ჯონი ხეცურიანმა საშუალო განათლება მიიღო ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული (1973) და ეკონომიკის (1988) ფაკულტეტები.
1973-1976 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1976-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1977 წელს ხარკოვის იურიდიულ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მორალური ნორმების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში“.
1980-1985 წლებში მუშაობდა ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის პარტიულ ორგანიზაციებში, კურირებდა სამართალდამცავ ორგანოებს. 1985-1989 წლებში სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, მართვის სამართლებრივი პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. 1992-1994 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1994 წლიდან კი — პროფესორი.
1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სამოქალაქო სამართლის ფუნქციები“.
1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. 1999-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2000 წლის ნოემბრიდან 2001 წლის 6 ივლისამდე კვლავ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
1999-2000 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს წევრი.
მისი პირველი სამეცნიერო წერილი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ 1979 წელს გამოქვეყნდა. აქტიურად მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაში. არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის (1991) ერთ-ერთი ავტორი, მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის (1995) და სამოქალაქო კოდექსის (1997) შემუშავებაში. იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
2001 წლის 6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 10 ივლისს სასამართლოს პლენუმზე ერთხმად აირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 2006 წლამდე.
2001 წლის 10 ივლისს არჩეული იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
ჯონი ხეცურიანს მინიჭებული აქვს იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება და უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი სამოქალაქო სამართლის, კონსტიტუციის და სისხლის სამართლის პრობლემებზე. 1982 წელს გახდა საკავშირო ახალგაზრდული პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში.