ლუი XVIII დე ბურბონი (ფრანგ. Louis XVIII de Bourbon; დ. 17 ნოემბერი, 1755, ვერსალი, საფრანგეთი — გ. 16 სექტემბერი, 1824, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1814-1815 და 1815-1824 წლებში, ბურბონთა დინასტიისა. 1791 წელს გაიქცა საფრანგეთიდან. ითვლებოდა საფრანგეთის ემიგრანტული კონტრრევოლუციის მეთაურად. ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ (1793 წ.) მეფედ გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი ვაჟი ლუი XVII, ხოლო თავისი თავი - რეგენტად. ტახტზე ავიდა ნაპოლეონ I-ის ხელისუფლების დაცემის შემდეგ. ასი დღის პერიოდში იყო ბელგიაში, 1815 წელს დაბრუნდა უცხოეთის სახელმწიფოების ჯარებთან ერთად. რევოლუციის შიშით თავდაპირველად ზომიერ პოლიტიკას ატარებდა, მთავრობაში ულტრაროიალისტების გაძლიერების შემდეგ კი მისი პოლიტიკა აშკარად რეაქციული გახდა.