„ტორპედო“ — ქართულისაფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან. დაარსდა 1946 წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 1949 წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის ეროვნული ლიგის 4 გზის ოქროსა (2000, 2001, 2002, 2017) და სამგზის ვერცხლის (1999, 2003, 2005) პრიზიორი. ხუთჯერ გახდა საქართველოს თასის (1999, 2001, 2016, 2018, 2022) და ერთხელ საქართველოს სუპერთასის მფლობელი 2018 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მხოლოდ სამი სეზონით მოხდა მისი დაქვეითება პირველ ლიგაში (2007–08, 2008–09, 2009–10), 2010 წლიდან ისევ აღზევდა უმაღლეს ლიგაში, სადაც დღემდე ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ატარებს რამაზ შენგელიას სტადიონზე, რომელიც 14 700 მაყურებელს იტევს.
თავის დროზე „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რევაზ ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1970), ანზორ კავაზაშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1967), ნოდარ ხიზანიშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მურთაზ ხურცილავა (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1962, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1969), სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მანუჩარ მაჩაიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1970), გივი ნოდია (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1972), თენგიზ სულაქველიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1980, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), გურამ ცხოვრებოვი, რამაზ ურუშაძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1961).
ისტორია
დაარსების პერიოდი
1946 წელსქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა გუნდი, სახელად ქუთაისის „ტორპედო“. უკვე 1949 წელს კი, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი „ლოკომოტივი“, რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია. იმის გამო, რომ „ლოკომოტივის“ რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და „ლოკომოტივის“ ნაცვლად მას „ტორპედო“ ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გიორგი ანთაძე. 1959 წლის23 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს შვედეთის ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 1959 წლის5 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის „ალიანსენი ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს — 3:3. 1959 წლის4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ქუთათურებმა ფინეთის „პალლოსეურა“ გაანადგურეს-3:0. 1959 წლის საკავშირო ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-6 ადგილზე დაასრულა.
„ბ“ კლასი
1960 წლიდან ქუთაისის „ტორპედო“ საკავშირო გათამაშების „ბ“ კლასის მეორე ზონაში გამოდიოდა. ქუთაისელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი. გუნდმა 30 თამაშიდან 47 ქულა დააგროვა, 12 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლენინაბადის „დინამოს“ და პირველ ზონაში გამარჯვებულ თბილისის„ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება „ტორპედოს“ დარჩა (3:1, 0:1) და „ბ“ ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა. იმის გამო რომ 1960 წელს „ა“ კლასის საგზური არ გათამაშებულა, ტორპედოელებს მომავალ წელსაც დაბალ ლიგაში მოუხდათ ასპარეზობა, თუმცა გუნდის ფეხბურთელებს სპორტის ოსტატის წოდებები მიანიჭეს.
1961 წლის სეზონში უშანგი სალდაძის ხელმღვანელობით ტორპედოელები კვლავ გამარჯვებული გამოვიდნენ „ბ“ კლასის მეორე ზონის გუნდებს შორის და მოიპოვეს უფლება ებრძოლათ „ა“ კლასის საგზურისთვის. უმაღლესში გადასასვლელ სამთა ტურნირში, რომელიც კიშინიოვში გაიმართა ქუთაისელებმა ტალინის „კალევთან“ და თბილისის „ლოკომოტივთან“ პაექრობაში პირველი ადგილი მოიპოვეს და „ა“ კლასში აღზევდნენ.
„ა“ კლასი
1962 წელს2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს — 4:2.[1] „ტორპედოს“ კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის „დინამო“, მინსკის „დინამო“ და „კრილია სოვეტოვი“, რომლებსაც „ა“ კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ „სოვეტსკი სპორტისგან“ მიიღეს პრიზი „სამართლიანი თამაშისთვის“.
1963 წლის სეზონში „ტორპედო“ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც სარეკორდოა „ტორპედოსთვის“. მატჩი დამთავრდა ფრედ — 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს „მოსკოვური“ მატჩები. მოსკოვის „ცსკას“1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ჰქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე „ტორპედოსთან“ შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს მოსკოვის „ლოკომოტივი“, ხოლო კიევში „დინამოსთან“ ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამაშების ლიდერი მოსკოვის „დინამო“ და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის „ტორპედო“ მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა.
1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლევ იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო „ტორპედოს“ გოლკიპერი რამაზ ურუშაძე.
1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის „ზენიტის“ დამარცხებამ „ტორპედოელებს“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს, მოსკოვის „ტორპედოს“ უმასპინძლა. როგორც სტუმრებს, ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევაში არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ „ა“ კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. „ტორპედომ“ ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა „როსტოვი“ და მოსკოვის „დინამო“, შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის „ვოლგა“ დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის „ტორპედოდან“ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რამაზ ურუშაძე, იუზა ლოსაბერიძე, სერგო კუტივაძე, ჯემალ ხერხაძე და ვალერიან ჩხარტიშვილი.
1965 წელს „ტორპედომ“ პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და ლოსაბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: „რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები. სწორედ მათ წაართვეს ფინიშზე კიეველებს ის ორი ქულა, რომელიც ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ უკრაინელ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან...“ საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ტორპედოელები“ საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერიის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები - 1:0.
1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „ლოკომოტივი“ და ლენინგრადის „ზენიტი“. 1967 წლის ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს „ტორპედოში“ აღზრდილი რევაზ ძოძუაშვილი მიიწვიეს თბილისის „დინამოში“, მოკლე ხანში კი მან საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. 1968 წელს 9 ქულით ჩამოიტოვა ბოლო ადგილზე მყოფი კიროვაბადის „დინამო“ და კვლავ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. მომდევნო წელს კი ქუთათურებმა ჩემპიონატში მე-14 ადგილი მოიპოვეს. 1970 წლის ჩემპიონატის ფინიშზე „ტორპედო“ გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-16 ადგილზე აღმოჩნდა და უმაღლესი ლიგა დატოვა.
დაქვეითება
1971 წლიდან ქუთათურები საბჭოთა პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს „ტორპედომ“ პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას. 1982 წლის სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი ბოლოსწინა მე-17-ე და კვლავ დაბალ ლიგაში დაქვეითთდა. 1984 წლის ჩემპიონატი ქუთაისელებმა წარმატებით წარმართეს და უკვე მესამედ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში. 1985 წელს გუნდი მთელი სეზონის მანძილზე სახიფათო ზონაში იყო, მაგრამ ფინიშის სწორზე ზედიზედ სამმა გამარჯვებამ „ტორპედოს“ საბოლოოდ მე-11 ადგილი მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია ქუთაისელთა უმაღლეს ლიგაში 13 წლიანი ასპარეზობის მანძილზე. 1986 წელს მართალია ცალკეულ შეხვედრებში ტორპედოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მაგრამ, მთლიანობაში გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა და „ტორპედო“ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
დამოუკიდებლობის პერიოდი
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ტორპედო“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს „დინამოს“ ჰეგემონიის დამხობა და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.
2008 წელს ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსური გარანტიის არ ქონის გამო დააქვეითეს, მაგრამ მიუხედავად ამის „ტორპედო“ 2008-2009 წლებში უკონკურენტოდ გადავიდა | ლიგაში, ხოლო 2009-2010 წლებში უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაც შეძლეს.
„ტორპედომ“ 2010-2011 წლის სეზონი არა სტაბილურად დაიწყო რასაც გულშემატკივრის მოთხოვნით მთავარი მწვრთნელის ნესტორ მუმლაძის განთავისუფლება მოჰყვა, ახალ მწვრთნელად კი გია გიგატაძე დანიშნეს, რომელმაც თამაშის დალაგება შეძლო და ბოლო ადგილიდან გუნდი მე-4-ე ადგილზე გაიყვანა და საქართველოს თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა რომელშიც მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა გაგრის გუნდ გაგრასთან..[2] მომდევნო ორ სეზონში „ტორპედომ“ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეროვნული ლიგიდან, 2016 წელს კი საქართველოს თასიც აღმართა.
იმავე წელს ტორპედო აუქციონის წესით გაიყიდა. ახალი მფლობელი და კლუბის პრეზიდენტი ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა გახდა.[3]საქართველოს თასის მოგების შემდეგ, კლუბი ჩაიბარა კახაბერ ჩხეტიანმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ტორპედოს“ შემადგენლობაში 6 სეზონი გაატარა.
15 წლიანი ლოდინის შემდეგ, 2017 წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში თბილისის „დინამო“ დაამარცხა.[4]
2019 წელი კიდევ ერთი გამარჯვებითა და ტიტულით დაიწყო გუნდისთვის. „ტორპედომ“ სუპერთასის ფინალში დაამარცხა „საბურთალო“ და ბოლო 26 თვეში მეხუთე ტიტულს დაეუფლა. მარტში, „ტორპედოს“ 27 მატჩიანი წაუგებელი სერია „ლოკომოტივთან“ მარცხით დასრულდა.[5] კლუბში ფინანსურმა კრიზისმა იჩინა თავი, რის გამოც „ტორპედოს“ გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას გადადგომას ითხოვდნენ.[6]
აგვისტოს ბოლოს, ზაალ ჩაჩავამ „ტორპედო“ ქუთაისი დატოვა.[7] ფინანსური პრობლემის გამო, კლუბიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც წავიდნენ, რის გამოც კახაბერ ჩხეტიანმა„საბურთალოსთან“ მატჩში „ტორპედოს“ 18 წლამდელთა ახალგაზრდული კლუბიდან 11 მოთამაშე დაიმატა, მათ შორის იყო 13 წლის მეკარე სოსო კოპალიანი.[8]
2020 წლის თებერვალში, კლუბში ახალი ინვესტორები გამოჩნდნენ. გუნდის ახალი მფლობელი და პრეზიდენტი ფაბრიციო მანინი გახდა, თუმცა მოგვიანებით მანაც დატოვა დაკავებული თანამდებობა.[10]
2021 წლის ივნისში კახაბერ ჩხეტიანი მეორედ დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე[11], თუმცა იმავე წლის 1-ელ ნოემბერს გუნდის დირექციამ ის გაათავისუფლა. კახაბერ ჩხეტიანის გაშვების მთავარი მიზეზი გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.[12]
ქუთაისის ცენტრალური სტადიონი აშენდა 1949-1956 წლებში მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს მოეწყო უეფას სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად სტადიონი 15 000 მაყურებელს იტევს.
სტადიონის გარდა „ტორპედოს“ გააჩნია საკუთარი ბაზა,[14] ჩოგბურთის კორტების კომპლექსი,[15] საცურაო აუზი,[16] ფიტნეს კლუბი, სოლარიუმი და სხვ.
სტადიონის მთავარი სპორტული არენა მოიცავს საფეხბურთო მოედანს (105X75 მ), 400-მეტრიან სარბენ წრეს და ხტომისა და ტყორცნის სექტორებს. საერთაშორისო სტანდარტის ტაბლო და განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და პრეს–ზონა უმაღლესი კლასის თამაშებისათვის საჭირო პირობებს ქმნის.[17]