საქართველოს სახელმწიფო სახსრების გამოყენებით, მთავრობამ პატარა ქალაქ ლევილ-სიურ-ორჟში შეიძინა ხუთი ჰექტარი მიწა მცირე „ციხესიმაგრის“ (რომელიც სინამდვილეში სანადირო რეზიდენციას წარმოადგენდა) გარშემო, ქალაქი პარიზთან ახლოს მდებარეობდა. ლევილი გამოცხადდა ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციად. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტები ფულის მუდმივ დეფიციტს განიცდიდნენ, ჟორდანიას მთავრობა კვლავაც ახლო კავშირს განაგრძობდა ჯერ კიდევ პოპულარულ საქართველოს სოციალურ დემოკრატიულ (მენშევიკურ) პარტიასთან და სხვა ანტი-საბჭოთა ორგანიზაციებთან, რითაც საბჭოთა ხელისუფლებას გარკვეულ უსიამოვნებებს უქმნიდა. საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ხელი შეუწყო და მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს — საქართველოში შიდაპარტიულ ბლოკს, თავის ბრძოლაში ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ რომელიც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებით დასრულდა. აჯანყების დაწყებამდე, ნოე ხომერიკი[3] — სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბენია ჩხიკვიშვილი[4] — თბილისის ყოფილი მერი და ვალიკო ჯუღელი[5] — სახალხო გვარდიის ყოფილი მეთაური, ფარულად დაბრუნდნენ საქართველოში. ისინი მალევე დააპატიმრეს და ცოტა ხანში დახვრეტილ იქნენ ჩეკას მიერ.
საერთაშორისო ყურადღება საქართველოსადმი
საქართველოს ეროვნული მთავრობა ყოველთვის ცდილობდა საქართველოს საკითხის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოხვედრას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების მხარდასაჭერად რამდენიმე მემორანდუმი გადაეგზავნა ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს, ასევე ერთა ლიგას, რომელმაც 1922 და 1924 წლებში მიიღო საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ორი რეზოლუცია. საერთო ჯამში მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გმობდა საქართველოს ძალადობრივ გასაბჭოებას. 1921 წლის 27 მარტს, ემიგრირებულმა ქართველმა მესვეურებმა სტამბოლის დროებითი ოფისიდან გამოსცეს საჩივარი „ყველა სოციალისტური პარტიისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი“, რითაც გააპროტესტეს საქართველოს ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ. საჩივარი ყურადღების გარეშე დარჩა. დასავლური ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი მკაცრად აპროტესტებდა რუსთა ქმედებებს, ერთ-ერთი მათგანი იყო ოლივერ უორდროპი.[6]
ჟორდანიას მთავრობის ემიგრაციისა და საქართველოს სსრ-ის შექმნის შედეგად, უცხოეთის სახელმწიფოებისათვის საქართველოს აღიარების საკითხი წარმოიშვა, რომლებმაც დე იურედ ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა ვიდრე მას საბჭოთა რუსეთი დაიპყრობდა. ზოგიერთმა ქვეყანამ მთავრობის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგ.: მექსიკამ და ლიბერიამ, 1921 წლის 28 მარტს და 1921 წლის 12 მაისს შესაბამისად. საქართველოს ეროვნული მთავრობა გარკვეული დროით „საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად“ სცნო ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და პოლონეთმა.[7] მან „ლეგიტიმურობა“ საფრანგეთში 1933 წლამდე შეინარჩუნა (სოსიპატრე ასათიანის თავმჯდომარეობით[8]), სანამ არ გაფორმდებოდა ფრანკო-საბჭოთა არააგრესიის ხელშეკრულება 1932 წლის 29 ნოემბერს. 1934 წელს სსრკ-ის ერთა ლიგაში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ფაქტობრივად უმოქმედო გახდა.[9]