ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის კოსტავა არაერთგზის დააპატიმრეს. 1956 წელს ის პირველად დააპატიმრეს და სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მალევე პირობითი სასჯელით გაანთავისუფლეს. 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს - ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის მას 3 წელი ციხე, ხოლო 2 წელი - გადასახლება მიესაჯა, ამავე დროს, სსრკ-ში არსებული სადამსჯელო რეპრესიული ფსიქიატრიის მეთოდებით დაინიშნა მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მის შერაცხადობასთან დაკავშირებით. ციხეში გატარებული სასჯელის შემდეგ იძულებით გადაასახლეს ჯერ ცენტრალური რუსეთის ქალაქ პერმის პოლიტიკურ საპატიმროში, მოგვიანბით კი ციმბირში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ კვიტოკში; პროვოკაციის შედეგად დამატებით მიესაჯა 5 წელი ანგარსკის მკაცრი რეჟიმის მე-15 კოლონიაში. 1985 წელს გადაიყვანეს ტაშკენტის მე-9 კოლონიის საავადმყოფოში, ხოლო ერთი წლის შემდეგ - ქსნის კოლონიაში. 1987 წელს პატიმრობიდან განთავისუფლდა. 1989 წელს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ზვიად გამსახურდიასთან, გიორგი ჭანტურიასა და ირაკლი წერეთელთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა 1989 წელს, ჯარიმის დაკისრების შემდეგ, გაანთავისუფლეს. ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას კოსტავამ ჯამში 13 თვეზე მეტი იშიმშილა.[1]
პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, მერაბ კოსტავა ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1953 წელს სწავლა დაიწყო ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1958 წელს ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო, ხოლო მოგვიანებით - მუსიკის თეორიის სპეციალობაზე. 1964 - 1969 წლებში მუშაბდა რუსთავის სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1966 წელს დაინიშნა ბალანიჩვაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს პედაგოგად, საიდანაც 1978 წელს გაანთავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადწყვეტილების საფუძველზე. გადასახლებაში ყოფნისას 1980 - 1981 წლებში მუშაობდა სოფელ კვიტოკში მუსიკალური სკოლის პედაგოგად. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორად, თუმცა მალევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გარდაცვალებამდე მე-8 სამუსიკო სკოლის პედაგოგად მუშაობდა.[1]
მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის - 1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.[2]
მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა იყვნენ. მერაბის წინაპრები მამის მხრიდან იმერეთიდან იყვნენ. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები კოსტავები ცნობილი მეღვინეები იყვნენ. მერაბის ბაბუა ქრისტეფორეც მეღვინეობას მისდევდა.
მერაბის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მისი ოჯახის წევრებმა: ბებიამ, კატო ნუცუბიძემ, და მერაბის ბაბუის ძმამ, იაკობ კოსტავამ, რომელიც რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო და ღიად გამოხატავდა ანტიკომუნისტურ განწყობას. იაკობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. იაკობის ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე მერაბიც, რომელზეც დიდი გავლენა იქონია იაკობმა, ისევე, როგორც მერაბის მამის ძმამ - გრიგოლ კოსტავამ. გრიგოლი ცნობილი მსახიობი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო, იგი პირველად 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს დააპატიმრეს, 1945 წელს კი დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მალევე განაჩენი შეუცვალეს ათწლიანი პატიმრობით. 1955 წელს გრიგოლი სამშობლოში დაბრუნდა და გააგრძელა მსახიობობა, მას 90-მდე როლი აქვს განსახიერებული. 1965 წელს სახალხო არტისტის წოდებაც კი მიანიჭეს. ასევე გადასახლებაში იყო მერაბის მამა, ვანო კოსტავაც, იგი 1964 წელს სამშობლოში დაბრუნებული ინსულტით გარდაიცვალა. დედა, ოლღა დემურია, ჰიდროპროექტში დამპროექტებლად მუშაობდა 1967 წლამდე. იგი 2003 წელს გარდაიცვალა.
მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა. ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პედაგოგიკასა და რუსულ ენას უკითხავდა. მერაბს და ან ძმა არ ჰყოლია. თავიდან თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში, შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.
1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მერაბ კოსტავა — მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა — სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.
პოლიტიკური საქმიანობა
1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“.
მერაბ კოსტავა 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს, მასთან ერთად დააკავეს ზვიად გამსახურდიაც, თუმცა ამ უკანასკნელმა მოინანია და საჯარო ბოდიში მოიხადა, რითაც პატიმრობას გადაურჩა.[3] მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს“ და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი — 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.[4]
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია — დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.