ვენეცია

ქალაქი
ვენეცია
Venezia / Venexia
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ვენეტო
პროვინცია ვენეცია
შიდა დაყოფა Municipality 1 Venezia-Murano-Burano, Municipality Lido-PellestrinaLido-Pellestrina, Municipalità di Chirignago-Zelarino, Municipalità di Favaro Veneto, Municipalità di Marghera და Municipalità di Mestre-Carpenedo
კოორდინატები 45°26′00″ ჩ. გ. 12°19′00″ ა. გ. / 45.43333° ჩ. გ. 12.31667° ა. გ. / 45.43333; 12.31667
ქალაქის მერი მასიმო კაჩიარი
დაარსდა 25 მარტი, 421
ფართობი 414.57 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0
მოსახლეობა 270 660 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 652.9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +39 41
საფოსტო ინდექსი 30100
საავტომობილო კოდი VE
ოფიციალური საიტი comune.venezia.it
ვენეცია — იტალია
ვენეცია
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 394
ინგლ.რუს.ფრ.

ვენეცია (იტალ. Venezia, ვენეტ. Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული.[1] მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეებისპოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით.[1] ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]

ვენეცია ვენეტოს რეგიონის დედაქალაქია. 2009 წლის მონაცემებით, ვენეციის კომუნაში 270 098 ადამიანი ცხოვრობს.[2] პადუასა და ტრევიზოსთან ერთად, ქალაქი მიეკუთვნება პადუა-ტრევიზო-ვენეციის აგლომერაციას, რომლის მოსახლეობაც 1 600 000 ადამიანს შეადგენს.

სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდებოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.[3][4] ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: „La Dominante“, „Serenissima“, „ადრიატიკის ზღვის დედოფალი“, „წყლის ქალაქი“, „ნიღბების ქალაქი“, „ხიდების ქალაქი“, „მცურავი ქალაქი“ და „არხების ქალაქი“.[5] როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ბარცინიმ გაზეთ The New York Times-ს განუცხადა, „ეს ქალაქი უდავოდ ყველაზე მშვენიერია, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია“.[6]

ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანაში ძლიერი საზღვაო სახელმწიფო იყო. მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ვაჭრობასა და ხელოვნებაში. სახელმწიფომ XIII საუკუნიდან XVII საუკუნის ბოლომდე იარსება. ამ ფაქტმა ვენეცია მდიდარ ქალაქად აქცია. ვენეცია ასევე ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მხატვრული მიმდინარეობით, განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში. ვენეციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმფონიური და საოპერო მუსიკის ისტორიაში, აქ დაიბადა ანტონიო ვივალდი.

ისტორია

წარმოშობა

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი ჩანაწერები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ ვენეციის წარმოშობის შესახებ,[7] გადმოცემებმა და გამოვლენილმა მტკიცებულებებმა მეცნიერთა გარკვეულ წრეს აიძულა დათანხმებულიყო, რომ ვენეციის თავდაპირველ მოსახლეობას შეადგენდნენ სხვა რომაული ქალაქებიდან დევნილები, მათ შორის პადუიდან, აკვილიიდან, ტრევიზოდან, ალტინუმიდან და კონკორდიიდან (თანამედროვე პორტოგრუარო), ასევე ხალხი ქვეყნის სხვა დაუცველი რეგიონებიდან, რომლებიც გერმანიკული ტომებისა და ჰუნების თანამიმდევრულ შემოსევებს გამოექცნენ.[8] ზოგიერთი გვიანდელი რომაული წყარო მიუთითებს თავდაპირველ ჭაობის ლაგუნების კუნძულებზე მეთევზეთა არსებობას. ისინი მოხსენიებულნი არიან incolae lacunae-ს სახელით (ლაგუნის მკვიდრნი). ქალაქის დაარსებას ტრადიციული მოსაზრება კუნძულ რიალტოზე სან-ჯაკომოს ეკლესიას უკავშირებს, რომელიც როგორც ამბობენ 421 წლის 25 მარტს დაარსდა.[9][10]

აპენინის ნახევარკუნძულზე ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი იმიგრაცია 568 წელს ლანგობარდებმა განახორციელეს, რომელთაც აღმოსავლეთ რომის იმპერია დატოვეს და პატარა ჯგუფებად დღევანდელი ვენეტოს სანაპიროზე დასახლდნენ. ამის შემდეგ, ადმინისტრაციული და რელიგიური მექანიზმები მათს მფლობელობაში გადავიდა, ცენტრით რავენის ეგზარქატში, რომელიც იმპერატორის ადგილობრივი წარმომადგენლობა იყო აღმოსავლეთში. ვენეციური გადმოცემები კუნძულელების მიერ ველისარიუსის დახმარების თაობაზე რავენასა და აღმოსავლეთის იმპერატორს შორის თეორიულ კავშირებზე მიუთითებს. აშენდა ახალი ნავსადგურები, მათ შორის მალამოკო და ტორკელო ვენეციის ლაგუნაში. tribuni maiores — ლაგუნის კუნძულების უძველესი მმართველი კომიტეტი 568 წლით თარიღდება.[11]

ვენეციელებმა თავშესაფარი მისცეს რავენის ეგზარქოს პაველს, რომელიც ლომბარდიის მეფე ლიუტპრანდმა გამოდევნა. ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიაზე ბიზანტიელთა ბატონობა შემდგომში თავიდან იქნა აცილებული 751 წელს, ჰერცოგ აისტულფის მიერ რავენის ეგზარქატის დაპყრობის შედეგად. ამ პერიოდში, ბიზანტიელი ადგილობრივი გუბერნატორის რეზიდენცია მალამოკოში მდებარეობდა. ლაგუნის კუნძულებზე არსებული დასახლებები სავარაუდოდ ლომბარდიელთა მიერ ბიზანტიური ტერიტორიების დაპყრობის შესაბამისად გაიზარდა.

VIII საუკუნის პირველ ათწლეულში, ლაგუნის მოსახლეობამ პირველი მმართველი ორსო იპატო აირჩია, რომელიც ბიზანტიელებმა დაამტკიცეს და hypatus-ისა და Dux-ის ტიტული უბოძეს.[12] იგი ვენეციის პირველი ისტორიული დოჟი (ჰერცოგი) იყო.

ჰერცოგ ანიელო პარტეჩილაციოს მმართველობისას (811–827), ჰერცოგის რეზიდენცია მალამოკოდან უფრო დაცულ რიალტაში გადაიტანეს. ამის შემდეგ, ოლივოლოსა და რიალტოს შორის აშენდა წმინდა ზაქარიას მონასტერი, ჰერცოგის სასახლე და წმინდა მარკოზის ბაზილიკა. წმინდა მარკოზის სიმბოლოა ფრთოსანი ლომები, რომელთა ნახვაც მთელს ვენეციაშია შესაძლებელი.

ვენეციის დამორჩილება კარლოს დიდმა განიზრახა. მან პაპს ადრიატიკის სანაპიროზე, პენტაპოლისიდან ვენეციელების განდევნა უბრძანა. ლომბარდიის მეფემ — კარლოსის ვაჟმა პიპინმა, მამამისის მორჩილების ქვეშ ვენეციას ალყა შემოარტყა, რაც საბოლოოდ ჩაიშალა. ალყამ ექვს თვეს გასტანა; პიპინის არმია ადგილობრივი ჭაობის დაავადებებმა გაანადგურა და საბოლოოდ, მათ უკან დაიხიეს. რამდენიმე თვეში, ვენეციაში შეყრილი დაავადების შედეგად, პიპინი თავადაც გარდაიცვალა. შემდეგში, 814 წელს, კარლოს დიდსა და ნიკიფორ I-ს შორის დადებული შეთანხმებით ვენეცია ბიზანტიის ტერიტორიად იქნა აღიარებული და ქალაქს სავაჭრო უფლებები მიეცა.

828 წელს, ქალაქმა ახალი პრესტიჟი შეიძინა, მას შემდეგ, რაც მან ალექსანდრიიდან მარკოზ მახარებლის წმინდა ნაწილები მიიღო, რასაც ის მანამდეც მოითხოვდა. წმინდა ნაწილები ახალ ბაზილიკაში დააბრძანეს. საპატრიარქო რეზიდენციამ ასევე რიალტოში გადაინაცვლა.

რაც უფრო იზრდებოდა საზოგადოების განვითარება და იკლებდა ბიზანტიის ძალაუფლება, ქალაქმა ავტონომია, შემდეგ კი დამოუკიდებლობა მოიპოვა.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 UNESCO: Venice and its Lagoon, accessed:17th April, 2012
  2. Mara Rumiz, Venice Demographics Official Mock funeral for Venice's 'death'
  3. Online Etymology Dictionary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-05. ციტირების თარიღი: 2010-06-11.
  4. Richard Stephen Charnock (1859). Local etymology: a derivative dictionary of geographical names. Houlston and Wright, გვ. 288. 
  5. Barzini, Luigi (30 May 1982). „The Most Beautiful and Wonderful City In The World - The“. New York Times. ციტირების თარიღი: 28 March 2009.
  6. Barzini, Luigi (30 May 1982). „The Most Beautiful and Wonderful City In The World – The“. New York Times. ციტირების თარიღი: 28 March 2009.
  7. "Imperciocchè nascendi i principati", begins Apostolo Zeno, Compendio della storia Veneta di Apostolo Zeno continuata fino alla caduta della repubblica 1847:9.
  8. Bosio, Le origini di Venezia
  9. Zeno, Compendio 1847:10.
  10. (1 January 1996) International Dictionary of Historic Places: Southern Europe. Taylor & Francis, გვ. 745. ISBN 978-1-884964-02-2. ციტირების თარიღი: 24 March 2011. 
  11. Traditional date as given in William J. Langer, ed. An Encyclopedia of World History.
  12. John Julius Norwich, A History of Venice (Alfred A. Knopf: New York, 1982) p. 13.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!