თავდამსხმელი — შემტევი მოთამაშე, რომელიც ფეხბურთის მოედანზე უმთავრესად მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს მოქმედებს. თამაშის დროს თავდამსხმელთა ძირითადი მოვალეობაც, დანიშნულებაც და მიზანიც მეტოქეთა კარის აღება ანუ გოლების გატანაა. თავდამსხმელის სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, მათივე მოვალეობაში შედის შეტევის დასკვნით ფაზაში აქტიური მონაწილეობა, ისევე როგორც თანაგუნდელების საგოლე გადაცემებით მომარაგება.[კომ. 1]
ტაქტიკური პოზიციისა და როლის აღწერა
თანამედროვე ტაქტიკურ სქემებში როგორც წესი, გამოიყენება ერთიდან სამ თავდამსხმელამდე. უფრო ხშირად მოედანზე ორი თავდამსხმელი თამაშობს, რომელთაგან ერთი მოქმედებს კართან რაც შეიძლება ახლოს, მეორე კი, შედარებით უკან დაწეული თავდამსხმელის პოზიციიდან. პირველის ამოცანაა ბურთის მიღება და დამუშავება, მეტოქის მცველებთან გამკლავება, საგოლე გადაცემის გაკეთება ან პირდაპირ გოლის გატანა. მეორის ამოცანაა — შედარებით სიღრმიდან მოქმედება, მეტოქის საჯარიმოში და მის ფარგლებს გარეთ ტაქტიკურად უბურთოთ გადაადგილება, საჭირო სივრცეების სწორად ათვისება, მცველთა ყურადღების საკუთარ თავზე გადატანა, თავისუფალი ზონების ძიება და ბურთის იქ მიღება. თანამედროვე თავდამსხმელების უმეტესობა მოქმედებს მეორე თავდამსხმელების ან ცენტრალური შემტევი ნახევარმცველების წინ და როგორც წესი, თანაბარი სიმწვავით ემუქრება მოწინააღმდეგე გუნდის კარს არა მხოლოდ მეტოქის საჯარიმო მოედნის შიგნიდან, არამედ მის ფარგლებს გარედანაც.
ტერმინი „ფორვარდი“ ან „სტრაიკერი“ უმეტესად, გამოიყენება ისეთ თავდამსხმელებთან მიმართებაში, რომლებიც, როგორც წესი, გამოირჩევიან ფიზიკური მომზადებითა და გამძლეობით, დიდი სისწრაფითა და დინამიკური მანევრირების უნარით, ორივე სართულზე თანაბრად კარგი თამაშითა და მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით, საგოლე ალღოთი და ზუსტი დარტყმით.
ცენტრალური თავდამსხმელი
ფეხბურთში ცენტრალურ თავდამსხმელებს ანუ ცენტრფორვარდებს (ინგლ.centre-forward) საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნიათ, თუმცა მათი სათამაშო აქტივობის აღწერის ტერმინოლოგია წლების განმავლობაში იცვლებოდა. თავდაპირველად ასეთ მოთამაშეებს ინსაიდები (ინგლ.inside forwards), კრეატიული (ინგლ.creative) ან ღრმა ცენტრფორვარდები (ინგლ.deep-lying centre-forwards) ეწოდებოდათ. შემდგომ პერიოდში, ამ ძველი ტიპის მოთამაშის კიდევ ორი ნაირსახეობა განვითარდა: ერთი მხრივ, ე.წ. მეორე, ჩრდილოვანი, საყრდენი, დამხმარე თავდამსხმელი და მეორე მხრივ, ფაქტობრივად, თავისთავად განსხვავებული პოზიცია — ნომერი 10.[1][2] პირველი ნაირსახეობის მაგალითად ასახელებენ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ დენის ბერგკამპი (რომლის მოქმედების არეალი „არსენალში“ტიერი ანრის უკან მოიაზრებოდა),[3]ალესანდრო დელ პიერო„იუვენტუსში“,[4]იური ჯორკაეფი მილანის „ინტერში“[5][6][7] ან ტედი შერინგემი„ტოტენჰემ ჰოტსპურში“.[8] სხვა მოთამაშეებს, რომლებიც შედარებით უფრო უკან დაწეულები თამაშობენ და თავიანთი მოქმედების დიაპაზონით უფრო დიდ გავლენას ახდენენ თამაშის მსვლელობასა და ხასიათზე, როგორც წესი, შემოქმედებითი ტიპის ფეხბურთელებს მიაკუთვნებენ. ამის მაგალითად ისეთი ფეხბურთელების მოყვანა შეიძლება, როგორებიც იყვნენ დიეგო მარადონა, მიშელ პლატინი, ზიკო, რონალდინიო, კაკა, მიკაელ ლაუდრუპი ან ზინედინ ზიდანი, რომლებიც კლასიკური „ათიანის“ პოზიციაზე მოქმედ ფლეიმეიქერებად ითვლებიან და ჩვეულებრივ, თანაბარი წარმატებით შეუძლიათ, როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე უკან დახეული თავდამსხმელის ფუნქციების შეთავსება.[9]
ცენტრალურ თავდამსხმელს უნდა გააჩნდეს, როგორც მოედნის კარგი ხედვისა და უბურთოდ მანევრირების, ასევე ბურთის მიღების, დამუშავების, შენარჩუნებისა და კონტროლის გამორჩეულად კარგი უნარი, რათა წარმატებით შეძლოს შეტევის წარმართვა, მის ყველა ფაზაში აქტიური მონაწილეობა, შექმნას როგორც სახიფათო და საგოლე მომენტები, ასევე შეძლოს გოლის გატანა ან თანაგუნდელს მისცეს ამის საშუალება. რამდენადაც, ცენტრფორვარდის უმთავრესი მოვალეობა მაინც გოლის გატანაა და მათი უმეტესობა მეტოქის საჯარიმოში ან მის მახლობლად მოქმედებს, ამდენად თამაშის მსვლელობისას იგი მუდმივად ეძებს ბურთის მიღებისა და კარში დარტყმის შესაძლებლობას.
↑ასეთ მოთამაშეს, ასევე, ხშირად უწოდებენ ფორვარდს (ინგლ.forward) ან სტრაიკერს (ინგლ.striker). რიგ შემთხვევებში, თავდამსხმელს, რომელსაც სხვადასხვა საფეხბურთო ჩემპიონატებსა და ტურნირებზე სხვებზე მეტი გოლი გააქვს ან ზოგადად, გოლების გატანის მხრივ მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა — ბომბარდირს (ფრანგ.bombarde) ან გოლეადორს (ესპ.goleador) უწოდებენ. იხ. Collins dictionary / goleador; იხ. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი / გოლეადორი