ეკვატორული გვინეა

ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა
ესპ. República de Guinea Ecuatorial
ფრანგ. République de la Guinée Équatoriale
პორტ. República da Guiné Equatorial
ეკვატორული გვინეა
ეკვატორული გვინეის
გერბი
დევიზი: Unidad, Paz, Justicia
(«ერთიანობა, მშვიდობა, სამართლიანობა»)
ჰიმნი: Caminemos pisando las sendas
ეკვატორული გვინეის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მალაბო
3°21′ ჩ. გ. 8°40′ ა. გ. / 3.350° ჩ. გ. 8.667° ა. გ. / 3.350; 8.667
ოფიციალური ენა ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო
 -  პრ.-მინისტრი ფრანსისკო პასკუალ ობამა ასუე
ფართობი
 -  სულ 28 051 კმ2 (144-ე)
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 504 000 (166-ე)
 -  2015 აღწერა 1 222 442 
 -  სიმჭიდროვე 43,58 კაცი/კმ2 (187-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $23,796 მლრდ. (112-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $50 200 (მე-4)
აგი (2007) 0.653 (საშუალო) (120-ე)
ვალუტა სფა ფრანკი (XAF)
დროის სარტყელი UTC+01:00
ქვეყნის კოდი GNQ
Internet TLD .gq
სატელეფონო კოდი 240

ეკვატორული გვინეა (ოფიციალურად ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა, ესპ. República de Guinea Ecuatorial; ფრანგ. République de la Guinée Équatoriale; პორტ. República da Guiné Equatorial) — ქვეყანა ცენტრალურ აფრიკაში. 28 051 კმ² ფართობით იგი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად (წინასწარი) მისი მოსახლეობა შეადგენს 1 222 442 ადამიანს.[1][2][3] ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კამერუნს, ხოლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან გაბონს. დასავლეთიდან გარს ერტყმის გვინეის ყურის წყლები.

ეკვატორული გვინეა შედგება მატერიკული (კონტინენტური გვინეისაგან — 26 ათასი კმ²) და კუნძულოვანი გვინეისაგან (კუნძულები ბიოკო — 2 ათასი კმ², კორისკო, ანობონი, დიდი ელობეი, პატარა ელობეი და სხვა). დედაქალაქი — მალაბო მდებარეობს კუნძულ ბიოკოზე. ეს აფრიკის ერთადერთი სუვერენული ქვეყანაა, რომლის ოფიციალური ენა ესპანურია (ფრანგულთან ერთად).

1990-იანი წლებიდან დაწყებული სახელმწიფო გახდა ნავთობის მსხვილი ექსპორტიორი, რის გამოც კონტინენტურ აფრიკაში მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე აიწია პირველ პოზიციაზე. მაგრამ ნავთობიდან შემოსავალი მოსახლეობაზე საკმაოდ არათანაბრად ნაწილდება: მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია სუფთა წყალთან მუდმივი წვდომა, ხოლო ბავშვთა სიკვდილიანობა ქვეყანაში რჩება მაღალ დონეზე: ბავშვთა 20 %-მდე კვდება, ისე რომ ხუთ წლამდე ასაკსაც ვერ აღწევს.[4] ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყანა იმყოფება 138-ე ადგილზე მსოფლიოში (2015 წელი).

ისტორია

ქვეყნის ადრეული ისტორია საკმაოდ სუსტადაა შესწავლილი. ევროპელების კოლონიზაციის დაწყებისას ამ ტერიტორიის ძირითადი მაცხოვრებლები იყვნენ პიგმეები, ასევე ფანგის და ბუბის ტომის ხალხი (ბანტუს ენების ოჯახი).

კოლონიალური პერიოდი

1472 წელს პორტუგალიელების ექსპედიციამ კაპიტან ფერნანდო პოს ხელმძღვანელობით აღმოაჩინა კუნძული გვინეის ყურეში, რომელსაც ეწოდა ფერნანდო-პო (დღეს — კუნძული ბიოკო). პორტუგალიელების მიერ კუნძულის კოლონიზაცია დაიწყო 1592 წლიდან. 1642-1648 წლებში კუნძულის დაუფლება სცადეს ნიდერლანდელებმა.

1778 წელს 1778 წლის ელ-პარდოს შეთანხმების საფუძველზე პორტუგალიამ კუნძული და რიო-მუნის ტერიტორია კონტინენტზე გადასცა ესპანეთს. მაგრამ რიო-მუნიში გაგზავნილი ესპანელების ექსპედიცია გაანადგურა ადგილობრივმა ბუბის ტომის ხალხმა.

XIX საუკუნის დასაწყისში (1827 წელი) კუნძული ფერნანდო-პო დაიპყრო ინგლისმა, რომელმაც იქ დააარსა ქალაქი კლარენს-თაუნი (დღეისათვის — ეკვატორული გვინეის დედაქალაქი მალაბო). 1843 წელს ესპანელებმა უკან დაიბრუნეს კუნძული ფერნანდო-პო, ხოლო 1856 წელს დაიპყრეს რიო-მუნის ტერიტორია. ბუბის ტომის ხალხი შეავიწროვეს და აიძულეს მთებში გახიზნულიყვნენ.

ბუბის ტომის ხალხი ჯერ 1898 წელს რიო-მუნიში, ხოლო შემდეგ 1906 წელს ფერნანდო-პოს კუნძულზე, ცდილობდა გაენადგურებინა ესპანელი კოლონიზატორები. ორივე აჯანყება სასტიკად დაამარცხეს ესპანელებმა.

1926 წელს რიო-მუნის, ბიოკოს და ელობეის, ანობონის და კორისკოს კოლონიების ერთიან სტრუქტურაში გაერთიანების გზით შეიქმნა ესპანეთის გვინეა. ესპანეთი არ იყო კოლონიის ინფრასტრუქტურის განვითარებით დაინტერესებული, მაგრამ კაკაოს დიდი პლანტაციები მაინც გაამრავლა კუნძულ ბიოკოზე, სადაც ჩაასახლეს ათასობით მუშა ნიგერიიდან.

1959 წელს ფერნანდო-პო და რიო-მუნი გამოცხადდა ესპანეთის ზღვისიქითა პროვინციად, სახელად «ესპანეთის ეკვატორული რეგიონი». 1963 წლის დეკემბერში ესპანეთის გვინეას მიენიჭა შეზღუდული შიდა ავტონომია.

დამოუკიდებლობის პერიოდი

1968 წლის მარტში გამანთავისუფლებელი მოძრაობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ზეწოლით ესპანეთი დათანხმდა დაეწყო დეკოლონიზაციის პროცესი; დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოცხადდა 12 ოქტომბერს. 1968 წლის 1 აგვისტოს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 63 %-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას. პირველი პრეზიდენტი გახდა ფრანსისკო მასიას ნგემა.

1970 წლის ივლისში პრეზიდენტის დეკრეტით დაითხოვეს ყველა პარტია და ორგანიზაცია და შეიქმნა მშრომელთა ერთიანი ეროვნული პარტია, რომელშიც შეიყვანეს ქვეყნის ყველა ზრდასრული მოქალაქე. საგარეო პოლიტიკაში ფრანსისკო მასიას ნგემა ცდილობდა დასავლეთსა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შორის ლავირებას, მაგრამ მან 1970 წელს გაწყვიტა ურთიერთობა ესპანეთთან და აშშ-სთან და ნაწილობრივი ორიენტაცია გააკეთა სოციალისტური ქვეყნებისაკენ. 1972 წელს ნგემა გამოცხადდა ქვეყნის მუდმივ პრეზიდენტად. «უტყუარობის» კამპანიის ფარგლებში (გეოგრაფიული ობიექტების ესპანური კოლონიალური ეპოქისდროინდელი დასახელებების აფრიკულით შეცვლა) დედაქალაქ სანტა-ისაბელს დაერქვა მალაბო, ხოლო 1973 წელს კუნძულ ფერნანდო-პოს დაერქვა მასიას-ნგემა-ბიიოგოს კუნძული. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომლის ქცევებშიც გამოიკვეთა დაბალი აზროვნების ნიშნები, ქვეყანამ განიცადა პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსი.

1979 წლის 3 აგვისტოს ქვეყანაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და ფრანსისკო მასიას ნგემას ნათესავის თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს მეთაურობით განხორციელდა სამხედრო გადატრიალება. მასიას ნგემას წაუყენეს ბრალდება 80 ათასი ადამიანის მკვლელობაში. ის სცნეს დამნაშავედ 500 მკვლელობაში და მიუსაჯეს დახვრეტა. რადგან ეკვატორული გვინეის მოსახლეობას სჯეროდა, რომ მასიას ნგემა იყო ჯადოქარი და ფლობდა ზებუნებრივ ძალებს, ვერცერთმა ჯარისკაცმა ვერ გაბედა მონაწილეობა მიეღო მის დახვრეტაში. სასჯელის აღსრულებისათვის სპეციალურად გამოიძახეს დაქირავებულები მაროკოდან. მასიას ნგემა თავის ხუთ მომხრესთან ერთად დახვრიტეს. კუნძულ მასიას-ნგემა-ბიიოგოს დაარქვეს კუნძული ბიოკო. 1979 წლის ოქტომბერში ნაციონალიზებული საკუთრების მნიშვნელოვანი ნაწილი (პლანტაციები, საწარმოები, მაღაზიები და ა. შ.) დაუბრუნდა ადრინდელ მფლობელებს. 1979 წლის ნოემბერში გამოცხადდა კერძო წარმოების თავისუფლება. მალევე აღდგა ურთიერთობები ესპანეთთან და აშშ-სთან. 1982 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლითაც გამოცხადდა პოლიტიკური თავისუფლებები; 1991 წელს ოკეანის შელფზე დაიწყო ნავთობის მოპოვება.

მაგრამ 1990-იან წლებში განხორციელდა ოპოზიციის წარმომადგენლების მასიური დაპატიმრებები, რომელთაგან ბევრი დაიღუპა, ფაქტობრივად დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა, რომელშიც პრეზიდენტი ყოველ არჩევნებზე ხელახლა გადაირჩეოდა ისეთო მაჩვენებლებით, რომლებიც საკმაოდ ახლოს იყო 100 %-თან (ყველაზე უფრო დაბალი შედეგი — 2016 წელს: 93 %). გავრცელებული იყო ნეპოტიზმი და კორუფცია; ჟურნალ «ფორბსის» შეფასებით სახელმწიფოს მეთაურის ქონება შეადგენდა 600 მილიონ ამერიკულ დოლარს. პრეზიდენტს, როგორც თავის დროზე ჩამოგდებულ წინამორბედს, ყოველთვის აღმერთებდნენ. 2000-იან წლებში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სულ ცოტა ორ სახელმწიფო გადატრიალებას.

2011 წელს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კონტინენტალურ ნაწილში გეგმავს ქვეყნის ახალი დედაქალაქის აშენებას, სახელად ოიალა.[5][6][7][8]

გეოგრაფია

ეკვატორული გვინეის რუკა
ეკვატორული გვინეის რუკა
ეკვატორული გვინეის ხედი კოსმოსიდან

უკავია 28 051 კმ² ფართობი. სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 539 კმ-ს, კამერუნთან სახელმწიფო საზღვრის სიგრძეა — 189 კმ, გაბონთან — 350 კმ. სანაპირო ხაზის სიგრძეა — 296 კმ.

ეკვატორული გვინეის მატერიკული ნაწილი — რიო-მუნი შედგება 600—900 მეტრი სიმაღლის მთიანეთისაგან, ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობენ დაბალი ვაკეები. ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია — პიკო ბაზილე (ესპ. Pico Basile), ანუ მალაბოს მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3008 მეტრზე მდებარეობს.

ქვეყანა შედგება კონტინენტური ნაწილისაგან (რიო-მუნი), რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კამერუნი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან — გაბონი, ხოლო დასავლეთიდან გარს ერტყმის გვინეის ყურის წყლები, ასევე კუნძულებისაგანბიოკო (ყოფილი ფერნანდო-პო და მასიას-ნგემა-ბიიოგო), ანობონი (ყოფილი პაგალუ), კორისკო (ყოფილი მანდი), დიდი ელობეი, პატარა ელობეი და სხვა.

კუნძულები

კუნძულები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2001)
პროვინცია კოორდინატები
1 ბიოკო 2017 260 462 ჩრდილოეთ ბიოკო
და სამხრეთ ბიოკო
3°30′ ჩ. გ. 8°42′ ა. გ. / 3.500° ჩ. გ. 8.700° ა. გ. / 3.500; 8.700
2 ანობონი 17 5008 ანობონი 1°25′ ჩ. გ. 5°38′ ა. გ. / 1.417° ჩ. გ. 5.633° ა. გ. / 1.417; 5.633
3 კორისკო 14 150 ლიტორალი 0°55′ ჩ. გ. 9°20′ ა. გ. / 0.917° ჩ. გ. 9.333° ა. გ. / 0.917; 9.333
4 დიდი ელობეი 2,27 დაუსახლებელი ლიტორალი 0°59′ ჩ. გ. 9°30′ ა. გ. / 0.983° ჩ. გ. 9.500° ა. გ. / 0.983; 9.500
5 პატარა ელობეი 0,19 დაუსახლებელი ლიტორალი 1°00′ ჩ. გ. 9°31′ ა. გ. / 1.000° ჩ. გ. 9.517° ა. გ. / 1.000; 9.517

გეოლოგია

დაბლობი ადგილები შედგება დანალექი ქანებისაგან, ხოლო სანაპირო ზოლი ერთფეროვანია. ქვეყნის სანაპირო რეგიონი სწორი და ბევრ ადგილას ჭაობიანია. ამაღლებული ადგილები ძირითადად პლატოებისგან შედგება, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ბროლის მთებით მთავრდება. კონტინენტურ ნაწილზე ყველაზე უფრო მაღალ მთას წარმოადგენს მონტე-მიტრა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1200 მეტრს. ამ ადგილებში მაღლობების საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 400-600 მეტრს, მთიან რეგიონებში 500-800 მეტრს. მთები შედგება გრანიტებისაგან და გნაისებისაგან. ქვეყნის მთელი ტერიტორია მდებარეობს კრისტალურ ფარზე, ხოლო კლდეები წარმოიშვა პრეკამბრიულ პერიოდში.

კუნძული ბიოკო წარმოადგენს წყალქვეშა ვულკანის მწვერვალს, რომელსაც პიკო ბაზილეს მთას უწოდებენ და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3007 მეტრზე მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილია. კუნძული ხასიათდება მკაცრი, მიუდგომელი სანაპიროებით და მრავალრიცხოვანი ბორცვებით, რომლებსაც რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლე აქვთ. სანაპიროს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია მოსწორებული, სადაც ხარობენ ნოტიო ტროპიკული ტყეები. მთელი კუნძული მდებარეობს ტექტონიკურ ნაპრალებზე.

გაცილებით უფრო პატარაა კუნძული ანობონი, რომლის ფართობი შეადგენს სულ 17 კმ²-ს. ის ასევე ვულკანური კუნძულია, სადაც ყველაზე უფრო მაღალი მთის — მონტე-დე-სანტა-მინას სიმაღლე ზღვის დონიდან მხოლოდ 750 მეტრს შეადგენს.

შიდა წყლები

წვიმებიანი და ნოტიო კლიმატი ხელს უწყობს ქვეყანაში მდინარეთა ხშირი და წყალუხვი ქსელის არსებობას. მთიანი რაიონები ბევრ ადგილებში დაკლაკნილია მდინარეების ხეობებით. მდინარეების უმრავლესობა მოკლე და ჭორომიანია, ხშირად გვხვდება ჩანჩქერები. ყველა მდინარე უერთდება ატლანტის ოკეანეს, სანაოსნოა მხოლოდ ქვედა დინებაში. ქვეყნის ყველაზე უფრო მთავარი მდინარეა რიო-მბინი.

ნიადაგი

ქვეყნის ძირითად ნიადაგს მიეკუთვნება ტროპიკული ტყეებისათვის დამახასიათებელი წითელ-ყვითელი ლუვისოლი. მდინარეთა ხეობები დაფარულია ალუვიური ნიადაგით. კუნძულებზე ძირითადად სჭარბობს ვულკანური წარმოშობის საკმაოდ ნაყოფიერი ანდოსოლის ნიადაგი. გვინეის ყურის სანაპირო, როგორც კონტინენტალური, ასევე კუნძულების ზოგიერთი ადგილები, დაფარულია გლეისოლური ჭაობიანი ნიადაგით.

კლიმატი

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ეკვატორული გვინეა შედის ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში და მისი ჰაერი საკმაოდ ნოტიოა. ასეთი მდგომარეობა იწვევს საკმაოდ ბევრ ნალექებს. ქვეყანაში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 2000 მმ-ს. სანაპიროზე ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 1500 მმ-დან 4500 მმ-მდე. კუნძულ ბიოკოზე, კერძოდ მის სამხრეთ სანაპიროზე ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა ადის 11 000 მმ-მდე. ეს რაოდენობა მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ მაჩვენებლად. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა ცოტათი უფრო ნაკლებია, მაგრამ წელიწადში აჭარბებს 1000 მმ-ს.

ჰაერის ტემპერატურა ტიპური ნოტიო და ეკვატორულია, ხოლო ამპლიტუდა საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზი ატლანტის ოკეანის ზეგავლენაა. ქვეყანაში საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 26 °C-ს. სანაპირო რეგიონებში ცოტა უფრო გრილა, საშუალოდ 1-2 °C-ით. იგივე ეხება ბიოკოს კუნძულსაც, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 24 °С-ს. კუნძულის ცენტრში არსებულ მთიანეთში ტემპერატურა გრილდება, საშუალოდ 1-2 °C-ით.

ფლორა და ფაუნა

თავდაპირველად მთელი ეკვატორული გვინეა დაფარული იყო მარადმწვანე ტროპიკული ტყეებით. დღეისათვის ადამიანის მტაცებლური მოქმედებების შედეგად ტყიანი რაიონების ფართობი შეადგენს ქვეყნის მხოლოდ 46 %-ს. ამას გარდა, მათი ნაწილი მეორადი ტყეებია, რომლებსაც აქვთ გაცილებით უფრო ნაკლები ხის ჯიშების სიმრავლე. ყველაზე უფრო ცნობილ ხეების ჯიშებს მიეკუთვნება ოკუმე და ამერიკული წითელი ხე. საერთოდ ქვეყანაში არსებობს დაახლოებით 150 ხის სახეობა. სანაპირო რაიონებში იზრდება მანგროს ტყეები. ბიოკოს და ანობონის კუნძულებს აქვთ მსგავსი მცენარეული საფარი, მაგრამ ვულკანური მთიანეთის მცენარეულობა მცირდება სიმაღლის ზრდასთან ერთად.

ეკვატორული გვინეის ცხოველთა სამყარო საკმაოდ ჰგავს მეზობელი გაბონის ცხოველთა სამყაროს. მთიანეთში არსებულ ტყეებში ბინადრობენ გორილები. ყველა ტყიან ტერიტორიაზე არსებობენ მაიმუნების ბევრი სახეობები. ჭაობიან რაიონებში, სადაც იზრდება მანგროს ტყეები, ბინადრობენ ნიანგები და ცხრაფეხების, ხვლიკების და გველების მრავალი სახეობა. ნოტიო კლიმატის გამო გავრცელებულია ინფექციური დაავადებების გამავრცელებელი კოღოები და მოსკიტები.

სახელმწიფო წყობა

ეკვატორული გვინეა რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია — პრეზიდენტი. 2011 წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ორი 7 წლიანი ვადით არჩევის უფლება, ამასთან მოიხსნა შეზღუდვა ასაკზე. ამას გარდა, შემოღებული იქნა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც ავტომატურად იღებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მოქმედი პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში.[9] უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2016 წლის 24 აპრილს.[10] 2016 წლის 28 აპრილს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 1979 წლიდან ქვეყნის მმართველმა თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგომ ხმათა 93,53 %-ით გაიმარჯვა არჩევნებში.[11] 2016 წლის 20 მაისს მალაბოში გაიმართა ინაგურაციის ცერემონია.[12]

2011 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ პარლამენტი გახდა ორპალატიანი[13]. ზედა პალტა — სენატი შედგება 70 წევრისაგან, რომლის 55 წევრი ირჩევა საყოველთაო არჩევნებზე 5 წლის ვადით, ხოლო 15 წევრს ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი.[14] ქვედა პალატა — დეპუტატების პალატას მოსახლეობა ირჩევს 5 წლის ვადით პროპორციული სისტემით მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში.[15] 2013 წლის 26 მაისს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების შედეგების მიხედვით ზედა პალატის 70 ადგილიდან 69 მოიპოვა მმართველმა ეკვატორული გვინეის დემოკრატიულმა პარტიამ, ხოლო 1 კონვერგენცია სოციალური დემოკრატიისათვის. ქვედა პალატის 100 ადგილიდან 99 მიიღო მმართველმა ეკვატორული გვინეის დემოკრატიულმა პარტიამ, ხოლო 1 კონვერგენცია სოციალური დემოკრატიისათვის.[16]

აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი და მოქმედებს იმ ძალაუფლების ჩარჩოებში, რომელსაც ადგენს პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრი კოორდინაციას უწევს მთავრობის საქმიანობას საგარეო საქმეებში, ეროვნულ თავდაცვაში და უსაფრთხოებაში.

ქვეყნის სასამართლო სისტემის სათავეში დგას პრეზიდენტი და მისი ამ დარგის თანაშემწეები (უმაღლესი სასამართლო). რანგით მის შემდეგ მოდიან სააპელაციო სასამართლოები, პროვინციების მთავარი მოსამართლეები და ადგილობრივი მაგისტრატები. ტომობრივი კანონები და წეს-ჩვეულებები გათვალისწინებულია ოფიციალურ სასამართლო სისტემაში, როდესაც ის წინააღმდეგობაში არ შედის ეროვნულ კანონმდებლობასთან. სასამართლო სისტემა, რომელიც ხშირად გამოიყენება ჩვეულებრივ სამართალში, წარმოადგენს ტრადიციული, სამოქალაქო და სამხედრო სამართლის შერწყმას.

შეიარაღებული ძალები

ეკვატორული გვინეის შეიარაღებული ძალები (ესპ. Fuerzas Armadas de Guinea Ecuatorial) ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა სახელმწიფოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, ეროვნული გვარდიისაგან, სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან და სანაპირო დაცვისაგან.

ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება დაახლოებით 2500 სამხედრო მოსამსახურე. აქედან სახმელეთო ჯარში დაახლოებით 1400 ჯარისკაცი, ეროვნული გვარდიაში 400 გასამხედროებული მამაკაცი, სანაპირო დაცვაში 200 სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო-საჰაერო ძალებში დაახლოებით 120 წევრი.

სახმელეთო ჯარის შეიარაღებაშია: 10 ცალი БТР-152, 3 ცალი Т-54/55, 20 ცალი БМП-1, 8 ცალი БТР-70. სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაშია: თვითმფრინავები 4 ცალი სუ-25 და 1 ცალი Ан-72, ვერტმფრენები 1 ცალი Ка-27, 1 ცალი Ми-26 და 7 ცალი Ми-24.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ეკვატორული გვინეა იყოფა 2 რეგიონად და 7 პროვინციად[17]:

რეგიონები ადმ. ცენტრი ISO 3166-2 ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2015)[1][2][3]
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 კუნძულოვანი გვინეა მალაბო GQ-I 2034 339 695 167,01
2 კონტინენტური გვინეა ბატა GQ-C 26 017 882 747 33,93
სულ 28 051 1 222 442 43,58
ეკვატორული გვინეის ადმინისტრაციული დაყოფა პროვინციებად

რუკაზე
პროვინციები ადმ. ცენტრი ISO 3166-2 რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1][2][3]
ად. (2015)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ანობონი სან-ანტონიო-დე-პალე GQ-AN კუნძულოვანი გვინეა 17 5232 307,76
2 ჩრდილოეთ ბიოკო მალაბო GQ-BN კუნძულოვანი გვინეა 776 299 836 386,39
3 სამხრეთ ბიოკო ლუბა GQ-BS კუნძულოვანი გვინეა 1241 34 627 27,90
4 ცენტრო-სური ევინაიონგი GQ-CS კონტინენტური გვინეა 9931 141 903 14,29
5 კე-ნტემი ებებიინი GQ-KN კონტინენტური გვინეა 3943 183 331 46,50
6 ლიტორალი ბატა GQ-LI კონტინენტური გვინეა 6665 366 130 54,93
7 ველე-ნზასი მონგომო GQ-WN კონტინენტური გვინეა 5478 191 383 34,94
სულ 28 051 1 222 442 43,58

პროვინციები თავის მხრივ იყოფა მუნიციპალიტეტებად.[18]

დემოგრაფია

  • მოსახლეობის რაოდენობა — 1 222 442 ადამიანი (2015)[1][2][3].
  • წლიური ზრდა — 2,48 % (2015 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 863 313 ადამიანი 70,6 % (2015 წელი).[1]
  • სოფლის მოსახლეობა — 359 129 ადამიანი 29,4 % (2015 წელი).[1]
  • შობადობა — 32,80 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 4,48 დაბადებული ერთ ქალზე) (2015 წელი).
  • სიკვდილიანობა — 8,0 % (2015 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 67,20 % (2015 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 64,20 წელი (2015).
  • საშუალი ასაკი — 19,6 წელი
    • მამაკაცები — 19,1 წელი
    • ქალები — 20,1 წელი (2015 წელი).
    • 0-14 წელი: 40,15 %
    • 15-64 წელი: 55,87 %
    • 65 წელზე უფროსები:, 3,98 % (2015 წელი).
  • განათლება — 87,0 % (93,4 % მამაკაცებში, 80,5 % ქალებში (2000 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,40 % (2003 წელი).

ეთნიკური ჯგუფები

ადგილობრივი მოსახლეობა

ეკვატორული გვინეის მოსახლეობის უმრავლესობა წარმოადგენს ბანტუს ხალხს.[19] ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ფანგის ხალხის წარმომადგენლები ქვეყნის კონტინენტალურ ნაწილში მკვიდრი მოსახლეობაა, მაგრამ მათმა მნიშვნელოვანმა მიგრაციამ კუნძულ ბიოკოზე გამოიწვია ფანგის ტომის ხალხის დომინირება ამ კუნძულის მკვიდრ მოსახლეობაზე — ბუბის ტომის ხალხზე. ფანგის ხალხი შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 80 %-ს[20] და იყოფა 67 კლანად. ისინი ვინც ცხოვრობენ რიო-მუნის ჩრდილოეთ ნაწილში ლაპარაკობენ ფანგ-ნტუმუს დიალექტზე, ხოლო სამხრეთ ნაწილში ფანგ-ოკაჰის დიალექტზე; ამ ორ დიალექტს ერთმანეთთან აქვთ კარგი ურთიერთგაგება. ბუბის ხალხი, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 15 %-ს, ბიოკოს კუნძულის მკვიდრი მოსახლეობაა.

ქვეყნის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ასევე ცხოვრობენ ტომები, რომლებსაც ერთობლივად ეძახიან ნდოვეს ანუ "Playeros" (ესპანურად Beach People — "პლაჟის ხალხი"). მატერიკზე და მცირე კუნძულებზე ცხოვრობენ ნდოვეს ტომები: ბალენგე, ბენგა, ბუჯება (კვასიო), კომბე, ხოლო კუნძულ ბიოკოზე სიერა-ლეონეს კრეოლებისგან წარმოშობილი ფერნანდინოს ხალხი. ყველა ეს ჯგუფი მთლიანობაში შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 5 %-ს.

ქვეყანაში ასევე ცხოვრობს პიგმეების ორი მცირე ჯგუფი — ბეიელე და ბოკუიგნი. მათი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ისინი განიცდიან ძლიერ ზეწოლას თავიანთი მეზობლებისგან, რომლებიც მათ სრულყოფილ ადამიანებად არ თვლიან.

უახლოეს პერიოდში ჩამოსახლებული ხალხი

ქვეყანაში, როგორც ერი, ასევე ცხოვრობენ ზოგიერთი ევროპელები (ძირითადად ესპანური და პორტუგალიური წარმოშობის), მათ შორის აფრიკულ ეთნოსთან შერეული. მათ შორის უმრავლესობა ესპანელია, რომლებიც ქვეყანაში დარჩნენ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. ქვეყანაში იზრდება უცხოელების რაოდენობა მეზობელი კამერუნიდან, ნიგერიიდან და გაბონიდან. ეკვატორულმა გვინეამ მიიღო აზიელები და შავკანიანი აფრიკელები სხვა ქვეყნებიდან, როგორც კაკაოს და ყავის პლანტაციებზე მომუშავენი. სხვა შავკანიანი აფრიკელები ჩამოვიდნენ ლიბერიიდან, ანგოლიდან და მოზამბიკიდან.[21] ქვეყანაში ასევე შემოვიდნენ აზიელები, ძირითადად ჩინელები და მცირერიცხოვანი ინდოელები. ეკვატორულმა გვინეამ ასევე ნება დართო სხვა ბედნიერების მაძებარ ევროპელს შემოსულიყო ქვეყანაში და დასახლებულიყო. მათ შორის იყვნენ ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი ეკვატორელი გვინეელი გაემგზავრა ესპანეთში. სხვა 100 000 ეკვატორელი გვინეელი წავიდა კამერუნში, გაბონში და ნიგერიაში ფრანსისკო მასიას ნგემას დიქტატურის გამო. ზოგიერთები ასევე გაემგზავრნენ ბრაზილიაში, ესპანურენოვან ლათინური ამერიკის ქვეყნებში, აშშ-ში, პორტუგალიაში და საფრანგეთში.

ენები

ქვეყანაში ესპანური, ფრანგული და პორტუგალიური ენები ოფიციალურია და გავრცელებულია როგორც მეორე ენა. ესპანური ენა გამოიყენება განათლების სფეროში და ამის გამო მოსახლეობის უმრავლესობას (დაახლოებით 88 %) შეუძლია ილაპარაკოს მასზე, მაგრამ მხოლოდ 10-15 %-ს აქვს მაღალი კომპეტენცია ენის ფლობაში.

მკვიდრი ერების ენები მიჩნეულია "ეროვნული კულტურის" განუყოფელ ნაწილად (კონსტიტუციური უფლება, დადგენილება № 1/1998 წლის 21 იანვარი). მკვიდრი ერების ენები მოიცავენ: ფანგის, ბუბის, ბენგის, კომბეს, ლენგის, კვასიოს, ბისიოს, გუმუს, ფერნანდო-პოს, ანობონურ და თითქმის გამქრალ სეკის ენებს. აფრიკული ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობა ლაპარაკობს ბანტუს ენებზე.[22]

ანაბონელები ლაპარაკობენ პორტუგალიურ კრეოლურ ენაზე, რომელსაც ჰქვია ანობონური ენა, როგორც მათ პირველ ენაზე. აზიელები და სხვა ევროპელები ლაპარაკობენ თავიანთ მშობლიურ ენებზე. უცხოელი აფრიკელები ლაპარაკობენ მშობლიურ და საკუთარი ქვეყნის ოფიციალურ ენაზე: ინგლისურად და იგბოს ენაზე ნიგერიელები; ინგლისურად კამერუნელები და ლიბერიელები; ფრანგულად კამერუნელები და გაბონელები; პორტუგალიურად ანგოლელები და მოზამბიკელები. პორტუგალიური ენა გახდა ერთ-ერთი ოფიციალური ენა 2007 წლის 13 ივლისიდან. განათლება მიღებული ადამიანების უმრავლესობა ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე, სწავლა-განათლებისთვის ყველაზე უფრო მთავარ ენაზე. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ დიდი გავლენა მოახდინა რელიგიაზე და განათლების სფეროზე.

რელიგია

რელიგია ეკვატორულ გვინეაში
რელიგია პროცენტი
კათოლიკები
  
87%
სხვები (ტრადიციული სარწმუნოება/ ბაჰაიზმი)
  
5%
პროტესტანტები
  
5%
მუსლიმები
  
2%

ეკვატორულ გვინეაში ძირითადი რელიგიაა ქრისტიანობა, რომელიც სწამს ქვეყნის მოსახლეობის 93 %-ს. აქედან კათოლიკები შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას (87 %), ხოლო უმცირესობას წარმოადგენენ პროტესტანტები (5 %). მოსახლეობის 2 % არიან მუსლიმები (პირველ რიგში სუნიტები). დანარჩენი 5 % მიეკუთვნება ტრადიციულ რელიგიებს, ბაჰაიზმის სარწმუნოებას და სხვა მიმდევრობებს.[23]

ეკონომიკა

ნავთობის წარმოება

1995 წლიდან დაწყებული, როდესაც გვინეის ყურეში მოხდა ნავთობის მარაგის მნიშვნელოვანი აღმოჩენები, მისი წარმოება და ექსპორტი გახდა ეკვატორული გვინეის ეკონომიკის ყველაზე უფრო მთავარი ნაწილი. 2005 წლის მდგომარეობით ქვეყნის ნავთობის დადასტურებული მარაგი შეადგენს 1,28 მილიარდ ბარელს (204×106 მ³). 2005 წლის შეფასებით ნავთობის მოპოვება შეადგენდა 420 000 ბარელს დღე-ღამეში (67 000 მ³/დღე-ღამეში), საიდანაც სუფთა ნავთობი შეადგენს 90 %-ზე მეტს. 2004 წლის შეფასებით ნავთობზე შიდა მოთხოვნილება და ნავთობის საექსპორტო მოცულობა შესაბამისად შეადგენდა 2000 ბარელს დღე-ღამეში (320 მ³/დღე-ღამეში) და 369 700 ბარელს დღე-ღამეში (58 780 მ³/დღე-ღამეში). ქვეყნის ეროვნული სანავთობე კომპანიაა GEPetrol.

ბუნებრივი აირის წარმოება

2005 წლის მდგომარეობით ეკვატორულ გვინეაში ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი შეადგენს 1,3 ტრილიონ კუბურ ფუტს (37×109 მ³). ქვეყანაში ბუნებრივი აირის მარაგი მდებარეობს ბიოკოს კუნძულზე, სადაც იმყოფება ქვეყნის დედაქალაქი — მალაბო, ძირითადად ზაფიროს და ალბას ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოებზე. 2002 წლის შეფასებით ბუნებრივი აირის შიდა მოხმარება შეადგენს 45 მილიარდ კუბურ ფუტს (1,3×109 მ³). ბუნებრივი აირი ექსპორტზე გადის შეკუმშული აირის სახით, რომელსაც აწარმოებს EG LNG. ბუნებრივი აირის ეროვნული კომპანიაა Sonagas.

ელექტროენერგიის წარმოება

2003 წლიდან ქვეყნის ელექტროენერგიის სიმძლავრეები შეადგენდა 15,4 მგვტ-ს, საიდანაც 20 % მოდის ჰიდროელექტროსადგურებზე და 80 % თბოელექტროსადგურებზე. 2002 წლის შეფასებით ელექტროენერგიის წარმოება შეადგენს 30 გიგა ვტ/სთ-ს, ხოლო ხარჯი შეადგენს 25 გიგა ვტ/სთ-ს. მაგრამ არაეფექტური მართვა და მოძველებული აპარატურა იწვევს ელექტრომომარაგების ხანგრძლივ გათიშვებს, რის გამოც კვების სარეზერვო წყაროდ გამოიყენება ბენზინის და დიზელის მცირე გენერატორები.

ელექტროენერგიის მომარაგებას უზრუნველყოფს ეროვნული ელექტროენერგიის კომპანია SEGESA.

სამთომოპოვებელი მრეწველობა

ეკვატორულ გვინეაში სამთომოპოვებელი მაღაროების რეგულირებას ახორციელებს შახტების, ენერგეტიკის და მრეწველობის სამინისტრო, რომელიც ახდენს სამრეწველო მოღვაწეობის კურირებას სამთომოპოვებელ და ნავთობის დარგში.[24]

ნავთობის დაზვერვა და წარმოება ეკვატორული გვინეის ეკონომიკის ძირითადი ფაქტორია, რომლის წილიც შეადგენს ქვეყნის ეროვნული შემოსავლის 90 %-ზე მეტს. ამის გამო ნაკლები ყურადღება ექცეოდა ქვეყნის მინერალების ბუნებრივი რესურსების შესწავლას და გამოყენებას, რის გამოც არ ხდება მათი სამრეწველო მოპოვება, თუმცა სრულდება მცირე ოქროსმომპოვებელი სამუშაოები.[25] ეკვატორული გვინეის ხელისუფლებამ ჩაატარა წინასწარი კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ალმასის და კოლუმბიტ-ტანტალიტის პოტენციური მოპოვების შესაძლებლობებს[24] და შახტების, ენერგეტიკის და მრეწველობის სამინისტრო დღეისათვის ეძებს ინვესტორებს მათ მოსაპოვებლად.[25]

ისტორიულად, ვიდრე გახდებოდა ესპანეთის კოლონია, ეკვატორული გვინეის ხალხი მოიპოვებდა ოქროს და რკინას. ესპანეთის კოლონიალური ბატონობის დროს არ წარმოებდა მათი მოპოვების არანაირი კომერციული სამუშაოები. 1968 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბჭოთა და ფრანგმა გეოლოგებმა აღმოაჩინეს ოქროს, ბოქსიტების, კალის, ვოლფრამის და კოლუმბიტ-ტანტალიტის საბადოები. ესპანურ-ეკვატორული გვინეის ერთობლივი კომპანია GEMSA-ს მიერ ჩატარებულმა დამატებითმა კვლევებმა და UMCEG-ის მიერ ჩატარებულმა საჰაერო და სახმელეთო დაზვერვამ გამოიწვია გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის შექმნა.[25][26]

ხელისუფლების მტკიცებით, ყველა წიაღისეულზე საკუთრების უფლება და რეგულირება ხდება 9/2006 კანონის (ყოფილი მთის 9/1981 კანონის შეცვლა) საფუძველზე.[27]

ხელოსნები, რომლებიც გამოიყენებენ საბადოებიდან ოქროს მოპოვების ხელით დამუშავების მეთოდს მდინარე რიო-მუნიზე, პირველ რიგში მოღვაწეობენ ქალაქების — კოგოს, აკონიბეს და მონგომოს მიდამოებში. ეკვატორული გვინეის ხელისუფლება თვლის, რომ ამ მცირე მოცულობის სამუშაოებიდან ჯამში მიიღება სულ ცოტა 2,3 ტონა ოქრო.[24]

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით 2006 წელს ქვეყანაში დაახლოებით 200 კგ ოქრო იქნა მოპოვებული.[27]

გაბონის ალმასის საბადოების არეალი გრძელდება ეკვატორული გვინეის კონტინენტური ნაწილის სამხრეთ საზღვრებშიც და ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ კვლევებმა შეიძლება აჩვენოს ალმასების საბადოების პოტენციალი ქვეყნის კონტინენტური ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთში.[24][27]

ხელისუფლების ცნობით კოლუმბიტ-ტანტალიტის არსებობის მტკიცებულება ნაპოვნი იქნა ქალაქების — აკონიბეს და აკამიკენის სიახლოვეს. ამ ადგილებში საკმაოდ მცირედაა ჩატარებული გეოლოგიური დაზვერვის სამუშაოები.[24]

ხე-ტყის მეურნეობა

რიო-მუნის მერქანის ექსპორტი ეკვატორული გვინეის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ტყით დაფარულია ქვეყნის ხმელეთის 62 %-ზე მეტი. რიო-მუნის ტერიტორიის ტროპიკულ ტყეებში ხარობს დიდი ასაკის ოკუმეს და აკოგას ხის ჯიშები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უცხოურ ფირმებს მათი ექსპლოატაციის ნება დართო, იგი გაძნელებულია ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო. ხელისუფლებამ 1990 წელს დარგის განვითარების განმტკიცების მიზნით ხე-ტყის მეურნეობის სფეროში მიიღო მოქმედების ახალი გეგმა. 2004 წლის შეფასებით მრგვალი ხის წარმოება შეადგენდა 811 000 მ³-ს. 2004 წელს ხე-ტყის პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 97 მილიონი დოლარი.

თევზჭერა

ქვეყანაში თევზჭერა ძალას იკრეფდა 1980-იანი წლებიდან და დღეისათვის პრაქტიკულად მთლიანად მოდერნიზირებულია; თინუსის გადამამუშავებელი კომბინატი აშენდა 1990 წელს. ანობონის პროვინციაში მოსახლეობა თითქმის მთლიანად ცხოვრობს თევზაობით და ინარჩუნებს საკუთარ ტრადიციებს ზღვის ვეშაპების და ზღვის კუების დაჭერაში. კუნძული ბიოკო ასევე მსხვილი სარეწაო ცენტრია, სადაც ხდება ისეთი ჯიშის თევზების დაჭერა, როგორებიცაა: ქორჭილა, თინუსი, სკუმბრია, ვირთევზა, წერი, ზვიგენი და კიბო. 2003 წელს ქვეყანაში დაჭერილი თევზის რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 3500 ტონას.

ტრანსპორტი

დღეისათვის ეკვატორულ გვინეაში არ არსებობს რკინიგზა.[28]

ეკვატორულ გვინეაში არსებობს 2880 კმ საავტომობილო გზა, რომელთაგან 2002 წელს უმრავლესობა იყო გრუნტიანი. ეკვატორული გვინეის ავტოგზები და ავტომაგისტრალები არ არის კეთილმოწყობილი, მაგრამ მიმდინარეობს მათი გაუმჯობესება. წვიმიანი სეზონის დროს ავტოგზები ხშირად გაუვალია.[29]

ამას გარდა, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში აშენდა 175 კმ-ანი ორზოლიანი ავტოსტრადა, რომელიც გადის ქალაქ ბატიდან პრეზიდენტ თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტამდე, ხოლო უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი მიყვანა ქალაქ მონგომომდე, რომელიც მდებარეობს გაბონის სახელმწიფო საზღვართან.

ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტებია ბატა და მბინი კონტინენტურ ნაწილში და მალაბო და ლუბა კუნძულ ბიოკოზე. ბატას პორტი მოდერნიზირებულია 1970-იან წლებში, სადაც შესაძლებელია მოთავსდეს ოთხამდე გემი 20 000 ტონა თითოეული. არსებობს რეგულარული რეისები მალაბოსა და ბატას შორის.

2005 წელს ქვეყანაში იყო ერთი სავაჭრო გემი (სატვირთო გემი 1000 რეგისტრირებული ტონა (GRT) და მეტი), საერთო ჯამში 6556 რეგისტრირებული ტონა.

სულ:

  • 1 გემი (1000 რეგისტრირებული ტონა ან მეტი) საერთო ჯამში 1745 რეგისტრირებული ტონა/3,434 ტონა დიდვეიტი (DWT)
  • გემების ტიპი: სატვირთო გემი — 1.[28]

ეკვატორულ გვინეაში ფუნქციონირებს 6 აეროპორტი. ქვეყნის ძირითადი აეროპორტებია მალაბოს საერთაშორისო აეროპორტი კუნძულ ბიოკოზე. საერთაშორისო რეისები მალაბოს მალბოს აეროპორტიდან ხორციელდება ნიგერიაში, გაბონში, ბენინში, ეთიოპიაში, ესპანეთში, გერმანიაში და საფრანგეთში. ეკვატორული გვინეის მატერიკულ ნაწილს პირველ რიგში ემსახურება ქალაქ ბატის ჩრდილოეთით მდებარე ბატის აეროპორტი, რომელიც ასრულებს შიდა ავიაგადაყვანებს მალაბოში.

ტურიზმი

იმის გამო, რომ ეკვატორული გვინეა მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა საერთაშორისო იზოლაციას, მისი ტურისტული დარგი საკმაოდ განუვითარებელია, არსებობს სასტუმროები შეზღუდული თავისუფალი ადგილებით და ისიც მხოლოდ დედაქალაქ მალაბოში და ქალაქ ბატაში. ღირსშესანიშნაობები მოიცავენ ესპანურ კოლონიალურ არქიტექტურას, მალაბოს პლაჟებს და ტროპიკული ტყეებს. აუცილებელია მოქმედი პასპორტი და ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის არსებობის ცნობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით 2004 წელს ქვეყანაში ყოფნისათვის საორიენტაციო თანხა დღე-ღამეში შეადგენს $218.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა ეკვატორული გვინეის ეკონომიკის ძირითადი დარგია, რომელშიც მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 70 %.

მიწის დაახლოებით 8 % გამოიყენება კულტურული მცენარეების მოსაყვანად. კუნძულ ბიოკოზე ნალექები მთელი წლის განმავლობაში მოდის, რის გამოც იქ მოჰყავთ კაკაო. ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში, სადაც ცხოვრობს ეკვატორული გვინეის მთლიანი მოსახლეობის 80 %, დომინირებს საკვები კულტურების მოყვანა.

სოფლის მეურნეობა (ხე-ტყის მეურნეობისა და თევზჭერის ჩათვლით) შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 55 %-ს და ექსპორტის დაახლოებით 60 %-ს. მთავარი საკვები კულტურაა მანიჰოტი, რომელიც 2004 წელს 45 000 ტონა იქნა მოყვანილი. ბატატი მოყვანის რაოდენობის მიხედვით მეორე საკვები პროდუქტია და მისმა რაოდენობამ 2004 წელს შეადგინა 36 000 ტონა, შემდეგ მოდის ბანანი — 20 000 ტონა.

დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ყველაზე მეტი შემოსავალი მოჰქონდა კაკაოს, ყავას და პალმის ზეთს. საუკეთესო ხარისხის მქონე ეკვატორული გვინეის კაკაოს წარმოების წლიური მოცულობა 1967 წელს შეადგენდა 38 000 ტონას. მიუხედავად ამისა, 1970-იან წლებში მისმა წარმოებამ განიცადა მკვეთრი ვარდნა და 1980 წელს დაეცა 4512 ტონამდე. 2004 წელს წარმოების მოცულობა შეფასებული იყო 2400 ტონად. შედარებით უფრო დაბალი ხარისხის ყავა იზრდება რიო-მუნის ჩრდილოეთ ნაწილში და კამერუნის სახელმწიფო საზღვართან. ქვეყნის დამოუკიდებლობამდე — 1967 წელს მისი წარმოების რაოდენობა შეადგენდა 8959 ტონას, რაც 1978 წელს დაეცა 500 ტონამდე; მისი ვარდნა ძირითადად გამოწვეული იყო ყავის მწარმოებელი ფერმერების იძულებითი გადაყვანით კუნძულ ბიოკოს კაკაოს პლანტაციებზე. ყავის წარმოება 2004 წელს შეადგენდა 3500 ტონას.

მეცხოველეობა

დამოუკიდებლობის მოპოვებამდე შინაური ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობა აფრიკის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სწრაფად მივიდა თვითუზრუნველყოფის დონეზე. მაგრამ, შინაური ცხოველების გამრავლება გაძნელებულია ტრიპანოსომოზების და სხვა ტროპიკული ფლეგმატიზატორების არსებობით. 2005 წელს აღირიცხებოდა 37 600 ცხვარი, 9000 თხა, 6100 ღორი და 5000 სული მსხვილი რქოსანი საქონელი.

საგარეო ვაჭრობა

2008 წლის ექსპორტი — 13 მილიარდი დოლარი — ნავთობი, ბუნებრივი აირი, მერქანი, კაკაო, ყავა.

ძირითადი მყიდველები — აშშ (22,8 %), ესპანეთი (18,3 %), ჩინეთი (14,8 %), ტაივანი (10,8 %), საფრანგეთი (8 %), იტალია (6 %), სამხრეთ კორეა (5,4 %).

2008 წლის იმპორტი — 3,1 მილიარდი დოლარი — ნავთობმოსაპოვებელი მოწყობილობები, სამრეწველო საქონელი, საკვები პროდუქტები.

ძირითადი მომწოდებლები — ჩინეთი (18,2 %), ესპანეთი (13,7 %), აშშ (12,1 %), საფრანგეთი (11,2 %), კოტ-დ’ივუარი (7,8 %), იტალია (5,7 %), დიდი ბრიტანეთი (5,3 %).

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების შემადგენლობაში.

სოციალური სფერო

ჯანდაცვა

XXI საუკუნის დასაწყისში ეკვატორული გვინეის მალარიის კონტროლის ინოვაციურმა პროგრამებმა წარმატებებს მიაღწია მალარიის ინფექციასთან, ავადმყოფობასთან და მოსახლეობის სიკვდილიანობასთან ბრძოლაში.[30] ეს პროგრამა შედგება წელიწადში ორჯერ შინ დარჩენილების ინფიცირებისგან, არტემიზინინის მეშვეობით კომბინირებული მკურნალობის შემოღებისგან, ორსული ქალების პერიოდული პროფილაქტიკური მკურნალობის გამოყენებისგან და საკმაოდ მაღალი დონის დიდი ხნით ვარგისი მოსკიტების საწინააღმდეგო საშუალებებისგან. ამ ძალისხმევამ გამოიწვია სიკვდილიანობის ყველა მიზეზების შემცირება 152-დან 55 შემთხვევამდე ყოველ 1000 ახალდაბადებულზე (კლება 64 %-ით). შემცირება მოხდა სწრაფად და უშუალოდ დაკავშირებულია პროგრამის დაწყებასთან.[31]

2014 წლის ივნისში დარეგისტრირებულია პოლიომიელიტის ოთხი შემთხვევა, რაც ქვეყნისათვის ამ დაავადების გავრცელების პირველი შემთხვევაა.[32]

განათლება

ეკვატორულ გვინეაში 14 წლის ასაკამდე განათლება უფასო და სავალდებულოა.[33] 1993 წელს პირველად ჩარიცხულების ხვედრითი წილი შეადგენდა 149,7 %-ს, ხოლო ყველა ჩარიცხულის ხვედრითი წილი შეადგენდა 83,4 %-ს.[33] ბავშვების სწავლის პროცესში დაგვიანებით ჩართვა და მისი ნაადრევად მიტოვება ქვეყანაში საერთო პრობლემაა, სკოლებს უფრო მეტი გოგონა ანებებს თავს, ვიდრე ბიჭი,[33] რაც შეადგენს ყველა ასაკის მოსწავლეების დაახლოებით 24 %-ს.

ბავშვთა სკოლამდელი განათლება შეადგენს 5 წელს, ხოლო შემდეგ 4 წელი საშუალო განათლება პირველ ეტაპზე და 3 შემდეგი წელი მეორე ეტაპზე. 2001 წელს სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 35 % ჩარიცხული იყო სკოლამდელ პროგრამებში.

გამოთვლილია, რომ ყველა მოსწავლის დაახლოებით 45 % ამთავრებს დაწყებით სკოლას. 2000 წელს დაწყებით სკოლებში მოსწავლეთა შეფარდება მასწავლებლებთან იყო დაახლოებით 43:1; საშუალო სკოლებში შეფარდება იყო დაახლოებით 23:1.

ეკვატორული გვინეის ეროვნული უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების ძირითადი ინსტიტუტია. 2004 წელს უფროსი ასაკის მოსახლეობას შორის განათლების დონე შეადგენდა დაახლოებით 84,2 %-ს, მამაკაცებში 92,1 %-ს და ქალებში 76,4 %-ს.

2003 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,6 %-ს, ანუ მთლიანი სახელმწიფო ხარჯების მოცულობის 1,6 %-ს.

ეკვატორულ გვინეაში ფუნქციონირებს ენრიკო ნვო ოკენვეს ეროვნული კოლეჯი (ესპ. Colegio Nacional Enrique Nvó Okenve). კოლეჯს, დედაქალაქ მალაბოში და ქალაქ ბატაში, აქვს ორი კამპუსი.

თავდაპირველად იგი 1959 წელს შეიქმნა ესპანეთის კოლონიალური ადმინისტრაციის მიერ კოლეხიო ლაბორალ-ლა-სალეს (ესპ. Colegio Laboral La Salle) დასახელებით. 1968 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კოლეჯს დაერქვა თანამედროვე სახელი მას შემდეგ, რაც 1959 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ენრიკო ნვო ოკენვე მოკლა გენერალ-გუბერნატორმა გონსალეს ფაუსტინო რუისმა (ესპ. González Faustino Ruiz).

მალაბოს კამპუსის განახლება და ბატას კამპუსის გადაკეთება დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.[34]

მასმედია

ეკვატორულ გვინეაში მასმედიის ძირითადი საშუალებაა სამი სახელმწიფო FM-რადიო სადგური. BBC World Service, Radio France internationale და Gabon-based Africa No 1 მაუწყებლობენ მალაბოში FM სიხშირის ტალღებზე. ასევე ფუნქციონირებს 5 მოკლეტალღიანი რადიოსადგური. სატელევიზიო ქსელში მოქმედი ეროვნული ტელევიზია სახელმწიფო დაქვემდებარებაშია.[35][36] საერთაშორისო სატელევიზიო პროგრამა RTVGE ხელოვნური თანამგზავრის საშუალებით ხელმისაწვდომია აფრიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე მთელ მსოფლიოში ინტერნეტის მეშვეობით.[37] გამოიცემა 2 გაზეთი და 2 ჟურნალი.

ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს ცნობით 2012 წელს ეკვატორულმა გვინეამ დაიკავა 161 ადგილი 179 ქვეყანას შორის თავისუფალი პრესის ინდექსის მიხედვით. დამკვირვებლების აზრით ეროვნული ტელეკომპანია ემორჩილება ინფორმაციის სამინისტროს ბრძანებებს. ორგანიზაცია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით 2011 წელს იზღუდებოდა ჩრდილოეთ აფრიკის არაბულ სახელმწიფოებში შექმნილი ამბოხის "ახალი ამბების რეპორტაჟები". მასმედიის უმრავლესობა ახორციელებს მძიმე თვითცენზურას და კანონით აკრძალულ საზოგადოების მოღვაწეების კრიტიკას. სახელმწიფო მასმედიას და მთავარ კერძო რადიოსადგურებს აკონტროლებს პრეზიდენტის ვაჟი ტეოდორ ობიანგი.

სტაციონარული ტელეფონების გამოყენება დაბალია, მოქმედებს მხოლოდ ორი ხაზი ყოველ 100 ადამიანზე.[35] არსებობს ერთი GSM მობილური სატელეფონო ოპერატორი, რომელიც მოიცავს მალაბოს, ბატას და კონტინენტურ ნაწილში არსებულ რამდენიმე ქალაქს.[38][39] 2009 წლის მდგომარეობით მოსახლეობის დაახლოებით 40 % სარგებლობს მობილური სატელეფონო სერვისით.[35] ეკვატორულ გვინეაში ერთადერთი სატელეფონო ოპერატორია Orange.

2011 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში არსებობს 42 000-ზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელი.

კულტურა

სამზარეულო

ეკვატორული გვინეის სამზარეულო წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ტომების, ესპანეთის (მათი კოლონიალური სამშობლო) და ისლამური სახელმწიფოების, როგორიცაა მაროკო, ნარევს. როგორც დასავლეთ აფრიკის ყველაზე უფრო მდიდარი ერი,[40] მისი სამზარეულო მოიცავს ხორცის სხვადასხვა სახეობებს. მასში შედის როგორც ნანადირევი ცხოველების ხორცი, ასევე შინაური. თევზი და ქათამი საყოველთაოდ მიღებული კერძებია. როგორც კერძებსაც ეტყობა, წიწაკა და სხვა სანელებლები ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს.

ეკვატორულ გვინეაში სასმელებს წარმოადგენენ: მალამბა, შაქრის ლერწმის ნახარში და აფრიკული ჩაი ოსანგი. ალკოჰოლური სასმელებია ლუდი და პალმების სხვადასხვა სახეობების, როგორებიცაა პალმირა და ქოქოსის პალმა, წვენებისგან ადგილზე შექმნილი პალმის ღვინო.[41]

მუსიკა

ფანგის ხალხი ცნობილია მვეტის საკრავით, რომელიც ზიტრას და არფას ნარევია. მვეტს შეიძლება ჰქონდეს 15 სიმამდე. ამ ინსტრუმენტის ნახევარსფეროს ნაწილი დამზადებულია ბამბუკისაგან და სიმები მიმაგრებულია ცენტრთან. მუსიკა მვეტის საკრავისთვის დაწერილია ნოტების სახით, რომლებსაც წერენ მხოლოდ ამ საქმეში გათვითცნობიერებული ადამიანები. მუსიკას როგორც წესი ასრულებს გუნდი.

ეკვატორულ გვინეაში სამ, ან ოთხკაციანი ორკესტრი, რომელიც აღჭურვილია მბირით, ქსილოფონით, ბარაბანით, ზიტრით და არფით თან ახლავს ისეთ ცეკვებს, როგორებიცაა balélé და risque ibanga.[42]

კიდევ ერთი პოპულარული მუსიკალური ინსტრუმენტია ტამ-ტამი, ცხოველის ტყავით დაფარული ხის ყუთი. მის ცენტრში მდებარეობენ ბამბუკის კლავიშები. "ტამ-ტამის" მეორე სახეობას აქვს ორი სხვადასხვა დონის მუსუკალური კლავიშები. როგორც წესი, ხის მუსიკალური საკრავები მორთულია ფაუნის გამოსახულებებით და გეომეტრიული ფორმის ნახატებით. ბარაბნები დაფარულია ცხოველების ტყავებით ან ცხოველების ნახატებით.[43]

ეკვატორულ გვინეაში პოპულარული მუსიკა საკმაოდ ფართედ არ არის გავრცელებული. პან-აფრიკული სტილი, როგორებიცაა სოუკოუსი და მაკოსა საკმაოდ პოპულარულია, როგორც რეგი და როკ-ენ-როლი. ქვეყანაში საუკეთესოა ადგილობრივ ხალხურ ტრადიციებში ცნობილი ესპანური მოდელის აკუსტიკური გიტარის სახეობები, რომლებსაც იყენებენ ეროვნული ვარსკვლავები დესმალი და დამბო-დე-ლა-კოსტა.[44]

ლიტერატურა

ეკვატორული გვინეა იყო ერთადერთი ესპანური კოლონია სუბსაჰარულ აფრიკაში. 1778-1968 წლებს შორის თავისი კოლონიალური ისტორიის დროს ის ვითარდებოდა ესპანურენოვანი ლიტერატურის ტრადიციებით, რომელიც უნიკალურია აფრიკის ქვეყნებს შორის და შენარჩუნებულია დღემდე.

ეკვატორული გვინეის ლიტერატურა ესპანეთში საკმაოდ ცნობილი არ არის, განსხვავებით აფრიკული ლიტერატურისგან ინგლისურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებზე. სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოს.

სპორტი

ეკვატორული გვინეის სპორტსმენები მონაწილეობას იღებდნენ 9 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. მათი დებიუტი შედგა ლოს-ანჯელესის 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მას შემდეგ ისინი მონაწილეობდნენ ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ეკვატორული გვინეის სპორტსმენებს მონაწილეობა არასდროს არ მიუღიათ.

ეკვატორული გვინეის სპორტსმენებს არასდროს არ მოუპოვებიათ ოლიმპიური მედლები. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად ცნობილი სპორტსმენია ერიკ მუსამბანი, რომელმაც სიდნეის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა ცურვაში თავისუფალი სტილით 100 მეტრიან დისტანციაზე თავის საკვალიფიკაციო გაცურვაში, ამასთან აჩვენა საკმაოდ დაბალი შედეგი ამ დისტანციისათვის.

ეკვატორული გვინეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1980 წელს და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მიიღეს 1984 წელს.

ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია ფეხბურთი. ეკვატორული გვინეა გაბონთან ერთად არჩეული იქნა 2012 წლის აფრიკის ერთა თასის ერთობლივად ჩასატარებლად და 2015 წლის აფრიკის ერთა თასის ჩასატარებლად. ქვეყანაში ასევე ჩატარდა 2008 და 2012 წლების ქალთა აფრიკის ჩემპიონატი ფეხბურთში და ორივე ტურნირში მათ გაიმარჯვეს. 2011 წელს ეკვატორული გვინეის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა იასპარეზა გერმანიაში ჩატარებული ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

დღესასწაულები

ეკვატორულ გვინეაში სადღესასწაულო დღეებია:[45]

თარიღი დასახელება
1 იანვარი ახალი წელი
29 მარტი დიდი პარასკევი
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე
25 მაისი აფრიკის დღე
30 მაისი ზიარების დღე
5 ივნისი პრეზიდენტის დღე
3 აგვისტო შეიარაღებული ძალების დღე
15 აგვისტო კონსტიტუციის დღე
12 ოქტომბერი დამოუკიდებლობის დღე
25 დეკემბერი შობა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (Census preliminary of Equatorial Guinea’s population. 2015 year). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-12. ციტირების თარიღი: 2016-12-27.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (geohive. 2015 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2016-12-27.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (citypopulation. 2015 წელი)
  4. Timeline Equatorial Guinea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-08. ციტირების თარიღი: 2016-12-27.
  5. Empresas portuguesas planeiam nova capital da Guiné Equatorial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2016-12-28.
  6. The Agency. Boas Notícias - Atelier luso desenha futura capital da Guiné Equatorial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 12 August 2015.
  7. Arquitetos portugueses projetam nova capital para Guiné Equatorial. PiniWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 12 August 2015.
  8. Green Savers – Ateliê português desenha futura capital da Guiné Equatorial. Green Savers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 12 August 2015.
  9. Equatorial Guinea | Country report | Freedom in the World | 2013. Freedom House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-02. ციტირების თარიღი: 2016-04-24
  10. La pareja presidencial ejerce su derecho al voto – Página Oficial del Gobierno de la República de Guinea Ecuatorial Spanish. Government of Equatorial Guinea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  11. "Equatorial Guinea's President Obiang wins re-election". Reuters. Retrieved 2016-04-28.
  12. "Obiang sworn in as Equatorial Guinea's president", Xinhua, 21 May 2016.
  13. Equatorial Guinea to put key reforms in place at May elections დაარქივებული 2013-01-24 საიტზე Wayback Machine. The Nation, 23 January 2013
  14. Election Profile დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. IFES
  15. Electoral System IPU
  16. Government of Equatorial Guinea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-19. ციტირების თარიღი: 2009-12-07.
  18. http://www.statoids.com/ygq.html
  19. Vines, Alex (2009). Well Oiled: Oil and Human Rights in Equatorial Guinea. Human Rights Watch, გვ. 9. ISBN 1564325164. ციტირების თარიღი: 19 December 2012. 
  20. „Equatorial Guinea's God“. BBC. 26 July 2003. ციტირების თარიღი: 26 May 2011.
  21. Minahan, James (2002). Encyclopedia of the Stateless Nations: A-C. Greenwood Publishing Group, გვ. 330. ISBN 0313321094. 
  22. Oficina de Información y Prensa de Guinea Ecuatorial, Ministerio de Información, Cultura y Turismo. Guineaecuatorialpress.com. Retrieved on 5 May 2013.
  23. Equatorial Guinea. International Religious Freedom Report 2007. U. S. Department of State (14 September 2007). ციტირების თარიღი: 3 May 2010.
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 Hydrocarbons and Mining in Equatorial Guinea (PDF). Ministry of Mines, Industry, and Energy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-13. ციტირების თარიღი: 2008-05-01.
  25. 25.0 25.1 25.2 Equatorial Guinea: Mining. MBendi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-07. ციტირების თარიღი: 2008-05-01.
  26. null
  27. 27.0 27.1 27.2 2006 Minerals Yearbook: Equatorial Guinea (PDF). United States Geological Survey. ციტირების თარიღი: 2008-05-01.
  28. 28.0 28.1 Equatorial Guinea: Transportation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 2007-05-02.
  29. Equatorial Guinea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-21. ციტირების თარიღი: 2007-05-02.
  30. Steketee, R. W. (2009). „Good news in malaria control... Now what?“. The American Journal of Tropical Medicine and Hygiene. 80 (6): 879–880. PMID 19478241.
  31. Marked Increase in Child Survival after Four Years of Intensive Malaria Control. Ajtmh.org. Retrieved on 5 May 2013
  32. „Detection of poliovirus in São Paulo airport sewage: WHO“. Brazil News.Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 23 June 2014.
  33. 33.0 33.1 33.2 "Equatorial Guinea" დაარქივებული 2012-08-15 საიტზე Wayback Machine. . 2001 Findings on the Worst Forms of Child Labor. Bureau of International Labor Affairs, U. S. Department of Labor (2002). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  34. "TECHNICAL SUPPORT PROJECT FOR SOCIAL INVESTMENT AND CAPACITY BUILDING IN EQUATORIAL GUINEA", Design and Implementation Plan, Contract No. DFD-I-00-05-0020 TO #2, (September 2006 through August 2008).
  35. 35.0 35.1 35.2 Equatorial Guinea დაარქივებული 2020-08-31 საიტზე Wayback Machine. . Cia World Factbook.
  36. „Country Profile: Equatorial Guinea: Media“. BBC News. 26 January 2008.
  37. TVGE Internacional. LyngSat. ციტირების თარიღი: 28 March 2012.
  38. GSMWorld Providers: Equatorial Guinea. GSM World (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 4 იანვარი 2017.
  39. GSMWorld GETESA Coverage Map. GSM World (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-08. ციტირების თარიღი: 2017-01-04.
  40. Top 5 Richest Countries in Africa[მკვდარი ბმული]
  41. Equatorial Guinea Food and Dining. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2017-01-05.
  42. equatorial guinea culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-03-04. ციტირების თარიღი: 2017-01-05.
  43. EquatorialGuinea.org; Retrieved 12/08/1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1999-09-03. ციტირების თარიღი: 2017-01-05.
  44. Desmali Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2017-01-05.
  45. List

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!