კუჩინგი (ოფიციალურად ქალაქი კუჩინგი) ― სარავაკისშტატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი მალაიზიაში. კუჩინგის დანაყოფის დედაქალაქი. ქალაქი მდინარე სარავაკზეა განლაგებული, კუნძულ ბორნეოზე, სარავაკის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ფართობი 431 კმ²-ია. კუნჩინგის ჩრდილოეთ ადმინისტრაციული რეგიონის მოსახლეობა 165 642 ადამიანს, ხოლო სამხრეთ ადმინისტრაციული რეგიონის მოსახლეობა 159 490 ადამიანს შეადგენს.
კუჩინგი სარავაკის მესამე დედაქლაქი იყო 1827 წელს, ბრუნეის იმპერიის დროს. 1841 წელს სარავაკის სამეფოს დედაქალაქი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-1945 წლებში კუჩინგი იაპონელებს ჰქონდათ დაკავებული. იაპონელებმა კუჩინგის მახლობლად ბატუ-ლინტანგის ბანაკი მოაწყვეს, სადაც ომის ტყვეები და სამოქალაქო პირები ჰყავდათ დატყვევებული. ქალაქი ომს ხელუხლებლად გადაურჩა. 1946-1963 წლებში კუჩინგი სარავაკის სამეფო კოლონიაში შედიოდა. 1963 წელს მალაიზიის შექმნის შემდეგ კუჩინგმა შტატის დედაქალაქის სტატუსი შეინარჩუნა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1988 წელს მიიღო. მას შემდეგ ქალაქი ორ ადმინისტრაციულ რეგიონად იყოფა.
კუჩინგი იუნესკოს გასტრონომიის ქალაქია.[1] ქალაქი მთავარი გასასვლელია სარავაკისა და ბორნეოს ვიზიტორებისთვის.[2] კუჩინგის ჭარბტენიანი ტერიტორიების ეროვნული პარკი ქალაქიდან 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობებია: ბაკოს ეროვნული პარკი, სემენგოჰის ველური ბუნების ცენტრი, წვიმის ტყეების მსოფლიო მუსიკალური ფესტივალი, ახალი სარავაკის სახელმწიფო საკანონმდებლო ასამბლეის შენობა, სარავაკის სახელმწიფო მუზეუმი და სხვ. ქალაქი აღმოსავლეთ მალაიზიის მთავარი სამრეწველო და კომერციული ცენტრია.[3][4]
გეოგრაფია
კუჩინგი მდინარე სარავაკის სანაპიროებზე, კუნძულ ბორნეოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის საერთო ფართობი 431 კმ²-ია. ქალაქი სამხრეთით კუჩინგის საერთაშორისო აეროპორტიდან სანტუბონგისა და ბაკოს ნახევარკუნძულების ჩრდილოეთ სანაპირომდეა გადაჭიმული, დასავლეთით კუჩინგის ჭარბტენიანი ტერიტორიების ეროვნული პარკიდან აღმოსავლეთით მდინარე კუაპის ესტუარამდე. მდინარე სარავაკი ქალაქს ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს. ქალაქის უმაღლესი მწვერვალია სანტუბონგის მთა, რომელიც ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულზე მდებარეობს. მწვერვალი ზღვის დონიდან 810.2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 35 კმ-ით ჩრდილოეთით.
კლიმატი
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით კუჩინგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია, ზომიერად ცხელი, თუმცა ტენიანი და საკმაო რაოდენობით წვიმითაც ხასიათდება. საშუალო წლიური ნალექიანობა 4 200 მმ-ია. კუჩინგი ყველაზე სველი დასახლებული ტერიტორიაა მალაიზიაში. საშუალო წვიმიანი დღეების რაოდენობა 247 დღეს უტოლდება. ქალაქი საშუალოდ დრეში 5 სთ-ის მანძილზე იღებს მზის სინათლეს, ხოლო იანვარში (წლის ყველაზე ნალექიანი თვე) მზიანი პერიოდი დღეში 3.7 სთ-მდე მცირდება. ყველაზე ნალექიანი პერიოდი ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონების დროსაა, ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში. ყველაზე მშრალი თვეები ივნისიდან აგვისტომდეა. კუჩინგის ტემპერატურა 19 °C-დან (66 °F) 36 °C-მდეა (97 °F). დილის საშუალო ტემპერატურა 23 °C-ია (73 °F), ხოლო შუადღის შემდეგ 33 °C-მდე (91 °F) იზრდება. ტემპერატურა თითქმის მუდმივია მთელი წლის მანძილზე და ძლიერი წვიმები და ქარები დიდ გავლენას ვერ ახდენს. იშვიათად, ქარებისა და წვიმების გავლენით ადრეული დილით ტემპერატურა უჩვეულოდ შეიძლება დაეცეს.
დემოგრაფია
კუჩინგის მკვიდრებს კუჩინგიტეს სახელწოდებით მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა არაოფიციალურად. უფრო მარტივად, კუჩინგის მკვიდრებს „ორანჟ კუჩინგს“ უწოდებენ, რაც „კუჩინგის ხალხს“ ნიშნავს.
ეთნოსი
2022 წლის მალაიზიის სტატისტიკის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით კუჩინგის მოსახლება 402 738 ადამიანს უტოლდება. ქალაქის მოსახლეობა (ჩრდილოეთი კუჩინგი, სამხრეთი კუჩინგი და პადავანი) მალაიებისგან (146 067), ჩინელებისგან (138 620), იბანებისგან (82 743), ბიდაიუჰებმა (20 065), არამალაიზიელი მოქალაქეების (5 048), სხვა სარავაკელი ბუმიპუტრებისგან (4 076), მელანაუებისგან (1 840), ინდოელებიდგან (3 257) და სხვ. ეთნოსების წარმომადგენლებისგან (1 022) შედგება.
იბანები, ბიდაიუჰები, დაიაქები და ბუმიპუტრები ძირითადად ქრისტიანები არიან. ზოგიერთი ანიმიზმს მისდევს, ხოლო ჩინელები ბუდიზმის, ტაოიზმისა და ქრისტიანობის მიმდევრები არიან. მალაიელები და მელანაუები ისლამის მიმდევრები არიან. ქალაქში მცირე რაოდენობით ინდუისტები, სიქჰები და სეკულარისტებიც ცხოვრობენ.
ქალაქში მნიშვნელოვანი რაოდენობით მოქალაქეობის არმქონე პირები ცხოვრობენ, რომლებიც ძირითადად მეზობელი ინდონეზიისკალიმანტანის რეგიონიდან ჩასული მიგრანტები არიან. ბრიტანელთა მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული ქალაქში მცირე რაოდენობით სამხრეთაზიელები, განსაკუთრებით პაკისტანელები სახლობენ, რომლებიც მეტწილად ტანსაცმლითა და სანელებლებით ვაჭრობენ. სხვა მიგრანტებს მიეკუთვნებიან ბუგისები ნიდერლანდების ოსტინდოეთიდან და სხვა რასები ნიდერლანდების ბორნეოდან.[5] კუჩინგში გავრცელებულია სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის ქორწინება. ქალაქში 30-მდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.[6][7]
↑Matthew Hoekstra. (26 April 2012) Richmond to become 16th sister of Xiamen. Richmond Review. ციტატა: „Richmond will be Xiamen's first Canadian sister city and fourth in North America, where Xiamen's other friends are Baltimore, Md., Sarasota, Fla. and Guadalajara, Mexico. Its other sister cities are Cardiff, Wales; Sasebo, Japan; Cebu, Philippines; Wellington, New Zealand; Penang, Malaysia; Marathon, Greece; Sunshine Coast, Australia; Kaunas, Lithuania; Zoetermeer, Netherlands; Kuching, Malaysia; Surabaya, Indonesia; and Mokpo, South Korea.“ ციტირების თარიღი: 4 June 2014