ევროპელთაგან პირველმა კუნძული 1471 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმაფერნანდო პომ და მას დაარქვა ფორმოზა. მოგვიანებით კუნძულს მისი პირველი აღმომჩენის პატივსაცემად უწოდეს ფერნანდო-პო. ევროპული გეოგრაფიული სახელწოდებების აფრიკულით შეცვლის კამპანიის დროს კუნძულს 1973 წელს ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტის — ფრანსისკო მასიას ნგემას პატივსაცემად დაარქვეს მასიას-ნგემა-ბიიოგო, რომლის ჩამოგდების შემდეგ დაარქვეს ბიოკო (1979 წელს).
გეოგრაფია
კუნძულის სიგრძეა 70 კმ, სიგანე — 32 კმ, ფართობი — 2017 კმ². ნაპირები დაკლაკნილია, გადაჯდომისთვის სახიფათო. კუნძული მთიანია, ვულკანური წარმოშობის. წარმოიქმნა რამდენიმე ვულკანური კონუსების შეერთებისას სიმაღლით 3008 მეტრამდე (პიკო ბაზილეს მთა, მთელი ქვეყნის უმაღლესი წერტილი). შემდგომში დაიფარა ჩამქრალი ვულკანის ფერფლით, რის გამოც კუნძულის ნიადაგი განსაკუთრებით მდიდარია მიკროელემენტებით, რაც ხელს უწყობს ხეების და ვაზის სწრაფ ზრდას. ადგილობრივი ფერმერები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ, რომ შეეწინაღმდეგონ ვაზის სტიქიურ ზრდას, რომლებიც ხელს უშლიან კაკაოს პლანტაციებს. მთის ფერდოები დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით. კლიმატი ეკვატორული და ნოტიოა (ნალექები 2500 მმ-მდე წელიწადში).
2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 334 463 ადამიანს.[1][2][3] კუნძულის მკვიდრი მოსახლეობაა — ბუბის ტომის ხალხი. ისინი კოლონიალურ პერიოდში ალკოჰოლიზმისა და სხვადასხვა ავადმყოფობების გამო იმყოფებოდნენ გაქრობის პირას, დღეისათვის თანდათანობით ზრდიან საკუთარ რაოდენობას და შეადგენენ კუნძულის 330 ათასიანი მოსახლეობის უმრავლესობას — დაახლოებით 58 %-ს. კუნძულზე ასევე ცხოვრობს ფანგის და იგბოს ხალხი, რომელთა რაოდენობა შეადგენს კუნძულის მთლიანი მოსახლეობის 7 %-ს და ფერნანდინო (ინგლისურენოვანი განთავისუფლებული მონების შთამომავლები, რომლებიც დასახლდნენ კუნძულზე XIX საუკუნეში). მათ გარდა კუნძულის მოსახლეობას შეადგენენ ესპანელები, ემიგრანტები მბინიდან, ნიგერიიდან და კამერუნიდან.