ზალდა — სოფელი საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ქემერტის ტერიტორიული ორგანო).[1]
მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე. ქურთიდან (მუნიციპალიტეტის ცენტრი) დაშორებულია 10 კმ-ით, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 15 კმ-ით.
XVIII-XIX საუკუნეებში სოფელი ზალდა ჯავის საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. აქედან იყო პირველი ოსი მწერალი, ერეკლე II-ის კარზე აღზრდილი იოანე იალღუზიძე (გაბარათი). 1922-1990 წლებში ზალდა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში (ცხინვალის რაიონი), განვითარებული იყო მემინდვრეობა და მებაღეობა. 1989 წლის აღწერით იყო 94 მცხოვრები, ძირითადად ოსები. 1990-იანი წლების დასაწყისში სოფელი მოექცა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. 2006 წელს, საქართველოს დე-იურე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, მიეკუთვნა ქურთის მუნიციპალიტეტს.
ზალდაში დგას XIX საუკუნის 2 ეკლესია: ერთი აუგიათ 1820 წელს იოანე იალღუზიძის ინიციატივით, მეორე — 1870 წელს სიმონ გაბარაევ-ბედიევიჩის თაოსნობით. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთის მწვერვალზე აღმართულია ამ მხარეში სახელგანთქმული „ლალისა ვასტირჯი“ — ლალისას წმ. გიორგის ეკლესია (ლალისას ჯვარი), რომელზეც შემორჩენილია ნუსხური წარწერები ვინმე გიორგის მოხსენიებით.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ანძისი · ბაგატა · ბრილი · გალუანთა · გარდანთა · გუჯაბაური · დამპალეთი · ზალდა · ზემო აჩაბეთი · ზემო დოდოთი · ზემო მონასტერი · თამარაშენი · თიბილაანი · კეხვი · კვერნეთი · კროზა · კუსირეთი · მამითა · მებრუნე · რუსთავი · საბაწმინდა · სვერი · ტბეთი · ქემერტი · ქირწინა · ქვემო აჩაბეთი · ქვემო დოდოთი · ქვემო მონასტერი · ქურთა · ქვასათალი · ღრუბელა · ჩელეხსათა · ძარი · ძარწემი · ჭალისუბანი · ხეთაგუროვი · ხეითი · ხოდი · ჯაბიტა