სლავური ენები

სლავური ენების გავრცელების არეალი
სლავური ქვეყნები
  სადაც აღმოსავლეთსლავური ენები არის ეროვნული
  სადაც დასავლეთსლავური ენები არის ეროვნული
  სადაც სამხრეთსლავური ენები არის ეროვნული

ზოგადი მიმოხილვა

სლავური ენები წარმოადგენს სლავი ხალხების ენებს, რომელთაც ჰყოფენ სამ დიდ აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ სლავთა ენების შტოდ. მხარეთა გეოგრაფიული ათვლის ცენტრად მიიჩნევა დასავლეთი ევროპა.

სლავურ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 300 მილიონს აღემატება, რომელთაგან ყველაზე მეტი (საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი) მოლაპარაკე რუსულსა ჰყავს, ხოლო ყველაზე მცირე (1–დან 2 მლნ–მდე მოსაუბრე) სლოვენებსა და მაკედონიელებს.

სლავური ენები მიეკუთვნება ინდოევროპული ჯგუფის სატემ-ენათა აღმოსავლეთ ქვეჯგუფს და მოიცავს 12 სამწერლობო ენას, რომელსაც ემატება დღეს არარსებული ენა სამხრეთსლავური ჯგუფიდან – ძველი საეკლესიო სლავური. ეს უკანასკნელი იყო ხელოვნურად, გარკვეული მიზნებისთვის შექმნილი ენა, რამაც განაპირობა ისტორიულად სლავური ენებისა და კულტურების წარმოშობა.

ძველბულგარულის (IX საუკუნე) შემდეგ სიძველით ყველაზე ადრინდელია რუსული (XI საუკუნე) და სერბული (XII საუკუნე) წერილობითი ძეგლები.

სლავური ენებისთვის დამახასიათებელია მეტ–ნაკლები სიმძლავრით გამოკვეთილი პალატალური კორელაციები, ნომინალური და ვერბალური სისტემების მდიდარი ფლექსია. მარტივი და რთული (შედგენილი) ზედსართავების ბრუნება და სხვადასხვა ენაში სხვადასხვანაირი სიმძლავრით გამოკვეთილი ზმნურ ასპექტთა სისტემა.

აღმოსავლეთსლავური ენები

რუსული ენა
ბელარუსული ენა
უკრაინული ენა (იგივე რუთენული ენა)

უკრაინა და განსაკუთრებით ბელორუსია (ახალი სახელწოდებით ბელარუსი) დამოუკიდებლობის პირობებშიც ვერ ახერხებს რუსული ენის ექსპანსიიდან გამოსვლას.

ორივე ქვეყანაში ორენოვნება სუფევს, რომელიც ზოგჯერ რუსულის სასარგებლოდ უფრო იხრება. მიუხედავად ამისა უკრაინაში იყო მცდელობები მდგომარეობა ქვეყნის სახელმწიფო ენის სასარგებლოდ შემოებრუნებინათ. საამისოდ ხელისშემშლელ ფაქტორს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულენოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა, რომელიც ამ რეგიონში ერთენოვანია და უკრაინის ერთი კუთხიდან ამ კუთხეში საცხოვრებლად გადასული უკრაინელი ყოველთვის ვერ მოახერხებს შეინარჩუნოს საკუთარი ენა, რასაც ვერ ვიტყვით რუსული ენის მდგომარეობაზე მთელი უკრაინის მასშტაბით.

2012 წელს უკრაინაში ენის შესახებ პოლიტიკის კანონი მიიღეს, რომელიც რეგიონულ დონეზე და ზოგიერთ სფეროში რუსული ენის გამოყენების საშუალებას ამყარებდა. 2014 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმაღლესმა რადამ გააუქმა კანონი, მაგრამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ამას ხელი არ მოაწერა. კანონმა ძალა 2018 წელს დაკარგა, როდესაც ის არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.[1]

2019 წლის 16 ივლისს, უკრაინის უმაღლესი რადის მიერ მიღებულ კანონზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხელმოწერიდან ორი თვის შემდეგ, ქვეყანაში ამოქმედდა დადგენილება უკრაინის სახელმწიფო ენის შესახებ. მის მიხედვით, ერთადერთ ოფიციალურ სახელმწიფო ენად გამოცხადდა უკრაინული, მაღალი თანამდებობის პირებისათვის სავალდებულო გახდა ენის ცოდნა, ბეჭდურ მედიაში სულ მცირე ნახევარი უკრაინულად უნდა იყოს დაწერილი, ოფიციალური დოკუმენტების შედგენა მხოლოდ უკრაინულ ენაზე გახდა შესაძლებელი და სხვ.[2]

ბელარუსში ენობრივი საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში.

დასავლეთსლავური ენები

პოლონური ენა
ჩეხური ენა
სლოვაკური ენა
სორბული ენა (იგივე ლაუზიცური, ან ლუჟიცური, ან ვენდური)
კაშუბური ენა
სლოვინცური ენა
პოლაბური ენა

დასავლეთსლავური ენები თავის მხრივ იყოფა სამ - ჩრდილოურ, ცენტრალურ და სამხრეთულ ჯგუფად.

1. (დასავლეთსლავური ენების) ჩრდილოურ ჯგუფში შედის პოლონური, ელბისა და ბალტოსლავური ენები, რომელთაგან მხოლოდ კაშუბური არის შემორჩენილი, ხოლო სლოვინცური და პოლაბური გამქრალი ენები. პოლონეთში კაშუბურ ენას პოლონური ენის დიალექტად მიიჩნევენ, რის გამოც იგი მოკლებულია სახელმწიფოებრივ მზრუნველობას და გაქრობის პირასაა მისული.
2. (დასავლეთსლავური ენების) ცენტრალურ (ანუ სორბულ) ჯგუფში შედის ზემო და ქვემო სორბული ენები. ამ ენებსაც სხვა ენასთან (გერმ. ენა) ერთად უწევთ არათანაბარ პირობებში თანაარსებობა, რის გამო გაქრობის გზაზე დგანან.
3. (დასავლეთსლავური ენების) სამხრეთულ ჯგუფში შედის ჩეხური და სლოვაკური ენები, რის გამოც ამ ენებს ჩეხურ-სლოვაკური ენების ჯგუფსაც უწოდებენ.

სამხრეთსლავური ენები

ძველი საეკლესიო სლავური ენა (იგივე ძველი ბულგარული ენა, ან ძველი სლავური ენა)
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება სამივე ტერმინი - ძველი სლავური , ძველი ბულგარული, ძველი საეკლესიო სლავური. ტერმინით ძველი სლავური ამ ენის სიძველესა და ასაკზე მიანიშნებენ, ტერმინით ძველი ბულგარული ამ ენის ისტორიულ ნათესაობაზე ბულგარულთან, ხოლო ძველი საეკლესიო სლავურის გამოყენებით, ცდილობენ მიანიშნონ ამ ენის მეშვეობით ტრანსპორტირებულ შინაარსებზე, რისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს ენა.
ბულგარული ენა
მაკედონური ენა
სერბულ-ხორვატული ენა (იგივე ხორვატო-სერბული
სერბული
ხორვატული
ბოსნიური
ჩერნოგორული
სლოვენური ენა

სამხრეთსლავური ენები თავის მხრივ იყოფა ორ - აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფად.

1. (სამხრეთსლავური ენების) აღმოსავლურ ჯგუფში შედის ბულგარული და მაკედონური ენები.
2. (სამხრეთსლავური ენების) დასავლურ ჯგუფში შედის სერბულ–ხორვატული (ან ხორვატულ–სერბული, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ჯგუფის პრიმატს სურთ გაუსვან ხაზი); სერბული, ხორვატული, ბოსნიური) და სლოვენური ენები.


გენეტიკური თვალსაზრისით სამხრეთსლავური ენების შტო სხვა დანარჩენი ორი სლავურ შტოს ენათაგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებადაა ჰომოგენური, რაც განაპირობა მათ ისტორიულმა მობილურობამ.

ისტორიიდან

ყველა სლავი ხალხის უძველეს სამშობლოდ მიჩნეულია V -VI საუკუნემდე არსებული სივრცე, რომელიც მოიცავდა პრიპჲეტის ჭაობების (პოლესჲე) სამხრეთ, კარპატების ჩრდილოეთ, შუა დნეპრის დასავლეთ და აღმოსავლეთ, და ასევე ვისლას აღმოსავლეთ ნაწილს. დაახლოებით ამ გეოგრაფიულ მდებარეობას წარმოაჩენს არა მარტო შიდა ურთიერთობების, არამედ სუბსტრატების სახით შემორჩენილი სლავური წარმოშობის ტოპონიმებისა და ურთიერთნასესხობათა კვლევა–ძიება; სლავები ჩრდილოეთით გერმანელ ტომებს ემეზობლებოდნენ, სამხრეთდასავლეთში ვენეტებსა და ილირებს, ჩრდილოაღმოსავლეთით ბალტიელ ხალხებს, აღმოსავლეთით დასავლელ ფინელებს, ხოლო სამხრეთაღმოსავლეთით სხვადასხვა ირანელ და თრაკიელ ტომებს (ეს უკანასკნელნი ზემო ვისლასთან უკვე ცხოვრობდნენ). სლავებს უშუალო კონტაქტები ჰქონდათ ბერძნებთან და რომაელებთან. პირველ ხანებში სლავების სამშობლო შედარებით მცირე არეალს მოიცავდა. მოგვიანებით მათ ეს სივრცე გაიფართოვეს და „საერთო სლავური პერიოდის“ დამდეგს დღევანდელი პოლონეთისა და უკრაინის ნაწილები დაიკავეს, ხოლო ჩრდილოეთით ბალტიის ზღვას მისწვდნენ. ამ მოხაზულ სივრცეში მდებარეობდა სლავი ტომების უძველესი სამშობლო, სადაც მათ უაღრესად ერთიან უძველეს ენაზე უნდა ესაუბრათ. ამ ენას მეცნიერულ ლიტერატურაში უძველეს სლავურს და საერთო სლავურს უწოდებენ. ენობრივი ერთიანობა და სიახლოვე ამ ენებმა დღემდე შეინარჩუნეს.

ზოგ მეცნიერთა განცხადებით სლავური ენები უფრო ახლოს დგას ერთმანეთთან, ვიდრე ზოგიერთი ენის (მაგალითად გერმანულის) დიალექტები.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „უკრაინული ენა ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა“. 2020news.ge. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „უკრაინაში უკრაინული ენის კანონი ოფიციალურად ამოქმედდა“. Tabula. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!