იოანე VI (ბიზანტია)

იოანე VI კანტაკუზენი
Ἰωάννης ΣΤʹ Καντακουζηνός
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი 1347
მმართ. დასასრული: 10 დეკემბერი 1354
წინამორბედი: იოანე V პალეოლოგოსი
მემკვიდრე: იოანე V პალეოლოგოსი
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 15 აპრილი 1353
მმართ. დასასრული: 10 დეკემბერი 1354
წინამორბედი: იოანე V პალეოლოგოსი
მემკვიდრე: იოანე V პალეოლოგოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1292
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია
გარდ. თარიღი: 15 ივნისი 1383
გარდ. ადგილი: პელოპონესი, მორეის დესპოტატი
მეუღლე: ირინე ასანინა
შვილები: მეთიუ კანტაკუზენი
მანუელ კანტაკუზენი
ანდრონიკე კანტაკუზენი
მარია კანტაკუზენი
თეოდორა კანტაკუზენი
ელენა კანტაკუზენი
დინასტია: კანტაკუზენები
მამა: მიხაელ კანტაკუზენი
დედა: თეოდორა პალაიოლოგინა ანგელინა
რელიგია: მართლმადიდებლობა

იოანე VI კანტაკუზენი (ან კანტაკოზენი) (ბერძ: Ἰωάννης ΣΤʹ Καντακουζηνός) (დ. დაახლ. 1292 — გ. 1383, 15 ივნისი) — ბიზანტიის იმპერიის მმართველი 1347-1354 წლებში.

ადრეული ცხოვრება

იოანე VI როგორც იმპერატორი (მარცხნივ) და როგორც ბერი (მარჯვნივ)

იოანე კანტაკუზენი დაიბადა კონსტანტინოპოლში 1292 წელს. ის იყო მიხეილ კანტაკუზენის, მორეის მმართველის, ვაჟი. დედის, თეოდორა ანგელინა პალეოლოგოსის ხაზით ის წარმოადგენდა ბიზანტიის მმართველი დინასტიის შთამომავალს. მას თავისი ცოლი ეირენე ასანინაც აკავშირებდა იმპერიულ დინასტიასთან, რომელიც ნაწილობრივ როგორც პალეოლოგოსების, ასევე კომნენოსებისა და დუკების დინასტიათა შთამომავალიც იყო. იოანე იმპერატორ ანდრონიკე III-ს ახლო მეგობარი და ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი იყო ბაბუამისის, ანდრონიკე II-ს წინააღმდეგ ჭიდილში. როდესაც 1328 წელს ანდრონიკე III-მ იმპერატორის თანამდებობა დაიკავა, მან იოანეს მიანდო უზენაესი საქმეთა მმართველის თანამდებობა.

1341 წელს იმპერატორის გარდაცვალებისას იოანე კანტაკუზენი გახდა იმპერიის მმართველი და დაევალა მისი მცირეწლოვანი ვაჟის იოანე V პალეოლოგოსის მეურვეობა, რომელიც 9 წლისა იყო. იოანეს არ გააჩნდა იმპერიული ამბიციები და რამდენიმეჯერ უარი თქვა მისი მმართველობის ჟამს, ანდრონიკე III-ს შემოთავაზებებზე თანაიმპერატორად ეკურთხებინათ იგი. იმპერატორის გარდაცვალების შემდეგაც არ გატეხა მან თავისი სიტყვა და დაიჟინა, რომ ტახტის კანონიერი მემკვიდრე მხოლოდ და მხოლოდ იოანე V იყო, რომელსაც იმპერიის კონტროლი უნდა აეღო ხელში როგორც კი სრულწლოვანი გახდებოდა. მიუხედავად ვაჟკაცური და ურყევი ერთგულებისა მომავალი იმპერატორისა და დედამისის ანა სავოიელის მიმართ, თავისმა მეგობრობამ აწ გარდაცვლილ იმპერატორთან გააღვივა კონსტანტინოპოლის პატრიარქის და ალექსიოს აპოკავკოსის (ბიზანტიელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე) შური და დედოფლის პარანოია, რომელსაც ის ტახტის უზურპატორი ეგონა. როდესაც იოანე კანტაკუზენი გაემგზავრა მორეაში, მისმა მტრებმა დრო იხელთეს, იოანე V იმპერატორად გამოაცხადეს და გასცეს კანტაკუზენის არმიის დაშლის ბრძანება. როცა ამ ამბებმა არმიამდე მიაღწია, რომელიც დიდიმოტეიქონში (თრაკია) იმყოფებოდა, მათ იოანე კანტაკუზენი იმპერატორად გამოაცხადეს, რითაც დაიწყო სამოქალაქო ომი იოანესა და კონსტანტინოპოლის რეგენტთა საბჭოს შორის, რომელსაც ანა სავოიელი, პატრიარქი და აპოკავკოსი შეადგენდნენ. სამოქალაქო ომმა, რომელიც ამას მოყვა, 6 წელი გასტანა. ამ ომში მოწინააღმდეგე მხარეები სარგებლობდნენ სერბების, ბულგარელების, ოსმალების და ყველანაირი სახის დაქირავებული მებრძოლების დახმარებით. მხოლოდ ოსმალების დახმარება, რომლებთანაც იოანემ გარიგება დადო, აღმოჩნდა გადამწყვეტი და მას ომი მოაგებინა.

სამოქალაქო ომის შემდეგ ბიზანტია იმპერია მხოლოდ სახელით იყო, რადგან ამ ომმა ისე გამოფიტა და დააუძლურა ის, რომ ეს პროცესი შეუქცევადი აღმოჩნდა. ომის დროს ბიზანტიას მოუხდა ბულგარეთის და სერბეთის იმპერიებისთვის საგრძნობლად დიდი ფართობის ტერიტორიების დათმობა. ამის შემდეგ ბიზანტია ძლიერ იმპერიების მუდმივი წნეხის ქვეშ მოექცა, რამაც საბოლოოდ მისი დამხობა გარდაუვალი გახადა. 1348 წელს კი შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, რომელიც პირველად ბიზანტიას შეეხო და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი იმსხველპლა, რის შედეგად იმპერია ფაქტობრივად უმწეო გახდა.

მმართველობა

1347 წელს იოანე ტრიუმფით შევიდა კონსტანტინოპოლში თავისი 1000-კაციანი არმიით და მოწინააღმდეგეებს აიძულა, რომ ის ეცნოთ თანაიმპერატორად იოანე V-თან ერთად, ხოლო ერთადერთ მმართველად მისი მცირეწლოვნობის პერიოდში. აგრეთვე მან თავისი ვაჟი მათე კანტაკუზენი 1353 წელს თანაიმპერატორად გამოაცხადა. მისი მმართველობის ხანაში იმპერია, რომელიც უკვე ყოველგვარად დახლეჩილი და შეკვეცილი იყო, ყველა მხრიდან თავდასხმას განიცდიდა. ომებიდან გამოსაკვეთია წარუმატებელი ომი გენუელებთან, კერძოდ კი მათ კოლონია გალატასთან, რომელიც თვით კონსტანტინოპოლის გადაღმა მდებარეობდა და ვენეცია-გენუის ომი, რომელშიც ბიზანტია ვენეციელებს მიემხრო, თუმცა რეალური შედეგი არც ამას მოუტანია. ომი აგრეთვე გაიმართა სერბებთანაც, რომლებიც იმპერატორ სტეფან დუშანის ხელმძღვანელობით ფართო იმპერიას აყალიბებდნენ ბიზანტიის ჩრდილო-დასავლეთით. ამ ყოველივეს ემატებოდა უკიდურესად რისკიანი ალიანსი ოსმალებთან, რომლებმაც იოანე VI-ის უგუნურებისა და წინდაუხედაობის გამო ევროპაშიც მოიკიდეს ფეხი, კონკრეტულად კი გალიპოლის ნახევარკუნძულზე.

იოანე კანტაკუზენმა ოსმალებს ნახევარკუნძულზე ციხესიმაგრე ჩიმპე უწყალობა დაახ. 1352 წელს, რაც მათი დახმარების საზღაური იყო იოანე V პალეოლოგოსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1354 წლის 2 მარტს გალიპოლი მიწისძვრამ შეარყია და ასობით სოფელი თუ ქალაქი გაანადგურა. გალიპოლზე თითქმის ყველა შენობა დაინგრა, რამაც ბერძენი მოსახლეები აიძულა მოეხდინათ ევაკუაცია. ერთ თვეში ოსმალებმა ხელთ იგდეს მთელი ნახევარკუნძული, ციხესიმაგრეებით განამტკიცეს ის და ანატოლიიდან ჩამოასახლეს თურქი ოჯახები, რითაც მისი კონსოლიდაცია მოახდინეს. იოანე კანტაკუზენმა ოსმალთა სულთანს ორჰან I-ს თანხა შესთავაზა იმ პირობით, რომ ის დაკავებულ ტერიტორიას დაცლიდა. ორჰანმა ამაზე მას უარი უთხრა, რადგან მიიჩნევდა, რომ მას ძალისმიერი მეთოდებით კი არ დაუპყრია ტერიტორია, არამედ ალაჰმა უძღვნა ის საჩუქრად. კონსტანტინოპოლი პანიკამ მოიცვა, რადგან ბევრს სჯეროდა, რომ თურქები მალე ამ ქალაქსაც დაიპყრობდნენ. ამის გამო კანტაკუზენის პოზიცია მერყევი გახდა და ის ტახტიდან ჩამოაგდეს 1354 წლის ნოემბერში. გალიპოლი გახდა პლაცდარმი ევროპის დასაპყრობად და სულ მოკლე ხანში, თურქებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს ბიზანტიური თრაკია, ადრიანოპოლის ჩათვლით.

ბერად აღკვეცა და გარდაცვალება

თავისი დეპოზიციის შემდეგ კანტაკუზენი ბერად აღიკვეცა ოასაფ ქრისტოდულოსის სახელით. 1367 წელს ის დაინიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად, რომელსაც დაევალა ეწარმოებინა მოლაპარაკებები პავლე სმირნელთან, კონსტანტინოპოლის ლათინ პატრიარქთან, მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების შესარიგებლად. ისინი შეთანხმდნენ, რომ მოეწვიათ მსოფლიო საეკლესიო კრება რომელსაც რომის პაპი და როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დაესწრებოდნენ, მაგრამ გეგმები ჩაიშალა რადგან პაპმა ურბან V-მ ამაზე უარი განაცხადა. ის პელოპონესში გარდაიცვალა და ვაჟების მიერ დაკრძალულ იქნა მისტრაში, ლაკონიაში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!