რუსული ვიკიპედია (რუს.Русская Википедия) — ვიკიპედიის განყოფილება რუსულ ენაზე. გაეშვა 2001 წლის 20 მაისიდან. რუსული ვიკიპედია 2012 წლის დასაწყისისათვის 814 000 სტატიაზე მეტს შეიცავდა. 2008 წელს გახდა ზომით მე-10 ყველაზე დიდი ვიკიპედია, 2011 წლის თებერვლისთვის კი მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. 2011 წლის აგვისტოსთვის სტატიათა რიცხვი 750 000 -ს გადასცდა. 2011 წლის 20 სექტემბერს რუსულმა ვიკიპედიამ სტატიების რაოდენობის მხრივ უკან ჩამოიტოვა იაპონური ვიკიპედია და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ იმავე წლის 21 ოქტომბერს მას ჰოლანდიურმა ვიკიპედიამ გაასწრო.
სლავურენოვან ვიკიპედიებს შორის სიდიდით მეორეა პოლონური ვიკიპედიის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სიღრმის მაჩვენებლით რვაჯერ უსწრებს. ასევე, რუსული ვიკიპედია უდიდესია კირილიცაზე არსებულ ვიკიპედიებს შორის.
2013 წლის 11 მაისს, სტატიათა რაოდენობამ რუსულ ვიკიპედიაში 1 მილიონს მიაღწია.[1]
პროტესტი ახალ კანონს
2012 წლის 10 ივლისს, რუსულმა ვიკიპედიამ საიტის ერთდღიანი დახურვით პროტესტი გამოუცხადა რუსეთის დუმის მიერ კანონში შესატან ცვლილებას. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში უნდა შეიქმნას აკრძალული საიტების რეესტრი, რომელშიც მოხვდება რესურსები საბავშვო პორნოგრაფიაზე, ნარკოტიკების პროპაგანდასა და თვითმკვლელობის მოწოდებაზე.რუსული ვიკიპედიის მოხალისეთა აზრით, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რუსულენოვანი ინტერნეტის ცენზურა[2].