ფეხბურთის თამაში დაიწყო ადრეულ ასაკში. თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში, შემდეგ თბილისის „დინამოს“ ოსტატთა გუნდში. 1952–1955 წლებში კიევის „დინამოში“ გამოდიოდა. იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მეორე გუნდის კაპიტანი. დასახელდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო თავდამსხმელად. ფიზიკურად ყოველთვის მაღალ დონეზე მომზადებული, გამოირჩეოდა სანიმუშო გამძლეობით, მაღალი სასტარტო სისწრაფით, შეტევების როგორც ორგანიზების, ასევე, დაგვირგვინების უნარით, შესანიშნავი ტაქტიკური აზროვნებითა და საგოლე ალღოთი.[6][7]
მისი თანაკლუბელების მოსაზრებით ანდრო ზაზროევს საკმაოდ ძნელ პირობებში ერგო თბილისის „დინამოს“ მაისური. სწორედ იმ დროს სარბიელი დატოვა ქართული ფეხბურთის აღიარებულმა ლიდერმა ბორის პაიჭაძემ. ცენტრალური ფორვარდის როლი ანდრო ზაზროევს მიაკუთვნეს. სულ ანდრო ზაზროევმა 83-ჯერ ითამაშა თბილისის „დინამოში“ და მეტოქეთა კარში 36 ბურთი გაიტანა.[8]
სამწვრთნელო კარიერა
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მუშაობდა მწვრთნელად როგორც საქართველოში, ისე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც. მის სახელს უკავშირდება საფეხბურთო კლუბ თბილისის „ბურევესტნიკის“ შექმნა,[9] რომლის ღირსებასაც მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე მომავალი ოსტატი იცავდა. შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა თბილისის „დინამოში“, „სპარტაკში“, გურჯაანის „ალაზანში“, 35-ე სკოლაში, ამზადებდა დუშანბეს „პამირს“, რუსთავის „მეტალურგსა“ და ორჯონიკიძის „სპარტაკს“, რომლის მთავარი მწვრთნელი იყო 1968 წლიდან 5 სეზონის განმავლობაში (შესვენებებიანად). სწორედ მისი თავკაცობით 1969 წელს გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი სსრ კავშირის ჩემპიონატის მეორე ჯგუფში და გადავიდა უმაღლეს ლიგაში.[8]
შემდეგ, გარკვეული პერიოდი ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს. სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლაში მუშაობდა.[8]
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[10][11][კომ. 1]
1948 წლის 2 მაისს საკავშირო პირველობის ფარგლებში თბილისის „დინამოს“ რიგებში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში ვილნიუსის „სპარტაკის“ წინააღმდეგ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა თავისი პირველი ბურთი. დინამოელებმა ეს შეხვედრა 5–1 მოიგეს, თუმცა ვილნიუსის „სპარტაკი“ მოგვიანებით გათამაშებიდან მოიხსნა და შესაბამისად ამ შეხვედრის შედეგი ანულირებულ იქნა.[12][13]
1948 წლის 6 მაისს საკავშირო პირველობის ფარგლებში თბილისის „დინამოს“ რიგებში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მინსკის „დინამოს“ წინააღმდეგ მატჩის მე-15 წუთზე[კომ. 2] გაიტანა თავისი მეორე ბურთი. დინამოელებმა ეს შეხვედრა 2–0 მოიგეს. მეორე ბურთი აროშიძემ გაიტანა. ვილნიუსის „სპარტაკთან“ ჩატარებული წინა მატჩის ანულირების გამო, სწორედ ამ შეხვედრაში გატანილი ბურთი ითვლება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ანდრო ზაზროევის მიერ გატანილ პირველ ბურთად თბილისის დინამოელთა შემადგენლობაში.[14][15][8][16][კომ. 3][კომ. 4][კომ. 5]
1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ანდრია ივანეს ძე ზაზროშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[17][18]
ანდრო ზაზროევის ანგარიშზეა 6 ჰეთ-თრიქი, აქედან სამი თბილისის (02.06.1948, 08.08.1948, 13.09.1949) და სამიც — კიევის (16.07.1952, 16.09.1954, 30.08.1955) დინამოელთა შემადგენლობაში.[19]
↑საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).
↑სხვა წყაროებით მატჩის მე-17 წუთზე. ციტატა: „...მე-17 წუთზე გაიოზ ჯეჯელავამ დროზე მიუსწრო პირის ხაზისაკენ მიმავალ ბურთს და ჩააწოდა მინსკის „დინამოს“ კართან. ბურთს მიუსწრო თავდამსხმელმა ზაზროშვილმა და ანგარიში გახსნა.“ // იხ. „კომუნისტი“, 7 მაისი, 1948, № 90 (8134), გვ. 4.
↑ციტატა: „...Тбилисцы имели преимущество в течение всей игры. На 15-й минуте центр нападения Зазрошвили, используя точную передачу Г. Джеджелава, открыл счет. Второй гол был забит Арошидзе. Блестяще защищал ворота тбилисцев молодой Владимир Маргания.“ // იხ. «Советский спорт» (Москва) от 8 мая 1948 года.
↑ციტატა: „...На 15-й минуте Гайоз Джеджелава удачно передал мяч Зазрошвили, и тот быстрым ударом забил первый гол в ворота противника. Через несколько минут Арошидзе сильным и точным ударом забил еще один мяч.“ // იხ. «Заря Востока» (Тбилиси) от 8 мая 1948 года.
↑ციტატა: „...На 15-й минуте Г. Джеджелава напряг все свои силы, подоспел к катившемуся в аут мячу, и подал его с лицевой линии. Вряд ли кто-нибудь из форвардов Тбилиси пошел бы догонять этот уходящий мяч... Подача была неожиданная, минчане растерялись, и налетевший Зазрошвили в единоборстве с вратарем занес мяч в сетку.“ // იხ. «Молодой сталинец» (Тбилиси) от 8 мая 1948 года.
სქოლიო
↑ნეკროლოგი // „ლელო“, 19 მარტი, 1987, № 55 (9466), გვ. 4.