სიუჟეტი კვლავ კეტნის ევერდინის გარშემო მიმდინარეობს, რომელიც ორჯერ გადაურჩა „შიმშილის თამაშებს“. კეტნისი აღმოჩნდება მეცამეტე რაიონში. პრეზიდენტ კოინის ხელმძღვანელობითა და მისი სანდო მეგობრების რჩევით ხდება მასობრივი ამბოხების სიმბოლო კაპიტოლიუმის წინააღმდეგ. ფილმი არის მისი წინამორბედის „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“ პირდაპირი გაგრძელება. 2015 წელს გამოვიდა დასკვნითი ნაწილი „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“
„კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ გამოვიდა 2014 წლის 21 ნოემბერს აშშ-ში. წინა ნაწილის მსგავსად, იგი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა, რომლის ბიუჯეტმა 55 მილიონი, ხოლო შემოსავალმა 755.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც გახდა 2014 წლის მეხუთე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი[8] და მეორე ყველაზე შემოსავლიანი „შიმშილის თამაშების“ სერიაში.
იგი დადებითად მიიღეს კინოკრიტიკოსებმა.[9][10][11] მათ ძირითადად შეაქეს მსახიობთა ოსტატობა, მუსიკა და პოლიტიკური ქვეტექსტები. თუმცა დაიმსახურა, აგრეთვე კრიტიკაც. მიმოხილვების აგრეგატორ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 68% (271 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[12] ფილმი ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე.[13] რაც შეეხება ჯენიფერ ლოურენსს, ნომინირებული იყო სატურნსა და Critics' Choice Awards-ზე, ხოლო სიმღერა „Yellow Flicker Beat“ — ოქროს გლობუსზე.[14]