Animals (ქართ.ცხოველები) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის კონცეპტუალური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1977 წლის 21 იანვარს. ეს არის ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, ჩაწერილი მის კუთვნილ Britannia Row Studios-ში.
ალბომის სიმღერები ნაწილობრივ აგებულია ჯორჯ ორუელის იგავის — „ცხოველთა ფერმის“ — იდეოლოგიაზე. მის სამ მთავარ სიმღერაში ტექსტების და მუსიკის ავტორი როჯერ უოტერსი იყენებს სამ ცხოველს, რომელთა მეშვეობით იგი ალეგორიულ პარალელებს ავლებს თანამედროვე საზოგადოების ტიპურ წარმომადგენლებთან.
ისტორია
დეივიდ გილმორი მხოლოდ ამ ალბომის ერთი სიმღერის ავტორად არის ნახსენები, თუმცა Dogs მთლიანი ჯგუფის მიერ შექმნილი სიმღერა იყო, რომლის ტექსტიც უოტერსმა დაწერა. ცნობილია, რომ რიჩარდ რაიტს ამ ალბომისთვის არაფერი დაუწერია, თუმცა მუშაობდა „Dogs“-ის პირველი ვერსიაზე, „You Gotta Be Crazy“.
„ეს იყო პირველი ალბომი, რომლისთვისაც არაფერი დამიწერია. და პირველი შემთხვევა, როდესაც ჯგუფის ერთიანობა დაიკარგა. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც როჯერმა რაღაცის შექმნა გადაწყვიტა. არის მასში მუსიკალური მომენტები, რომლებიც მომწონს, მაგრამ ეს არ არის პინკ ფლოიდის ჩემი საყვარელი ალბომი.“
(რიჩარდ რაიტი)
აგრეთვე ალბომში გამოიყენეს Raving and Drooling, რომელსაც Sheep უწოდეს. ზემოთნახსენები ორივე სიმღერა ჯერ კიდევ 1974 წელს დაიწერა და დაგეგმილი იყო მისი შეტანა ალბომში Wish You Were Here. გაუგებრობა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით პირდაპირ მიუთითებს ჯგუფში არსებულ კონფლიქტებზე.
ალბომის სიმღერებში ნაჩვენებია უოტერსის სოციალისტურ ხედვები, მისი მოსაზრებები კლასობრივ სისტემაზე, რომელიც კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებობს. ალბომში ჩნდება ძაღლების, ღორებისა და ცხვრების ანტროპომორფული სახეები. უცნაურია, რომ მათ არ აქვთ გამოკვეთილი როლი. მაგალითად, ძაღლი, რომელიც ჯორჯ ორუელის მიხედვით სასტიკი ჯალათი (ან პოლიციელია), ხან პირქუში ბიზნესმენია, ხან კი — ცხვრების დამშინებელი. თუმცა, უოტერსი მსმენელს მაინც უტოვებს დამოუკიდებელი არჩევანის უფლებას და ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია ტექსტის ინტერპრეტაცია.
პროლოგისა და ეპილოგის სახით ალბომს ახლავს სიმღერა, რომელიც ეძღვნება უოტერსის მეუღლეს, კეროლაინს: Pigs on the Wing, ნაწილი 1 და Pigs on the Wing, ნაწილი 2. ორივე მათგანი მძლავრ კონტრასტშია ცენტრალურ სამ სიმღერასთან. შესაძლებელია, ისინი აღნიშნავენ, რომ შეთანხმება და ჰარმონია მაინც დასძლევს აგრესიას — მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სტრიქონებში ჩანს, თითქოს ავტორი თავად არის ძაღლი და ემალება მფრინავ გოჭებს. სპეციალური კასეტისათვის, რომელიც, ფირის დასრულებისთანავე, ავტომატურად რთავდა ალბომს დასაწყისიდან, გიტარისტ სნოუი უაიტის დახმარებით ჩაიწერა Pigs on the Wing-ის ორივე ნაწილის გადაბმული ვერსია. იგივე ვერსიის მოსმენა შეიძლება უაიტის 1996 წლის ალბომზე Goldtop: Groups & Sessions.
გარეკანი
ალბომის გარეკანი ცალკე კურიოზის თანხლებით შეიქმნა. გიგანტური, ჰელიუმით გაბერილი ღორი გაშვებული იქნა ლონდონში განლაგებული ბატერსის ელექტროსადგურის თავზე. ფოტოგადაღება სტორმ ტორგერსონის მოწყობილი იყო.
გადაღების პირველ დღეს სადგურთან იჯდა სნაიპერი, რადგანაც შესაძლებელი იყო, რომ ღორი ნებისმიერ წამს გაფრინდება. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს გადამღებმა ჯგუფმა აღარ დაიზღვია თავი და არ დაიქირავა იგი. სასაცილოა, მაგრამ სწორედ იმ დღეს, 1976 წლის 3 დეკემბერს, ქარმა ღორი სადგურისგან შორს, ჰიტროუს აეროპორტისაკენ წაიღო, რამაც დააეჭვა აეროპორტის თანამშრომლები და ყველა რეისი გადაიდო. ღორს პოლიციის ვერტმფრენი დაადევნეს, მაგრამ ღორი 5000 ფუტზე აფრინდა და პოლიციელები დაბრუნდნენ. ყველა პილოტს შეატყობინეს, რომ ცაში დაფრინავს გიგანტური ღორი. პოლიციის რადარმა დაკარგა ღორი კენტის მიდამოებში, 18.000 ფუტის სიმაღლეზე - იგი აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავდა. საბოლოოდ, ღორი დაეშვა ერთ-ერთი ფერმერის მინდორზე, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. ღორს მცირე შეკეთება დასჭირდა, ამის შემდეგ კი იგი მესამედ გაუშვეს სადგურის თავზე. საბოლოოდ, ტორგერსონმა დაამონტაჟა ღორისა და სადგურის ფოტოსურათი, რადგანაც არც ერთი ვარიანტი არ მოსწონა.
მთავარი კონვერტის გაშლაზე დაწერილი კომენტარები ნიკ მეისონს ეკუთვნის. მის მიერ ასევე დაწერილია ფირფიტის კონვერტზე გამოტანილი სიმღერების ტექსტები. ფირფიტის ერთ მხარეს გამოსახული იყო ძაღლი, მეორე მხარეს - ღორი და ცხვარი.
სპეციალური გამოცემა აუდიოკასეტაზე
1977 წელს ასევე გამოიცა ალბომის სპეციალური ვერსია აუდიოკასეტაზე. ეს იყო 8 ბილიკიანი კასეტა, რომელიც ავტომატურად რთავდა ალბომის პირველ სიმღერას, როგორც კი მთავრდებოდა უკანასკნელი. შესაბამისად, Pigs on the Wing, ნაწილი 1 და Pigs on the Wing, ნაწილი 2 ერთმანეთთან იყო შეერთებული. ამასთან, სიმღერას ახლდა სნოუი უაიტის მიერ ჩაწერილი სოლო გიტარაზე.