პლზენი — ქალაქი ჩეხეთში, მდინარე ბეროუნკის (ვლტავის შენაკადი) შემადგენელი მდინარეების: მჟეს, რადბუზის, უჰლავის და უსლავის შესართავთან. დასავლეთ ჩეხიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 163 ათასი მცხოვრები (2006). პლზენი დააარსა ჩეხიის მეფე ვაცლავ II-მ დაახლოებით 1292 წელს. XIV საუკუნეში პრივილეგირებული სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XIV-XV საუკუნეებში ვაჭრობა-ხელოსნობის დიდი ცენტრია. 1419 წელს ჰუსიტების რევოლუციური ფრთის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1420 წლის შემდეგ კათოლიკური რეაქციის, ხოლო XV-XVI საუკუნეებშიჰაბსბურგების დასაყრდენი გახდა. ძლიერ დაზარალდა ოცდაათწლიანი ომის (1618-48) დროს. XVII საუკუნის დამლევიდან ჩეხეთის ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ცენტრია. 1648 წელს პლზენში დაარსდა პირველი სტამბა, XIX საუკუნეში მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი გახდა.