სამივე კუნძული ერთმანეთისგან საკმაოდაა დაშორებული, აქ ადგილობრივი მოსახლეობა არ სახლობდა და ეს კუნძულები უკაცრიელი დარჩა XVI საუკუნის დასაწყისამდე. 1501 წლის 25 მარტს გალისიელმა მეზღვაურმა ჟუან და ნოვამ აღმოაჩინა ამაღლების კუნძული, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1502 წლის 21 მარტს აღმოჩენილი იქნა წმინდა ელენეს კუნძული. უკიდურეს სამხრეთით არსებული კუნძულების ჯგუფი აღმოჩენილი იქნა 1506 წელს, პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ, სწორედ მათ უწოდეს ამ კუნძულებს ტრისტანი-და-კუნია.
1815 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კუნძულ წმინდა ელენეზე გადაასახლა საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე. ნაპოლეონი დეპორტირებული იქნა 1815 წლის ოქტომბერში, მან აქ სიცოცხლის ბოლომდე, 1821 წლის 5 მაისამდე იცხოვრა. 1816 წლის 14 აგვისტოს ბრიტანელების მიერ ანექსირებული იქნა კუნძული ტრისტანი-და-კუნია. 1834 წელს წმინდა ელენე, ბრიტანეთის სამეფო კოლონია გახდა, 1981 წელს "ბრიტანეთის დამოკიდებული ტერიტორია", ხოლო 2002 წელს მას მიენიჭა დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი.
კუნძულების გეოგრაფია
წმინდა ელენეს კუნძული — ვულკანური წარმოშობისაა. მის სამხრეთ ნაწილში არსებობს რამდენიმე ჩამქრალი კრატერიზღვის დონიდან 818 მეტრამდე სიმაღლით. კლიმატი პასატური და ტროპიკულია. ამაღლებულ რაიონებში მოდის 1000 მმ-მდე ნალექი წელიწადში. ჯეიმსტაუნის რაიონში — სულ დაახლოებით 140 მმ წელიწადში.
ამაღლების კუნძული — ვულკანური წარმოშობისაა, წარმოადგენს ჩამქრალი კრატერებისპლატოს 858 მეტრამდე სიმაღლით (გრინის მთა). ის მდებარეობს წყალქვეშა ქედზე. კლიმატი ტროპიკულია. ნალექები მოდის 700—1000 მმ-მდე წელიწადში. კუნძული დაფარულია ბალახოვანი მცენარეულობით.
2016 წლის აღწერის მონაცემებით ყველა კუნძულის საერთო მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5633 ადამიანს.[1] წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრობს 4534 ადამიანი, ხოლო ტრისტანი-და-კუნიას კუნძულზე 293 ადამიანი. ამაღლების კუნძულს არა ჰყავს მუდმივი მოსახლეობა, იქ ცხოვრობენ მხოლოდ სამხედროები და მოსამსახურეები თავიანთი ოჯახებით, რომელთა რაოდენობაა 806 ადამიანი: 556 მოსახლე წმინდა ელენეს კუნძულიდან, 250 ადამიანი დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.
ადმინისტრაციულად (გეოგრაფიულადაც) ტერიტორია დაყოფილია სამ ნაწილად, რომელთაგან თითოეულს მართავს საბჭო. ტერიტორიის გუბერნატორი ხელმძღვანელობს წმინდა ელენეს საკანონმდებლო საბჭოს, ხოლო ამაღლების და ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე ის წარმოდგენილია ადმინისტრატორებით, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ კუნძულების საბჭოებს.
ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დიდი ბრიტანეთის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც 2007 წელს შეადგენდა თითქმის $27 მილიონს ანუ სახელმწიფო წლიური ბიუჯეტის 70 %-ს. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია თევზჭერით, შინაური პირუტყვის შენახვით და კუსტარული ნაკეთობების გაყიდვით. სამუშაო ადგილები საკმაოდ ცოტაა, ამიტომ მოსახლეობის 25 % ტოვებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და სამუშაოს საძებნელად მიემგზავრება აღდგომის კუნძულზე, ფოლკლენდის კუნძულებზე და დიდ ბრიტანეთში. მონაცემების მიხედვით 1998 წლისთვის უცხოეთში მუშაობდა 1200 ადამიანზე მეტი.