ფრანსისკო დე პაულა დე ბურბონი (ესპ. Francisco de Paula de Borbón; დ. 10 მარტი, 1794 — გ. 13 აგვისტო, 1865) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის ნაბოლარა ვაჟი. კადისის ჰერცოგი. ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის უმცროსი ძმა. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის ბიძა და მამამთილი.
ფრანსისკო დე პაულა დაიბადა 1794 წლის 10 მარტს არანხუესში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლუიზა პარმელის ნაბოლარა ვაჟი. მას დაბადებისთანავე მიენიჭა კადისის ჰერცოგობა.
1808 წლის 2 მაისს, 14 წლის ფრანსისკო და მისი ოჯახი, საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა დაამხო და დააპატიმრა. მადრიდელები სამეფო ოჯახის საფრანგეთში გადასახლებას დიდად შეეწინააღმდეგნენ, რასაც საბოლოოდ აჯანყება და დიდი სისხლისღვრა მოჰყვა. ყოველივე ეს შემდეგში ფრანსისკო გოიას არაერთ ნამუშევარზე აისახა. მიუხედავად ამისა, ნაპოლეონმა ესპანეთის სამეფო ოჯახი მაინც გადაასახლა და გამოკეტა საფრანგეთში, რაც 1814 წლამდე გაგრძელდა, მანამ სანამ ნაპოლეონი არ დაამხეს.
საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში ბურბონთა რესტავრაციასთან ერთად ფრანსისკო და მისი ძმა, მეფე ფერდინანდ VII ლიბერალური პარტიების ლიდერები ხდებიან, რომელთაც თავ გამოდებით ეწინააღმდეგებოდა მათი ძმა კარლი, რომელმაც შემდგომში საკუთარი კარლისტური პარტიაც ჩამოაყალიბა. ფერდინანდ VII-ის რიგით მეოთხე და უკანასკნელი ქორწინება სწორედ ფრანსისკომ და მისმა ცოლმა ლუიზა კარლოტამ მოაწყვეს მარია კრისტინა სიცილიელზე, რომელთანაც საბოლოოდ შეეძინა მემკვიდრე, ისაბელ II-ის სახით. 1830 წელს ფერდინანდი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ასული ისაბელ II ადის, რომლის რეგენტიც ფრანსისკოსთან დიდად დაახლოებული დედოფალი მარია კრისტინა სიცილიელი გახდა. მარია კრისტინამ და ფრანსისკომ 1846 წელს ისაბელ II დააქორწინეს თავად ფრანსისკოს უფროს ვაჟ ფრანსისკო დე ასისზე.
ფრანსისკო დე პაულა გარდაიცვალა 1865 წლის 13 აგვისტოს, 71 წლის ასაკში, მადრიდში.
ფრანსისკო დე პაულა დაქორწინებული იყო ორჯერ. 1819 წლის 12 ივნისს მან ცოლად შეირთო თავისი ღვიძლი დის, სიცილიისა და ნეაპოლის დედოფალ მარია ისაბელ ესპანელისა და ფრანჩესკო I-ის უფროსი ასული, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი:
1852 წლის 19 დეკემბერს მორგანიკული წესით დაქორწინდა ტერეზა დე არედონდო ი რიმერეს დე არელანოზე, რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ვაჟი: