საფეხბურთო კლუბი „სიონი“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან გამოდის. თავდაპირველად საშუალო დონეზე თამაშობდა, 2000-იან წლების დასაწყისში კი „სიონში“ ინვესტიციები ჩაიდო და 2003 წელს ბოლნისური კლუბი საქართველოს თასის ფინალში გავიდა და თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა ანგარიშით 1–3. ვინაიდან „დინამო“ ამავე წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, „სიონმა“ თასის მფლობელის ეგიდით უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა, თუმცა კლუბი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას სლოვაკეთის „პუხოვთან“.
2004 წელს ბოლნისის „სიონს“ ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის „ოქროს მატჩში“ „ვიტ ჯორჯიასთან“ სკანდალურად დამარცხდა და მეორე ადგილიც ჩამოერთვა.
ბოლნისური კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა 2005-2006 წლების სეზონი: სიონმა, კახაბერ ცხადაძის თავკაცობით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა აზერბაიჯანის „ბაქო“ დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ბულგარულ „ლევსკისთან“ დამარცხდა ორი მატჩის ჯამში.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.