1826 წლებში იქ უბრალო ხის ოდა იდგა. მიუხედავად რეზიდენციის ღარიბულობისა აქ სამეგრელოს დედოფალი, ქვრივი ანა ცხოვრობდა. სალხინოშივე იჯდა სალიაპარტიანოს მფლობელი მანუჩარ დადიანი. ლევან V დადიანმა (1804-1840) აქ ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით დაიწყო. საბოლოო სახე შენობამ სალომე მიურატის დროს მიიღო. სასახლეს ზუგდიდის მსგავსად თურქები და ბერძნები აშენებდნენ, ლეცავედან საჭირო მასალა გლეხებს მოჰქონდათ.
სასახლის ქვედა სართულზე განლაგებული იყო 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული მარანი. დიდ დარბაზში ჩაშენებული იყო ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბახუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული.
„სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა... სასახლის დაგეგმარება, პირველ სართულზე განლაგებული მარნითა და ქვევრით, მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული თაღებით, მთლიანად ამართლებს თავის სახელ „სალხინოს“. ამგვარი სასახლის აგების იდეა და თანაც ასეთ ადგილას მხოლოდ თავად ლევან დადიანს თუ მოუვიდოდა თავში, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქეიფსა და დროსტარებაში გაატარა“
(იონა მეუნარგია)
ბოლო დიდი ზეიმი სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო.