ვეძისი — უბანი თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საბურთალოს რაიონში. წარსულში ვეძისი ქალაქისპირა სოფელი იყო.
ისტორია
უბნის სახელი წარმოშობილია ქართული სიტყვიდან „ვეძა“ — „მომჟაო წყარო ბუნებით; მჟავე წყარო, მლაშე წყალი“ (საბა). სოფელი ვეძისი მდებარეობდა თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, მტკვრის მარჯვენა მხარეს და ეკავა ახლანდელი სიმონ კანდელაკის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია. სოფელ ვეძისს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან „საგაბაშვილო“ ემიჯნებოდა, დასავლეთით და ჩრდილოეთით — ნახშირგორისა და დიღმის (დიღმელთა) მამულები.
ვეძისის შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. დოკუმენტების მიხედვით, იგი XVIII საუკუნის 20-იან წლებში სახასო სოფელი ყოფილა. 1723 წელს, თბილისის დაკავების შემდეგ. კახეთის მეფეს კონსტანტინე II-ს იგი ციციშვილისთვის უბოძებია. ვეძისში, როგორც ჩანს, ძირითადად მევენახეობას მისდევდნენ. 1733 წლის დოკუმენტი გვაუწყებს, რომ ვეძელები თურქების სასარგებლოდ იხდიან „კულუხს“ (ღვინის გადასახადს). ვეძისში, ციციშვილების გარდა, ყმა-გლეხებს ფლობდნენ თარხნიშვილები, სოლოღაშვილები, თუმანიშვილები. ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში იყო ორი სოფელი — ქვემო ვეძისი და ზემო ვეძისი. ქალაქის ტერიტორიას შემოუერთდა XX საუკუნის 40-50-იან წლებში. 1993 წლიდან უბანში აღინიშნება სახალხო დღესასწაული (დღეობა) — ვეძისობა.
ლიტერატურა
- ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977.