ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომი ან მეორე ომი იტალიის დამოუკიდებლობისათვის — ომი ერთი მხრივ საფრანგეთ–სარდინიასა და მეორე მხრივ ავსტრიის იმპერიას შორის. იტალიისათვის ეს ომი ეროვნულ-განმათავისუფლებელ ხასიათს ატარებდა და რისორჯიმენტოს – იტალიის გაერთიანების – ნაწილს წარმოადგენდა. ავსტრიას ლომბარდია-ვენეციის ოლქი ეკავა და ამით ხელს უშლიდა იტალიის გაერთიანებას, რამაც ხელი შეუწყო ომის დაწყებას.
საფრანგეთის მხრიდან ომი ნაპოლეონ III-ის დინასტიური ინტერესებით და მისწრაფებებით იყო ნაკარნახევი – დაეპყრო ახალი ტერიტორიები და განემტკიცებინა საფრანგეთის გავლენა ჩრდილოეთ იტალიაში. 1858 წლის 20 ივლისს ნაპოლეონი საიდუმლოდ შეუთანხმდა პიემონტის სამეფოს (სარდინიის) პრემიერს კამილო კავურს (პლომბიერის შეთანხმება). შეთანხმების ამ ცნობილი აქტით საფრანგეთი უნდა დახმარებოდა პიემონტის სამეფოს ლომბარდია-ვენეციის სამეფოს ავსტრიის უღლისაგან გათავისუფლებაში, რის კომპენსაციად იტალიისაგან სავოიასა და ნიცას ითხოვდა.
1859 წლის 29 აპრილს ავსტრიის წინააღმდეგ ომის დაწყებამ იტალიაში დიდი პატრიოტული აღმასვლა გამოიწვია (გარიბალდის აჯანყება; იტალიის გაერთიანება...). საფრანგეთ-პიემონტის გაერთიანებულმა არმიამ (საფრანგეთის 116 ათ. ჯარისკაცი, პიემონტის – 56 ათ. ჯარისკაცი) ნაპოლეონ III-ის მთავარსარდლობით 4 ივნისს სასტიკად დაამარცხა ავსტრიის 170 ათასიანი არმია მაჯენტასთან. ავსტრიელებმა ლომბარდია დატოვეს.
მეორე დიდი დამარცხება იმპერატორ ფრანც-იოზეფ I-ის სარდლობით, ავსტრიელებმა 24 ივნისს სოლფერინოსთან განიცადეს. წარმატებებმა ახალი რევოლუციური ტალღა წარმოშვა იტალიურ სახელმწიფოებში (პარმა, ტოსკანა, მოდენა, პაპის ოლქი). იტალიელი ხალხის მძლავრი რევოლუციური ტალღით დამფრთხალმა ნაპოლეონ III-მ საომარი მოქმედებები შეწყვიტა.
1859 წლის 11 ივლისს საფრანგეთ-ავსტრიას შორის დაიდო დროებითი სეპარატული ზავი (ზავის პირობები დაამტკიცა 1859 წლის ციურიხის ხელშეკრულებამ), რომლითაც ავსტრია უარს ამბობდა მხოლოდ ლომბარდიაზე, ვენეცია კი კვლავ მას რჩებოდა. პიემონტთან 1860 წლის ხელშეკრულებით საფრანგეთმა დაპირებული სავოია და ნიცა მიიღო.