ედუარდ წამებული (ინგლ. Edward the Martyr; დ. 962 — 18 მარტი, 978) — ინგლისის მეფე 975–978 წლებში. უესექსის დინასტიის წარმომადგენელი. ედგარ მშვიდობისმოყვარისა და მისი პირველი ცოლის, ეთელფლედას ძე. კანონიზირებულია 1001 წელს. პატივს მიაგებენ, როგორც წმინდანს მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში.
მისი კორონაცია შედგა კინგსტონში 975 წელს. ანგლო-საქსური ქრონიკების ერთი ვერსიის მიხედვით, 978 წლის 18 მარტს (სხვა ვერსიით 979 წელს) ახალგაზრდა მეფე მიწვეულ იქნა დორსეტის საგრაფოში მდებარე კორფის ციხესიმაგრეში, სადაც იმ დროს ცხოვრობდნენ პრინცი ეთელრედი და მისი დედა, განსვენებული ედგარ მშვიდობისმოყვარის მეორე ცოლი — ელფთრიტა (ძვ. ინგლ. Ælfthryth). გადმოცემის მიხედვით ცხენზე ამხედრებული მეფის მოჩვენებითი მისალმებისას, ელფთრიტას მსახურებმა მოულოდნელად ალყაში მოაქციეს იგი და ხელები გაუკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა მისთვის ხანჯლის მკერდში ჩაცემა მოასწრო. მეფის დამფრთხალი ცხენი ციხესიმაგრის მიმდებარე ტყის მიმართულებით გაიქცა, როდესაც ცხენიდან გადმოვარდნისას ედუარდს ფეხი უზანგში გაეჭედა. თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ ათრია ცხენმა დაჭრილი მეფე მიწაზე. საბოლოოდ, როდესაც ცხენს დაეწივნენ და მისი გაჩერება მოახერხეს, ედუარდი უკვე ცოცხალი აღარ იყო.
რესურსები ინტერნეტში