სინგაპურს დიპლომატიური ურთიერთობები 187 სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული, თუმცა ბევრ ქვეყანაში უმაღლესი კომისია ან საელჩო არ აქვს. სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონალიზმის კონცეფციას უჭერს მხარს და აქტიურ როლს თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში.
სინგაპურს კარგი ურთიერთობები აქვს მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოსთან და საგარეო პოლიტიკას მეგობრობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე აგებს. სახელმწიფოს ახლო კავშირები აქვს მეზობელ და რეგიონულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან და უწყევტად უჭერს მხარს საერთაშორისო ინიციატივებს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნების შესახებ. სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური სახელმწიფოა.[1][2][3][4] სტატუსიდან გამომდინარე სინგაპურში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამდივნო და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამდივნო მდებარეობს და მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და ღონისძიებას მასპინძლობს. სინგაპური არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, აღმოსავლეთ აზიის სამიტის, მიუმხრობლობის მოძრაობისა და ერთა თანამეგობრობის წევრი.
აშკარა გეოგრაფიული მიზეზებიდან გამომდინარე, სინგაპურისთვის ინდონეზიასთან და მალაიზიასთან ურთიერთობებია ყველაზე მნიშვნელოვანი. სინგაპურს კარგი ურთიერთობები აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელთან ერთადაც ხუთი ძალის თავდაცვის შეთანხმების წევრია (მალაიზიასთან, ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან ერთად). სინგაპურს კარგი ურთიერთობები აქვს ჩინეთთან და აშშ-თანაც.[5] სინგაპური ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ურთიერთობები აქვთ როგორც ჩრდილოეთ კორეასთან, ისე აშშ-თან.[6]
სინგაპურში ბრიტანეთის მმართველობისა და შემდეგ ბრიტანეთის მალაიის დაქვემდებარებაში ყოფნის დროს სინგაპურს ტაივანთან ურთიერთობები ჰქონდა.[7]1965 წელს მალაიზიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სინგაპურმა ტაივანი აღიარა.[7]
ტაივანს წარმომადგენლობითი ოფისი აქვს სინგაპურში, ხოლო სინგაპური ტაიპეიში სინგაპურის სავაჭრო ოფისით ფუნქციონირებს. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.
სინგაპურსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ურთიერთობები XIX საუკუნეში დაიწყო. სინგაპურს ანტიკომუნისტური პოლიტიკა ჰქონდა და გაერთიანებამდესამხრეთ ვიეტნამს უჭერდა მხარს. სინგაპურმა ფორმალური ფიპლომატიური ურთიერთობები ჩრდილოეთ ვიეტნამთან1973 წლის 1-ელ აგვისტოს დაამყარა. ვიეტნამის გაერთიანების შემდეგ სინგაპურმა ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო. ურთიერთობები გაუარესდა კამბოჯა-ვიეტნამის ომის დროს, თუმცა კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა კამბოჯიდან ვიეტნამის სახალხო არმიის გასვლის შემდეგ.
ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია და ორმხრივი ურთიერთობები აქვთ მრავალ სფეროში.[8] სინგაპურის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო ― ხოშიმინში. ვიეტნამის საელჩო სინგაპურშია განლაგებული.
სინგაპურსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.[9] სინგაპურის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო ― სინგაპურში.
სინგაპურსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 8 ნოემბერს დამყარდა. ჩრდილოეთ კორეის საელჩო სინგაპურში მდებარეობს, ხოლო სინგაპურს არარეიზდენტი ელჩი ჰყავს პეკინში.
ამჟამად სინგაპურსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე არ არის აქტიური. სინგაპურმა ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობები 2017 წლის ნოემბრიდან შეწყვიტა.[10]
2016 წლამდე ჩრდილოეთ კორეელებს სინგაპურში უვიზოდ ჩასვლა შეეძლოთ, თუმცა ახალი კონის მიხედვით ჩრდილოეთ კორეელებს სინგაპურში ჩასასვლელად ვიზა სჭირდებათ.[11] სინგაპურის მოქალაქეებსაც ჩრდილოეთ კორეის მთავრობისგან ავტორიზაციის შემდეგ ვიზის მიღება სჭირდებათ.[12]
თურქეთსა და სინგაპურს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1969 წლის 12 თებერვალს დამყარდა.[13] სინგაპურის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― სინგაპურში.[13]2015 წელს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის მოცულობა 808 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქული ექსპორტი 443/365 მილიონი ამერიკული დოლარი).[14]2019 წელს თურქეთს 34 930 სინგაპურელი ტურისტი ეწვია. სტამბოლსა და სინგაპურს შორის პირდაპირი ფრენებია.[13]
კატარი
კატარსა და სინგაპურს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წელს დამყარდა.[15][16] კატარის საელჩო სინგაპურში მდებარეობს,[17] ხოლო სინგაპურის საელჩო ― დოჰაში.[18]
სინგაპურსა და მონღოლეთს შორის ურთიერთობები 1950 წელს დაიწყო, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები 1970 წელს დამყარდა. სინგაპურის საელჩო ულან-ბატორში მდებარეობს, ხოლო მონღოლეთის საელჩო ― სინგაპურში.