ჩინეთის საელჩი კუალა-ლუმპურში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები ჯორჯ-თაუნში, კოტა-კინაბალუსა და კუჩინგშია განლაგებული.[11] მალაიზიის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები კუნმინგში, გუანჯოუში, შანხაიში, სიანსა და ჰონგ-კონგში.[12] ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს ხელს უწყობს მალაიზიაში მყოფი ჩინური დიასპორა, რომელიც დღეისთვის მეორე უდიდესი ჩინური დიასპორაა მსოფლიოში.[13]
1999 წლიდან მალაიზიელი მშვიდობისმყოფელები აღმოსავლეთ ტიმორში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ.[14] მალაიზია აღმოსავლეთ ტიმორს მხარს უჭერს ადამიანური რესურსების განვითარებაში.[14] მალაიზია მხარს უჭერს აღმოსავლეთ ტიმორის გაწევრიანებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში.
მალაიზიის საელჩო დილიში მდებარეობს,[15] ხოლო აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო კუალა-ლუმპურშია განლაგებული.[16]
მალაიზიასა და იაპონიას შორის სავაჭრო ურთიერთობები XV საუკუნეში მალაკის სასულთნოსა და რიუკიუს სამეფოს დროს დაიწყო. XIX საუკუნეში იაპონელებმა მალაიზიაში მცირე დასახლებები შექმნეს. მიგრაცია XX საუკუნემდე გაგრძელდა, თუმცა იაპონიის იმპერიის გაძლიერებისა და მეორე მსოფლიო ომში მალაიზიაში შეჭრის, ბრიტანული მალაიისა და ბორნეოს ოკუპაციის შემდეგ ურთიერთობები ძალიან გაფუჭდა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ომსი შემდეგ გაუმჯობესდა.
იაპონიის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს, გენერალური საკონსულო ― კოტა-კინაბალუში, საკონსულო ოფისი კი ― ჯორჯტაუნშია განლაგებული.[17] მალაიზიის საელჩო ტოკიოში მდებარეობს.[18] ორი ქვეყნის ცნობილ ვიზიტებს შორისაა მალაიზიის მეფის ვიზიტი იაპონიაში 2005 წელს და იაპონიის იმპერატორისა და დედოფლის ვიზიტი მალაიზიაში 2006 წელს. Pew Research Center-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მალაიზიელთა 80% იაპონელების გავლენას დადებითად აღიქვამს. 2013 წელს მალლაიზია ერთ-ერთ ყველაზე პრო-იაპონურ ქვეყანად დასახელდა.[19]
მალაიზიასა და მიანმარს შორის დიპალომატიური ურთიერთობები 1957 წლის 1-ელ მარტს დამყარდა. მიანმარის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს,[20] ხოლო მალაიზიის საელჩო იანგონშია განლაგებული.[21][22][23] ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია და საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2016 წლის ბოლოს როჰინჯების გენოციდის გამო დაიძაბა, მაგრამ დასტაბილურდა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ.[24]
ქუვეითი და მალაიზია მეტწილად ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობენ. ქუვეითის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს, ხოლო მალაიზიის საელჩო ელ-ქუვეითშია განლაგებული.[25]2006 წელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 507 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[26]2013 წელს სახელმწიფოები განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ.[27]
კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირს ლაოსის განვითარების მხარდაჭერა აღარ შეეძლო.[28] ამან ლაოსს სხვა ქვეყნებისგან დახმარების ძებნისკენ უბიძგა და ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა აირჩია.[28] ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის ათვისების შემდეგ ლაოსმა მალაიზიასთანაც დაამყარა ურთიერთობები.[28] ლაოსის საელჩო კუალა-ლუმპურში, ხოლო მალაიზიის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია.
2003 წლისთვის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა ძალიან ცოტა 2.4 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რომელიც 2004 წელს 2.7 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. 2009 წელს მალაიზიიდან ლაოსში ექსპორტის მაჩვენებელმა 7.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, ხოლო მალაიზიის ინვესტიციების დონემ 150 მილიონ ამერიკულ დოლარი შეადგინა. 2015 წლისთვის მალაიზია ლაოსში მეორე უმსხვილესი ინვესტორია (ვიეტნამის შემდეგ). ინვესტიციები ჯამური რაოდენობა 430 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის.[29]2017 წელს მალაიზიამ და ლაოსმა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის საერთო კომიტეტი შექმნეს და მალაიზიურ კომპანიებს ლაოსში ინვესტირებისკენ მოუწოდეს.[30]
მალაიზიასა და ომანს შორის ურთიერთობები ოფიციალურად 1983 წელს დამყარდა.[31] იმავე წელს მალაიზიის საელჩო მასკატში გაიხსნა.[32] ომანის საელჩო კუალა-ლუმპურში2011 წელს გაიხსნა.[33]2009 წელს მალაიზიასა და ომანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ვაჭრობისა და მცირე და საშუალო ზომის საწარომოების კოორდინაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.[34]